
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის (IMU) მხარდაჭერით გაიმართა „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენცია“, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციაში ადგილობრივი და უცხოელი 350-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა. გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტს“ კონფერენციის მიმდინარეობისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ, პროფესორი დალი მახარაძე ესაუბრა.

_ ქალბატონო დალი, ბსუ-ში მათემატიკოსთა XVI საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. გთხოვთ, გვიამბეთ კონფერენციის შესახებ?
_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბსუ-ში გაიმართა „საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენცია“, რომელიც მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გაიხსნა და 5 სექტემბერს დაიხურა. მათემატიკის, როგორც დარგის, განვითარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური სიძლიერისთვის, საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის, ახალგაზრდა თაობის განვითარებითვის. ამიტომაც, მნიშვნელოვანია განვითარებული ქვეყნების გამოცდილების, ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრირება. ბუნებრივია, ამ პროცესში ქართველი მეცნიერების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. საქართველოში მათემატიკური მეცნიერების მაღალ დონეზე განვითარების მიუხედავად, არსებითია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. მათემატიკოსთა კონფერენცია ტარდება 2010 წლიდან ყოველწლიურად. მასში ჩართული პლენარული მომხსენებლების მონაცემები შთამბეჭდავია და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე გამოყენებით მიმართულებებს. კონფერენცია, საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს აძლევს საშუალებას მიღებული შედეგები გააცნონ მოწვეულ წამყვან მეცნიერებს, ასევე მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. მეტი სიზუსტისთვის ვიტყვი, რომ ეტაპობრივად იზრდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მონაწილეთა რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება წარმოდგენილი მოხსენებების არეალიც.
კონფერენციის მიზანიც სწორედ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთმანეთთან დაკავშირება, სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობა და არსებულის გაღრმავება იყო. ამ მიზნების მისაღწევად საჭირო იყო წამყვანი მეცნიერების ჩართულობის და მონაწილეთათვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორგანიზების უზრუნველყოფა.
_ მსოფლიოს რამდენი ქვეყნის მონაწილე იყო ჩართული აღნიშნულ კონფერენციაში?
- 2022 წელს კონფერენციას ყავდა 46 ადგილობრივი და 79 საერთაშორისო მონაწილე მსოფლიოს 31 ქვეყნიდან, 2023 წელს - 237 მონაწილე 30-ზე მეტი ქვეყნიდან, 2024 წელს - 303 მონაწილე, 2025 წელს - 312 მონაწილე ასევე 30 ქვეყნიდან, ხოლო 2026 წელს კი რეგისტრაცია გაიარა 350-ზე მეტმა მონაწილემ მსოფლიოს 40 ქვეყნიდან. როგორც საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან, ასევე სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი იყო 223 მოხსენება მათემატიკური კვლევებისა და სამეცნიერო მიღწევების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება კონფერენციის თეზისების კრებულში.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Mathematical Sciences” (Springer), რომელიც ინდექსირებულია Scopus -ბაზაში.
_ ქალბატონო დალი, კონფერენცია თემატურადაც მრავალფეროვანი იყო...
_ დიახ, კონფერენციაზე შერეული ფორმატით მუშაობდა პლენარული და 10 თემატური სექცია:
- ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა);
- ალგებრა და რიცხვთა თეორია;
- გეომეტრია და ტოპოლოგია;
- დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები და მათი გამოყენებები;
- ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი;
- მათემატიკური განათლება და მათემატიკის ისტორია;
- მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა;
- მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
- თეორიული ფიზიკა;
- ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი.
კონფერენციაზე მუშაობდა ასევე, 3 მინი-სიმპოზიუმი:
- ფორმალური ჯგუფები, კობორდიზმი, და შესაბამისი სტრუქტურები;
- ალგებრული გეომეტრია და ჯგუფების და რგოლების მოდელთა თეორია;
- კომპიუტერული მეცნიერება, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი: თეორია, პრაქტიკა და განათლება;
- ვინ იყვნენ კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები?
- კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით პლენარული მომხსენებლები იყვნენ: ფილდსის მათემატიკური პრემიის (რომელიც ნობელის პრემიას უტოლდება მათემატიკაში) მფლობელი, შენჟენის მათემატიკის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამხრეთის უნივერსიტეტის პროფესორი ეფიმ ზელმანოვი, გენტის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ რუჟანსკი, ლინეუსის უნივერსიტეტის პროფესორი იოაკიმ ტოფტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ პრშიტიცკი, საარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეას რუპი, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის პროფესორი მიაჩისლავ მასტილო, უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი ლარს-ერიკ პერსონი, სევილიის უნივერსიტეტის პროფესორი გილერმო კურბერა, სტივენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ალექსეი მიასნიკოვი, მარსელის უნივერსიტეტის პროფესორი ვალენტინ ზაგრებნოვი, პალერმოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯოვანი ფალკონე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ილია სპიტკოვსკი, უდინეს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი ფურიო ჰონსელი, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი მარიანგიოლა დეზანი, ბარ-ილანის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა ბუნინა, და სხვები.
- ქალბატონო დალი, რამდენადაც ცნობილია, კონფერენციის პარალელურად დაგეგმილი გქონდათ საზაფხულო სკოლაც...
- მოგახსენებთ, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ 1-5 სექტემბერს ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთ პირველი საერთაშორისო რეგიონული საზაფხულო სკოლა ,,მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“ (MAI 2026), რომლის მიზანი იყო აჭარის რეგიონში კავკასიის მასშტაბის საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, ახალგაზრდა მკვლევრებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება, ცოდნის გაზიარება და საერთო სამეცნიერო სივრცის ჩამოყალიბება. მონაწილეთა ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ მაღალი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვანი უნივერსიტეტებიდან და, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრები კანადიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო კონფერენცია ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების მიზნით?
- უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ კონფერენციას როგორც ბსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტის ინტერნაციონალიზაციის, ასევე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარების თვალსაზრისითაც. უნდა აღვნიშნო, რომ კონფერენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იყვნენ დარგის პროფესორები, მათემატიკის განათლების მიმართულებით მომუშავე ცნობილი ექსპერტები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მათემატიკის პედაგოგები. შეხვედრაზე მოხდა სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების განხილვა. აქვე გამოიკვეთა საკითხები პროგრამების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, გაცემული იქნა რჩევები და რეკომენდაციები აღნიშნული პროგრამების გასაძლიერებლად. სამომავლოდ კი, დაიგეგმა, კიდევ უფრო ფართო მასშტაბის ურთიერთთანამშრომლობა და შეხვედრები დარგის სპეციალისტებსა და საჯარო სკოლების მასწავლებლებს შორის.
_ თუ საიდუმლო არ არის, ვინ ასპონსორებდა ასეთ გრანდიოზულ კონფერენციას? ეს მეცნიერებისთვის განსაკუთრებული მხარდაჭრის გამოხატულებაა...
- რა თქმა უნდა, სპონსორების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მასშტაბური კონფერენციის და საზაფხულო სკოლის ორგანიზება. კონფერენცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირისა (IMU) და საერთაშორისო გამომცემლობის „SPRINGER“ მხარდაჭერით. უდიდესი მადლიერება უნდა გამოვთქვა მათ მიმართ.
| უკან |







