ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპეიზაციის წარმოჩენა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკურ, იურიდიულ და სოციალურ ჭრილში“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გახსნეს. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ევროკავშირის პროგრამა ჟან მონეს ქსელის ‘’ ევროპისმცოდნეობის განვითარება კავკასიაში’’ და ერაზმუს+ -ის სასწავლო მოდულის ‘’ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში‘’ ორგანიზებით ტარდება.
საზაფხულო სკოლის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპეიზაციის სხვადასხვა ჭრილში წარმოჩენა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარების გაანალიზება ევროპეიზაციის გზაზე. კერძოდ, გავლენა რეგიონის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, უსაფრთხოების სტრატეგიაზე, კანონმდებლობასა და სოციალურ და კულტურულ საკითხებზე.
17 ქვეყნის 30 სტუდენტი ათი დღის განმავლობაში ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, უმცირესობათა უფლებების, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, ევროპული სოციალური პოლიტიკის და მიგრაციის საკითხებს განიხილავენ.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ ქართველი, იტალიელი, პოლონელი, გერმანელი, ავსტრიელი, ლატვიელი, თურქი, უნგრელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და სომეხი სტუდენტები.
ახალგაზრდები დაეუფლებიან პრეზენტირების უნარ-ჩვევებს და შეიძენენ მეთოდოლოგიურ ცოდნას. შეიქმნება საერთაშორისო გარემო, სადაც ჩართული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების მომავალი იურისტები, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციასა და ფილოსოფიური ფლაგმანის - „მეგობრული წრე ევროკავშირის სამეზობლოში“ შექმნას.
საზაფხულო სკოლაში ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები და პროფესორები წაიკითხავენ
უკან |