სამეცნიერო კვლევები

საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიკროგამრავლების ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია და მათი in vitro ბანკის შექმნა

სამეცნიერო პროექტის დასახელებასაქართველოსათვის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიკროგამრავლების ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია და მათი  in vitro ბანკის შექმნა

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა ვერულიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებ: სოფიკო მანჯგალაძე, ციალა ბოლქვაძე, დავით წილოსანი, ცირა ფევაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 15.02. – 15.12.2020წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი კულტურების in vitro ბანკის შექმნა შემდგომში მის ბაზაზე ახალი ინოვაციური ტექნოლოგიით დიდი რაოდენობით სარგავი მასალის მისაღებად. ახალგაზრდა მკვლევართა დაინტერესება ნერგის წარმოების ახალი ტექნოლოგიით. 

ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება შემდეგი ამოცანების ეტაპობრივი გადაწყვეტა:

  1. კვლევისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კეთილმოწყობა;
  2. საკვლევ მცენარეთა პირველადი ექსპლანტების ასაღებად დედა მცენარეების შერჩევა-მონიშვნა;
  3. ექსპლანტთა ტიპის, სტერილიზაციის რეჟიმების საკვები არეების შედგენილობის დაზუსტება;
  4. შერჩეულ მცენარეთა მიკროგამრავლებაზე ლაზერული გამოსხივების გავლენის შესწავლა საკუთრივ მიკროგამრავლებისა და რიზოგენეზის სტადიაზე;
  5. მიკროგამრავლებაზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორების (განათების,  ტემპერატურის, ტენიანობის) ოპტიმიზაცია;
  6.  მიკრომცენარეთა გადატანა ნიადაგზე, აკლიმატიზაცია და მცენარე-რეგენერანტების მიღება;
  7.  შერჩეულ მცენარეთა in vitro სისტემაში დეპონირების შესაძლებლობათა შესწავლა;
  8.  შერჩეულ მცენარეთა in vitro ბანკის შექმნა;
  9. სადემონსტრაციო დღის ორგანიზება;

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

ხარისხიანი სანერგე მასალა მაღალხარისხოვანი მცენარეული პროდუქციის წარმოების უმთავრესი პირობაა. ამ მიმართებით საქართველოს სოფლის მეურნეობა სერიოზულად მოიკოჭლებს.  მცენარეთა მიკროგამრავლების დიდი პრაქტიკული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება შეარჩიო შენთვის მნიშვნელოვანი რაიმე ნიშნით გამორჩეული დედამცენარე და მოახდინო მისი კლონირება. ამასთან შეგიძლია მიიღო კლონების ძალიან დიდი რაოდენობა და თან  მოახდინო მათი გაჯანსაღება. თვითონ მუშაობის სპეციფიკა გამორიცხავს სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების არსებობას, ხოლო დამატებითი პროცედურებით (თერმოთერაპია, მერისტემული კულტურის წარმოება) შესაძლებელია კულტურის გაწმენდა ვირუსული და ფიტოპლაზმური ინფექციებისაგან.

აქედან გამომდინარე კვლევის შედეგად შემუშავებული იქნება შერჩეული სახეობების/ჯიშების წინასწარ განსაზღვრული თვისებების მქონე ჯანმრთელი ნერგების წარმოების ტექნოლოგიები, შექმნილი in vitro ბანკი საშუალებას მოგვცემს მცირე დროში დავამზადოთ ხარისხიანი სარგავი მასალის დიდი რაოდენობა. პროექტის მცირე ხანგრძლივობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მიღებული იქნას საკვლევი მცენარეების ზრდასრული ნერგები, მაგრამ მიკრომცენარეთა ნაწილი პროექტის დასრულებისას უკვე ნიადაგში იქნება გადატანილი და სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. გამოყვანილი იქნება თითოეული ჯიშის სულ ცოტა 500 ნერგი. რომელთა ნაწილი გაშენდება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, როგორც ექსპერიმენტული ნაკვეთი გამოყვანილ მცენარეებზე შემდგომი დაკვირვებისათვის.  

კვლევის პროცესში გამოყენებული იქნება პროექტის  ავტორების მიერ შემუშავებული მიკრომცენარეთა ზრდის სტიმულირების ინოვაციური ტექნოლოგია - ინფრაწითელი ლაზერით დასხივება. გამოკვლეული იქნება ლაზერული დასხივების გავლენა მცენარეთა საკუთრივ მიკროგამრავლების და რიზოგენეზის ეტაპზე.

ჩვენი ინსტიტუტი უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტთან ერთ კორპუსშია მოთავსებული. ეზოში აშენებულია 400მ2 ფართობის სათბური, რაც ჩვენი სამუშაოების კომერციალიზაციის საშუალებას იძლევა.   ამასთან მოხდება სტუდენტების დასაქმება, რაც ერთი მხრივ სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკა იქნება, ხოლო მეორეს მხრივ დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება. პროექტის განხორციელებისას  მიღებული შედეგები ამ საქმიანობას უფრო წარმატებულს გახდის.

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სადემონსტრაციო დღე საშუალებას მოგვცემს მოვიწვიოთ დაინტერესებული პირები და მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტის უპირატესობის ჩვენება.

მაღალხარისხიანი ნერგები საშუალებას იძლევა გაშენდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რენტაბელური პლანტაციები და აღებული მოსავალი იყოს მაღალი ხარისხის, რომლის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება როგორც შიდა, ისე ქვეყნის გარე ბაზარზე.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა