სამეცნიერო კვლევები

„ხუცუბნის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი გარემო და მათი მობილურობა ადრე ჰოლოცენის ხანაში (ძვ.წ. X-VII ათ.)“

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  ,,ხუცუბნის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი გარემო და მათი მობილურობა ადრე ჰოლოცენის ხანაში (ძვ.წ. X-VII ათ.)“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  გურამ ჩხატარაშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: გურამ ჩხატარაშვილი, მერაბ ხალვაში, ნინო გოხიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  10 (ათი) თვე

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

                სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (აჭარა) არქეოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო რეგიონს წარმოადგენს, სადაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგად, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქვის ხანის ნამოსახლარებს, რომლებიც დაფიქსირდა აჭარის როგორც შავიზღვისპირა, ისე მთისწინა და მთიან ზოლში. თანამედროვე გეოლოგიური ეპოქის (ჰოლოცენი) დადგომასთან ერთად, იმდროინდელმა ადამიანმა აითვისა ყველა ლანდშაფტურ-კლიმატურ ზოლი და საცხოვრებლად აირჩია მდინარეებთან არსებული ტერიტორია. ერთი ასეთი საინტერესო დასახლებები უნდა გაჩენილიყო მდ. კინტრიშის ხეობაში, სადაც სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ერთფენიანი ღია ტიპის ნამოსახლარები - სოფ. ქობულეთი და ხუცუბანი.

უკანასკნელ ხანებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით განახლდა აჭარის რეგიონის პრეისტორიული ძეგლების კვლევა-ძიების საქმე. აღნიშნული სამუშაოები განახორციელა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ექსპედიციის ხელმძღვანელი: გურამ ჩხატარაშვილი), რომელშიც შედის ქართველი და უკრაინელი მკვლევარ-არქეოლოგები. საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რაც მაშინვე დაიბეჭდა Elsevier-ის და Erih plus-ის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში (ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვენია, უკრაინა, მოლდოვეთი, სომხეთი).

ამჯერად, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს კინტირიშის ხეობის მეორე გამორჩეულ ძეგლის - ხუცუბნის ნამოსახლარის ინტერდისციპლინურ კვლევას. გასულ წელს, საველე არქეოლოგიური გათხრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. თუმცა, მწირი დაფინანსების გამო, ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. პირველ რიგში ეს ეხება რადიოკარბონულ ანალიზს, პალინოლოგიურ კვლევას და ობსიდიანის გეოქიმიურ ანალიზს. პროექტში დაგეგმილია 2022 წლის საველე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევები. ინფორმაცია, რომელიც კვლევის შედეგად მიიღება იქნება სრულიად ახალი სამეცნიერო საზოგადოებისთვის და ის შეავსებს იმ სიცარიელეს რაც ხუცუბანში მცხოვრები პრეისტორიელი ადამიანის შესახებ გვაქვს.  

 

პროექტის მიზნები:

● ხუცუბნის ადრე მოპოვებული და 2022 წწ. აღმოჩენილი ქვის ინვენტარის კომპლექსური კვლევა, რომელიც გულისხმობს:

ა) ქვის ინვენტარის ტექნო-ტიპოლოგიურ ანალიზს;

ბ) კაჟისა და ობსიდიანის ინვენტარის ტრასოლოგიურ ანალიზს.

ჩატარებული ანალიზები საშუალებას იძლევა აღვადგინოთ იმდროინდელი ადამიანის ქვის დამუშავების ტექნოლოგია, იარაღის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის შერჩევა, ძირითადი საქმიანობის (ხორცის ჭრა, ტყავის დამუშავება, ძვლის გაფხეკა და სხვ.) ზუსტი იდენტიფიცირება.

● ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, რომელიც გულისხმობს:

ა) ობსიდიანის გეოქიმიურ ანალიზს;

ბ) პალინოლოგიურ ანალიზს;

გ) რადიოკარბონულ (C14 AMS) ანალიზს.

ჩატარებული კვლევები საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ უძველეს მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი პალეოკლიმატური გარემო (თბილი, ცივი, ზომიერი), ობსიდიანის ნედლეულის შესავსებად შორეულ რეგიონებთან კონტაქტები და მათი მობილურობა. ამასთან ერთად, ხუცუბნის ნამოსახლარის შესწავლის ისტორიაში პირველად მივიღებთ აბსოლუტურ თარიღებს.

● კვლევის შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში: კვლევის შედეგად მიღებული შედეგები სათანადო მეცნიერული დამუშავების შედეგად გამოქვეყნდება Elsevier/Erih plus-ის სამეცნიერო ბაზებში შემავალ ჟურნალებში.

● კვლევის შედეგების გავრცელება ფართო საზოგადოებაში: პროექტით განხორციელებული სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია გავრცელდება საჯარო ლექციებისა და მოხსენებების გზით (უნივერსიტეტში, მუზეუმებში, სკოლებში), ადგილობრივ თუ საზღვარგარეთ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის გზით, გამოყენებული იქნება მედია საშუალებებიც (ტელევიზია, რადიო, სოც. ქსელები).

 

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

ჩვენი პროექტით დაგეგმილი კვლევა ითვალისწინებს ხუცუბნის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების რეკონსტრუქციას ინტერდისციპლინური კვლევების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ხუცუბნის ნამოსახლარი დაახლ. 60 წლის წინ აღმოჩნდა, მის შესწავლას სრულყოფილი სახე არ მიუღია. უფრო მეტიც, ბევრი საკითხი (ძირითადი საქმიანობა, პალეოკლიმატური გარემო, მობილურობა, აბსოლუტური თარიღი და სხვ.) დღემდე არაა დაზუსტებული. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ნამოსახლარის შესახებ უკანასკნელი პუბლიკაცია (მონოგრაფია) გამოქვეყნდა 1978 წ. ამდენად, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც კიდევ უფრო სიღრმისეულ კვლევას და დაზუსტებას მოითხოვს.

ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შედეგად, გაიზრდება ჩვენი ცოდნა მდ. კინტრიშის ხეობაში მცხოვრებ უძველეს მონადირე-შემგროვებელთა მიმართ. მიღებული ცოდნა სასარგებლო იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტებისთვის. იგი გამოქვეყნდება სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფორმაციების გამოცემას Elsevier-ის და Erih plus-ის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. ახლადმიღებული ინფორმაცია წარდგენილი იქნება საქართველოსა და საზღვარგარეთის სამეცნიერო კონფერენციებზე მოხსენებებისა და პრეზენტაციების გზით. ბათუმის უნივერსიტეტში, მუზეუმებსა და სკოლებში ჩატარდება საჯარო ლექციები პროექტის შედეგების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ უკანასკნელს, რადგან იგი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას, ახალი კადრების მოზიდვას და მათ ჩაბმას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. მისასალმებელია, რომ ჩვენს პროექტში ჩართულია ისტორიის სპეციალობის მესამე სასწავლო წლის სტუდენტი, რომლის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი მომავალი პროფესიული და/თუ კარიერული ზრდისთვის.

პროექტის განხორციელების შედეგად ვფიქრობთ, რომ გაიზრდება პრეისტორიული არქეოლოგიისადმი ინტერესი, გაფართოვდება არეალი, კიდევ უფრო გაიზრდება ახალი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები, წამყვანი ორგანიზაცია (ბათუმის უნივერსიტეტი) გააგრძელებს აჭარის რეგიონის პრეისტორიულ ძეგლებზე მუშაობას, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფუნქციების ინტეგრაციას, შეიქმნება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რაც, პერსპექტივაში შექმნის ორგანიზების და კოლაბორაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობებს, ხელი შეეწყობა რეგიონულ თანამშრომლობას ქვეყნის შიგნით, გაიზრდება საერთაშორისო ჩართულობაც.

პროექტით დაგეგმილი კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესია კავკასიის და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის პრეისტორიაზე მომუშავე მკვლევართათვის. ამ უკანასკნელთა ინტერესი, პირველ რიგში, განპირობებულია დასავლეთ ამიერკავკასიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მიმართ: ქვის ინდუსტრიის წარმომავლობა, მეურნეობა, პალეოკლიმატური გარემო, ადამიანთა მობილობა, აბსოლუტური თარიღები და სხვ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა