სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,MTHFR677C/T გენის პოლიმორფიზმთან ასოცირებული ზოგიერთი დაავადება ხანდაზმულ ადამიანებში’’
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ქორიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:
ძირითადი პერსონალი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორები: ქეთევან დოლიძე, რუსუდან ხუხუნაშვილი; ასოცირებული პროფესორიები: მარინა ნაგერვაძე, ნატო ზოსიძე, სოფიკო ცქვიტინიძე
დამხმარე პერსონალი: სპეციალისტი ქრისტინე მახარაძე; სტუდენტები: ბიოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტი შორენა გაბაიძე, ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტები ქეთევან ნაკაშიძე, ანა ფაღავა; დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე სასწავლო წლის სტუდენტი ალეენა პარვეენ შაიხი.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2023 წლის 01 თებერვლიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
დაბერების პროცესი გულისხმობს ოქსიდაციური სტრესის სტატუსის მატებას. ასაკის მატებასთან ერთად ირღვევა ბალანსი ანტიოქსიდანტებსა და თავისუფალ რადიკალებს შორის. იმ გენეტიკური მექნიზმების შესწავლა, რომლებიც ასოცირებულია დაბერების პროცესებთან, შესაძლებელს გახდის, სრულად იქნეს გაშიფრული ჯანმრთელობის ხელშeწყობაზე და დაავადებათა რისკის შემცირებაზე პასუხიმგებელი გენეტიკური ფაქტორები.
კვლევის მიზანს წარმოადგენს MTHFR გენის პოლიმორფიზმთან ასოცირებული დაავადებების გენეტიკური ფაქტორების შესწავლა აჭარის რეგიონის ხანდაზმულ ადამიანებში.
MTHFR 677 C/T გენის პოლიმორფიზმი დაკავშირებულია იშემიურ ინსულტთან, კორონარულ არტერიულ დაავადებებთან; ნაწლავების, პროსტატის, მკერდის სიმსივნეებთან; ლეიკემიასთან, შიზოფრენიასთან, ბიპოლარულ აშლილობასთან, დეპრესიასთან, შაქრიან დიაბეტთან და სხვა.
ხანდაზმულები კარდიოვასკულური, სიმსივნური და ენდოკრინული დაავადებების გამოვლინების რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან. გამომდინარე აქედან, MTHFR 677 C/T გენის პოლიმორფიზმთან ასოცირებული დაავადებების გენეტიკური მექანიზმიების შესწავლა ერთ-ერთი ბერკეტი იქნება ხანდაზმულებში ცხოვრების ხანგრძლივობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია საკითხის აქტუალობა.
კვლევის მიზნის შესაბამისად, პროექტის განხორციელების პროცესში დასახულია შემდეგი ამოცანები: ეთიკის კომიტეტის და პაციენტთა თანხმობის საფუძველზე მათი გამოკითხვა სპეციალური ანკეტა-კითხვარის საფუძველზე; ხანდაზმულ ადამიანთა სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის რაოდენობრივი მახასიათებლების შეფასება; დნმ-ს ნიმუშების მომზადება; სპეციალური ალელსპე-ციფიკური პრაიმერების გამოყენებით, ე.წ. PCR master mix მომზადება; MTHFR 677 C/T გენის პოლიმორფიზმის შეფასება; მასალების ბიოსტატისტიკური დამუშავება; ასაკთან ასოცირებული სხვადასხვა დაავადებისა და MTHFR 677 C/T გენის შესაძლო კავშირის დადგენა; შედეგების ინტერპრეტირება საერთაშორისო კონფერენციაზე; საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალისთვის სტატიის მომზადება.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და სიცოცხლის გაუმჯობესების თვალსაზრისით გამოვლენილი იქნება MTHFR გენის მუტაციის ჰომო- და ჰეტეროზიგოტური ფორმებით გამოწვეული საშუალო და მაღალი რისკის მქონე პაციენტები.
- მოხდება MTHFR 677 C/T გენის პოლიმორფიზმის სტატუსის შეფასება აჭარის მოსახლეობაში, რაც საშუალებას მოგვცემს, დავადგინოთ აჭარის ხანდაზმულ პოპულაციაში ასაკთან ასოცირებული სხვადასხვა დაავადებისა და MTHFR 677 C/T გენის პოლიმორფიზმთან მათი შესაძლო კავშირი, ასევე, მათი სიმპტომატურად გამოვლენის სიხშირე ქრონოლოგიურ ასაკთან მიმართებაში.
- სპეციალურად მომზადებული ანკეტა-კითხვარის საშუალებით, გამოკითხვის საფუძველზე გამოყოფილ ხანდაზმულების სამიზნე ჯგუფებში შესწავლილი იქნება მათი კვების, ძილის, დატვირთვის რეჟიმი, საცხოვრებელი გარემო და სოციუმი.
- MTHFR 677 C/T გენის პოლიმორფიზმთან ასოცირებული დაავადებების გავრცელების სიხშირისა და პოპულაციისათვის დამახასიათებელი პოლიმორფიზმის იდენტიფიცირება, ასევე, ამ დაავადებებით გამოწვეული გართულებებისა და რისკ-ფაქტორთა შეფასება მათი პრევენციის თვალსაზრისით, განსაზღვრავს პროექტის სამცნიერო ღირებულებას.
- რეკომენდაციის საფუძვლეზე, კლინიკებსა და სამკურნალო დაწესებულებებში კვლევის შედეგების დანერგვა განაპირობებს MTHFR 677 C/T გენის პოლიმორფიზმთან ასოცირებული დაავადებების რისკის შემცირებას, ხარჯთეფექტურობის შედეგს და მის პრაქტიკულ ღიებულებას.
- პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალა იქნება დაცული ბსუ-ს იმუნოგენეტიკის ლაბორატორიაში გენოფონდის შესწავლის, სხვა ბიოსამედიცინო კვლევებში გამოყენებისა და საერთაშორისო ერთობლივ კვლევებში ჩართულობის მიზნით.
- საგრანტო პროექტში სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების ჩართულობა (ოთხი სტუდენტი) ხელს შეუწყობს კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას, აკადემიურ და პროფესიულ ზრდას. ინტერნაციონალიზაციის და უცხოელი სტუდენტების კვლევით პროცესში ინტეგრაციის თვასაზრისით მნიშვნელოვანია პროექტში ინგლისურენოვანი საგანმანთლებლო პროგრამის სტუდენტის მონაწილეობა.
უკან |