სამეცნიერო კვლევები

„აჭარა-ლაზეთის ენდემური მცენარეული სახეობების ციტოტოქსიკური და ანტიმიკრობული მოქმედების განსაზღვრა“

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  ,,აჭარა-ლაზეთის  ენდემური მცენარეული სახეობების  ციტოტოქსიკური და ანტიმიკრობული მოქმედების განსაზღვრა“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: დალი ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი.

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ავთანდილ მესხიძე (სამეცნიერო კონსულტანტი), მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; მარიამ მეტრეველი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; მარინა შაინიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი; შორენა გურული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის  მე-2 კურსის სტუდენტი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 1 აპრილი, 2024 წელი - 30 ოქტომბერი, 2025 წელი.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის მიზანი გახლავთ ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ბან) შემცველი (ბან-ების შემცველობა მანამდე შესწავლილია ჩვენს მიერ) აჭარა-ლაზეთის შვიდი ენდემური მცენარეული სახეობის შესწავლა ადამიანის სიმსივნის უჯრედულ ხაზებთან მიმართებაში. კერძოდ, საკვლევი სახეობების (იხ.ქვემოთ) ნედლეულის მშრალი ექსტრაქტების ციტოტოქსიკური მოქმედება   ადამიანის კანის ფიბროპლასტების  (WS 1 (ATCC CRLL-1502)) და ადამიანის ფილტვის კარცინომასთან (A-549(ATCC CCL-185)) მიმართებაში, მათი მოქმედება in vitro ცდაში სიმსივნურ უჯრედებზე; ასევე, ექსტრაქტების აქტივობის განსაზღვრა ფიტოპათოგენურ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში - Alternaria spp. და Fusarium spp., რომლებიც წარმოადგენენ მცენარეთა პათოგენებს და ამავდროულად იწვევენ ადამიანის კანისა და სასუნთქი გზების დაავადებებს.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაგეგმილია შემდეგი ამოცანების განხორციელება:

1.აჭარის სუბალპურ და ალპურ ზონაში საკვლევი მცენარეული ობიექტების საანალიზო მასალის მოპოვება;

2. მოპოვებული მასალის ჰერბარიუმების დამზადება;

3. საანალიზო ნედლეულის დამუშავება და მშრალი ექსტრაქტების მომზადება ციტოტოქსიკური მოქმედების დასადგენად;

4.ექსტრაქტების მომზადება ანტიმიკრობული აქტივობის შესასწავლად;

5. მიღებული შედეგების განზოგადება;

6. სამეცნიერო ნაშრომისა და საკონფერენციო თეზისის მომზადება, სტატიის წარდგენა მაღალრეიტინგულ ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში და გამოქვეყნების უფლების მოპოვება.

მედიცინაში, ფარმაციაში, აგრარულ სფეროში, გარემოს გაჯანსაღებისა და სხვა მიზნით, მნიშვნელოვანია ახალი მცენარეული რესურსების ძიება, რაც მანამდე არ შესწავლილა და სიახლეს წარმოადგენს. საკვლევი ობიექტები-ლოკალური გავრცელების აჭარა-ლაზეთის ენდემური მცენარეული სახეობები: Seseli foliosum ( Somm. Et Lev.) Mand.; Astragalus sommieri Freyn.; Quercus petra var. Dshorochensis c. Koch.; Rhynchospora caucasica Vahl.; Amaracus rotundifolius (Boiss.)Briq.; Rhododendron smirnovii Trautv.; Rhododendron ungernii Trautv.   აღნიშნული, მეტად აქტუალური მიმართულებით არ არის შესწავლილი და სიახლეს წარმოადგენს.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევის შედეგად, გამოვლენილი იქნება  აჭარა-ლაზეთის შვიდი, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველი (მათ შორის, ალკალოიდების შემცველი) ენდემური სახეობის მოქმედების ხარისხი ადამიანის სიმსივნის უჯრედულ ხაზებთან მიმართებაში: მათი ნედლეულის მშრალი ექსტრაქტების ციტოტოქსიკური მოქმედება   ადამიანის კანის ფიბროპლასტების  (WS 1 (ATCC CRLL-1502)) და ადამიანის ფილტვის კარცინომას (A-549(ATCC CCL-185)) უჯრედული ხაზების ანტიპროლიფერაციული ინჰიბირების კუთხით და ასევე, ექსტრაქტების აქტივობა ფიტოპათოგენურ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში - Alternaria spp. და Fusarium spp., რომლებიც წარმოადგენენ მცენარეთა სოკოვან პათოგენებს და ამავდროულად იწვევენ ადამიანის კანისა და სასუნთქი გზების დაავადებებს.

კვლევები ნაწილობრივ შესრულდება ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბაზაზე და ძირითადი ნაწილი, საერთაშორისო ურთიერთობის ფარგლებში.

კვლევის შედეგად, გამოვლინდება ახალი სასწავლო და სამეცნიერო ღირებულების თანამედროვე ინფორმაცია ბოტანიკოსებისთვის, ბიოლოგებისა და ფარმაკოგნოსტებისთვის, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია სამედიცინო დარგისთვისაც ახალი სამკურნალო მცენარეების გამოვლენისა და შემდგომი მიზანმიმართული შესწავლისთვის მედიცინაში გამოყენების მიზნით.

 

 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა