სამეცნიერო პროექტის დასახელება: ფულადი მიმოქცევა და საბანკო საქმე XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის I მეოთხედის ბათუმში
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ირინე ვარშალომიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ირინე ვარშალომიძე, ნინო ძნელაძე, ციური ქათამაძე, მარიამ ჭანკურიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 01.04.2024-30.12.2024
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: ნუმიზმატიკური მასალა საისტორიო კვლევებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი წყაროა, რომელსაც შეუძლია შეავსოს ისტორიოგრაფია, ან გარკვეული კორექტივები შეიტანოს მასში. აჭარაში გამოვლენილი ნუმიზმატიკური ძეგლების ქრონოლოგიური დიაპაზონი დიდია - ძვ. წ. V ს-დან XX ს-ის დასაწყისის ჩათვლით. განსაკუთრებით კარგადაა შესწავლილი ანტიკური ხანა და შუასაუკუნეები. ფულადი მიმოქცევა XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისის ბათუმში საგანგებოდ არავის შეუსწავლია. ჩვენ მიერ გამოცემულ ,,ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგში“ ნაწილობრივ ან მცირედით შევეხეთ ამ საკითხს და რამდენიმე სანიმუშო მონეტა შევიტანეთ კატალოგში. აღნიშნულ მუზეუმში დაცული მასალა იძლევა საშუალებას ფართოდ გავაშუქოთ ეს საკითხი (ამ პერიოდის 1000-მდე მონეტაა დაცული). ფულადი მიმოქცევის კვლევა XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისის ბათუმში, აქტუალური საკითხია, რადგან მჭიდროდაა დაკავშირებული აქ მიმდინარე გლობალურ ისტორიულ პროცესებთან და სრული ობიექტურობით ასახავს მას. XIX ს-ის II ნახევრის რუსეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ფულადი ნიშნების მრავალფეროვნება დაკავშირებული უნდა იყოს ბათუმის, როგორც სავაჭრო სატრანზიტო ქალაქის ფუნქციასთან. აქ გამავალი სავაჭრო გზა ინგლისს ირანთან აკავშირებდა. მისი ხელსაყრელი ნავსადგური ინტენსიურ საქონელბრუნვასა და, შესაბამისად, უცხოური ფულის მიმოქცევას განაპირობებდა, რაც კიდევ უფრო გაიზარდა ბრიტანელთა ინიციატივით ქალაქის ერთი ნაწილის პორტოფრანკოდ გამოცხადების შემდეგ. 1878-1886 წწ-ში ბათუმში უბაჟო (თავისუფალი) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეჟიმი ფუნქციონირებდა. იგი გახდა სავაჭრო-სასაწყობო ცენტრი, სადაც ევროპული საქონლით ვაჭრობა მხოლოდ ამ ზონაში შეიძლებოდა. აქ შემოდიოდა რუსეთის, ავსტრიის, საფრანგეთის, ოსმალეთის, ირანის, ინგლისის, ავსტრია-უნგრეთის, საბერძნეთის, გერმანიის გემები. სავაჭრო ურთიერთობებს მოჰყვებოდა ამ ქვეყნების ფულადი ნიშნების შემოდინებაც. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულია ამ სავაჭრო-სატრანზიტო ურთიერთობების დამადასტურებელი XIX ს-ის ნუმიზმატიკური მასალა: ავსტრიის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ფულადი ნიშნები. ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ამ ნაკლებდასახლებული განაპირა პროვინციით დაინტერესდნენ ცნობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები. გაჩნდა მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე გრძელი - ბაქო-ბათუმის ნავთობსადენიც, რომელმაც ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაზარდა. ნავსადგურში შემოსული გემების მომსახურება, საწყობების დაქირავება, ტრანზიტით საქონლის გატანა და ტრანსპორტირებისას მისი დაცვა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რითაც სოლიდური თანხები შემოდიოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლიდან 1920 წლის ივლისამდე ბათუმი ინგლისის ჯარს ეკავა. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულია XX ს-ის დასაწყისის, 1918 წლამდე ინგლისში მოჭრილი მონეტები. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების, კაპიტალისტური წარმოების განვითარებამ და ვაჭრობის გაფართოებამ გაზარდა კრედიტის მნიშვნელობა. დღის წესრიგში დადგა საბანკო სესხების საჭიროება. 1890 წელს ბათუმში ამოქმედდა თბილისის კომერციული ბანკის განყოფილება, რომელიც აქტიურად ჩაება ქალაქისა და ნავსადგურის ფინანსურ საქმიანობაში. აჭარის არქივში (ფონდი ი-45) დაცულია ბათუმში ბანკის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ საინტერესო მასალა, რომელსაც გამოვიყენებთ ამ საკითხთან დაკავშირებულ საკმაოდ მცირერიცხოვან ლიტერატურასთან ერთად. როგორც ვხედავთ, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ნუმიზმატიკური მასალა მკაფიოდ ასახავს ბათუმის პოლიტიკურ და სოციალურეკონომიკურ პროცესებს XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში, ამიტომ მისი შესწავლა და ისტორიულ წყაროდ გამოყენება მნიშვნელოვანია ბათუმის ისტორიის სრულყოფილი კვლევისათვის. ჩვენი კვლევის მიზანია შევისწავლოთ და სამეცნიერო მიმოქცევაში შევიტანოთ ახალი მასალა ფულადი მიმოქცევის შესახებ ბათუმში XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში, რაც გამოიხატება მონეტების განსაზღვრაში, აღწერაში, ზარაფხანებისა და ემისიის წლების დადგენაში, კატალოგის შედგენაში, რომელსაც თან დაერთვის გამოკვლევა. ახსნილი და შესწავლილი იქნება საკვლევ ტერიტორიაზე ამ მონეტების მიმოქცევის მიზეზები. სამეცნიერო მიმოქცევაში შევა ახალი მასალა. შეიქმნება წყაროთმცოდნეობითი ბაზა ამ პერიოდის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართათვის. კვლევის მიზნების შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, თავი მოვუყაროთ მოცემულ თემასთან დაკავშირებულ ნუმიზმატიკურ, საარქივო და ისტორიულ მასალას ერთ ნაშრომში.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც შეიქმნება პროექტის ფარგლებში, არის ნაშრომი ნუმიზმატიკურ მასალაზე, რომლის დიდი ნაწილი შეუსწავლელია და პირველად შემოვა სამეცნიერო მიმოქცევაში საარქივო დოკუმენტებთან ერთად. კვლევის შედეგად მიღებული პროდუქტის მიზანი ზემოაღნიშნული ნუმიზმატიკური ძეგლების მეშვეობით ბათუმის ისტორიის შესწავლაა, რაც ინფორმაციული და საინტერესო იქნება არა მარტო ისტორიკოსებისათვის, არამედ ეკონომისტებისა და სოციალური საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. ახალი ცოდნის გაზიარება მოხდება ფართო სამეცნიერო წრეებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მიღებული კვლევა სამომავლოდ საფუძვლად დაედება ამ პერიოდის მონეტების სრული კატალოგის გამოცემას, რაც თავის წვლილს შეიტანს საგანმანათლებლო სფეროსა (სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ტურიზმის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებებზე, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო) და ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში (ისტორიულ ტურს დაემატება ახალი ლოკაცია).
უკან |