სამეცნიერო კვლევები

სუბტროპიკული ნედლეულის გადამუშავების ნარჩენებიდან, მრავალფუნქციური ბიოდანამატები ფუნქციონალური პროდუქტებისთვის წრიული ეკონომიკის გათვალისწინებით

სამეცნიერო პროექტის დასახელება: სუბტროპიკული ნედლეულის გადამუშავების ნარჩენებიდან, მრავალფუნქციური ბიოდანამატები ფუნქციონალური  პროდუქტებისთვის  წრიული ეკონომიკის გათვალისწინებით

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: გურამ პაპუნიძე - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

პროექტის კოორდინატორი: იამზე ჩხარტიშვილი - ტექნიკის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: სოფიო პაპუნიძე, ნინო სეიდიშვილი, დოდო აბულაძე, დიანა გეგეშიძე.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  01/01/2024-31/12/2026

პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები:

კვლევის მიზანი: გარემოს დაცვითი, (Circular Economy) თანამედროვე მოდელის ფარგლებში, სუბტროპიკული და სხვა ადგილობრივი ხილის სამრეწველო გადამუშავების ნარჩენებიდან ჰიდროთერმოდინამიკური კავიტაციური ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციით მრავალფუნქციური, ნატურალური ბიოდანამატების მიღება.  ბიოდანამატებში ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების დადგენა მისი გამოყენების რეკომენდაცია ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტებში, კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში: საკონდიტრო მრეწველობაში, ჯანსაღი სწრაფი კვების პროდუქტებში, როგორიცაა ხილის სნეკი, გაუმჯობესებული სამომხმარებლო თვისებებით და გახანგრძლივებული შენახვის პერიოდით; საცალო ვაჭრობისთვის- დიეტურ კვებაში.

დასახული მიზნების განხორციელებისთვის დასახულია შემდეგი ამოცანების შესრულება:

ამოცანა 1. სამეცნიერო კვლევების და ექსპერიმენტების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება; 

ამოცანა 2. მანდარინის (Citrus Unshiu Flowers) ყვავილების სამრეწველო გადამუშავების ნარჩენებიდან არომატული, ბიოდანამატის მისაღებად შრობის ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია;

ამოცანა 3. მოცვის (Vaccinium Myrtilus; Vaccinium Arctostaphylos) ნაყოფის  უნარჩენო გადამუშავებით  მრავალფუნქციური  ბიოდანამატის - „მოცვის პასტა“ მისაღებად ინოვაციური  ჰიდროთერმოდინამიკური  კავიტაციური  ტექნოლოგიური პროცესის ოპტიმიზაცია; 

ამოცანა 4. ხურმა „ ჰაჩია„ (Diospiros Kaki L.) ნაყოფის უნარჩენო გადამუშავებით ბიოდანამატების (მშრალი ხურმა, ქიშმიში, ვიტამინური საკვები ბოჭკო, თხევადი ნაყოფი) მისაღებად  შრობის და ინოვაციური, ჰიდროთერმოდინამიკური, კავიტაციური ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია.

ამოცანა 5. ფეიჰოა (Acca sellowiana) ნაყოფის უნარჩენო გადამუშავებით  ჰიდროკოლოიდური ბიოდანამატის (თხევადი ნაყოფი) მისაღებად ინოვაციური, ჰიდროთერმოდინამიკური, კავიტაციური   ტექნოლოგიური პროცესის ოპტიმიზაცია;

ამოცანა 6. მანდარინის ნაყოფიდან (Citrus Unshiu Marc.) და მისი სამრეწველო გადამუშავების  ნარჩენიდან  ბიოდანამატების (თხევადი ნაყოფი, გრანულირებული მანდარინი, ცუკატი, საკვები ბოჭკო) მისაღებად შრობის და ინოვაციური, ჰიდროთერმოდინამიკური, კავიტაციური ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია.

ამოცანა 7.  ბიოდანამატების გამოყენებით, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების რაოდენობრივი შემცველობის გათვალისწინებით, კომპიუტერული, მათემატიკური გაანგარიშებით ხილის სნეკების რეცეპტურების კონსტრუირება და ნიმუშების დამზადება.

მოსალოდნელი შედეგები

საგრანტო პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო  ღირებულება ფუნდამენტური და პრაქტიკული ხასიათისაა. კვლევითი სამუშაოების შესრულება მოიცავს მაღალმეცნიერულ დონეზე თეორიული მნიშვნელობის შეფასებების, რეკომენდაციების და ტექნოლოგიური რეჟიმების საფუძვლების შემუშავებას, რომლებიც განაპირობებენ კვლევების პრაქტიკულად გამოყენებად ღირებულებას.

თეორიული კვლევების შედეგად კიდევ უფრო გაფართოვდება წვდომა მანდარინის ნაყოფის, ხურმის მწიფე ნაყოფის, მანდარინის ყვავილის და სხვა სასოფლო სამეურნეო ნედლეულის გამოყენებაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დავამზადოთ მრავალფუნქციური ბიოდანამატები სრულიად ახალი ხილის სნეკის სხვადასხვა ასორტიმენტის პროდუქციისთვის. შეიძლება გამოვიყენოთ კვების მრეწველობის სხვადასხვა სფეროში: პურფუნთუშეულის, საკონდიტრო, ფუნქციონალური დანიშნულების სასმელების დასამზადებლად, დიეტურ კვებაში.

 

საგრანტო პროექტის განხორციელებით მიღებული სამეცნიერო კვლევითი, საპროექტო-დანერგვითი სამუშაოების შედეგები, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ხასიათის მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და დარგისთვის. ქვეყნის დონეზე ხელი შეეწყობა საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, სუბტროპიკულ ზონაში მიწათსარგებლობის ეფექტიანობის ამაღლებას, ექსპორტის გაფართოებას, დარგის ეკონომიკის გაძლიერებას და მოსახლეობის დასაქმებას.

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ექსპერიმენტული საამქროს ბაზაზე შეიქმნება სნეკების დამზადების ტექნოლოგიური ხაზი; სადაც ჩართული იქნება, როგორც  მკლევართა ჯგუფი ასევე აგრარული ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები. პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერებსა და პროექტში არ მონაწილე სტუდენტებს შევასწავლით თანამედროვე ხელსაწყოებთან მუშაობას, ასევე ტექნოლოგიური პროცესების ექსპერიმენტალური სამუშაოების და ცდების სრულყოფილად ჩატარებას. ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციისა და სრულყოფის შემდეგ დავხვეწავთ პატენტის მონაცემებს „საქპატენტში“ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით. პროექტში ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი გრანტის თემატიკიდან გამომდინარე გააგრძელებს მუშაობას სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად.

საგრანტო პროექტის განხორციელება არ შემოიფარგლება საგრანტო დაფინანსების პერიოდით. მისი ეფექტურობა ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში შემუშავებული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ქვეყანაში კოოპერატიულ, ფერმერულ მეურნეობებში, ასევე მსხვილ გადამამუშავებელ საწარმოებში. პროექტის პოტენციალის ფარგლებში შესაძლებელია შემუშავებული ტექნოლოგიების დანერგვა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა