სამეცნიერო პროექტის დასახელება: “ციფრული ტბელ აბუსერისძე - ბილინგვური სემანტიკური გამოცემა “
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რამაზ ხალვაში
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ამირან შარაძე, ხათუნა ბერიძე, თამარ მაჭუტაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2024-2027
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
წარმოდგენილი პროექტი განეკუთვნება მეცნიერების ახალ დარგს – ციფრულ ჰუმანიტარიას, რომელიც ინტერდისციპლინური კვლევითი სფეროა, წარმოქმნილი ჰუმანიტარული კვლევებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სინთეზის შედეგად.
სემანტიკური გამოცემა დიგიტალურ-ჰუმანიტარული კვლევის ფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის (Cultural heritage) შესწავლას და არქივირებას თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კვლევის ობიექტად XIII საუკუნის ცნობილი მწერალი – ტბელ აბუსერისძე შემთხვევით არ შეგვირჩევია. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ავთენტური სახითაა დაცული 1233 წლის ავტორიზებულ ხელნაწერში (A-85) და სრულ წარმოდგენას გვიქმნის როგორც ისტორიულ ეპოქაზე, ისე ავტორის საზოგადოებრივ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობაზე. ტბელ აბუსერისძის ორიგინალური სამეცნიერო, პოეტური და პროზაული ტექსტები გამოირჩევიან ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით, ორიგინალური სტილით და „ციტატური აზროვნების“ (ინტერტექსტურობის) მასშტაბებით, რის გამოც სხვადასხვა დარგის მკვლევართა დაინტერესებას იწვევენ.
პროექტის მიზანია სემანტიკური გამოცემის შექმნა, მასზე დაფუძნებული კვლევების განხორციელება და სტანდარტული მოდელის შექმნა, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება ძველი ქართული ტექსტების ანალოგიურ მონაცემთა ბაზებს. ამ მიზნის მისაღწევად გადაიჭრება შემდეგი ამოცანები:
1) პირველ ეტაპზე შეიქმნება ტბელ აბუსერისძის ტექსტების სემანტიკური გამოცემის ქართული ვერსია, რაც ითვალისწინებს ტბელ აბუსერისძის ხუთივე ორიგინალური ტექსტის დიგიტალიზაციას, სტრუქტურირებას, TEI/XML ფორმატში გადაყვანას, კომპლექსური საძიებო სისტემით აღჭურვას და ინტერდისციპლინურ კვლევას;
2) მეორე საანგარიშო პერიოდში სემანტიკური გამოცემის ქართული ვერსიის საფუძველზე მომზადდება ტბელ აბუსერისძის ტექსტების ინგლისური თარგმანები და ორენოვანი მონაცემთა ბაზა. დაიწყება მასალის ინტერდისციპლინური კვლევა პროექტის ფარგლებში შექმნილ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით;
3) მესამე საანგარიშო პერიოდში მოხდება პარალელური ტექსტების (წინადადებების, ფრაზების, სიტყვების) ალინირება ბილინგვური სემანტიკური გამოცემის ფარგლებში, დასრულდება და გამოქვეყნდება სემანტიკურ გამოცემაზე დაფუძნებული ინტერდისციპლინური მონოგრაფია.
პროექტის აქტუალობას განსაზღვრავს ის გარემოება, რომ ქართულ სინამდვილეში პირველად განხორციელდება ტექსტების სემანტიკური გამოცემა და მასზე დაფუძნებული ინტერდისციპლინური კვლევა.
პროექტი დიდ სამსახურს გაუწევს შუა საუკუნეების ქრიატიანული ლიტერატურის მკვლევარებს, რომლებსაც პირველად მიეცემათ საშუალება, ინგლისურ თარგმანში გაეცნონ ტბელ აბუსერისძის ლიტერატურულ და სამეცნიერო მემკვიდრეობას.
პირველი ქართული სემანტიკური გამოცემის შექმნა მდგრადობას მიანიჭებს დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებას საქართველოში, რაც განაპირობებს პროექტის ეფექტურობას გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესისათვის.
კვლევის შედეგები და პროექტის ფარგლებში შექმნილი ჩარჩო-სტანდარტი მომავალში საფუძვლად დაედება ძველი ქართველი ავტორებისა და ტექსტების სემანტიკური გამოცემების დიდ ბაზას (Big data).
| უკან |
