იმუნოგენეტიკის ლაბორატორია
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს იმუნოგენეტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური კვლევებისათვის საჭირო აპარატურით. ლაბორატორიის ძირითადი კვლევითი მიმართულებაა: ერითროციტული ანტიგენების სკრინინგის თავისებურებანი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში.
ბოტანიკის კაბინეტი
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბოტანიკის კაბინეტში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო გარემოა მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შესასწავლად, წარმოდგენილია ეგზოტიკური, დეკორაციული მცენარეები და იშვიათი სახეობების ჰერბარიუმი.
უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოქმედებს უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორია, სადაც სტუდენტები სხვადასხვა უჯრედულ კულტურაზე მუშაობის მეთოდებს სწავლობენ.
ანატომიის კაბინეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოქმედ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ანატომიის კაბინეტში, სადაც განთავსებულია სასწავლო მულაჟები და თვალსაჩინოებები ორგანოთა სისტემების მიხედვით, სტუდენტები ადამიანის ნორმალურ აგებულებას შეისწავლიან.
ფარმაკოგნოზიის ლაბორატორია
ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება აქვთ, ჩაატარონ სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მაკროსკოპული და მიკროსკოპული ანალიზი, დაადგინონ დიაგნოსტიკური ნიშნები და მოახდინონ ნედლეულის იდენტიფიკაცია.
სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი
სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია–სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით, უზრუნველყოფს სტუდენტებისა და სამედიცინო პერსონალის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე დაფუძნებულ სწავლებას, უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
ზოოლოგიისა და მინერალოგიის კაბინეტი
სტუდენტები ზოოლოგიისა და მინერალოგიის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კაბინეტებში უნიკალურ მინერალოგიურ ექსპონატებსა და ნიმუშებს ეცნობიან. კაბინეტებში საქართველოსა და უცხოეთში შეგროვილი კოლექცია, უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა ექსპონატებია განთავსებული.
ქიმიის ლაბორატორიები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტს ემსახურება სხვადასხვა ლაბორატორია, სადაც სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ახორციელებენ. ეს ლაბორატორიებია: მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია, ორგანული ქიმიის ლაბორატორია, არაორგანული ქიმიის ლაბორატორია, კვლევის ფიზიკური მეთოდებისა და ბიოქიმიის ლაბორატორია, კოორდინაციულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია, ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის ლაბორატორია, ანალიზური ქიმიის ლაბორატორია.
სტომატოლოგიური კლინიკა "ბსუ დენტი"
სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები კლინიკურ სწავლებას გადიან უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში - "ბსუ დენტი". სტუდენტები პაციენტთა მიღების დროს პროფესორ-მასწავლებლებს ასისტირებას უწევენ, რაც ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მოტივაციის გაზრდასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
სწავლება კვლევითი ინსტიტუტების ბაზებზე
ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები სწავლებას გადიან ბსუ-ს ფიტოპათოლგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტისა და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის საწარმოებსა და ლაბორატორიებში.
სათბური
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნლოგიურ ფაკულტეტს ემსახურება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინოვაციური სათბური, სადაც სტუდენტები სასწავლო პრაქტიკასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ახორციელებენ.
FAB LAB BSU- სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია
FAB LAB BSU არის საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნიკით: 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით და უახლესი დაზგა-დანადგარებით. ლაბორატორია სტუდენტებს ინოვაციური იდეის, პროექტის განხორციელების და საკუთარი პროდუქციის შექმნის საშუალებას აძლევს.
ინ ვიტრო ლაბორატორია
ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებას ემსახურება ინ ვიტრო ლაბორატორია, რომელიც ითვალისწინებს ინ ვიტრო მეთოდით მცენარეთა გამოყვანას ქსოვილური კულტურის ლაბორატორიაში.
ინ ვიტრო ლაბორატორია უახლესი, შემდეგი თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი:
- ლამინარ ბოქსი, რომელშიც ხდება აბსოლუტურად სტერილურ პირობებში, ხელოვნურ საკვებ არეებზე მცენარეთა შეყვანა კულტურაში და გადაყვანა კლიმატურ აპარატში;
- აპარატი, სადაც შეგვიძლია შევქმნათ სასურველი განათება, 1-დან 6 კლუქსამდე, t- 45 °C- მდე და შესაბამისი ტენიანობა;
- ავტოკლავი, სადაც ხდება თხევადი საკვების არეების სტერილიზაცია;
- საშრობი კარადა - გარეცხილი ჭურჭლის გასაშრობი;
- ორმაგი მოხმარების სტერილიზატორ-ინკუბატორი - მინის ჭურჭლისა და დამხმარე ხელსაწყო იარაღების სტერილიზაციისთვის.
სასამართლო-საიმიტაციო დარბაზი
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასამართლო-საიმიტაციო დარბაზში სტუდენტების ორგანიზებითა და მონაწილეობით იმათება სხვადასხვა სახის იმიტირებული სასამართლო პროცესი. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, წარმოჩნდნენ მოსამართლის, ადვოკატის, ექსპერტის, მოწმის, დაზარალებულისა თუ ბრალდებულის როლში. იმიტირებული სასამართლო პროცესი ზრდის თეორიული ცოდნის ნაყოფიერად გამოყენების შესაძლებლობას და სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.
იურიდიული კლინიკა
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკაში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გადიან. მომავალი იურისტები კლინიკაში ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ეწევიან საადვოკატო საქმიანობას და მოქალაქეებს აქტიურ დახმარებას უწევენ სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემის მოგვარებასა და იურიდული დოკუმენტების მომზადებაში.
კრიმინალისტიკის ლაბორატორია
კრიმინალისტიკის კაბინეტ-ლაბორატორია ეხმარება სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ლაბორატორიაში მომავალი სამართალდამცავები სასწავლო პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ ძირითადად ტრასოლოგიის მიმართულებით. სტუდენტები მუშაობენ ხილვადი, ნაკლებად ხილვადი და უხილავი კვალის აღმოჩენა/ამოღებასა და მათ გამოკვლევაზე.
ევროპული კვლევების ცენტრი
ევროპული კვლევების ცენტრი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალურ მიმართულებას ემსახურება. ცენტრში სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სამეცნიერო კვლევებს ატარებენ საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობის, სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისა და მასკომუნიკაციის აქტუალური პრობლემების მიმართულებით. სტუდენტებს, ასევე, ემსახურება საჯარო მმართველობის პრობლემების კვლევების ცენტრი.
ფსიქოლოგიის კლინიკა
უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ფსიქოლოგიის კლინიკა ფუნქციონირებს. ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. კლინიკის ბაზაზე გახსნილია სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კაბინეტები და ცენტრები
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ემსახურება სხვადასხვა მიმართულების კაბინეტები. სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება სპეციალიზებული ბიბლიოთეკითა და თანამედროვე საპრეზენტაციო ტექნიკით აღჭურვილი დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრი, ქართველოლოგიის ცენტრი, ამერიკანისტიკის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტიოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის, რომანისტიკისა და გერმანისტიკის, დავით ხახუტაიშვილისა და თურქულოგიის კაბინეტები.
სინქრონული თარგმანის ლაბორატორია
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ემსახურება თანამედოვე ციფრული ტექნიკით აღჭრვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ დახელოვნებას.
ფიზიკის ლაბორატორიები
ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გადიან მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, რადიოფიზიკის, რობოტოტექნიკის ლაბორატორიებში, სადაც იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
რობოტოტექნიკის ლაბორატორია
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს რობოტოტექნიკის ლაბორატორია, რომელიც ერთჯერადად 10-15 სტუდენტს ემსახურება. ლაბორატორია ხელს უწყობს კომპიუტერულ მეცნიერებათა და ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას.
რადიოფიზიკის ლაბორატორია, რობოტოტექნიკისა და მართვის ავტომატიზირებულ სისტემებთან დაკავშირებული პრაქტიკული ამოცანების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს ხშირად გამოყენებადი პროგრამული უზრუნველყოფის და აპარატურული ნაწილის გამოყენების უნარების განვითარებას.
ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომელიც გამოიყენება ბიოლოგიის და მედიცინის მიმართულების სტუდენტებისა და ბიო-სამედიცინო კვლევებისთვის. ლაბორატორია ხელს უწყობს რეგიონში პროფესიული უნარების გაძლიერებას, ზრდის ახალგაზრდა კადრების დასაქმების შესაძლებლობებს კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებში, ფარმაცევტულ, აგრო კვების ინდუსტრიაში, ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
უკან |