სემინარები

ევროპული ფასეულობანი თანამედროვე სივრცეში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი იზოლდა ბელთაძე 6.07. 2018 11:00

ჩვენი მიზანია,  ვაჩვენოთ ევროპული ფასეულობებიდან ჰუმანისტების ნააზრევი, რომელიც დღესაც არ ჰკარგავს თავის მნიშვნელობას.

    ჰუმანისტებიდან შევეხებით კალუჩიო სალუტატის, თომას მორის,  და ერაზმ როტერდამელის საყურადღებო შეხედულებებს, რომელთაც დროის გამოცდას გაუძლეს. ჰუმანისტური იდეების  მნიშვნელობა დიდია საზოგადოების თავისუფალი, დემოკრატიული  აზროვნების ჩამოყალიბებაში და  აქტუალობა დღევანდელ სივრცეში.

    როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების დასავლეთ  ევროპის სახელმწიფოებში ადგილი ჰქონდა კონფლიქტებს, სასტიკ ომებს, ძალმომრეობას, ეპიდემიებს, რელიგიურ დევნასა და ინკვიზიციას, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების სიკვდილით დასჯას, მაგრამ მიუხედავად ამისა საფუძველი ჩაეყარა ახალი დროის ევროპულ, დემოკრატიულ, სამართლებრივ, კულტურულ აზროვნებას, ეთიკურ და ესტეტიკურ ნორმებს, დაარსდა პირველი სამეცნიერო სასწავლო ცენტრები-უნივერსიტეტები, ჩამოყალიბდა ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ამობრწყინდა  ჰუმანისტები: ჰულრაიხ ფონ ჰუტენი, როიხლინი, მარტინ ლუთერი, ერაზმ როტერდამელი, თომას მორი, მაკიაველი, პოეტები და მწერლები: დანტე ალიგიერი, პეტრარკა, ბოკაჩო, უილიამ  შექსპირი, ფრანსუა რაბლე, სერვანტესი, მხატვრები: რაფაელი, ლეონარდო დე ვინჩი, მიქელანჯელო, ტიციანი, ელ  გრეკო და სხვები.

    ჰუმანისტებმა წინა პლანზე წამოსწიეს ადამიანის ინდივიდუალური ღირებულებანი: განათლება, ენების ცოდნა, საკითხისადმი რეალისტური მიდგომა, ეროვნული თვითშეგნება,  საკუთარი ქვეყნისა და ენისადმი პატივისცემა, ზნეობრივ და ესთეტიკურ ღირებულებათა მნიშვნელობა ადამიანის ცნობიერებაში.

   მათ დასვეს არაერთი საკითხი, მაგრამ ჩვენ დაგვაინტერესა ხელისუფალის საკითხმა, თუ როგორი უნდა იყოს ის, რა უნდა იყოს მისი უპირველესი საზრუნავი, რატომ უნდა იყოს განათლებული და რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს  იგი.  სწორედ ამ საკითხებს გავაშუქებთ ნაშრომში.

    ერთ-ერთი გამორჩეული ჰუმანისტი იყო იტალიელი კალუციო სალუტატი (1331-1406). წარმოშობით ტოსკანელი ცხოვრობდა ფლორენციაში. საუკეთესოდ ფლობდა ანტიკურ ფილოსოფიას და რიტორიკას, გააჩნდა დიპლომატიური და ლიტერატურული ნიჭი.

   მისი  შემოქმედებიდან, განსაკუთრებით საინტერსოა მისი ტრაქტატი “ტირანიის შესახებ“, სადაც აღნიშნავს: „ზოგჯერ მონარქია უკეთესია რესპუბლიკაზე, რადგან უკეთესი გადასატანია ერთი ადამიანის ბატონობა, ვიდრე საშიშროება, რომელიც მის ჩამოგდებას მოსდევს. გარკვეულ პოლიტიკურ სიტუაციაში ასეთი შეცვლა რესპუბლიკისა მონარქით, რომელსაც მოჰყვება წესრიგის დამყარება და დაასრულებს სამოქალაქო ომებს, აუცილებელიც კია. „არ არსებობს იმაზედ დიდი თავისუფლება, ვიდრე დაემორჩილო საუკეთესო ხელისუფალს“ (6:147-157).

    მონარქი უნდა ფლობდეს მაღალ ზნეობრივ ღირებულებებსა და სიმამაცეს.  თუ ის არ დგას სათანადო სიმაღლეზე, შეუძლია ხალხმა ჩამოაგდოს, დაამხოს.(6:7)

    ადამიანს ნებისყოფა ხდის გარკვეულწილად თავისუფალს, მაგრამ როგორია ეს ნებისყოფა? ის შეიძლება იყოს კეთილი ან ბოროტი. გონებამ უნდა მიმართოს იგი იქეთკენ, რომ მან სიკეთე მოუტანოს საზოგადოებას.  საერთოდ, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს მისი შესრულება.

 „ყოველი ადამიანი შექმნილია სხვა ადამიანებისათვის, ასე რომ ეს ტვირთი ბუნებამ თვითონ დაადგინა“. (6:8)

 ყველა ეს ვალდებულება, მინიჭებული აქვს ხელისუფალსაც, როგორც ხალხის რჩეულს, ამიტომ ის პასუხისმგებელი უნდა იყოს საზოგადოების წინაშე და მათი მოთხოვნები  უნდა შეასრულოს.

   მისი აზრით, უცოდინარობა სიბნელეა ინტელექტისა და სულის (6:8).

  არ შეიძლება გაუნათლებელი იყოს  ხელისუფალი. ეს დიდ სიბნელეს მოუტანს ქვეყანას.

   როგორც ვხედავთ, კალუჩიო სალუტატი ხაზს უსვამს საზოგადოების, მათ შორის, ხელისუფალის  მორალურ პასუხისმგებლობას და  განათლების აუცილებლობას, რის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის  სულისა და ინტელექტის ხსნა.

     საყურადღებოა,  ინგლისელი ჰუმანისტის, მწერლის  და საზოგადო მოღვაწის თომას მორის (1478-1533) იდეები სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობათა შესახებ. ის აკრიტიკებს მათ. სააშკარაოზე გამოაქვს მათი ყველა ნაკლოვანებანი და უარყოფითი მხარეები. მისი შეფასებით, მეფეები მეტ დროს უთმობენ მისთვის და არა ხალხისთვის სასიკეთო საქმეებს. მისი აზრით, „ხელმწიფე დაუშრეტელი წყაროს მსგავსად, მთელ ხალხს აწვდის როგორც კარგს, ისე ცუდს...ყველა მეფე უმრავლეს შემთხვევაში მთელ თავის დროს უფრო დიდი სიამოვნებით მხოლოდ თავის საქმეებს უთმობს, ვიდრე ქვეყნის სასიკეთო საქმეებს“.(4: 39)

      ტომას მორი ეხება ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას, ბოროტმოქმედებას, რომელიც ხელისუფალმა უნდა ალაგმოს. ის ყურადღებას ამახვილებს ხელმწიფის მოვალეობაზე. „თუ გულწრფელად ხარ დარწმუნებული, რომ არ შეგიძლია განკურნო ასე მტკიცედ ფესვგადგმული მანკიერებანი, შენ მაინც არ უნდა მიატოვო სახელმწიფო საქმეები, ისევე როგორც არ შეიძლება ხომალდის მიტოვება ქარიშხალში იმ მიზეზით, რომ შენ ქარებს მაინც ვერ გაუმკლავდები... ხოლო ის, რისი მობრუნებაც კარგისკენ არ შეგიძლია, შეეცადე ოდნავ მაინც გააკეთილშობილო.“ (4: 63)

     სახელმწიფოში წესრიგის დამყარებისათვის, მისი აზრით, აუცილებელია გამოიცეს კანონები, რომელიც უნდა დაიცვან. ის წერს: „უნდა გამოიცეს გარკვეული კანონები, რომლებიც აუკრძალავს მეფეს (ხელისუფალს-იბ)  მისი უფლებების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ხალხს ზედმეტ თავნებობას“. (4:29)

     თომას მორს გული შესტკიოდა ადამიანთა გაუნათლებლობაზე. „ადამიანთა უმრავლესობა არ იცნობს მწერლობას, ბევრი ზიზღის თვალითაც უყურებს მას...ზოგიერთები დუქანში სხედან, სასმისით ხელში მწერალთა ნიჭზე მსჯელობენ და ყველაფერს, რასაც მოისურვებენ დიდი რიხით კიცხავენ ხოლმე, ყოველ მწერალს თავისი ნაწერისათვის... იმდენად უმადური ადამიანებიც არსებობენ, რომ ნაწარმოებით ძალზე დატკბობის შემდეგაც კი არავითარ განსაკუთრებულ მოწიწებას არ გრძნობენ ... მდიდრულ ნადიმზე გულუხვად ღრეობის შემდეგ გამძღარნი ბრუნდებიან შინ და მასპინძელს მადლობასაც კი არ უხდიან. მოდი და გამართე ნადიმი ასეთი ღრუ ხასიათისა და სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებისათვის“(4:30)

   თომას მორი „უტოპიაში“ გვაძლევს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანთა დახასიათებას. გამოხატავს გუკისტკივილს. აჩვენებს თუ როგორი უმადურობა, საკუთარი თავის სიყვარული, სხვისი სიკეთის დაუნახაობა, შეუფასებლობა, მწერლობის არ ცოდნა, გაუნათლებლობა, ეგოიზმი ახასიათებს ზოგიერთ ადამიანს. რა განაპირობებდა ყოველივე ამას? ეს უნდა აიხსნას ამ კატეგორიის ადამიანთა უვიცობით, ღვთისადმი პატივისცემისა და შიშის დავიწყებით. მას გული შესტკიოდა, რომ ასეთები უმრავლესობა იყო.

     არ შეიძლება არ აღინიშნოს თომას მორის პატივისცემა ღვთის მსახურებისადმი.  ასე მაგალითად, 1517 წელს წმინდა თომასის ეკლესიისათვის შეიმუშავეს ორდონანსები. მის შედგენაში აქტიურად მონაწილეობა მიუღია მას. ის მიიწვიეს როგორც ლათინური ენის კარგი მცოდნე და განათლებული ადამიანი. თომას მორის მითითებით, ორდონანსში მოცემული ღვთისმსახურების წესები, მტკიცედ უნდა დაეცვა ეკლესიის მეთაურს და ყველა მსახურს. (1:447)

  თომას მორი ასევე თავისი განათლების წყალობით მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლონდონის მდიდარ სავაჭრო კომპანიებთან და  როგორც ე. წ. „ თავისუფალი ვაჭარი“ მონაწილეობას იღებდა კომპანიის სხვადასხვა საკითხების განხილვაში და ასევე სავაჭრო მოლაპარაკებებში.(1: 18,320;2:54), რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო მისი უაღრესად დიდიმ განათლებით.

     ასევე უაღრესად საყურადღებოა ერაზმ როტერდამელის(1466-1536) ჰუმანისტური იდეები, რომელიც მოცემულია „მშვიდობის ჩივილში“.

  ერაზმ როტერდამელი ( მისი ნამდვილი გვარი გერჰარდ გერჰარდცი) ძირითადად იმყოფებოდა გერმანიაში. მას  განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ინგლისელ ჰუმანისტ თომას მორთან. თომას მორის უსამართლოდ სიკვდილით დასჯამ ,მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა და ჩათვალა, რომ  ცხოვრება დამთავრდა. მართლაც, ის მალე ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

     ის იყო  უაღრესად განათლებული, მაგრამ  თავმდაბალი, რაზეც მიუთითებს მისი სიტყვები: “ვეჭვობ , ჩემი მოღვაწეობის ნაყოფმა ჩემზე ბევრად მეტ ხანს იცოცხლოს, მათ უკვდავებაზე ვერც კი ვიოცნებებო“(5: 27)

    ერაზმი ხაზს უსვამდა ხელისუფალის, ქვეყნის მმართველის  გონიერების აუცილებლობას. „ხელმწიფეებს (ხელისუფალს-იბ) სიდიადე მეტი აქვთ ვიდრე განსწავლულობა, მათ მოქმედებას ვნება უფრო წარმართავს, ვიდრე გონიერი მსჯელობა“ (5:35)

    მისი აზრით, ხელისუფალს, რომელიც მართავს ქვეყანას, ყოველთვის უნდა ახსოვდეს, პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ  ის თვითონაც ადამიანია და მართავს ადამიანებს, თავისუფალია და მართავს თავისუფალ ადამიანებს, ქრისტიანია და მართავს ქრისტიანებს. „ყველაზე მეტი პატივი და დიდება  ჰქონდეთ იმათ, ვინც ომის საფრთხეს იცილებს და ვინც თავისი ბრძნული რჩევით აღადგენს თანხმობას და ვინც მთელ ძალებს არ ზოგავს, რათა აღარ  იყოს საჭირო ეს უზარმაზარი არმიები და იარაღის დიდი მარაგი“(5: 62)

  ერაზმი ყურადრებას უთმობს  თუ რაოდენ საჭიროა, ადამიანთა პატივისცემა ღვთისადმი. ის წერს: „განა არსებობს უფრო სუსტი და ხანმოკლე, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე? რამდენი ავადმყოფობა და შემთხვევითი უბედურება ადვილად ემართება მას? და მაინც ცხოვრებაში უფრო მეტია ბოროტება, ვიდრე მისი გადატანის შესაძლებლობა... ადამიანები გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. მათ შფოთსა და დავას არ უჩანს თავი და ბოლო“. (5:49).

  როტერდამელის მიხედვით ადამიანებს დავიწყებული აქვთ ღვთისადმი შიში და აქედან იწყება ქვეყნის უბედურება, როდესაც ყოველგვარი დანაშაული ხდება.

    „ადამიანი ებრძვის და ერკინება საკუთარ თავს: გონება გრძნობებს ებრძვის, გრძნობებს კი ერთმანეთში აქვს ბრძოლა გაჩაღებული, ღვთისმოსაობა მას მოვალეობისაკენ მოუწოდებს, პატივმოყვარეობა კი სხვა რამისაკენ ექაჩება, ავხორცობა ერთს ითხოვს, მრისხანება- მეორეს, ამპარტავნება-მესამეს, სიხარბე- მეოთხეს. ამისთანა ხალხს არ რცხვენია, რომ ქრისტიანებად იწოდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთლიანად ეწინაარმდეგებიან ქრისტეს აღთქმებს. თუ მივადევნებთ თვალს მთელს მის ცხოვრებას, სხვას რას გვასწავლის იგი, თუ არა თანხმობას და ურთიერთ სიყვარულს?“- (5:38-39). აღნიშნავს ერაზმი.

    ერაზმ როტერდამელი  გმობს უგუნურობას, უმეცრებას,  ბოროტებას, სიკეთის დაგმობას. მისი აზრით,“ ვისაც უყვარხარ, მასზე ხელის კვრა, არა ღირსეულია; ვინც დიდ მადლობას იმსახურებს, მისადმი ზურგის შექცევა, უმადურობაა. დაგმობა ღმერთისა და ყოველივე მფარველისა, ყოვლად უწმინდური საქმეა.“
(5:28)

   ამრიგად, XV-XVI  სს-ის  დასავლეთ ევროპის ჰუმანისტების: კალუჩიო სალუტატის, თომას მორის, და ერაზმ როტერდამელის შეხედულებანი საზოგადოების განათლებაზე, ხელისუფალის მოვალეობებზე და ღვთისადმი პატივისცემაზე  უაღრესად საინტერესო, აქტუალური და მისაღებია  არა მარტო იმ დროის საზოგადოებისათვის, არამედ დღევანდელ სივრცეშიც, ვინაიდან ბევრი რამ შეიძლება გადმოვიტანოთ და გავიზიაროთ ევროპული გამოცდილებიდან.

 

 

 გამოყენებული ლიტერატურა

1.      The Acts of Court of the Mercer’s Company (1453-1527) w.th. an introduction by L. lyell assisted by E. D. Watney. Cambridge, 1936.

2.      ი. ბელთაძე-ხინიკაძე.ინგლისის სავაჭრო კომპანიები და კოლონიური ექპანსია XV-XVII ს . დასაწყისში.

3.      ნ. გომართელი ჰუმანისტები და რეფორმატორები. თბ., 1999.

4.      თომას მორი. “უტოპია“. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ნ. გომართელმა. თბ.,1983

5.      ერაზმ როტერდამელი. „გიყვარდეთ ერთმანეთი“. თარგმნეს, შესავალი, შენიშვნები და კომენტარები დაურთეს  ნ. კალანდიამ და გ. კუტალიამ. თბ., 2016. ე. ჯაჭვაძე-ხმალაძე. რენესანსი . წიგნი  I. თბ., 2012.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა