საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025-ის მიღებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და ინტერესს მოკლებული არ იქნება გავაანალიზოთ თუ როგორ სრულდება ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტით მითითებული გეგმის ძირითადი მაჩვენებლები. სტატისტიკური მონაცემებით 2016 წელს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიამ ზრდა განაგრძო, საერთაშორისო შემოსვლებმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს (ზრდა +7,8%), ხოლო მათ შორის ტურისტულმა შემოსვლებმა 2720970-ს (ზრდა +19,1%).
რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტულ შემოსავლებს, იგი აღნიშნულ წელს მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, შედეგად მისმა მოცულობამ 2,17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა +11,9%).
მშპ -ში ტურიზმის წილმა კი 7,1%-ს გადააჭარბა. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით უცხოელი მოგზაურების რიცხვმა 5822835 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +19,2 %-ია. ამ პერიოდში შეინიშნება ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა.
2015 წლიდან განვლილ პერიოდში ტურიზმის განვითარებაში მონაწილეობას ღებულობდა ჩვენს ქვეყანაში არსებული ტურიზმის ყველა სახეობა, მაგრამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეკოლოგიურმა ტურიზმმა, სამკურნალო ტურიზმმა და სამთო-სათხილამურო ტურიზმმა. საანალიზო პერიოდში ეკოლოგიური ტურიზმი ქვეყნის ყველა რეგიონში განიცდიდა ზრდას, მაგრამ აქ მეტად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების როლი.
2016 წლის განმავლობაში დაცულ ტერიტორიებს 734874 ვიზიტიორი ესტუმრა. ზრდა წინა წლებთან შედარებით 41,8%-ს შეადგენს. აქედან უცხოელი ვიზიტიორების წილი 42%-ია. ამ პერიოდში დაცული ტერიტორიების სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალებმა 2313697 ლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან შედარებით 45,5%-ია. ტურისტების რაოდენობისა და შემოსავლების მიღების თვალსაზრისით ანალოგიური ტენდენციები შეინიშნებოდა ყველა კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე 2017 წლის 10 თვის პერიოდში. უკანასკნელ წლებში სამკურნალო, სამთო და სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებამ, ახალი სანატორიუმების, სასტუმროების, რესტორნების, საცხოვრებელი და კვების სხვადასხვა ტიპის ობიექტების მშენებლობამ დადებითი როლი ითამაშა ტურიზმის ზემო ჩამოთვლილ მიმართულებებზე, მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტთა ნაკადები. დღეისთვის ამ სახის კურორტებს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ ტურისტთა რაოდენობა და განსაკუთრებით შემოსავლების მოცულობა აღნიშნულ კურორტებზე მათ რეალურ შესაძლებლობებთან შედარებით მაინც მოკრძალებულია.
ეკონომიკურ-სტატისტიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში 2009-2016 წლებში ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდის ტემპები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. ამასთან, ამ პერიოდში ვიზიტორების მიერ საშუალოდ დახარჯული თანხა მცირედით გაიზარდა, თუმცა გლობალურ მაჩვენებელს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამიტომ საერთაშორისო ტურისტების მიერ დახარჯულ თანხებს ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან მცირე გავლენა აქვს და ვერ გენერირდება ქვეყნის ეკონომიკის შიგნით. როგორც პრაქტიკა მოწმობს, მხოლოდ მასობრივი ტურისტების რაოდენობის გაზრდა შემოსავლების ამაღლების მიზნით არ არის საკმარისი. აუცილებელია შეიცვალოს ვიზიტორთა სტრუქტურა, კერძოდ მასობრივი ტურისტების ხვედრითი წილის შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს მაღალი გადახდისუნარიანი პოტენციალის მქონე ტურისტების რაოდენობა. ამისთვის საჭიროა ისეთი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, რომელიც საქართველოს ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს მსოფლიო დონის ტურისტულ პროდუქტად და უნიკალური შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობად აქცევს. ეს კი ხელს შეუწყობს მაღალგადახდისუნარიან ტურისტების მოზიდვას ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და აზიიდან და უზრუნველყოფს მიღებული შემოსავლების გაზრდას.
უკან |