16 ნოემბერი 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტო-ნახატების ონლაინ გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა“ გაიმართა. ღონისძიება ევროსაბჭოს, ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის DG-II-ის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხელშეწყობით, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ბათუმის №2, ქართულ-ამერიკული სკოლის, კერძო სკოლა „იუჯის“, ფრანგულ-ქართული სკოლის, თბილისის სენტ-ეგზიუპერის, 65-ე სკოლის, წყალტუბოს, სამტრედიის, ლანჩხუთის, ახალციხის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მესამე საჯარო სკოლასთან არსებული საკვირაო სკოლის და 26-ე სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ნამუშევრები.
თანასწორობის კვირეული ითვალისწინებს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირებას ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. ფოტო-ნახატების გამოფენა მიზნად ისახავდა სტუდენტებსა და მოსწავლეებში ტოლერანტული პრინციპებისა და ღირებულებების ფორმირებას.