ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ბსუ-ს მისია განსაზღვრავს უნივერსიტეტის როლსა და ადგილს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ბსუ-ს მისიის თანახმად, უნივერსიტეტის საქმიანობის განხორციელების მიზნებს შორის არის ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური ძლიერება.
ბსუ-ს მისიაში გაცხადებული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები დეტალურად აღწერილია ბსუ-ს 2018-2024 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში და სამწლიან სამოქმედო გეგმაში.
უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გაცხადებული დაწესებულების 8 მიზნიდან პირველი რიგში მითითებულია რეგიონისა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სოციალური როლის შესახებ.
უნივერსიტეტის სოციალური როლის შესრულების მიზნის მიღწევისათვის ამავე სტრატეგიული განვითარების გეგმაში დასახულია გზები, მათ შორის:
,,1.1. საზოგადოებაში უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტის, როგორც განათლებისა და მეცნიერების ცენტრისადმი, ნდობა;
1.2. უნივერსიტეტი აქტიურად უნდა ჩაერთოს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, საზოგადოებრივ და ეროვნულ პროცესებში;
1.3. უნივერსიტეტი უნდა იყოს ქველმოქმედების მხარდამჭერი და განმახორციელებელი;“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარებაში, უზიარებს საზოგადოებას ინსტიტუციაში დაგროვილ ცოდნას, ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპის განხორციელებას.
ერთ-ერთი მიმართულებაა საზოგადოების ყველა ფენისთვის განათლების ხელმისაწვდომობა. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით განსაკუთრებით სირთულეებს აწყდებიან აჭარის მაღალმთიანი სოფლების აბიტურიენტები, რომლებიც სოციალური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სრულფასოვან მომზადებას.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, უნივერსიტეტსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გამართული შეხვედრების შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება (26.01.2023 წლის N04-07/18), რომლის თანახმად, უნივერსიტეტი 2023 წლის თებერვლიდან დღემდე, მაღალმთიან აჭარაში, ხულოს და შუახევის მინიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს (აბიტურიენტებს) ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - მათემატიკაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უფასოდ ამზადებს. სამინისტრო უზრუნველყოფს ბსუ-ს პერსონალის ხულოში და შუახევში მივლინების ხარჯების დაფარვას, ხოლო პერსონალის საათობრივი შრომის ანაზღაურების გაცემა უზრუნველყოფილია ბსუ-ს ბიუჯეტიდან.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლებია მესამე მისიის ფარგლებში, საზოგადოების ჩართულობით ან საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის წარმატებით არაერთ პროექტს ახორციელებს. ასეთ აქტივობებში შედის ბსუ-ს თანამშრომლობა სკოლებთან, მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ინსტიტუციებთან.
მესამე მისიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები:
მაღალმთიანი სოფლების აბიტურიენტთა მომზადების პროგრამა
მნიშვნელოვანია ბსუ-ს მიერ განხორციელებული აბიტურიენტთა მომზადების პროგრამა, რომელიც შესრულდა 2023 წელს და გრძელდება 2024 სასწავლო წელსაც. ეს არის ხულოს და შუახევის საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის (აბიტურიენტების) ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი მოკლევადიანი პროგრამა - განხორციელდა 2023 წლის 1 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით. (წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება №07-01/02, 31 იანვარი 2023). პროგრამა განხორციელდა აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. შუახევის მუნიციპალიტეტი - 8 სოფელი, ხულოს მუნიციპალიტეტი - 6 სოფელი. აბიტურიენტებს ჩაუტარდათ 950 საათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. მონაწილეობდა 40 მოსწავლე (საბოლოო რაოდენობით), ამათგან საქართველოს უმაღლეს დაწესებულებებში ჩააბარა 35-მა აბიტურიენტმა.
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ფიტოპათოლოგი მეცნიერების მიერ ბოლო წლებში ფერმერებისა და სხვადასხვა საწარმოს დაკვეთით შესრულებულია მცენარეთა მავნებელ-დაავადებების იდენტიფიკაცია და გაცემულია დასკვნა-რეკომენდაციები.
ინსტიტუტის მიერ საწარმოებისა და დაწესებულებების დაკვეთით შესრულებული სამუშაოთა ნუსხა:
2018 წელი
შპს-,,სტალკერში“ (ხელვაჩაური) განხორციელდა ნერგების სოკოვანი დაავადებების და მავნებლების იდენტიფიკაცია. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ჩაქვის ციტრუსების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობის ლიმონის სადედე ნაკვეთში დიაგნოსტირების მიზნით საჭირო იყო საველე და ლაბორატორიული გამოკვლევა. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია;
აჭარის ა.რ. სატყეო სააგენტო - სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სატყეოს მართვაში არსებულ ფართობებში, ბზებზე არსებულ სოკოვან დაავადებებზე და მავნებლებზე ერთობლივად განხორციელდა მონიტორინგისა და ბრძოლის ღონისძიებები.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - მარადმწვანე სექვოიას დაავადების დროული იდენტიფიკაცია და პრევენციული ღონისძიებების გატარება. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
შპს ,, ნაის ნაცი“ - ყვარელი - ყვარელში არსებულ 40 ჰექტარ თხილის ფართობებზე კვლევა. დაავადებული ნიმუშები აღებულია-დიაგნოსტიკა ჩატარებულია. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია;
შპს ,,აგროჯორჯია“ - თხილის პათოგენების დაიგნოსტირება, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით.
2019 წელი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლა. დასკვნა გაცემულია.
სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო - სატყეოს მართვაში არსებულ ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის თიკერის სატყეოს ტერიტორიაზე ბზებისა და სხვა სახეობის ნერგების პათოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და შემდგომში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. დასკვნა გაცემულია.
ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებთან ერთობრივი ფიტოსანიტარული მონიტორინგი. დასკვნა გაცემულია.
შპს „GEOBOTANIC“ - თბილისი, საბაჟოზე შემოსული კაქტუსის წარმოდგენილი 20 ნიმუშის იდენტიფიკაცია. დასკვნა გაცემულია.
შპს „აგროჯორჯია“. ჩატარდა ანალიზები თხილის მტვერზე, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით. დასკვნა გაცემულია.
2020 წელი
შპს „აგროჯორჯია“- ზუგდიდი- თხილის მტვერის ნიმუშების დიაგნოსტიკა (ტკიპა, მწერი, ბაქტერია, ფიტოპლაზმა). გაცემულია დასკვნა.
შპს „გარეჯი“ - თბილისი - მომართვა ახალი ტიპის ნივთიერება “PF” რკინის დიჰიდროფოსფატის გამოცდის შესახებ, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბაზაზე ინ ვიტრო და ინ ვივო პირობებში.
კოლხეთის ეროვნული პარკის ზუგდიდის უბანზე არსებული პარკის ადმინისტრაციის მდინარე ჭურიის ხეობაში არსებულ ჭადრის დაავადებული ფოთლების დიაგნოსტიკა. გაცემულია რეკომენდაცია.
ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი - სათბურის პომიდორის დაავადებული ნიმუშების დიაგნოსტიკა-გამოკვლევა. გაცემულია რეკომენდაცია.
შპს „ჯეობერი“ - ზუგდიდი - მოცვის ნერგების დაავადებული ნიმუშების გამოკვლევა-დიაგნოსტიკა. გაცემულია რეკომენდაცია.
შპს „მოცვი“ - ზუგდიდი - მოცვის ნერგების დაავადებული ნიმუშების გამოკვლევა-დიაგნოსტიკა.
2021 წელი
აჭარის ა.რ.სოფლის მეურნეობის სამინისტრო ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი - პამიდვრის ნიმუშების დიაგნოსტიკა. გაცემულია რეკომენდაცია.
შპს „ნერგეტა“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. კივის ნიმუშები-ფესვის ანათალის გამოკვლევა.
შპს. „ბერექსი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - მოცვის დაავადებული ნერგის მიკოლოგიური გამოკვლევა. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
შპს. „მეურნე“ - სენაკი - ლურჯი მოცვის დაზიანებული მცენარეების (შემოტანილია ბელორუსიიდან) მიკოლოგიური გამოკვლევა. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
შპს „ელექსირ გლობალი“- თბილისი - პრეპარატ „ელექსირის“ გამოცდა in vitro პირობებში სხვადასხვა ფიტოპათოგენის მიმართ. ხელშეკრულებით გათვალისთინებული ვალდებულებები შესრულებულია და გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
2022 წელი
აჭარის ა/რ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო - ტყის მავნებელ - დაავადებათა წინაღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარეს ლაბორატორიული პრაქტიკა მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილებაში.
აჭარის ა/რ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო - ტყის სანიტარული მდგომარეობის გამოკვლევა. შუახევის და მაჭახელას ხეობის ტერიტორია.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი - მსხლის ჯიშების და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა - დიაგნოსტიკა.
„ჯენტი ინვესტმენტი“ - დაზიანებული მოცვის ნერგების დიაგნოსტიკა. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
შპს „ვესთ გრუპ“ – ზუგდიდი - დაზიანებული მოცვის ნერგის დიაგნოსტიკა. გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი - მსხლის ჯიშების ლაბორატორიული კვლევა - დიაგნოსტიკა; გაცემულია დასკვნა-რეკომენდაცია.
ბსუ-ს იურიდიული კლინიკა
ბსუ-ს იურიდიული კლინიკა საადვოკატო ტიპის ოფისის მოდელია, რომლის მიზანია სტუდენტების იურიდიული განათლების გაღრმავება, მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. კლინიკა შეიქმნა იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა იურისტებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სტუდენტებს. სტუდენტებს კი ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ, გააანალიზონ, კრიტიკულად შეაფასონ სამართლის ნორმათა გამოყენების საკითხები კონკრეტული იურიდიული პრობლემის გადასაწყვეტად და დაეუფლონ პროფესიულ, კერძოდ, ადვოკატის, კომუნიკაციის, სამართლებრივი ეთიკის უნარ-ჩვევებს. კლინიკის ერთ-ერთი მიზანია მოხდეს საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების სამართლებრივი მომსახურება.
იურიდიულ კლინიკას მოქალაქეები, ასევე იურიდიული პირები მომართავენ სამართლებრივი დახმარებისთვის სხვადასხვა კატეგორიის, არაერთგვაროვან საქმეებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეთა უმრავლესობა არის კერძო სამართლებრივი და საჯარო სამართლებრივი ხასიათის.
2018 წელი - იურიდიული კლინიკა მოემსახურა 115 ბენეფიციარს;
2019 წელი - იურიდიული კლინიკა მოემსახურა 123 ბენეფიციარს;
2020-2021 წელს საყოველთაო პანდემიის პირობებში, კლინიკა ეწეოდა ონლაინ მომსახურებას სატელეფონო და სოციალური ქსელის საშუალებით. კლინიკა ეწეოდა სამართლებრივ კონსულტირებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, საინტერესო და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად. კონსულტირება ხდებოდა როგორც სამუშაო ისე არასამუშაო დროს.
2022-2023 წლებში იურიდიული კლინიკა მოემსახურა 200-ზე მეტ ბენეფიციარს.
ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო
ლაბორატორია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომელიც გამოიყენება ბიოლოგიის და მედიცინის მიმართულების სტუდენტებისა და ბიო-სამედიცინო კვლევებისთვის. ლაბორატორია ხელს უწყობს რეგიონში პროფესიული უნარების გაძლიერებას, ზრდის ახალგაზრდა კადრების დასაქმების შესაძლებლობებს კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებში, ფარმაცევტულ, აგროკვების ინდუსტრიაში, ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ბსუ-ს პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ ფარგლებში, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორიაში გადამზადდა აჭარის რეგიონის 25 ადგილობრივი კადრი - ტრენერი და შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 250 მსმენელის გადამზადება, მათ შორის, ბსუ-ს ბაზაზე გადამზადდება 50 მსმენელი.
ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა
უნივერსიტეტში მრავალფუნქციური ფსიქოლოგიის კლინიკა მოქმედებს. ბსუ-ს ფსიქოლოგები ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. კლინიკის ბაზაზე გახსნილია სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები.
ბსუ-ს კლინიკაში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია არა მხოლოდ ბათუმიდან, არამედ რეგიონის მასშტაბით.
2017 წელი - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლინიკის თერაპევტები და სტუდენტები უფასო მომსახურებას უწევდნენ გიმნაზიის მოსწავლეებს.
კლინიკის თერაპევტები საქველმოქმედო აქტივობებს ატარებენ და უფასო მომსახურებას უწევენ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ბსუ-ს კოლეგებსა და სტუდენტებს.
2016-2023 წლამდე ფასიანი მომსახურება მიიღო - 120 ბენეფიციარმა.
ფსიქოლოგიის კლინიკის ბაზაზე ხორციელდებოდა პროექტი - ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი. პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მიზანია ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის და დაცვის სისტემის გაუმჯობესება.
ცენტრის ფსიქოლოგების მიერ განხორციელებული ბენეფიციარების ჯამური მომსახურება შეადგენდა - 328 ბენეფიციარს. მომსახურება მოიცავს სასამართლო სხდომებში ჩართულობას, მოძალადეებისა და მსხვერპლების ხანგრძლივ თერაპიას.
2020-2021 წლებში ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მუშაობდა დისტანციურ რეჟიმში. კლინიკა 3 აპრილიდან უფასო პირველად დახმარებას უწევდა მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევაში. ფსიქოლოგიის კლინიკის მომსახურებით პირველ რიგში სარგებლობდნენ კარანტინში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები. მომსახურება გაეწია 260 ბენეფიციარს. ფსიქოლოგიის კლინიკის გვერდზე პერიოდულად იყო განთავსებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ემოციები, როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან მაღალი სტრესის სიტუაციაში და ა. შ.
ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტები და მესამე კურსის სტუდენტები, რომლებიც გადიან საგანს „ბავშვთა მიმართ ძალადობა,“ სკოლებში ატარებენ საინფორმაციო - შემეცნებით ტრენინგებს ძალადობის საკითხებზე.
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი
ბსუ-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი წლებია ურთიერთსასარგებლოდ თანამშრომლობს საწარმოებთან და ორგანიზაციებთან:
შპს გეომარი, შპს მწვანე ბუმბო, შპს სეიბოლტი - სხვადასხვა სახის ქიმიური კვლევები;
შპს ანასეულის კომბინატი - ტკბილი ჩაის საცდელი პარტიების წარმოება; სტევიას ექსტრაქტის საცდელი პარტიების მომზადება;
შპს ნომა - ველური მოცვის ნაყოფის და წვენის გადამუშავების ტექნოლოგიის შემუშავება და საცდელი პარტიის წარმოება;
შპს GIAMG - წარმოებული პროდუქციის ქიმიური ანალიზი და მანდარინის გამონაწნეხის გადამუშავების ტექნოლოგიის შემუშავება;
ასევე ახდენს წყლის, ღვინის, წვენის და სხვა პროდუქტების ქიმიურ ანალიზს სხვადასხვა კომპანიებისთვის, მომართვის საფუძველზე.
ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების შემუშავების და მეცნიერული კვლევების მიმართულებით.
აგრარული ექსტენციის ცენტრის საქმიანობაში ჩართულია ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების აკადემიური პერსონალი, რომლებიც ამერიკელმა ექსპერტებმა გადაამზადეს. სტუდენტები ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებით საველე პირობებში მუშაობის ტექნიკას, დარგში მიმდინარე მიღწევებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას. ცენტრი მუდმივად უწევს კოორდინაციას და თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ ფერმერებთან ექსტენციის მიწოდების საკითხებში. ცენტრს ასევე აქვს მუდმივი კომუნიკაცია სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც ჩართულნი არიან კლინიკის ყველა ღონისძიებაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე განხორციელებული საგრანტო კონკურსის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ ფარგლებში, ენდემური ხეხილის ნერგების გამოსაყვანი სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური გაიხსნა.
ბსუ-ში ექსტენციის ცენტრი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე 2023 წლის 21 აპრილს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია „მომავლის ფერმერი“, მისი მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, საზოგადოებისათვის აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება.
ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში შემუშავებულია და ხორციელდება შემდეგი მოკლევადიანი საგანმანათლებლო/გადამზადების კურსები:
1. მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა „საოფისე აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა“. პროგრამა განხორციელდა 2021 წლის 20 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით. მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი გაიარა საბავშვო ბაღებში დასაქმებულმა 30 მსმენელმა.
2. მოკლევადიანი გადამზადების კურსები სკოლის პედაგოგებისათვის
3. ,,Erazmus+“-ის პროექტი „მედიაცია“ - მოკლევადიანი კურსი „მედიაცია“, 10 მოდული (60 კრედიტი, 250 სთ). კურსი 2021 წელს გაიარა 13-მა მსმენელმა.
4. პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“- თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორიაში გადამზადდა აჭარის რეგიონის 50 ადგილობრივი კადრი - ტრენერი და შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო.
5. ინგლისური ენის შესწავლის მოკლევადიანი კურსები (ბსუ-ს პერსონალისათვის შეღავათებით).
6. სკოლებთან თანამშრომლობისთვის შემუშავებულია 2022-2024 წლის სამუშაო განრიგი.
7. ხულოს და შუახევის საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის (აბიტურიენტების) ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი მოკლევადიანი პროგრამა - 2023 წლის 1 თებერვლიდან დღემდე. წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება №07-01/02, 31 იანვარი 2023;
8. ბსუ-ს პროფესიული მომზადების პროგრამა „ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“, არაუმეტეს 20 მსმენელისათვის უფასოდ.
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა
„USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში ბსუ 2020 წლიდან აჭარისა და გურიის რეგიონების 326 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობს. აღნიშნული სკოლების დირექტორებსა და სკოლებიდან შერჩეულ 978 მასწავლებელს სისტემატურად ონლაინ ფორმატში უტარდებათ ტრენინგები/ვებინარები/მცირე ჯგუფების (ქოუჩინგის) სესიები, ხდება პირისპირ საკლასო დაკვირვება (2022 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბსუ-ს ტრენერების მიერ დაკვირვება განხორციელდა სულ 900-მდე გაკვეთილზე, ასევე ხდება დაკვირვება მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეხვედრებზე შესაბამისი უკუკავშირით.
პროგრამის ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში ბსუ-მ ბათუმის 6 საჯარო სკოლაში განახორციელა იდეატორთა 6 კლუბი, რომელთა განხორციელების მიზნით ბსუ-სთან ითანამშრომლეს ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა. მიმდინარე ეტაპზე აჭარისა და გურიის 10 საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, სტუდენტების და ბიზნეს-სექტორის ჩართულობით ფუნქციონირებს 5 იდეატორთა და 5 კითხვის კლუბი. კლუბების განხორციელების მიზნით ბსუ-სთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა შემდეგმა ბიზნეს-ლიდერებმა: სამშენებლო კომპანიები „ჰორიზონს ჯგუფი“ და „ანაგი“, ბაზისბანკი, აჭარის საექთნო ასოციაცია/ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, კლინიკა „ჰელსი“, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელი, შპს „ნეოფარმი“, ხილის საწარმო „კერკი“, ჰიდროელექტროსადგური ,,ბახვი 2“, სასტუმრო ,,შატო ივერი“ და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
სკოლებთან თანამშრომლობის გზით უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გაძლიერების/პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გარდა, „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა“ აქტიურად მუშაობს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. 2022-2023 სასწავლო წლიდან ცვლილება შევიდა პროგრამის 12 სავალდებულო სასწავლო კურსის სილაბუსში. ცვლილება შევიდა, ასევე 2 სავალდებულო სასწავლო კურსის სალექციო მასალაში. პროგრამის ინიციატივით, მიმდინარე საგრანტო წელს იგეგმება ცვლილებების შეტანა „მასწავლებლის განათლების“ უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში (განსაკუთრებით, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის დაგეგმვა-განხორციელების ნაწილში), მიმდინარეობს მუშაობა პრაქტიკის გზამკვლევის შემუშავებაზე, ითარგმნა პროგრამის ექსპერტებთან შეთანხმებული 1 პოპულარული სტატია და ქართულ ენაზე მზადდება სალექციო მასალები სასწავლო კურსისთვის „კვლევის მეთოდები განათლებაში“.
უკან |