16 დეკემბერი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია აშშ-ის სანდიეგოს უნივერსიტეტის საკონსულტაციო ბორდის წევრი, ABET-ის საქართველოს მიმართულების კონსულტანტი, პროფესორი ჰალილ გუვენი. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ჰალილ გუვენი ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს, რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანს გაიოზ ფარცხალაძეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ვლადიმერ ღლონტს შეხვდა.
შეხვედრაზე პროფესორმა ჰალილ გუვენმა პროგრამა შეაფასა და დაგეგმა ABET-ის ბორდთან ბსუ-ს თანამშრომლობის სამომავლო ეტაპები. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოხატა მზაობა „სამოქალაქო ინჟინერიის“ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ABET-ის აკრედიტაციის მიღებასთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ პროგრამა მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნის სამშენებლო სექტორის განვითარებისა და კადრების მომზადებისათვის.
ბსუ-ში მომზადებულია „სამოქალაქო ინჟინერიის“ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელმაც მომავალში უნდა მიიღოს საერთაშორისო (აშშ) ABET-ის აკრედიტაცია, თუმცა პროგრამამ ჯერ უნდა მიიღოს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - EQE-ს აკრედიტაცია. ამ დროისათვის მომზადებულია პროგრამის კურიკულუმი, სილაბუსები, თვითშეფასების ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს.
შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა აღნიშნეს, რომ „სამოქალაქო ინჟინერიის“ პროგრამაზე ABET-ის აკრედიტაციის მიღებასთან დაკავშირებული აქტივობები ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმას.