30 ივნისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით „Erasmus+“-ის Green Engine-ის პროექტის მენეჯერი, ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ფარხატ ნიაზოვი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებასა და მდგრადი საინჟინრო განათლების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი და Green Engine-ის პროგრამის კოორდინატორი, პროფესორი გიზო ფარცხალაძე, პროგრამის მენეჯერი, პროფესორი მარინა გიორგაძე, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ბესო ნარაკიძე და ტექნოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროექტის წევრი, პროფესორი გოჩა ჩავლეშვილი. ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდა პროფესორი ფარხატ ნიაზოვი.
ვიზიტის ფარგლებში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გაიმართა სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექცია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. შეხვედრაზე განიხილეს Green Engine-ის პროექტის განხორციელების მიმდინარე ეტაპები, დაგეგმილი აქტივობები, ვირტუალური რეალობის (VR) ლაბორატორიის აღჭურვის პროცესი და პროექტის დისემინაციის გეგმა, რომლის კოორდინაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.
პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა პროექტის ძირითად პრიორიტეტებზე, მათ შორის საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამებში მდგრადი განვითარების, მწვანე ტექნოლოგიებისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებების ინტეგრირებაზე, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე, სტუდენტების პრაქტიკული და ინოვაციური უნარების განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოს, უზბეკეთისა და ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
Green Engine-ის პროექტი ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, თანამედროვე საინჟინრო განათლების განვითარებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას უმაღლეს განათლებაში.