საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ქიმიის დეპარტამენტი

ქიმიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა ქიმიის კათედის ბაზაზე 2006 წლის იანვრიდან.
ქიმიის კათედრა შეიქმნა 1935 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტთან. კათედრამ 75 წლის მანძილზე ჩამოყალიბებისა და ორგანიზაციული სრულყოფის რთული გზა განვლო. მის პირველ გამგედ არჩეულ იქნა დოცენტი გიორგი ციციშვილი (1936-1945 წწ.)

1945 წ. იანვარში სამასწავლებლო ინსტიტუტის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტად გარდაქმნის გამო, აუცილებელი გახდა საბუნებისმეტყველო კათედრების ჩამოყალიბება. 1946 წ. სექტემბერში ქიმიის ლაბორატორიები გამოეყო ბუნებისმეტყველების კათედრას და შეიქმნა ქიმიის კათედრა. 1946 წ. კათედრის გამგედ არჩეული იქნა პროფ. ვიქტორ კოკოჩაშვილი. ამ დროისათვის კათედრაზე მუშაობდნენ: დოც. ა. ნოღაიდელი, უფროსი მასწავლებლები: ვ.ქემხაძე, ნ.ჟორდანია და დ. იმნაძე, ხოლო კათედრის გამგე იყო პროფ. ვ. კოკოჩაშვილი. ბატონი ვიქტორის დამსახურებით სტუდენტურ ბიბლიოთეკას არა ერთი ქართული სახელმძღვანელო შეემატა. დიდია ვიქტორ კოკოჩაშვილის დამსახურება ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

1948 წ. ქიმიის კათედრას სათავეში ჩაუდგა დოცენტი ვლადიმერ ქემხაძე (1907-1983 წწ). 1955 წ. ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში განხორციელდა პროფილების გაერთიანება, რის გამოც ქიმიის კათედრა გაუქმდა და ქიმიკოსები გაერთიანდნენ ბუნებისმეტყველების კათედრაზე. კათედრის გამგედ არჩეული იქნა დოცენტი ჯემალ მესხიძე, ხოლო ქიმიის კათედრის ყოფილი გამგე ვლადიმერ ქემხაძე დაწინაურებული იქნა ინსტიტუტის დირექტორად. ქიმიის ლაბორატორიებისა და სალექციო აუდიტორიების მოწყობაში ქიმიის კათედრას დიდი დახმარება გაუწია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმიის კათედრის გამგემ, აჭარის მკვიდრმა, პროფესორმა ალექსანდრე (ახმედ) ნოღაიდელმა. მან ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის ლაბორატორიებს უსასყიდლოდ გადასცა ქიმიური რეაქტივები, ქიმიური ჭურჭელი და ხელსაწყო-აპარატურა.

1971 წლის მაისში ბიოლოგიის კათედრას გამოეყო და შეიქმნა საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მეთოდიკისა და ქიმიის კათედრა. კათედრის გამგის თანამდებობაზე არჩეული იქნა დოცენტი ირაკლი ნაკაიძე. 1978 წლის 26 ივნისს საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ბრძანებით ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა ქიმიისა და ბუნებისმცოდნეობის კათედრა. კათედრაზე გაერთიანდა ქიმიური დისციპლინები, ასევე მცენარეთა ფიზიოლოგია, მიკრობიოლოგია, სოფლის მეურნეობის საფუძვლები და ბუნებათმცოდნეობა.

ახლადშექმნილი კათედრის გამგედ აირჩიეს ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ოთარ შამილიშვილი, რომელიც 1971 წლის აპრილში, საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის, აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის მითითებით გადმოყვანილი იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრიდან. ოთარ შამილიშვილი ქიმიის კათედრას ხელმძღვანელობდა 28 წლის მანძილზე. სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობისათვის იგი მრავალჯერ იქნა დაჯილდოებული ქების სიგელებისთა და მედლებით, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ამ წლებში ქიმიის კათედრის ინიციატივით, საუნივერსიტეტო მასშტაბით მოეწყო დოც. ვლ. ქემხაძისა და პროფ. ალ.ნოღაიდელის საიუბილეო საღამოები, ამიერკავკასიის ქიმიკოსთა ყრილობა.

2006 წლის იანვარში ქიმიის კათედრის ბაზაზე შეიქმნა ქიმიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ს.მ.მ.დ., პროფესორი ნინო კიკნაძე, ხოლო 2006 წლის სექტემბრიდან დღემდე ქიმიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, რსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნატო დიდმანიძე.

დეპარტამენტში ფუნქციონირებს არაორგანული და ორგანული ქიმიის მიმართულება, რომელთა კვლევის პრიორიტეტებია: არაორგანული ქიმიის მიმართულებით: 1. ბიომეტალებთან ახალი ბიოკოორდინაციული ნაერთების სინთეზი და კვლევა; 2. შავი ზღვის წყლის ზოგიერთი ქიმიური პარამეტრის სეზონური დინამიკის შესწავლა (აჭარის სანაპირო ზოლში); ორგანული ქიმიის მიმართულებით; 1. ფიზიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა შესწავლა სხვადასხვა ბიოლოგიურ ობიექტში; 2. ნაყოფების გადამუშავების უნარჩენო, ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსური ტექნოლოგიის შექმნა.

ქიმიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს შეადგენს პროფესორ-მასწავლებლები: ქ.მ.კ. ნატო დიდმანიძე, ქ.მ.კ. ირინა ბეჟანიძე, ბ.მ.დ. ალეკო კალანდია, ბ.მ.კ. მაია ვანიძე, ქ.მ.კ. ოთარ შამილიშვილი, ქ.მ.კ. თინა ხარებავა, ბ.მ.კ. გულთამზე თავდგირიძე.

2000 წლიდან ქიმიის კათედრაზე გაიხსნა მაგისტრატურა სპეციალობით „კომპლექსნაერთთა ქიმია“. მაგისტრატურასთან აქტიურად თანამშრომლობს ქ.მ.დ. რევაზ მაჩხოშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რსუ-ს ქიმიის დეპარტამენტში მაგისტრატურის გახსნის, მაგისტრების აღზრდისა და კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.

ამჟამად ქიმიის დეპარტამენტში მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა „ ქიმია“ სპეციალიზაციის ოთხი მოდულით: „არაორგანულ და კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია“, „ბიოორგანული ქიმია“, „მემბრანული პროცესების ფიზიკური ქიმია“, „ქიმიური ანალიზი და ექსპერტიზა“

2009 წლიდან დეპარტამენტში ასევე ფუნქციონირებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიოორგანული ქიმია“.

ქიმიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრებისათვის სასწავლო და სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყენებულია რსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის, მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ბაზა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის აგრარული ბიოტექნოლოგიისა და ბიზნესის ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოების ლაბორატორიები.

ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს პედაგოგიური მოღვაწეობითა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობით მოკრძალებული წვლილი შეაქვთ როგორც ქიმიური მეცნიერების განვითარების, ისე მომავალი თაობის აღზრდისა და ჩამოყალიბების, ქიმიაში კვალიფიციური კადრების მომზადების საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა