საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

გეოგრაფიის დეპარტამენტი

ახლადდაარსებულ ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში საქართველოს განათლების კომისარიატის 1935 წლის 24 სექტემბერის ბრძანებით ჩამოყალიბდა ოთხი ფაკულტეტი: ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ფიზიკა-მათემატიკისა და ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის. ფაკულტეტის ფუნქციონირებისათვის აუცელებელი იყო შესაბამისი კათედრების ჩამოყალიბება. ამ მიზნით 1935 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა რვა კათედრა, მათ შორის გეოგრაფიის კათედრაც.

ამ პერიოდისათვის ბათუმში არ იყო ინსტიტუტისათვის შესაფერისი კვალიფიციური კადრები, ამიტომაც ძირითადად მოწვეული სპეციალისტები მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი ხელმძღვანელობდა კათედრას, ზოგიერთი კი- კითხულობდა ლექციებს.

გეოგრაფიის კათედრის გამგედ თბილისიდან მოწვიეს ცნობილი პედაგოგი და მეცნიერი, შემდგომში აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი ფაკულტეტის პირველ დეკანთან ნიკოლოზ ლორთქიფანიძესთან ერთად შემუშავდა კათედრის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო გეგმა, კათედრა დაკომპლექტდა კვალიფიციური ლექტორებით. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ლექტორების მიერ ლექციების ჩატარების ხარიხს, მათ სამეცნიერო-კვლევით მუშაობასა და სტუდენტთა საველე პრაქტიკების ჩატარებას. იმის გამო, რომ პროფ. ალ. ჯავახიშვილი პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა თბილისში, მან ფიზიკურად ვერ შეძლო ბათუმში მუშაობის გაგრძელება. 1937 წლის სექტემბერში მან თავი დაანება ბათუმში მოღვაწეობას. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ახლადგახსნილ ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრის ჩამოყალიბების საქმეში.

პროფ ალ. ჯავახიშვილის გეოგრაფიის კათედრიდან წასვლის შემდეგ, 1937 წლის სექტემბრიდან კათედრას სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პედაგოგი ნადიმ ნიჟარაძე. 1944 წლის 31 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე : “აჭარის ალპური მეურნეობა” და მიენიჭა გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით სადისერტაციო ნაშრომი 1948 წელს გამოვიდა მონოგრაფიის სახით. აღნიშნული მონოგრაფია იყო საბჭოთა კავშირში პირველი მეცნიერული გამოკვლევა ალპური მეურნეობის შესახებ. მასში მოცემულია ალპური მეურნეობის განვითარება იმ მთიან რეგიონებში, სადაც ალპური მდელოებია. ნ. ნიჟარაძე 1944 წლამდე მუშაობდა განათლების კომისრად. შემდგომ მისი ცხოვრება მთლიანად დაკავშირებული იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრასთან. 1949 წლიდან იგი გადაიყვანეს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად.

რექტორობის პერიოდში არსებულ კორპუსზე დაშენდა მესამე სართული, მოიზვინა ეზო, დაიდგა რუსთაველის ძეგლი, შემოყვანილ იქნა ცენტრალური გათბობა. რექტორად იმუშავა 1949 წლამდე.
1954 წლიდან ნ. ნიჟარაძე მუშაობდა თბილისის ვ. ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად და 1955 წლიდან დაბრუნდა გეოგრაფიის კათედრაზეE, 1963 წლიდან 1982 წლამდე იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე.

1970 წელს ვ.ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “მთისა და ბარის რაიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის დაახლოების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები და მისი გადაწყვეტის ცდები აჭარის ასსრ მაგალითზე” და მიიღო პროფესორის წოდება (1972 წელს). მან დიდი მუშაობა ჩაატარა კათადრის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განმტკიცების, კათედრაზე შემავალ დისციპლინებში სასწავლო პროგრამების დამუშავებისა და სასწავლო პროცესის აკადემიური სრულყოფისათვის.
1941-1945 წლებში ომმა გარკვეული გავლენა მოახდინა საერთოდ ინსტიტუტისა და გეოგრაფიის კათედრის მუშაობაზეც. გარკვეული ყურადღება მიექცა სტუდენტების შორეული საველე პრაქტიკის ჩატარებას საქართველოს საზღვრებს გარეთ.

1946 წლის პირველი სექტემბერს საქართველოს განათლების კომისარიატის ბრძანების შესაბამისად, გეოგრაფიის კათედრას გამოეყო გეოლოგია-მინერალოგიის კათედრა, რომელიც დაკომპლექტდა ცნობილი სპეციალისტებით: პროფ. ნ. ყიფიანი, (კათედრის გამგე) პროფ. გ. ხუნჯუა, დოც. ე. მგალობლიშვილი, ასისტენტები: გ. მურვანიძე და დ. მამფორია გეოგრაფიის კათედრაზე მოღვაწეობდნენ: დოც. ნ. ნიჟარაძე (კათედრის გამგე), პროფ. დ. გედევანიშვილი , უფროსი მასწავლებლები: ნ. ჯიბუტი, კ. კვასხვაძე, ასისტენტი ქ. ალასანია. 1949 წელს გეოგრაფიის კათედრა გაიყო ორად: ფიზიკური გეოგრაფიისა (გამგე დოც. ნ. ჯიბუტი) და ეკონომიკური გეოგრაფიის (გამგე ნ.ნიჟარაძე) კათედრებად.

1955 წელს ფიზიკური გეოგრაფიის, ეკონომიკური გეოგრაფიისა და გეოლოგია-მინერალოგიის კათედრები გაერთიანდა გეოგრაფიის კათედრებად. მას სათავეში ჩაუდგა გამოცდილი პედაგოგი და მეცნიერი დოც. ნ. ჯიბუტი მისი კათედრის გამგედ მუშაობის პერიოდში კათედრის წევრთა უმეტესობა სამეცნიერო ხარისხის მქონე იყო, მათ შორის ი. ჯიბლაძე, ქ. ალასანია. საგრძნობლად გაუმჯობესდა სტუდენტთა სწავლებისა და საველე პრაქტიკების ჩატარების ხარისხი, გააქტიურდა ლექტორების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა.

დოც. ნ. ჯიბუტის დოქტორანტურაში წასვლსათან დაკავშირებით 1963 წლიდან გარდაცვალებამდე (1982 წ.) კათედრას ხელმძღვანელობდა დოც. ნ.ნიჟარაძე. მან კათედრის გამგედ მუშაობის პერიოდში, 1970 წელს, მოიპოვა გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება.
პროფ. ნ. ნიჟარაძის გარდაცვალების შემდეგ 1982 წლის აგვისტოდან 1983 წლის მარტამდე კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოც. მ. ქემხაძე 1983 წლის მარტიდან 1991 წლის სექტემბრამდე კათედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს სკოლების დამსახურებული მუშაკი დოც. ვ. ბორჩხაძე - 1948 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, 1955 წელს ლენინგრადის გერცენის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: ”მდინარეების მზიმთასა და სოჭის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება” და ამავე წლიდან მუშაობს უფროს მასწავლებლად, 1965 წელს მიიღო დოცენტის წოდება. 1975-1979 წლებში მუშაობდა საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანად, 1979-1983 წლებში კი - ინსტიტუტის პრორექტორია. 1983-1981 წლებში მუშაობდა გეოგრაფიის კათედრის გამგედ.
1991 წლის სექტემბრიდან 1992 წლის მაისამდე გეოგრაფიის კატედრის გამგე იყო გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი ზურაბ ბეჟანიძე-1975 წლიდან მუშაობდა გეოგრაფიის კათედრაზე ასისტენტად. 1985-1990 წლებში არჩეული იყო ინსტიტუტის პარტბიუროს მდივნად, 1990-1991 - წლებში უნივერსიტეტის პრორექტორად ჰუმანიტარული მუშაობის დარგში. 1991 წელს თბილისის ვ. ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: ”ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიული ასპექტები მთიანი აჭარის მაგალითზე”.
1992 წლის მაისიდან 1993 წლის მაისამდე კათედრის გამგის მოვალეობის ასრულებდა გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი ჯემალ გაბაიძე.

1993 წლის მაისიდან 2006 წლამდე კათედრის გამგე, ხოლო 2006 წლიდან გეოგრაფიის კათედრის ბაზაზე შექმნილი გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად 2007 წლის დეკემბრამდე იყო პროფ. შაქრო ფალავანდიშვილი -1971-1975 წლებში მუშაობდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-მუშაკად, ხოლო 1975-1989 წლებში ფილიალის დირექტორად. 1989 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს აგრარულ ინსტიტუტში თემაზე: ”აჭარის ნიადაგების რაციონალური გამოყენების გეოგრაფიული ასპექტები სუბტროპიკული კულტურების განვითარებასთან დაკავშირებით” და მიენიჭა გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. იგი იყო სახელმწიფო პრემიის ლაურატი. მისი მონაწილეობით პროფ. ნ. ბერუჩაშვილთან (თბილისი) და ჟან რადვანთან (პარიზი) ერთად ქართულ და ფრანგულ ენებზე მომზადდა და მცირე ტირაჟით გამოიცა აჭარის გეოინფორმაციული ატლასი.

ამ პერიოდში კათედრას შეემატნენ თანამშრომლები: ზ.დავითაძე, ალ.დიასამიძე

2008 წლის თებერვლიდან გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის სრ. პროფ. ანთაზ ქიქავა. ამჟამად არის გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი, სრული პროფესორი. იგი 1981 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედინსტიტუტში (შემდგომში უნივერსიტეტში) ჯერ მასწავლებლად, შემდგომ უფროს მასწავლებლად, 1983-1887 წლებში მუშაობდა საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, 1987-1991 წლებში მოსამზადებელი ფაკულტეტის დეკანად, 1994-1997 წლებში უნუვერსიტეტის სასწავლო ნაწილის უფროსად. (სასწავლო ნაწილის უფროსად მუშაობის პერიოდში მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით პირველად გაკეთდა დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების შემდგომ უნივერსიტეტში სპეციალობების მიხედვით სასწავლო გეგმები) 2004 წელს არჩეული იქნა დოცენტად, ხოლო 2008 წელს ასოც. პროფესორად. 1999 წელს თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში პროფ. ალ. თვალჭრელიძის ხელმძღვანელიბით წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: ”მერისი-ნამონასტრევის ინტრუზიული მოდელის პეტროლოგია, თბოფიზიკური მოდელი და მადნიანობა”. იგი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი. უნივერსიტეტში პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობასთან ერთად სხვადასხვა დროს პარალელურად მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარს მოადგილედ, სოფლის მეურნეობის მინისტრად, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელად , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატის თავჯდომარედ.

ამჟამად გეოგრაფიის დეპარტამენტში მოღვაწეობს 1 სრული, 2 ასოცირებული, 1 ასისტენტ პროფესორი და მოწვეული ლექტორ – მასწავლებელი.

მ. ფუტკარაძე – ასოცირებული პროფესორი 1992 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია პროფ. ვ. ჯაოშვილის ხელმძღვანელობით თემაზე: ”მჭიდროდ დასახლებული მთიანი რაიონების მოსახლეობის გეოგრაფიული პრობლემები მთიანი აჭარის მაგალითზე”. 1992 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად და 1997 წლიდან დოცენტის თანამდებობაზე. 1996-2004 წლებში იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

საშა ხორავა – ასოცირებული პროფესორი 1989 წელს მოსკოვში მ. ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისრტაცია თემაზე: ”აჭარის სანაპირო წყალქვეშა კანიონების მორფოლოგია, თანამედროვე დინამიკა და მათი გავლენა სანაპირო ზონის განვითარებისათვის”. 1993 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე. 2004 წლიდან ასოცირებული პროფესორია.
ნაზიბროლა ფაღავა - ასისტენტ პროფესორი 1997 წლიდან მუშაობს უფროს მასწავლებლად, 2004 წლიდან ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. დეპარტამენტში მოღვაწეობენ მოწვეული ლექტორ – მასწავლებლები: პროფ. კ. თავართქილაძე, ასოც. პროფ. თ.გორდეზიანი, ზ.აბაშიძე, მასწავლებელი რ. სოლომონიძე.

გეოგრაფიის დეპარტამენტი ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა. იკვლევს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ბუნებრივი პირობების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის, მოსახლეობის, მეურნეობის და ეკოლოგიის აქტუალურ პრობლემებს. კვლევის არეალი მოიცავს რელიეფურ და კლიმატურ პირობებს, ჰიდროგეოგრაფიულ ქსელს, ლანდშაფტების ფორმირებისა და გარდაქმნის, მათი მდგრადობისა და პოტენციალის, შეფასების საკითხებს, ნიადაგების სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიულ გავრცელებას, გენეზისსა და თვისებებს, მავნე ნარჩენების უტილიზაციის პრობლემებს.
გეოგრაფიის დეპარტამენტს წლეების განმავლობაში ემსახურებოდა დამხმარე ტექნიკური პერსონალი, ლაბორანტები: ქ. ჩხარტიშვილი, ზ. ცისკარიძე, მ. გოგუა, ს. ნაჭყებია, ნ. ჩავლეიშვილი, ლ. გეგიაძე. ამჟამად დეპარტამენტს ემსახურება ერთი წამყვანი სპეციალისტი ლ. გაბაიძე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა