საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი არსებობის ისტორიას სამასწავლებლო ინსტიტუტის გახსნიდანვე - 1935 წლიდან იწყებს. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ ფაკულტეტს შორის, რომელთა ბაზაზეც ჩამოყალიბდა უმაღლესი სასწავლებელი ბათუმში. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო ნიკოლოზ ლორთქიფანიძე. ფაკულტეტმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება და სტრუქტურა. სხვადასხვა დროს ფაკულტეტის დეკანები იყვნენ: ნადიმ ნიჟარაძე, დიმიტრი უჩანეიშვილი, ნოე ყიფიანი, ნადია ჯიბუტი, გიორგი ჩხაიძე, ჯემალ მესხიძე, ოთარ ახვლედიანი, ვიქტორ ბორჩხაძე, ანზორ დიასამიძე, რევაზ ზოსიძე.  

ფაკულტეტის მდივნებად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ: ლ. ნაჭყეპია,  ს. ნაჭყეპია, ნ. გულიევა, ლ. თოფურია, მ. კოხრეიძე.

1945 წლიდან პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტი ამზადებდა პედაგოგიურ კადრებს ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის სპეციალობით. სხვადასხვა დროს ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიოდა დაწყებითი განათლებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობები.

1990 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტი და ფაკულტეტზე სწავლებაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. დაიწყო საბუნებისმეტყველო დარგების სამეცნიერო კადრების მომზადებაც. უნივერსიტეტის გეოგრაფიული მდებარეობისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების გათვალისწინებით შეიქმნა ახალი საუნივერსიტეტო სპეციალობები. ტრადიციულ დარგებს დაემატა წყლის ბიორესურსების, აკვაკულტურის და ეკოლოგიის სპეციალობები. ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა ჯერ ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკისა და პროფილაქტიკური მედიცინის, ხოლო მოგვიანებით - სამკურნალო საქმისა და პედიატრიის სპეციალობები, რომლებიც შემდგომში დამოუკიდებელი სამედიცინო ფაკულტეტის სახით ჩამოყალიბდა.

1999 წელს ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი გაიყო  ბიოლოგია-ქიმიისა (დეკანი პროფ.რ.ზოსიძე) და გეოგრაფია-წყლის ბიორესურსებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტები (დეკანი დოც. ნ. თურმანიძე).

2005 წელს უნივერსიტეტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ბიოლოგია-ქიმიის, გეოგრაფია-წყლის ბიორესურსების, ეკოლოგიისა და სამედიცინო ფაკულტეტების ბაზაზე ჩამოყალიბდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი. დეკანად არჩეულ იქნა პროფ. რუსუდან ხუხუნაიშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად - ასოც. პროფ. ლეილა ახვლედიანი. 2007 წელს ფაკულტეტს შეუერთდა ფიზიკის სპეციალობა, ხოლო 2008 წლიდან გამოეყო მედიცინის მიმართულება. 2010 წელს ფაკულტეტების ინტეგრაციასთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტები სხვა ფაკულტეტებთან ერთად ერთი დიდი ფაკულტეტის - განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში გაერთიანდა (დეკანი ასოც. პროფესორი მ. ქორიძე).

2013 წელს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, რომლის დეკანადაც არჩეული იქნა პროფესორი მარინა ქორიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად - ასოც. პროფ. ლეილა ახვლედიანი. ფაკულტეტის დეკანის მოადგილეებად დაინიშნენ მედიცინის დოქტორი ნატო ზოსიძე და ბიოლოგიის დოქტორი სოფო ცქვიტინიძე. ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი მდივნები: ნინო ცინცაძე და ლალი რესულიძე.

1. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

2. ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირების - ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება;
ბ) პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მქონე პირების - დიპლომირებული სპეციალისტების მომზადება.

3. ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

3.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის მიმართულებით აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, ერთსაფეხურიანი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამების, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა (პროფესიული მზადების) და გადამზადების პროგრამების განხორციელება. ესენია:
ა) საბაკალავრო პროგრამები: ბიოლოგია, ეკოლოგია, ზღვის ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფარმაცია,
ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია;
ბ) ერთსაფეხურიანი - მედიცინა, სტომატოლოგია;
გ) სამაგისტრო პროგრამები: ბიოლოგია (გენეტიკა, ბიომრავალფეროვნება, ჰიდრობიოლოგია); ეკოლოგია (გარემოს დაცვა, გამოყენებითი ეკოლოგია), ქიმია (არაორგანულ და კოორდინაციულ ნაერთთა ქიმია, ბიოორგანული ქიმია, მემბრანული პროცესების ფიზიკური ქიმია, ქიმიური ექსპერტიზა); ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითარება; სამედიცინო რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
დ) სადოქტორო პროგრამები: ბიოლოგია, ბიოორგანული ქიმია;
ე) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამები (პროფესიული მზადების) - სამედიცინო რადიოლოგია, თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია.
ვ) გადამზადების პროგრამები: თერაპიული სტომატოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია.
ზ) დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამა;

3.2 სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება;

3.3. სხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობა.
ფაკულტეტზე საქმიანობას წარმართავს რვა დეპარტამენტი: ბიოლოგიის (ხელმძღვანელი პროფ. დავით ბარათაშვილი), ქიმიის (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ.ვანიძე), გეოგრაფიის (ხელმძღვა¬ნელი  პროფ. ა.ქიქავა), საბაზისო მედიცინის (ხელმძღვანელი პროფ. ს.ბერიძე), კლინიკური თერაპიის (ხელმძღვანელი პროფ. ს.ღლონტი), კლინიკური ქირურგიის (ხელმძღვანელი პროფ. კ.ქაშიბაძე), ფარმაციის (ხელმძღვ. მოვალეობის შემსრ. ასისტ პროფ. ე.ჯაყელი), სტომატოლოგიის დეპარტამენტი (ხელმძღ¬ვანელი  პროფ. მ. ბაქრაძე).

ფაკულტეტზე მოღვაწეობენ: 7 ემერიტუსი, 16 პროფესორი, 22 ასოცირებული პროფესორი და 14 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი.

ფაკულტეტზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ხორციელდება არაერთი საგრანტო პროექტი. ფაკულტეტის პროფესორები და დოქტორანტები მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.

მემორანდუმის საფუძველზე წარმოებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები შავი ზღვის ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების, აგრარული ტექნოლოგიებისა და მემბრანული ტექნოლო¬გიების, მცენარეთა იმუნიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების და ბოტანიკური ბაღის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ზღვის ნაპირების მონიტორინგის განყოფილების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის საკვლევ ბაზებზე.

ფაკულტეტის კვლევითი პრიორიტეტებია:
- სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ბიომრავალფეროვნების (შავი ზღვის, კოლხეთის ჭაობის, მდინარე ჭოროხის აუზის და სხვა ეკოსისტემების) შესწავლა, დაცვა და მონიტორინგი;
- სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური და პათოლოგიური კანონზომიერების კვლევა, ბიოგერონტოლოგის საკითხები;
- ბუნებრივი მასალიდან მოპოვებული ბიოლოგიური (ფიზიოლოგიური) აქტივობის მქონე ნივთიერებების შესწავლა ან ალტერნატიული, წინასწარ გამიზნული სხვადასხვა პრაქტიკული ღირებულების (ფარმაკოლოგიური, ტექნიკური, საკვები და ა. შ.) მქონე ნივთიერებათა სინთეზი;
- მცირე ენერგო- და მასალატევადი, ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო მემბრანული ტექნოლოგიებით ღირებული პროდუქტების მიღება.
- სხვადასხვა ლოკალიზაციის სისხლდენების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა;
- მწვავე ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები;
- გულის რიტმის სხვადასხვა ტიპის დარღვევათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები;- - -
- კარიესის ეპიდემიოლოგიისა და მკურნალობის საკითხების შესწავლა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში;
- იოდდეფიციტური დაავადებების გავრცელების მიზეზებისა და პროფილაქტიკის  საკითხების შესწავლა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.
- აჭარის ზღვის სანაპირო ზონის თანამედროვე გეოეკოლოგიური პრობლემები; აჭარის  ლანდშაფტები; აჭარის ნიადაგური საფარის გეოგრაფიული გავრცელების კანონზომიერებების, მათი გამოყენებისა და დაცვის პრობლემატიკა; 
- აჭარის მოსახლეობის განსახლების ძირითადი საკითხები და პრობლემები; აჭარის  ბუნებრივი რესურსების  გამოყენების  და ეკოლოგიის  პრობლემები; აჭარის მეურნეობის განვითარების  პრობლემები და პერსპექტივები.

ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კვლევის შედეგები სისტემატურად ქვეყნდება საქართველოს თუ უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში, იბეჭდება მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სისტემატურად გამოდის უნივერსიტეტის შრომების კრებულის საბუნებისმეტყველო სერია.

სწავლებისა და კვლევის პროცესში გამოიყენება ფაკულტეტის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები: თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი იმუნოგენეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია; ეკოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის, გენეტიკის, ბოტანიკის, უხერხემლოთა და ხერხემლიანთა ზოოლოგიის, ანატომიისა და ფიზიოლოგიის სასწავლო კაბინეტები, ზოგადი და არაორგანული, ფიზიკური და კოლოიდური, კოორდინაციულ ნაერთთა და ეკოლოგიური, ანალიზური, ორგანული ქიმიის, ბიოქიმიის და კვლევის ფიზიკური მეთოდების სასწავლო ლაბორატორიები; გეოლოგიის, ტოპოგრაფია–კარტოგრაფიის, ფიზიკური გეოგრაფიის, ზოგადი დედამიწათმცოდნეობის სასწავლო კაბინეტები. ტარდება საველე პრაქტიკები, ექსპედიციები, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიაში გასვლით.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საბაზო სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც ჩართულია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამისა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების - სარეზიდენტო პროგრამების განხორციელებაში. კლინიკის ბაზაზე ტარდება პრაქტიკული/კურაციული მეცადინეობები, ასევე მიმდინარეობს სარეზიდენტო პროგრამების კლინიკური მოდულების სწავლება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია „სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი’’, ცენტრი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: სამედიცინო განათლების პოპულარიზაცია, პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობა; მასობრივი პრევენციული და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა საჭიროების გამოვლენა/ხელშეწყობა/განხორციელება; დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა - სტუდენტთა სამეცნიერო განათლებისა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში დახელოვნების ხელშეწყობა; მედიკოსთა დახელოვნებასა და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების, დისკუსიების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებათა მოწყობა.

კურიკულუმის კომიტეტი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურთან ერთად სისტემატურად ზრუნავს სწავლების ხარისხის ამაღლებაზე, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და სრულყოფაზე.
აქტიურია სტუდენტური ცხოვრებაც: მოქმედებს პროფილური საზაფხულო სკოლა, სკოლა-სემინარი ბიომედიცინაში, ბიოლოგიური კალენდარი, ეწყობა ვორქ-შოპები, დისკუსიები, დებატები, საქველმოქმედო აქციები. აღნიშნულ ღონისძიებებში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ საჯარო სკოლების მოსწავლეებიც.

საბუნებისმეტყველო დარგების პოპულარიზების მიზნით ფაკულტეტზე სისტემატურად ტარდება საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციები და სამეცნიერო-პოპულარული ლექციები სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა