იური სიხარულიძე - 85

სურათისაქართველოს ეროვნული აკადემიის წევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ღვაწლმოსილი პროფესორის იური სიხარულიძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ორდღიანი საიუბილეო სესია გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა და უმაღლესი სასწავლებლის 1961 წლის კურსდამთავრებულებმა იუბილარს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს. ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისა და კადრების მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ იური სიხარულიძეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და აჭარის ღვაწლმოსილ მუშაკთა პატივმიგებისა და მადლიერების საზოგადოებამ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

პროფესორი იური სიხარულიძე დაიბადა 1926 წლის 24 მაისს ჩოატაურის რაიონის სოფელ გოგოლისუბანში. 1949 წელს წარჩინებით დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში (ხელმძღვანელები აკად. ს. თაყაიშვილი და აკად. ნ. ბერძენიშვილი).

1953 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1956 წელს აირჩიეს საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იყო უნივერსიტეტ ,,გეორგიას“ და თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი. ღვაწლმოსილი პროფესორი 50-ზე მეტი წიგნის, 150-მდე სამეცნიერო სტატიის და 1500-ზე მეტი საგაზეთო სტატიის ავტორია.

იური სიარულიძე პირველი გახლდათ, ვინც საქართველოს საისტორიო გეოგრაფიის კურსი შეადგინა და ეს დიდი სამეცნიერო დარგი ფართო საზოგადოებას გააცნო. საქართველოს საისტორიო გეოგრაფიის მკვლევარმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეები: კარნი, სპერი, ტაო, კლარჯეთი, ჭანეთი, არტაანი, სამცხე და სხვ. შეისწავლა. შეადგინა რუკები, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.

მკვლევარი ნაყოფიერად მუშაობდა ქართული ლიტერატურის ისტორიაშიც. განსაკუთრებულია მისი დამსახურება დიდი ქართველი მწერლის, წმინდა ტბელ აბუსერისძის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევაში, რომელსაც სამი წიგნი და 50-მდე სტატია მიუძღვნა. მკვლევარმა ასევე შეისწავლა ჭოლა ლომთათიძის, იაკობ შემოქმედისა და კონსტანტინე ერისთავის მოღვაწეობა, რისთვისაც 1997 წელს ვაჟა ფშაველას პრემია მიანიჭეს.

მრავალმხრვი მკვლევარი უყურადღებოდ არც ქართული თეატრის ისტორიას ტოვებს. ყოფილ თეატრალს არაერთი მსახიობისა და რეჟისორის ცხოვრება აქვს შესწავლილი. მათ შორისაა დიდი ქართველი რეჟისორის ალექსანდრე წუწუნავას, მიხეილ ჯალაღონიასა და სახალხო არტისტ გაბრიელ მდინარაძის მოღვაწეობა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა