საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია: „დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები“ ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თსუ-ს პროფესორმა გია ლობჟანიძემ და თსუ-ს პროფესორმა მერაბ კილაძემ გახსნეს. ორი დღის განმავლობაში, 11 ქვეყნის 130 ცნობილი ექიმი სექციების მიმართულებით მოხსენებას წარმოადგენს მედიცინის სხვადასხვა დარგის აქტუალურ პრობლემატიკაზე.
სესიაზე განხილული იქნება ზოგადი და მიმიინვაზიური ქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის, უროლოგიის, ონკოლოგიის, გინეკოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიის, კარდიოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. სხვადასხვა დარგის ექიმები, რეზიდენტები, სტუდენტები მკურნალობის და დიაგნოსტიკის სიახლეებს გაეცნობიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.
კონფერენციის ფარგლებში ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა ემერიტუს პროფესორს აკაკი ბერიძეს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცა.
საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ექიმთა ასოციაციისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით იმართება.
უკან |