ევროკავშირის პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ ეგიდით, ბსუ-ში პროექტის მონიტორინგის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა - ევროკავშირის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დასაქმების ეროვნული სააგენტოს და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა და განხორციელებული აქტივობები შეაფასეს. პროექტის ფარგლებში ბსუ-ში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიული უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების ცენტრი გაიხსნება.
პროგრამის მიზანია ლაბორატორიული უსაფრთხოების სასწავლო კურსების ორგანიზება, ახალგაზრდა კადრების გადამზადება ჯანდაცვის და სურსათის უსაფრთხოების ლაბორატორიებისათვის და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.
მონიტორინგის ჯგუფის სამუშაო შეხვედრას ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი, რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე, კოორდინატორები: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა ქორიძე და პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი უკვე გაიარეს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
პროგრამის ეგიდით ამოქმედდება პროფესიული (LLL) სასწავლო კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ აგროკვებისა და ჯანდაცვის ინდუსტრიებში, ლაბორატორიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში LLL კურსების შევსებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად დაინერგა ტრენერთა ტრენინგის (ToT) პროგრამა თსუ-სა და სახელმწიფო ლაბორატორიებში (NCDC და SLA) და შეიქმნა სახელმძღვანელო.
დასაქმების გაუმჯობესების პროცესის ხელშესაწყობად, გათვალისწინებულია სამუშაო ბაზის/ვაკანსიების მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას სტაჟირების შესახებ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.
პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის უნივერსიტეტი და ტერამოს უნივერსიტეტი.
უკან |