30 აპრილი 2019 წელი
23-26 აპრილს ერაზმუს+-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული „ბსუ-ს საერთაშორისო კვირეული“ დასრულდა. უცხოური უნივერსიტეტების პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები ტურიზმისა და ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების ერაზმუს+-ის კოორდინატორებმა ჩაატარეს ტრენინგები გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვაზე. ბსუ-ს ერაზმუს+-ის კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ გაუზიარა მათ ქართველი კოლეგების გამოცდილება. კვირეულის მონაწილეები გაეცნენ და მოინახულეს რეგიონის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისათვის გაიმართა შეხვედრა ერაზმუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორთან ლიკა ღლონტთან. შეხვედრას ესწრებოდა რექტორის მოადგილე პროფესორი თამარ სირაძე. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმების გაფორმება.
ღონისძიების მიზანი იყო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, უცხოურ უნივერსიტეტებთან/ფაკულტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება, სამომავლო თანამშრომლობის განვითარება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება.
კვირეულის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.