18-22 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ,,ერაზმუს+''-ის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვროცლავის უმაღლესი საბანკო სკოლის (პოლონეთი) დელეგაცია ეწვია. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში პოლონელმა პროფესორებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ეკონომიკისა და ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა პოლონელ კოლეგებთან ერთად საჯარო ლექციებზე სწავლის/სწავლების თანამედროვე მეთოდები და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების წარდგენის პროცედურები განიხილეს.
დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ასევე ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების მართვასა და ევროკომისიისათვის შესათავაზებელი პროექტების ეფექტურად მომზადების საკითხებზე.