ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ღონისძიების მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. საერთაშორისო კვირეულის მონაწილეები ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრები ბსუ-ს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ, დაათვალიერეს სტომატოლოგიური კლინიკა, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი, იმუნოგენეტიკის კაბინეტი, ფსიქოლოგიური და იურიდიული კლინიკები.
23-26 აპრილს სუჩაევას უნივერსიტეტის (რუმინეთი), კრეტას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (საბერძნეთი) და ვროცლავის ფიზიკური აღზრდის აკადემიის (პოლონეთი) 4 პროფესორი ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავს ტურიზმის მენეჯმენტისა და ნანო ტექნოლოგიების აქტუალურ თემებზე. ასევე, უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურების წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგებს გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვაზე და გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს. ასისტენტ პროფესორი მზია ხახუტაიშვილი საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებს სახალისო ლექციას წაუკითხავს ქართულ ენაში.
საერთაშორისო კვირეული ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.