„მე ვარ გვანცა მახაჭაძე, 18 წლის, აბიტურიენტი. ვარ მიზანდასახული, კომუნიკაბელური და პირდაპირი. მჩვევია მომავლის დაგეგმვა და წარმატებული მომავლისათვის გააზრებული ნაბიჯების გადადგმა. მაინტერესებს საერთაშორისო სამართალი და ადამიანის ფსიქოლოგია.
მე-5 კლასიდან დავისახე მიზნად, რომ სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე ვყოფილიყავი. აქტიურად ვიყავი და ვარ ჩართული აქტივობებში. სკოლის დახმარებით მე-7 კლასში გაცვლითი პროგრამით ვიყავი თურქეთში თანაკლასელებთან და ქალაქის სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად. სკოლის გარეთ ვერთვებოდი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს შემეცნებითი ცენტრის აქტივობებში. მე-7კლასიდან უკვე ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა მომავალში, ამიტომაც აქტიურად დავიწყე ზოგადი სამართლის შესწავლა. ვესწრებოდი ონლაინ ლექციებს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის შესახებ. ვმონაწილეობდი საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის იმიტირებული სამართლის კონკურსში, სადაც, მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ნახევარფინალში გადავიდა ჩვენი ჯგუფი. რამდენიმე წლის წინ დავკარგე შანსი, რომ ამეღო კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც სახელმწიფო აჯილდოვებდა წარმატებულ მოსწავლეებს. ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენილი წლები თავი არ დამეზოგა და სკოლა ძალიან წარმატებულად დამესრულებინა, რადგან ხმამაღლა გაჟღერებული მიზნების შესრულება მახასიათებს, ასეც მოხდა.
ძალიან მიყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნები, ასევე წიგნები ქალთა უფლებებისა და ყოფითი ცხოვრების შესახებ. ხშირად ვაწყდებოდი ისეთ ისტორიებს, რომლებიც ჩემში უსამართლობის განცდას იწვევდა. ყოველთვის ვამბობდო ჯარში ქალთა გაწვევაც სავალდებულო უნდა იყოს-მეთქი. ეს აზრი დღესაც ჩემი სურვილის გამომხატველია, მაგრამ რადგან მხედველობის პრობლემა მაქვს, ვერ მოვახერხებ. ასევე ჩემ ირგვლივ ხდებოდა ბევრი უსამართლო და უკანონო ქმედება, ამიტომაც ამის აღმოსაფხვრელად დავისახე მიზნად, მომავალში მქონოდა ისეთი პროფესია, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრაში დამეხმარებოდა. გარდა ამისა, ბევრმა დეტექტიური ჟანრის ფილმმა და სერიალმა სურვილი გამიღრმავა, რომ ვიყო სამართალდამცავი.
საქართველოში ბსუ ერთ-ერთი საუკეთესოა. უპირველეს ყოვლისა, იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ არის ჩემს საყვარელ ქალაქში, ბათუმში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ მრავალწლიანი გამოცდილების პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის გარემო ხელს უწყობს სტუდენტს, რომ ხარისხიანი განათლება მიიღოს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც წარმატებით გამოიყენოს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ ბსუ, არის ის რომ, აქ ჩაბარების შემთხვევაში მაქვს შანსი ვისარგებლო გაცვლითი პროგრამებით. ასევე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია ისიც, რომ კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, მოქმედებს სხვადასხვა სახის სტიპენდია და სოციალური პროგრამა.
როგორი წარმომიდგენია ჩემი სტუდენტობის წლები? - გამოწვევებითა და თავგადასავლებით სავსე. ვეცდები, რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. ვფიქრობ, ბევრ აქტიურ, ნიჭიერ ადამიანს გავიცნობ.
მე 10 ან 20 წლის შემდეგ… ვიქნები შემდგარი ქალი, წარმატებული კარიერით. დავსაქმდები საკუთარი პროფესიით, მექნება მაღალანაზღაურებადი სამსახური და საკუთარი შრომით მოპოვებული საკუთრება. ამ დროისთვის დავიწყებ ერთ-ერთი ჩემი ოცნების ასრულებას, დავიწყებ მოგზაურობას. გავეცნობი სხვადასხვა ქვეყნის კულტურას. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრებ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით.“
უკან |