მე ვარ ირაკლი ამაღლობელი, შუახევის რაიონის სოფელ ჭვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.
ჩემი აზრით, სკოლა ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რომლის დროსაც საფუძველი ეყრება სამომავლოდ წარმატებულ ცხოვრებას. ვარ წარჩინებული მოსწავლე, რაც გამოიხატება ჩემი მიღწევებით, მიღებული დიპლომებით, სერტიფიკატებით, სიგელებით. საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ავიღე კომპიუტერი. სკოლაში ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მივიღე არაფორმალური განათლება, რის საშუალებითაც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი სიღრმისეულად შევისწავლე.
ჩემი სამომავლო პროფესია განაპირობა მათემატიკით დაინტერესებამ. ბავშვობიდანვე მიზიდავდა ეს საგანი, რაც საგნის მასწავლებლის დამსახურებაა. როცა მაღალ კლასებში გადავედი, მივხვდი, რომ მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, თანაც მათემატიკის სწავლა. ვფიქრობ, რომ პედაგოგობა ჩემი პროფესიაა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბევრს მათემატიკა ძალიან ერთულება, ახალგაზრდები აღარ აბარებენ ამ პროფესიაზე, რაც მალე გამოიწვევს კრიზისს და გაჭირდება აქტიური, ახალგაზრდა, ინოვაციური იდეებით აღსავსე პედაგოგების პოვნა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში. ძირითადი მიზეზი არის ისიც, რომ აჭარაში მცხოვრებთათვის ყველაზე ალტერნატიული და შესაძლებლობებით აღსავსე უნივერსიტეტია.
უფროსი თაობებისგან გამიგონია, რომ სტუდენტური წლები ერთ-ერთი ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელი პერიოდია. ამავე დროს ვფიქრობ, რომ სტუდენტობა რთული იქნება, მოგვიწევს ორმაგი დატვირთვით სწავლა, როგორც პროფესიის მხრივ, ასევე საკუთარი თავის განვითარებისთვისაც.
მომავლის განჭვრეტა რთულია, რადგანაც არავინ იცის როდის რა სირთულე შეგხვდება ან შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც რადიკალურად შეცვლის შენს ცხოვრებას. ჩემი სურვილია ვიყო წარმატებული მასწავლებელი, ვინც ქვეყნისთვის გამოსადეგ მრავალ წარმატებულ თაობას გაზრდის.
უკან |