გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

აბიტურიენტი შუახევიდან - „ჩემთვის მასწავლებლობა პროფესიაზე მეტია“

სურათი

„მე ვარ მარიკა ქათამაძე, ვცხოვრობ შუახევის რაიონ სოფელ ჭვანაში და ვამთავრებ ამავე სოფლის საჯარო სკოლას. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ვიქნები ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებული.

ვფიქრობ, რომ  სკოლა ჩემი წარმატების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, რომელმაც განმავითარა მრავალი კუთხით. სკოლის პერიოდში, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით, მივაღწიე მრავალ წარმატებას, რაც გამოიხატება სიგელებით და სერტიფიკატებით. საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ კი, აჭარის განათლების სამინისტრომ გადმომცა ნოუთბუქი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ჯილდოზე მაღლა ცოდნა დგას.

ბავშვობიდან მომწონდა პედაგოგობა და ბავშვებთან ურთიერთობა. ჩემთვის მასწავლებლობა პროფესიაზე მეტია, რომელსაც განვითარების უწყვეტ ჯაჭვად მივიჩნევ. ეს სფერო სიახლეებისკენ სწრაფვას გულისხმობს. ყოველთვის მიზიდავდა ის პროცესი, როცა მასწავლებელი შემოდიოდა საკლასო ოთახში და ღიმილიანი სახით გვესაუბრებოდა გაკვეთილზე. მასწავლებლის მსგავსმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო გაზარდა ჩემი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ. სწორედ მათ ეკუთვნით მოტივაცია, რომელმაც  შთამაგონა ამ პროფესიის არსი, რომ გავმხდარიყავი ინგლისურის პედაგოგი და  ჩემი ცოდნა თუ გამოცდილება სხვისთვისაც გამეზიარებინა, რადგანაც ეს ყოველივე კიდევ უფრო დიდ პიროვნებად მაგრძნობინებს თავს. ვფიქრობ, რომ მასწავლებელს აქვს ძალა შეცვალოს სამყარო უკეთესობისაკენ, რადგან სწორედ მას შეუძლია ნიჭიერი თაობების აღზრდა.

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფუნქციური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც დიდი ისტორიის თანახმად, ბევრი ნიჭიერი თაობა ჰყავს აღზრდილი  და ერთ-ერთი სახელგანთქმული უნივერსიტეტია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც განათლების სისტემით გამორჩეულია სხვა უნივერსიტეტებისგან. გარდა ამისა, გეოგრაფიული მდებარეობით ეს უნივერსიტეტი ჩემთვის, როგორც აჭარაში მცხოვრებისთვის, ყველაზე ხელსაყრელი უნივერსიტეტია.

ვფიქრობ, რომ სტუდენტობის პერიოდი, ისევე როგორც სკოლის, გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება. ვეძებ სიახლეს და დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი, ახალი გარემოთი, ბევრ შესაძლებლობას მომცემს.  ჩემთვის სტუდენტობა, შემეცნებითა და  ბევრი თავგადასავლით იქნება აღსავსე. ეს ის პერიოდია, როცა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადადიხარ და შენი ცხოვრება აღმოჩენებით სავსე ხდება. ვფიქრობ, წინ ბევრი გამოწვევა მელოდება და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მახარებს, რადგან ერთით წინ გადადგმული ნაბიჯი განვითარების უწყვეტ ჯაჭვს წარმოქმნის.

რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს დავნებდები მიზნის მისაღწევად. მჯერა, რომ წლების შემდეგ საკუთარ თავს ვიხილავ სრულყოფილ და განვითარების მაღალ საფეხურზე მდგარ პედაგოგად, ბავშვების გარემოცვაში, რომელიც ბევრ ნიჭიერ თაობას აღზრდის. რა თქმა უნდა, ჩემი წარმატება და მომავალი მხოლოდ პედაგოგობით არ შემოიფარგლება...

მე ვირჩევ ბსუ-ს, აირჩიე შენც“

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა