„მე ვარ მაგდა ვაშაყმაძე, 17 წლის. ვამთავრებ ქალაქ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლას ოქროს მედალზე, ვარ აბიტურიენტი. სანამ მეთორმეტე კლასში გადავიდოდი, დაინტერესებული ვიყავი უცხო ენებით. აქტიურად ვსწავლობდი ფრანგულ ენას. ამ ეტაპზე ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ვეცნობი დეტალურ ინფორმაციას სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
ვფიქრობ, რომ მოსწავლეობის პერიოდში სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობა, იქნება ეს ლექცია, საინფორმაციო შეხვედრა, ოლიმპიადა თუ კონკურსი, უდიდეს გამოცდილებას გვაძლევს. ცხადია, მეც არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, იქნებოდა ეს სახელმწიფო თუ კერძო პირების მიერ დაგეგმილი. გამოვარჩევდი საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობას, კერძოდ 2018 წლის ოლიმპიადას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც გავიმარჯვე და შესაბამისად, ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა.
უნივერსიტეტში სწავლას სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ვაპირებ, რადგან ვფიქრობ, ეს იქნება ის პროფესია, სადაც შევძლებ საკუთარი ადგილის პოვნას.
საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი არის ბსუ, რომელიც ნებისმიერ სტუდენტს აძლევს საშუალებას მიიღოს სრულფასოვანი განათლება. ამასთან, არსებობს პერსპექტივა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებისა, რაც თავის მხრივ, უდიდესს გამოცდილებას ნიშნავს.
ვფიქრობ, რომ სტუდენტური წლები იქნება საკმაოდ საინტერესო, დატვირთული, თუმცა ამავდროულად ახალი ნაცნობების, მეგობრების შეძენის პერიოდი. მე ვირჩევ ბსუ-ს, სადაც ჩემს კარიერულ წინსვლას საფუძველს ჩავუყრი კვალიფიციურ და გამოცდილ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.
მე 10 ან 20 წლის შემდეგ... ამის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ალბათ გამოცდილი სამართალდამცავი ვიქნები, რომელიც ერთგულად მოემსახურება არჩეულ პროფესიას“.
უკან |