გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 25 წლისაა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესი ფაკულტეტი 25 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფაკულტეტი მიმდინარე წელს ღონისძიებების ციკლს გეგმავს.

გაზეთიბათუმის უნივერსიტეტიეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ნათია წიკლაშვილს ესაუბრა.

_ როდესაც გადავხედე ფაკულტეტის ისტორიას, აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წელი გახლავთ საიუბილეო თარიღი. ეს იყო ძალიან კარგი ამბავი იმ თვალსაზრისით, რომ   ბოლო რამდენიმე წელია, პანდემიის ფონზე, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, გაუფერულდა ბევრი რამ, რაც სასწავლო პროცესზეც აისახა. უნივერსიტეტი სტუდენტის და პროფესურის გარეშე  ხომ წარმოუდგენელია... ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ეს ღონისძიებები აამაღლებდა სტუდენტების განწყობებს, ხელს შეუწყობდა პროფესორ-მასწავლებლების მოტივაციის გაზრდას და გამოაცოცხლებდა  სასწავლო დაწესებულებას.  25 წელი არ არის ცოტა დრო ფაკულტეტის ისტორიისთვის, ეს არის განვლილი ეტაპი თავისი მიღწევებით, გამოწვევებით და პრობლემებით. დღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  ერთ-ერთ წარმატებული და დიდი ფაკულტეტია ჩვენს უნივერსიტეტში.

_     აპრილიდან დეკემბრამდე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეისთვის რა აქტივობებს ახორციელებთ?

_ უკვე დაიწყო  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება. კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტების,  კრაკოვის ეკონომიკისა,  მინესოტას, ბელგიის და უკრაინის უნივერსიტეტების თანაპარტნიორობით გაიმართება.

_ ქალბატონო ნათიაღონისძიებების ჩამონათვალშია  საჯარო ლექციების ციკლი და ვორქშოპი. რა თემატიკას სთავაზობთ აუდიტორიას?

_ აპრილიდან დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც გაიხსნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს ლადო პაპავას ლექციით, რამაც აუდიტორიის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ზუმის პლატფორმით ას სამოცზე მეტი დამსწრე გვყავდა. შემდეგი ლექცია უნივერსიტეტში ,,პრესტიჟ აუდიტის“ დამფუძნებელმა მაია ფეიქრიშვილმა ჩაატარა. მაისში ლექციას წაიკითხავს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. ასევე დაგეგმილია თსუ-ს პროფესორის იოსებ ხელაშვილის ლექცია. საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ბსუ-ს პროფესორები ვაჟა ვერულიძე და ქეთევან გოლეთიანი. ივნისში ასევე ჩვენი ოთხი უცხოელი კოლეგა კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტიდან საჯარო ლექციებს  ზუმის პლატფორმაში ჩაატარებენ.

რაც შეეხება  ვორქშოპს, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გათვალისწინებულია პრაქტიკოსი ეკონომისტების შეხვედრა ჩვენს აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან, რომელიც  ოქტომბერში გაიმართება. აქტიური წარმომადგენელი იქნება ,,ლიბერთი ბანკი“ და სხვადასხვა  მსხვილი სადაზღვეო ორგანიზაცია. შეხვედრაზე განხილული იქნება პრაქტიკული ქეისები, დიალოგის ფორმატში დაისმება ეკონომიკის სფეროში არსებული პრობლემური საკითხები და მრგვალი მაგიდის წევრები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

_ ქალბატონო ნათია,  რამდენად მაღალია სტუდენტთა ჩართულობა და  აქტივობა აღნიშნულ ღონისძიებებში?

_ რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანია  სტუდენტთა ჩართულობის საკითხი და ამ კუთხით ორი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი:  მაისში ჩატარდება ეკონომიკის საკითხებზე ესეების კონკურსი, ხოლო ზაფხულში ჩატარდება ქეისების კონკურსი, სადაც სტუდენტები ეკონომიკის პრობლემურ თემატიკაზე პრაქტიკულ შემთხვევათა ანალიზს წარმოადგენენ და განიხილავენ. გამოვლინდებიან კონკურსების გამარჯვებულებიც. მათ საჩუქრების სახით სიურპრიზები ელოდებათ. დაგეგმილი გვაქვს სიმბოლური ფულადი ჯილდოებიც.

_ როგორც ვიცით, ასევე დაგეგმილია კურსდამთავრებულებთან შეხვედრები და დამსაქმებლის ფორუმი...

_ ჩვენს ფაკულტეტს ძალიან ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. აჭარაში წამყვან პოზიციებზე, ეს იქნება კერძო კომპანიები, საჯარო სექტორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათი პროცენტი ჩვენი კურსდამთავრებულია, რითაც ჩვენ ვამაყობთ. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან რეგიონის პირველი პირებიც. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მათთან. დამსაქმებლის ფორუმშიც მოწვეული გვყავს ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები არიან.  მათი ჩართულობა გვეხმარება დასაქმების ბაზრის კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების ახლებურად შემუშავებაში. ვითვალისწინებთ პრაქტიკოსი ეკონომისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს, რათა შესაბამისად  გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს და აღვზარდოთ დასაქმების პოლიტიკის შესაბამისი კადრები.  დამსაქმებლის ფორუმს ჩვენს უნივერსიტეტში ტრადიციად ვაქცევთ და ყოველწლიურად მოვაწყობთ სამუშაო შეხვედრებს.

_ ფაკულტეტის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრები გალა ღონისძიებით დასრულდება. რას უნდა ველოდოთ?

_ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენთან აღარ მუშაობენ, ვაპირებთ შევხვდეთ და დავაჯილდოვოთ. ვიმედოვნებ, რომ პანდემია ამის საშუალებას მოგვცემს და შეხვედრა ზუმის პლატფორმის გარეშე ჩატარდება. ღონისძიებას დაესწრებიან სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები და ჩვენი ფაკულტეტის თანამშრომლები. გამოვავლენთ შესაბამის ნომინაციებსაც.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა