გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ჯილდო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომები დაიბეჭდა. გამარჯვებულ სტუდენტებს კრებული უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა გადასცა. კონფერენციაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ და შესაბამისად, კრებული მრავალდარგობრივია.

მარიამ ფუტკარაძე, მარი ბურძგლა და დავით ქობულაძე იმ სტუდენტთა რიგში არიან, რომლებიც პირველ ადგილზე გავიდნენ. ისინი ჩვენს უნივერსიტეტში სხვადასხვა სპეციალობაზე სწავლობენ და შესაბამისად, მათი ნაშრომებიც მათივე დარგიდან გამომდინარეობდა.

მარიამ ფუტკარაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია: „ბსუ-სთან უკვე 4-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და ვფიქრობ, მაგისტრატურაში სწავლასაც  აქ გავაგრძელებ.  როცა ჩავირიცხე უნივერსიტეტში, პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში“  გამოცხადებულ კონკურსში  გავიმარჯვე და მივიღე სრული დაფინანსება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობ. პირველი საუნივერსიტეტო წარმატებაც სწორედ ეს იყო.

თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აქტიური სტუდენტური ცხოვრებით მეცხოვრა, სხვადასხვა სახის აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა და ჩემი ურთიერთობა უნივერსიტეტთან მხოლოდ ლექცია-სემინარებით არ შემოფარგლულიყო. მიზნისკენ მიმავალ გზაზე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გამოჩნდა, სადაც მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე თანაკურსელ ანა სარიშვილთან ერთად. ეს იყო პერიოდი, როცა ვიყავით პირველ კურსზე და ყველანაირი ემოცია და გრძნობა ერთმანეთში არეული გვქონდა: ეს იყო შიში, გაურკვევლობა, სითამამე, იმედი,  მოტივაცია და ა.შ. ეს იყო პირველი საუნივერსიტეტო კონფერენცია, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „ეკონომიკის სექციაში“ პირველი ადგილი დავიკავეთ. როცა უნივერსიტეტზე, წარმატებასა და მოტივაციაზე ვსაუბრობ, აქვე  უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, სემესტრულად მერიცხება სტიპენდიის სახით 750 ლარი, რაც მაძლევს მოტივაციას და სტიმულს იმისა, რომ კიდევ უფრო განვავითარო უნარ-ჩვევები, ვისწავლო მეტი, მივიღო პრაქტიკული გამოცდილება. ამჟამად შუახევის მერიის მიერ გამოცხადებულ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას, სადაც მთავარი კრიტერიუმი არის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების შერჩევა და წახალისება. შედეგს მოუთმენლად ველოდები. უდიდესი ადამიანის სახელობის სტიპენდიის მოპოვება, რომელიც ამავდროულად ჩემი მეგვარეა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ვარ ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების აქტიური წევრი. ჩართული ვარ სამეცნიერო მუშაობაში, რაც მაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო წინ წავიდე.  

კორონავირუსმა რაღაც ეტაპზე შემაფერხა აქტიურობის, ფიზიკური კომუნიკაციისა და ურთიერთობების თვალსაზრისით, თუმცა ნელ-ნელა ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც ძალიან მახარებს და რა თქმა უნდა, არ ვაპირებ გაჩერებას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, ნაშრომი თანაკურსელ ანა სარიშვილთან ერთად დავწერე. ჩვენი ნაშრომის სათაური გახლავთ „ცხოვრების ღირებულება საქართველოში“. ჩვენი ხელმძღვანელი იყო ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე, რომელიც არა მხოლოდ კარგი ლექტორი, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა. მან ჩვენ დიდი სტიმული მოგვცა. მისი მეგობრული დამოკიდებულებით, მადლიერები ვართ.  

აღნიშნული თემის დაწერის სურვილი თანამედროვე საქართველოში აქტუალურ პრობლემად არსებულმა ეკონომიკის არამდგრადობამ განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მაინც სავალალოა. არსებული მდგომარეობის უკეთ წარმოსაჩენად, ჩავატარეთ კვლევა და შესადარებლად  ავირჩიეთ შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე სხვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი და უკრაინა. გვინდოდა პასუხი გაგვეცა ისეთ აქტუალურ კითხვებზე, როგორიცაა:   რატომ არის ასეთი დიდი განსხვავება ჩვენი მეზობელი თურქეთისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობას შორის, ჩვენი ქვეყნისა და თურქეთის ან უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაში, რატომ გაიზარდა უმუშევრობის დონე და მიგრაციის პროცესი, რატომ ხდება საქართველოდან მოსახლეობის გადინება უცხოეთში, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებში, რატომაა მოკლებული ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მსოფლიო დონის ტექნოლოგიებსა და საყოფაცხოვრებო პირობებს?

საკითხის აქტუალურობამ გვიბიძგა ჩავღრმავებოდით ამ პრობლემას და მიზნად დავისახეთ გაგვესაზღვრა ქვეყნის საშუალო მომხმარებლის რეალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება. გადავწყვიტეთ მოსახლეობა გამოგვეკითხა. კვლევის დაწყებამდე შევეცადეთ ანკეტირების ისეთი ფორმა შეგვემუშავებინა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ საქონელსა და მომსახურებას, რასაც იყენებს ადამიანი. ასეთად ჩავთვალეთ 305 დასახელება, რომელთა კლასიფიკაცია მოხდა 12 კატეგორიად და 39 ქვეკატეგორიად მათი საერთო თვისებების შესაბამისად.

როდესაც განვიხილავთ ცხოვრების ღირებულებას, უნდა გავითვალისწინოთ ბევრი ფაქტორი, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, უმუშევრობის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ა.შ. ქვეყნებს შორის ამ მონაცემების განსხვავების განმაპირობებელი ფაქტორები მრავალია – პოლიტიკური ვითარება, დემოგრაფიული ვითარება, ბუნებრივი რესურსები, ტექნოლოგიური ცოდნა და ა.შ. ამ განსხვავებებით დავინტერესდით და გადავწყვიტეთ სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთთან შეგვედარებინა.

ბუნებრივია, ცხოვრების ღირებულების გამოთვლისას ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იყო ფასების დადგენა, ვიყავით სხვადასხვა მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სავაჭრო ცენტრებში. ასევე გადასახადების ტარიფების დასადგენად  ვესტუმრეთ ტარიფების ოფიციალურ ვებსაიტებს.

მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ისეთი საგულისხმო ფაქტები, როგორებიცაა ოჯახის შემოსავლები და წევრების რაოდენობა. ამიტომ შემოსავლებითა და სულადობით ასევე შევძელით რესპონდენტთა დაყოფა ჯგუფების მიხედვით (ერთსულიანი, სამსულიანი და ცხრასულიანი).

მიღებული რიცხვების დეტალურად შესწავლით და ასევე გამოკითხვის შედეგად მოცემული პროდუქციის შეძენის სიხშირის გამოვლენით, ჩვენ შევეცადეთ გამოგვეთვალა საშუალო ოჯახის ცხოვრების მინიმუმი, რამაც შეადგინა 305,75 ლარი.

ამის შემდეგ გავავლეთ პარალელი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან, რომლებიც ამტკიცებს, რომ 2019 წლის მარტის მონაცემების მიხედვით საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმია 304 ლარია.

საბოლოდ კი მივედით იმ შედეგამდე, რომ ჩვენ მიერ განხილული საარსებო მინიმუმის, ოჯახების შემოსავლის და განსაკუთრებული ხარჯების გათვალისწინებით, საქართველოში ისე იცხოვრო, რომ მინიმალურად უზრუნველყო  თავი, საკმაოდ ძვირია.

მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმი ყველაზე მეტია თურქეთში, ხოლო ყველაზე ნაკლები – უკრაინაში. საქართველო არის მოქცეული მათ შორის“.

მარიამ ფუტკარაძე და ანა სარიშვილი სამომავლოდ კვლევის გაფართოებას გეგმავენ.

მარი ბურძგლამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის წარმატებით დასრულების შემდეგ, სწავლა მაგისტრატურაში სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით გააგრძელა. მისთვის საკურსო თემებსა და საველე პრაქტიკებზე მუშაობა როგორც შრომატევადი, ასევე სასიამოვნო პროცესი იყო: „ემულგატორთა როლი და საფრთხე საკვებში“, - ეს თემა წარვადგინე კონფერენციაზე 2019 წელს. ხელმძღვანელი ბატონი ალეკო კალანდია გახლდათ. სამეცნიერო ნაშრომი ასახავს საკვების დანამატის, კერძოდ ემულგატორების, დანიშნულებას საკვებში და განმარტავს თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მათი მოხმარება ადამიანებისთვის. სურსათის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელს მიეწოდება, უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული და ზუსტი.

რადგანაც სურსათი გახლავთ ყოველდღიური მოხმარების საგანი, პროდუქციის მწარმოებელი ვალდებულია დეტალურად აღწეროს ყველა იმ ნებადართული თუ აკრძალული ინგრედიენტის შემადგენლობა, რასაც შეიცავს  პროდუქტი. საკვები დანამატები ქიმიური ნივთიერებებია, რის გამოც უსაფრთხო დანამატმაც კი შეიძლება მგრძნობიარე ადამიანში გამოიწვიოს სხვადასხვა რეაქცია. მკაფიოდ უნდა იყოს ეტიკეტზე გამოსახული იმ ინგრედიენტთა ჩამონათვალი, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი - ემულგატორები.

თუ არასდროს დაგიხედავთ პროდუქტის შემადგენლობისთვის, გაკვირვებული დარჩებით რამდენად არაჯანსაღი კონსისტენციისგან შეიძლება  შედგებოდეს ის პროდუქტი, რომელიც ძალიან გვიყვარს. ეს ემულგატორები ჩვენში იწვევს დამოკიდებულებას, მოთხოვნილებას, რაც შესაძლოა ბუნებრივად არ გაგვაჩნდეს“.

დავით ქობულაძე  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის სპეციალობის მე-6 კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ თავიდანვე აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ტიპის საუნივერსიტეტო პროექტში, კონფერენციასა თუ ღონისძიებაში: „პირველივე კურსიდან ვმონაწილეობდი სტუდენტურ კონფერენციებში, დებატების ტურნირზე, ინტელექტუალურ თამაშებსა და საერთაშორისო ფორუმებზე. 2016 წლიდან დღემდე ვარ სახელობითი და უნივერსიტეტის ფრიადოსნობის სტიპენდიის მფლობელი, 2017-დან 2019 წლებში ვიყავი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი, დღემდე გახლავართ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს და სტრატეგიული განვითარების წევრი. მიუხედავად პანდემიისა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიყავი ჩართული, ვმუშაობდი კოვიდ კლინიკაში ექიმის ასისტენტად და ვზრუნავდი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება 2019 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას, წარვადგინე ნაშრომი „მიოკარდიუმის ინფარქტი და მისი გავრცელება აჭარის რეგიონში“. მოკლედ აღვნიშნავ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა 2011-2018 წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები აჭარის რეგიონში და სხვა რეგიონების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, გამოგვეტანა შესაბამისი დასკვნები. ჩემი ნაშრომის თანაავტორი არის ზურაბ ხიმშიაშვილი, ხოლო მეცნიერ- ხელმძღვანელი გახლავთ ასოცირებული პროფესორი, შინაგანი სნეულების მიმართულების ექიმი (თერაპევტი) ჯიმშერ ლეჟავა“.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ კვლავაც აგრძელებს მკითხველამდე მიიტანოს არაერთი წარმატებული და მოტივირებული სტუდენტის ისტორია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა