გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"სტიპენდია ჩემთვის ცოდნით მოპოვებული ჯილდოა"

სურათი

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ გაგაცნობთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტ ქეთევან ჯინჭარაძეს. ქეთევანი მესამე კურსიდან სახელმწიფო სტიპენდიას ღებულობს 750 ლარის ოდენობით. ამბობს, რომ უნივერსიტეტში მხოლოდ დიპლომის ასაღებად არ სწავლობს. მისი მიზანია, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს და სამომავლოდ პრაქტიკაში წარმატებული იყოს.

„2018 წელს დავასრულე დოლოგნის საჯარო სკოლა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ვსწავლობდი, სკოლამ ბევრი რამ მომცა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლი.  ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში, სხვადასხვა აქტივობაში ვერთვებოდი. 2016-2018 წლებში ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის თაობა-აჭარის“ აქტიური მონაწილე, სამოქალაქო კლუბ „Citizenship”-ის დამფუძნებელი და სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის „გოგონათა ლიდერობის ბანაკის“ აქტიური მონაწილე ვიყავი. 2020-2021 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) სტაჟირებაში მივიღე მონაწილეობა. 2021 წელს ამერიკული კუთხის პროექტ „თემის ელჩების“ ფინალისტი გავხდი.

ვმონაწილეობდი ტრენინგებსა და სემინარებშიც: „ლიდერობა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში“, „პიროვნული განვითარების ონლაინ შეხვედრებში მონაწილეობა“, „ისწავლე, რათა ამოიცნო“ და სხვა.

მიზიდავს ლექსის მხატვრულად კითხვა და არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა პოეზიის საღამოებში. მიყვარს მოგზაურობა და კულინარია. თავისუფალ დროს რა თქმა უნდა, ვმღერი, რადგან სიმღერა ჩემი ჰობია.

 პირველ კურსზე მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მოვიპოვე 100%-იანი დაფინანსება, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასცემს, მესამე კურსიდან კი ვიღებ სახელმწიფო სტიპენდიას. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ზომიერად არის მორგებული სტუდენტთა ინტერესებსა და ინდივიდუალურ პრიორიტეტებზე. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული სექციები, სამედიცინო პუნქტი და სპორტული აქტივობები, რაც ხელს უწყობს სტუდენტის განვითარებას.

ჩემი სტუდენტური ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია, რადგან უნივერსიტეტი მაძლევს საშუალებას მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა და საჭირო ინფორმაციის მომცემ ტრენინგ-სემინარებში, პროექტების შედგენა-დაგეგმარებაში, ტურიზმის სფეროში დასაქმებული პიროვნებების გაცნობასა და სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში, რაც მნიშვნელოვანია ჩემი მომავალი პროფესიისათვის.

ჩემთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტს, ეს არის გერმანიის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება, რაც ძალიან საჭიროა პრაქტიკის მიღების კუთხით“.

...როცა სტუდენტს შრომა უფასდება

„უნივერსიტეტში ვსწავლობ არა მხოლოდ დიპლომისთვის, არამედ იმისთვის, რომ მივიღო ცოდნა და იგი გამოვიყენო პრაქტიკაში. ამიტომ პირველივე კურსიდან ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა და რაც შეიძლება მეტი მიმეღო უნივერსიტეტისგან.  მეგობრული და კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები  ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, გვეხმარებიან. მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით უნივერსიტეტმა ჩემი შრომა დააფასა და   სახელმწიფო სტიპენდია დამინიშნა.

სახელმწიფო სტიპენდია ჩემთვის ცოდნით მოპოვებული ჯილდოა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური ცხოვრება არ არის მარტივი და გვიწევს მუდმივი და შრომატევადი მუშაობა, ნამდვილად ღირს ეს ყოველივე, რადგან მჯერა კენწეროში აუცილებლად „გატკბილდების“. სტიპენდია არამარტო მე, არამედ ყველა სტუდენტს აძლევს სტიმულს, რომ ისწავლონ უკეთესად, მაქსიმალურად გაისარჯონ, რადგან სტიპენდიის მოპოვება ჩვენი გაწეული შრომის დაფასებაა, ხოლო სტიპენდიით განცდილი სიხარული _  სხვაგვარად სასიამოვნოა“...

რჩევები თანატოლებს და მომავალ თაობას

„ჩემს თანატოლებს და აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში აირჩიონ ის პროფესია, რაც ნამდვილად სურთ. სამომავლოდ არჩეულ პროფესიასთან ერთად უნდა ხედავდე საკუთარ თავს. ვფიქრობ, უმთავრესია _  ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ აქტიური მოქალაქეები, რადგან ეს გვეხმარება პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში.  ჰქონდეთ დასახული მიზნები და იბრძოლონ ამ მიზნების განხორციელებისათვის. ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში არ დანებდნენ,  წარუმატებლობა ხშირად გამოცდილების დაგროვებაში გვეხმარება.  ისწავლონ აუცილებლად, გართობაზე წინ დააყენონ სწავლა, რადგან თუ ვისწავლით, ყველაფერს მივაღწევთ“.

მე _ 10 წლის შემდეგ

„ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ 10 წლის შემდეგ საკმაოდ შემდგარი პიროვნება ვიქნები. მექნება ჩემი პროფესია ტურიზმის ინდუსტრიის მხრივ და ასევე ვიქნები წარმატებული და აუცილებლად ინგლისური ენის კეთილი მასწავლებელი. მაინორში ინგლისურ ფილოლოგიაზე ვსწავლობ. ასევე დიდი სურვილი მაქვს კულინარიული კურსების გავლისა, რომლის ინსპირაცია ჩემი მზარეული დედაა,  რომელიც დამეხმარება გავხდე პროფესიონალი შეფმზარეული“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა