ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის ,,სკოლა-უნივერსიტეტი” ფარგლებში მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია _ „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ გაიმართა, რომელიც ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბათუმისა და სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა. კონფერენცია გახსნეს და აუდიტორიას სიტყვის მიმართეს ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატო ბერიძემ, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორმა ნანა ჩარექიშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ჟანა ჭითანავამ.
გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ ესაუბრა ,,სკოლა-უნივერსიტეტის“ კლუბის'ხელმძღვანელს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრს, ასოცირებულ პროფესორ ნატო შეროზიას.
_ ქალბატონო ნატო, რას ისახავს მიზნად აღნიშნული სამეცნიერო კონფერენცია?
_ ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.
_ ძირითადად რა პრობლემურ თემებზე გამახვილდა ყურადღება მოსწავლეების და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომებში?
_ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემების შესახებ შემდეგ თემებზე: „უსაფრთხო სკოლა და საერთაშორისო გამოცდილება“, „სკოლაში არსებული არასასურველი ქცევის პრევენციის მეთოდები“, „სკოლის ფსიქოლოგის როლი ბავშვის უფლებების დაცვაში“, „ბულინგისგან თავისუფალი ზონა“, „სკოლის აფექტური გარემოს გავლენა სწავლა-სწავლების პროცესში“, „თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი ზეგავლენა სწავლების პროცესზე“, „ციფრული ტექნოლოგიების როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში“, „გენდერული თანასწორობის ასპექტები ქართულ სკოლებში და მისი ზეგავლენა სოციალიზაციაზე“, „მხატვრული ლიტერატურის სახეები“, „ქართული დამწერლობა“, „სკოლაში არსებული არასასურველი ქცევის პრევენციის მეთოდები“ და სხვა.
_ როგორც ვიცით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სპორტის სექციაც. საინტერესოა რა კუთხით გაშალეს თემები ახალგაზრდა მონაწილეებმა?
_ წელს კონფერენციაზე სპორტის სექცია პირველად იყო წარმოდგენილი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის, ქუთაისის, წყალტუბოს, აბაშის, ლანჩხუთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ამ სექციაში ძირითადად სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელები გახლდათ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები თემებზე: „თანამედროვე ოლიმპიური თამაშები“; „ქალის როლი სპორტის განვითარებაში, ნინო სალუქვაძე“; „ქართული კალათბურთის პატრიარქი სულიკო თორთლაძე და მისი ლეგენდარული შეგირდები“; „საკურას ფილოსოფია და ქართული ჭიდაობა“; „ანზორ ლეჟავა - ლეგენდარული კალათბურთელი“; „ქალთა ბალახის ჰოკეი“; სახალხო თამაში „ლელო ბურთი“; „ხრიდოლისა და უშუს ძველი ფესვები“ და სხვა.
_ ქალბატონო ნატო, მონაწილეთა რაოდენობა ცხადყოფს, რომ კონფერენციისადმი ინტერესი დიდია. რამ განაპირობა ეს?
_ დღეს საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ახალი თაობა მუდმივად ცდილობს ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად ამ გამოწვევებს შესაბამისად უპასუხონ. უნივერსიტეტი შეძლებს ეფექტური ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ მაშინ, თუ გაძლიერდება სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ ბსუ-ში ტარდება სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია, მონაწილეთა კონფერენციისადმი ინტერესი მართლაც დიდია. სტუდენტებმა და მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოვლენა. ახალი გამოწვევები იქცა მათი ინტერესის სფეროდ. ახალგაზრდებმა სხვადასხვა დისციპლინაში აირჩიეს თემები, მოიძიეს და დაამუშავეს მასალა, შექმნეს თვალსაჩინო რესურსი, ჩაატარეს კვლევები.
მეცხრე სამეცნიერო კონფერენციაში „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური საკითხები“ _ 121 მონაწილის 81 მოხსენება იყო წარმოდგენილი. მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ნაშრომები სხვადასხვა აქტუალური და პრობლემური საკითხის შესახებ წარმოადგინეს და ერთმანეთს აზრი გაუზიარეს. საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდების სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასაც.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ნათია ცივაძემ და ლიზი ჯაიანმა ერთობლივი მოხსენება _ ,,პროტეინოთერაპია ბოდიბილდინგში“ ქიმიის მიმართულების სექციაში წარადგინეს. მოსწავლეების ინტერესის სფერო განაპირობა სასკოლო განათლებამ და განსაკუთრებით, ბსუ-ს მიერ ორგანიზებულმა აქტივობებმა, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას საბუნებისმეტყველო მიმართულებებში.
ნათია ცივაძე ამბობს, რომ ქიმიისადმი ინტერესი მისი პედაგოგის, ქალბატონ ქეთევან გვარჯალიძის დამსახურებაა. მე-11 კლასის მოსწავლე ქიმიის როლის მნიშვნელობაზე, აქტუალობასა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების შექმნა-შემუშავებაზე საუბრობს. ის სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას მედიცინის მიმართულებით აპირებს. „პროტეინი ყველაზე პოპულარული და ეფექტური საკვები დანამატია აქტიური სპორტით და ბოდიბილდინგით დაკავებული ადამიანებისთვის. პროტეინების კომპლექსი წარმოადგენს სპორტული კვების დანამატს ცილების მაღალი შემცველობით, რომელთა კონცენტრაცია 70-95%-ს აღწევს. პროტეინები ორგანიზმში იშლება ამინომჟავებად, საიდანაც შემდეგ სინთეზირდება ორგანიზმის ცილოვანი მოლეკულები, რომლებიც კუნთოვანი ქსოვილების საშენ აუცილებელ მასალას წარმოადგენენ. პროტეინის ამინომჟავები ასევე აფერხებენ კუნთების დაშლას გაძლიერებული დატვირთვების დროს და ხელს უწყობენ მათ აქტიურ ზრდას. რომელიმე შეუცვლელი ამინომჟავის უკმარისობის შემთხვევაში ფერხდება ორგანიზმისათვის საჭირო პროტეინის სინთეზი, რის გარეშეც ვერ მოხდება კუნთოვანი ქსოვილის ზრდა. პროტეინოთერაპია არის მკურნალობის ფორმა, რომელიც მოიცავს კარგად სტრუქტურირებული ცილების გაგზავნას ზუსტ სამიზნე ადგილას დაზიანებული პროტეინების შესაკეთებლად ან შესაცვლელად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მკურნალობის მეთოდი მისი სიზუსტისა და უარყოფითი გვერდითი ეფექტების არარსებობის გამო. ზოგადად, სიტყვა „ბოდიბილდინგი“ გულისხმობს სხეულის მშენებლობას, მაგრამ ამ სპორტის მიზანი არ არის მხოლოდ სხეულის მშენებლობა. უპირველესად, ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული“, _ ამბობს ნათია.
ის თვლის, რომ მისთვის კონფერენციაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. „ბსუ-ს ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ მაია ვანიძის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ხშირად ვესწრები და ცოდნას ვიღრმავებ ამ მიმართულებით“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე მიუთითებს ლიზი ჯაიანი: „ქალბატონი მაია ვანიძე არ იშურებს დროსა და ენერგიას, რომ მოსწავლეებში გააღვივოს და განავითაროს ინტერესი ქიმიის მეცნიერების მიმართ“. ლიზიმ კონფერენციაზე პროტეინების გამოყენებაზე ისაუბრა, კერძოდ მასთან დაკავშირებულ ინოვაციურ მეთოდებზე: „ადამიანის გენეტიკურ კოდს შეუძლია უკარნახოს მისი ცხოვრების ყველა ასპექტი მოლეკულურ დონეზე. სანამ მეცნიერებს არ შეუძლიათ წარმატებით და შეუფერხებლად შეცვალონ ადამიანის გენომი, გარკვეული დეფექტების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პროტეინის თერაპიის დახმარებით. პროტეინთერაპია იყენებს თერაპიული და რეკომბინანტული ცილების კომბინაციას ორგანიზმში არსებული პრობლემების სტრატეგიულად გადაჭრისთვის. იმუნური სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ებრძოლოს პათოგენებსა და დაავადებებს, მაგრამ ხანდახან ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მუშაობენ. ზოგიერთმა გენეტიკურმა ნაკლოვანებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები და ადამიანი უფრო მგრძნობიარე გახადოს დაავადებების მიმართ. მაგალითად, არსებობს გარკვეული გენები, რომლებიც დაკავშირებულია პანკრეასის ცილებთან, რომლებიც ბუნებრივად ავითარებენ ინსულინს. ამ გენების მუტაციის მქონე ადამიანებს აქვთ 1 ტიპის დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკი. რეკომბინანტული დნმ-ის შეყვანით, რომელიც შეცვლილია ინსულინის სხეულში დასაბრუნებლად, პროტეინის თერაპია დაგეხმარებათ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰორმონების, ფერმენტების და სხვა ნივთიერებების გამომუშავებით, ამ მკურნალობას შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი“.
მოსწავლეები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის მხრიდან სამომავლოდ ორგანიზებულ ღონისძიებებსა თუ პროექტებში დიდი ენთუზიაზმით და სიახლეების მიღების სურვილით ჩაერთვებიან. ფიქრობენ, რომ მათი თანამშრომლობა უნივერსიტეტთან გაგრძელდება.
მოსწავლეებმა ნაშრომი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტების თეა ამაღლობელისა და ანანო დიასამიძის თანაავტორობით მოამზადეს.
„ჩვენს სამეცნიერო კვლევით ნაშრომს ხელმძღვანელობდა ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი მაია ვანიძე. თავიდანვე დავისახეთ მიზნად, რომ აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება პროტეინოთერაპიის შესახებ. ქალბატონი მაია გვაძლევდა მიმართულებას, რჩევას, მიგვითითა ლიტერატურა. პროტეინოთერაპია როგორც სამკურნალო, ასევე ესთეტიური სილამაზის მიზნითაც გამოიყენება ბოდიბილდინგში. გვსურდა ის სტერეოტიპები დაგვემსხვრევინა, რაც აღნიშულ თერაპიასთან დაკავშირებით არის გავრცელებული. ჩვენ ნაშრომში მაგალითებით და არგუმენტებით გაჯერებული ინფორმაციით ვუხსნით საზოგადოებას, რომ პროტეინოთერაპიას ბოდიბილდინგში არავითარი ზიანი არ მოაქვს, პირიქით იგი პროცესის ეფექტური მართვისთვის გამოიყენება. ჩვენ ეს ბიოლოგიური და ქიმიური კუთხით ავხსენით, რამაც ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია დამაჯერებელი და სანდო გახადა. ვფიქრობ, მოვახერხეთ და მათი დამოკიდებულება შევცვალეთ“, _ ამბობს მედიცინის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი თეა ამაღლობელი.
კონფერენციის მუშაობა ექვსი სექციის (სექციის მოდერატორები: ასოცირებული პროფესორი ქეთი შოთაძე; ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე; ასოცირებული პროფესორი მარინე გურგენიძე; ასოცირებული პროფესორი თათია ნაკაშიძე-მახარაძე; ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე; ასოცირებული პროფესორი ჟანა ჭითანავა; განათლების დოქტორი ია ხასაია; ასისტენტ-პროფესორი ნათია აბაშიძე; ასისტენტ პროფესორი დიანა ახვლედიანი; ასისტენტ პროფესორი დალი დობორჯგინიძე; ასისტენტ პროფესორი დარეჯან გელაძე; ასისტენტ პროფესორი მამუკა გოგელია; ასისტენტ პროფესორი ბესიკ ციცაგი; მასწავლებელი შოთა ჯვართავა) მიმართულებით წარიმართა, სადაც 121 მონაწილის 81 მოხსენება იყო წარმოდგენილი. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
უკან |