გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"იდეატორთა კლუბის" "წლის იდეატორი" გამოვლინდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს USAID-ის საბაზისო პროექტ „იდეატორთა კლუბის“  _ „წლის იდეატორი“ გამოვლინდა. წარმოდგენილი ექვსი საჯარო სკოლიდან, ჟიურიმ „წლის იდეატორის“ ჯილდო ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადასცა. დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდა ყველაზე „ინოვაციური“, „პრაქტიკული“, „მდგრადი“, „კრეატიული“ და „შემოქმედებითი“ პროექტები.

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო პროექტში მონაწილე სკოლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის ფარგლებში მრავალფუნქციური პრინტერი გადასცა.

 „იდეატორთა კლუბის“ ჩამოყალიბებაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა ექვსმა ბიზნეს-ლიდერმა. ესენია: ბაზისბანკი, სამშენებლო კომპანიები  შპს „ჰორიზონ ჯგუფი“ და შპს „ანაგი“, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, აჭარის საექთნო ასოციაცია, კლინიკა „ჰელსი“ და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელი. 2022 წლის მარტის თვიდან იდეატორთა კლუბები ბიზნეს-ლიდერების მიერ შერჩეულ 6 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა. ესენია: ბათუმის №1, №4, №14, №15, №16 და №28 საჯარო სკოლა. კლუბების ამოქმედებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებოდნენ ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პროგრამის ტრენერები და მოხალისე სტუდენტები.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელს, მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგ თიკო პაპიძეს და პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დაუკავშირდა.

_ თიკო, როგორ აღმოჩნდით იდეატორთა კლუბში?

_ თანამედროვე ეპოქა მუდმივად დგას სიახლეების, გამოწვევების და თავგადასავლების წინაშე. ჩვენი სკოლა არ უშინდება ინოვაციებს, ამიტომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით და აქტიურად ჩავერთეთ კლუბის მუშაობის პროცესში.

_ პროექტს, რომელიც ბავშვებმა წარადგინეს, „მომავლის ხიდი“ ჰქვია. რას უკავშირდება სახელწოდება?

_ კლუბის წევრი მოსწავლეები აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ბავშვებს და არა მხოლოდ, მოსწავლეებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ ნაპირი თანდათან სავალ ბილიკს უახლოვდება. ჩვენი იდეა თუ სამომავლოდ განხორციელდება, მას ტალღის მჭრელის ფუნქციაც დაეკისრება და ნაპირის დაკარგვის საფრთხეც მეტ-ნაკლებად შესუსტდება, ამიტომ ეს ხიდიც იმედია ჩვენთვის, ყველასთვის.

_ რას მოიაზრებდა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა?

_ სკოლისა და უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა სასიკეთოდ აისახება როგორც პატარებზე, ასევე სტუდენტებზეც. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ითვალისწინებდა მხარმდამჭერ სტუდენტებთან კომუნიკაციას, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა და გავიცანით გვანცა ნოღაიდელი და იანა მამფორია, რომლებიც ხშირად მოდიოდნენ მე-14 საჯარო სკოლაში და ჩვენი მუშაობის პროცესს აკვირდებოდნენ. უნივერსიტეტის მხრიდან ჩვენი ლიდერები იყვნენ მანანა თავდგირიძე და ნინო დოლიძე. მუდმივად ვგრძნობდით და ვხედავდით მათ მხარდაჭერას, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენთვის, ვერ აღვწერთ ბავშვების ემოციებს, განცდებს.  დიდი იყო გამარჯვების სიხარული, პრიზები, შრომით მიღებული შედეგით ტკბობა.

ლიკა ბერიძე, მარი ბაკურიძე, სარა გურგენიძე, თათია დიასამიძე, მარი შონია და ნიცა კონცელიძე პროექტში მონაწილე მოსწავლეები არიან. გოგონები ამბობენ, რომ გამარჯვება მათთვის ბევრს ნიშნავს, წახალისდნენ და სამომავლოდაც ახალი იდეების შექმნას ჩაუყრიან საფუძველს. პროექტი ბავშვების ერთობლივი ნამუშევარია. ისინი ერთმანეთს საუბარში ენაცვლებიან და ემოციურად აღგვიწერენ მათ მიერ შესრულებულ საქმეს:

„ხის მასალისგან ამოიჭრა ღუზა, ღუზის ქვეშ მოვათავსეთ ქვები, რომლებიც შევაგროვეთ ზღვის სანაპიროზე. ქვების გამოყენებას ორგვარი დატვირთვა აქვს: როგორც ვიზუალური ეფექტის შექმნა, ასევე გამაგრებითი ფუნქცია. მაკეტზე კარგად ჩანს, რომ გამოყენებულია სამი ფერი: მუქი ლურჯი, ცისფერი, ღია ცისფერი. ტალღის ეფექტს კი აძლიერებს თეთრი საღებავის გამოყენება. მოაჯირებით გამაგრებულია გასასვლელი ნაწილი, რომელიც დამზადებულია თანაბრად დაჭრილი ჯოხებით. მაკეტში ასახულია საზეიმო გახსნის სცენა. ამიტომ მოვათავსეთ ბუშტები. შესასვლელ ნაწილში მნახველს დახვდება აკვარიუმი. გამოვყავით სავალი ბილიკი, ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ზოლი, რომელიც შეღებილია შესაბამისი ფერით, ლამპიონებით განათებული ხედი, რომელიც თეთრი ქაღალდებისგან არის დამზადებული. პალმები და ზღვის ქოლგებიც დამაგრებულია სილიკონით. შეზლონგები ხის ჯოხებით შევქმენით.

თითოეული დასახელებული პროდუქტი შექმნილია სკოლის მოსწავლეების მიერ. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ აღსაზრდელებს კვლავაც მრავალ წარმატებას უსურვებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა