4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და შესაბამისად, აბიტურიენტების ემოციური ფონი მატულობს. გამოცდებს წინ ბევრი შრომა, უძილო ღამე და მომავალზე ფიქრი უსწრებს. შესაბამისად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც სექტემბრიდან ახალ თაობას ელის. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ეტაპობრივად იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომელებმაც არჩევანი მათივე ქალაქში არსებულ ტრადიციულ უმაღლეს საგანმანათლებლო კერაზე შეაჩერეს.
17 წლის ნინო ნაკაშიძე ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ბსუ-ს მომავალი სტუდენტია. ის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგობას აპირებს.
„მოსწავლეობის პერიოდში მონაწილეობას ვღებულობდი სხვადასხვა ოლიმპიადაში. განსაკუთრებით ვაქტიურობდი ქართულ და ინგლისურ ენებში. დამადასტურებელი სერტიფიკატებიც მაქვს. უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ბოლო 4 წელია ვცდილობდი ყველაფერი ინგლისურ ენაზე მენახა თუ გამეკეთებინა, რამაც შედეგი გამოიღო. ამავდროულად სკოლის მასწავლებლებმაც იქონიეს გავლენა, რადგან მათ მიერ გაღებულმა შრომამ საგანი განსაკუთრებით შემაყვარა. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ამ მიმართულებით საფუძვლიანი განათლების მიღება, ბევრ შესაძლებლობას მომცემს.
მე-12 კლასში სპეციალობის არჩევის პარალელურად ცხოვრებისეული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი - რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა... მნიშვნელოვანი გავლენა მაინც ჩემმა დამ იქონია, რომელიც ბსუ-ს სტუდენტია. ის მიყვებოდა, რომ კარგი გარემოა უნივერსიტეტში, ფუნქციონირებს უამრავი კლუბი და რაღა თქმა უნდა, კარგი ლექტორები ასწავლიან, რომლებიც სრულყოფილ ცოდნას აწვდიან მომავალ თაობას. გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტი ავირჩიე გაცვლითი პროგრამების სიმრავლის გამოც, რადგან ბსუ თითოეულ სტუდენტს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თითქმის მსოფლიო მოიაროს, ისწავლოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, აიმაღლოს კვალიფიკაცია. იმედია, ამას მეც მოვახერხებ და ევროპაში საკუთარი თავის რეალიზებას შევძლებ.
ვფიქრობ, ჩემი სტუდენტობის წლები ხალისიანი და დატვირთული იქნება. მინდა, თავიდანვე ჩავერთო აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში. ზუსტად ვიცი, რომ აქ კარგი გარემო დამხვდება და ბევრ მეგობარს შევიძენ.
...მე ათი წლის შემდეგ? _ საკუთარ თავს ათი წლის შემდეგ წარმატებული ლექტორის ამპლუაში ვხედავ, რომელიც ახალგაზრდებს პრესტიჟულ უნივერსიტეტში ასწავლის ინგლისურ ენას“.
უკან |