გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

სტუდენტი გოგონას პორტრეტი

სურათი

„მზრუნველი და ყურადღებიანი ექიმი ვიქნები“

ელიზა ჩიკვაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის სპეციალობის მე-6 კურსის სტუდენტია. მომავალი ექიმის საუნივერსიტეტო ცხოვრება არაერთ აქტივობას უკავშირდება. ის ახლახანს შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიანტიც გახდა. გარდა სასწავლო აქტივობებისა, ელიზა ხატავს, პარალელურად სწავლობს ხელოვნების უნივერსიტეტში აკადემიური მუსიკის მიმართულებით და ზოგადად, ხელოვნებითაა გატაცებული. აქტიური სტუდენტის ჰობი ლაშქრობა და მოგზაურობაა.  

სკოლის მერხიდან უნივერსიტეტამდე...

  „სკოლის პერიოდი, უნივერსიტეტის მსგავსად, მაქსიმალურად დატვირთული, მრავალფეროვანი და შემეცნებითი იყო. 2016 წელს დავასრულე სკოლა „ევრო–2000“. სკოლაშიც წარჩინებულად ვსწავლობდი. ამასთანავე, დღის მნიშვნელოვან მონაკვეთს შეადგენდა ხატვა, მუსიკა, სპორტი. აღნიშნული აქტივობებით, დაახლოებით, 6 წლის ასაკიდან დავკავდი.  გარდა ამისა, სკოლის პერიოდი გახლდათ  სათავე ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობისა. 2014 წლიდან ჩართული ვარ სხვადასხვა  აქტივობაში და ვმონაწილეობდი შემდეგ პროგრამებში: „შავი ზღვის საერთაშორისო დღე“,  "EEVZA Beach Volleyball Tour"-ი, „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა“,  „ბათუმის ღამის მარათონი“, „ფარნების ფესტივალი", "BIAFF - საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი“,  „43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმი“, „ევროპის დღეები ბათუმში“, „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა“, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი –„მისამართი“, „ტურისტერი“, „ჰიპერტენზიის სკრინინგი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, „კარატეს საერთაშორისო ტურნირი“.

აქტივობები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში

    „ამ აქტივობათა სია ძალიან დიდია.  ამიტომ მხოლოდ  ბოლო პერიოდის ჩამონათვალით შემოვიფარგლები.  2022 წლის 19-20 მაისს მივიღე მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში – „ნუტრიციოლოგიის მნიშვნელობა დაავადების პრევენციაში – მიმდინარე საერთაშორისო კვლევები; გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“, 2021 წლის დეკემბერი – ერთდღიანი კურსი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, 2021 წლის 20-30 სექტემბერი – „მედიაწიგნიერების სკოლა“, 2021 წლის 16 -20 სექტემბერი –  „უნარები პიკის ახალგაზრდებისთვის“, „ფსიქოლოგიის ორკვირიანი კურსი“, 2021 წლის 17-18 ივლისი – საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია დიაბეტოლოგიაში, „საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი“  ორგანიზებული საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ,   2019 წლის 15 – 26 ივლისი – „საარჩევნო განვითარების სკოლის სასწავლო კურსი“, 2019 წლის 9 – 10 თებერვალი – ტრენინგკურსი – „სამოქალაქო აქტივიზმი და რეგიონული განვითარების ადვოკატირება“, 2019 წლის იანვარი – პროექტი: „კინოპლატფორმა – სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, სატრენინგო პროგრამა – „ინკლუზიური განათლება“, სტუდენტ–მედიკოსთა ერთობლივი II ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „მედეა–2017“.

ელიზა და უნივერსიტეტი

   „ბსუ-ს სტიპენდიანტობა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა შრომისმოყვარეობით ყველაფერი მიღწევას ექვემდებარება.  ვფიქრობ, ამ მხრივ,  მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გვქონდეს კონკრეტული მიზნის მიღწევის დიდი სურვილი, რასაც შედეგი მოყვება. პირველი კურსიდან დღემდე ვიღებ სტიპენდიას. რამდენიმეჯერ ფაკულტეტის სახელობითი სტიპენდიის მფლობელი გავხდი, წელს კი _ დამამთავრებელ კურსზე, სახელობითი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობაც მომეცა, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.  აღსანიშნავია, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, აუცილებელია უნივერსიტეტის გარეთ სხვადასხვა აქტივობაში მაქსიმალური ჩართულობა, რადგან შეიქმნას ჯანსაღი კონკურენციის გაწევის შესაძლებლობის პირობები. საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან, განსაკუთრებით გამოვარჩევ "COVID-19"-ს პროგრამას, სადაც შესაძლებლობა მომეცა პროფესიონალ ექიმებთან ერთად დავხმარებოდი უამრავ კოვიდინფიცირებულ პაციენტს და ჩემი მომავალი პროფესიული მოვალეობა სტუდენტობის პერიოდშიც შემესრულებინა“.

მომავალი ელიზა ექიმი

  „ძალიან მიყვარს ადამიანები, განსაკუთრებით _ ბავშვები და მოხუცები. ეს განპირობებულია ალბათ იმ ფაქტით, რომ ბავშვობიდან ბებია-ბაბუების გარემოცვაში ვიზრდებოდი, საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი მათთან ერთად. რაც შეეხება ბავშვებს, პატარაობიდან ვზრუნავდი ჩემს უმცროს ძმაზე _ ედვარდზე. ამის გარდა, პატარა ბიძაშვილებისა და დეიდაშვილების გართობა ყოველთვის სიხარულს მგვრიდა, მათთან ერთად მეც ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ასევე, რაც უნდა აღინიშნოს, ეს გახლავთ ის, რომ გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს ადამიანების პრობლემები, არსებული მიზეზის გამო, მზრუნველი და ყურადღებიანი ექიმი ვიქნები და საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი“.

_ ელიზა, შენი აზრით, სრულფასოვან ექიმად ჩამოყალიბებისთვის, რა არის აუცილებელი?

_ პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ მედიცინა წარმოადგენს ისეთ სფეროს, რომელსაც სხვა სპეციალობებისგან განასხვავებს ის, რომ  ექიმი მუდმივად ურთიერთობს ადამიანებთან და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არის მოქცეული ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი –  სიცოცხლე. ვფიქრობ, რომ მედიცინის სპეციალობაზე არჩევანის შეჩერება არ უნდა იყოს განპირობებული იმით, თუ რამდენად რეიტინგულია ეს სფერო ან რამდენად პრესტიჟულია ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე. სრულფასოვანი ექიმი მოწოდებით უნდა იყოს ექიმი, გარემო ფაქტორები არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას ამ არჩევანზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც გამოვყოფდი _ ეს არის ადამიანების სიყვარული და მათზე მზრუნველობის მოთხოვნილება, ემპათია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით მათ სახეზე არსებული სიხარულის განცდის აღქმა და იმის შეგრძნება, რომ შენი შეტანილი წვლილით შეგიძლია ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შემსუბუქება და უბრალოდ ყველაფრის მოგვარება. მოგეხსენებათ, თუ ადამიანი ჯანმრთელია, ის ყოვლისშემძლეა ყოველგვარი დაბრკოლებების წინ.

_ ელიზა, როგორც ვიცით, მომავალი ექიმი მუსიკითაცაა დაკავებული.  რა არის შენთვის მუსიკა და ზოგადად ხელოვნება?

_  მუსიკას ძალიან დიდი და  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.  ეს სიყვარული მშობლებმა ჩამინერგეს. ოჯახის თითოეული წევრი გატაცებულია მუსიკით. დავასრულე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, თუმცა ამით ვერ დავიკმაყოფილე ჩემი სურვილები და გავაგრძელე სწავლა აკადემიური სიმღერის მიმართულებით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებლის დასრულება აბიტურიენტობის პერიოდს დაემთხვა, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი  მედიცინის სპეციალობაზე შევაჩერე. აღსანიშნავია, რომ ამით არ დასრულდა ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა, იმდენად დიდი იყო გატაცება ამ სფეროს მიმართ, გადავწყვიტე სამედიცინოს პარალელურად კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ამჟამად, ვსწავლობ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, მუსიკის ფაკულტეტზე, კერძოდ, აკადემიური სიმღერის სპეციალობაზე. ხშირად მიფიქრია, რომ არ ჩამებარებინა, რა განცდა დამეუფლებოდა... აუცილებლად ვინანებდი.  მუსიკა ჩემი ცხოვრების ფონია, რომლის გარეშეც არცერთი დღე მიილევა, არ აქვს მნიშვნელობა რითი ვარ დაკავებული, სამუშაო გარემოშიც კი მუდმივად ჩართული მაქვს. უპირატესობას კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს ვანიჭებ. ცალკე რომელიმე კომპოზიტორის გამორჩევა არ შემიძლია, ვინაიდან ყველა მათგანი ძალიან მიზიდავს.

_ დატვირთული ყოველდღიურობის ფონზე, როგორია ელიზას ერთი ჩვეულებრივი დღე?

_ მინდა აღვნიშნო, რომ  ძირითადად დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ საყვარელი ადამიანებისთვის დრო ყოველთვის გამოინახება. მოგზაურობა და ლაშქრობა ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა.   ეს ის აქტივობებია, რომელებიც მე და ჩემს დას, ემილიას ძალიან გვიყვარს და ვცდილობთ ისეთი დრო შევარჩიოთ, რომელიც ორივესთვის ხელსაყრელი იქნება. გაცვლითი პროგრამებით ვყოფილვარ საზღვარგარეთ და აჭარის ფრენბურთის ნაკრების წევრობის პერიოდშიც ხშირად ვმოგზაურობდი, თუმცა ბოლო პერიოდი საქართველოს ულამაზესი ადგილების მონახულებით ვარ გატაცებული. ვფიქრობ, საქართველოს რესურსი ამოუწურავია. თითოეული  კუთხე განსხვავებულია თავისი ტრაციდიებით, იქაური მაცხოვრებლებით,  რაც საინტერესო მოგონებებისა და შთაბეჭდილებების აღბეჭდვის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, ხშირად ვამზადებ ტკბილეულს და ვპატიჟებ მეგობრებს.

_  რომელ წიგნს და ფილმს გამოარჩევ და რატომ?

 _ წიგნების კითხვა პატარაობიდან ძალიან მიყვარს.  ძირითადად კლასიკურ ლიტერატურას ვანიჭებ უპირატესობას, დედაჩემი კითხულობს ძალიან ბევრს, სახლში დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს და ბავშვობიდან მოყოლებული დედის  რჩევებს მივყვებოდი და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ვეცნობოდი წიგნებს, თანდათანობით გადავდიოდი ახალ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული მწერლის გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა  ბოლოდროინდელი ლიტერატურიდან გამოვარჩევდი თეოდორ დრაიზერს. შემთხვევით წავაწყდი  მის რომანს – „და კერის“ და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. კარგად ასახავს სხვადასხვა სოციალური წრის რეალურ სახეს, ადამიანის ბუნებას ფსიქოლოგიურ ჭრილში _  რაოდენ დიდ ზეგავლენას ახდენს ინდივიდებზე ის, თუ რა წრეში უწევს მათ ყოფნა, როგორ იცვლება მათი ქმედებები და როგორ ერგებიან ისინი ახალ გარემოს. საერთოდ, თუ მწერალს პირველად ვეცნობი და მხიბლავს, შემდეგ მის სხვა ნაწარმოებებსაც ვკითხულობ.

 რაც შეეხება, ფილმებს, მიყვარს რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული და ფსიქოლოგიური ფილმების ყურება. გამოვარჩევდი: „ფორესტ გამპის“, „ბიოგრაფიული ფილმი სტივენ ჰოკინგზე“, „ჭკვიანი უილ ჰანტინგს“ – ყველა ზემოთ ხსენებული ფილმი გვიჩვენებს თუ რაოდენ ძლიერია ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რა ნაკლოვანებები ან პრობლემები გვაქვს, თითოეულ ადამიანშია უდიდესი პოტენციალი, შესაძლებლობა აღმოაჩინოს და განავითაროს შესაბამისი უნარი, მთავარია მას სწორი მიმართულება მივცეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მივსცეთ დაკარგვის საშუალება. ის, რაც შეუძლებლად გვეჩვენება, შესაძლებელი ხდება გარკვეული მცდელობების შემდეგ.

_ რა არის ელიზას ჰობი?

_ ფოტოგრაფია – ეს ჩემი ერთ-ერთი გატაცების საგანია. ჩვენს ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება, თუმცა ადამიანები იმდენად შეჩვეული ვართ გარემოში მიმდინარე მოვლენებს, რომ არც კი  ვაქცევთ ყურადღებას ისეთ დეტალებს, რაც სინამდვილეში საოცრების ტოლფასია და ხშირად ეს ყველაფერი ჩვენთვის შეუმჩნეველი რჩება, ზუსტად ფოტოგრაფიის საშუალებით ვცდილობ ამ მომენტების დაჭერას. ძალიან მიყვარს ცის, ღრუბლების, დაისის დაფიქსირება. საქმიანობა, რომელიც აგრეთვე მიტაცებს – ეს ხატვაა.

_ ელიზა, რას ან ვის ხატავ ძირითადად?

_ ხატვა სკოლამდელი პერიოდიდან დავიწყე, თუმცა 10-13 წლის ასაკში დავდიოდი შოთა ზამთარაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. ოჯახში დედა, მამა, და-ძმა, ბებია _ ყველა მათგანი ხატავს და ვფიქრობ, ამან განაპირობა ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ. სასწავლებელში ძირითადად გრაფიკულ ნახატებს ვქმნიდი. მახსოვს, სკოლის და უნივერსიტეტის პერიოდშიც თავისუფალ დროს სულ ჩანახატების კეთებას ვუთმობდი. ნატურმორტებს ვხატავ, თუმცა ეს ბოლო პერიოდია აბსტრაქციონიზმი მიზიდავს და ამით ვარ გატაცებული.

_ რაზე ოცნებობს ელიზა?

_ ყველაზე მთავარი თითოეული ჩვენგანისთვისაც მშვიდობის დამყარებაა მსოფლიოში. მინდა, რომ სატელევიზიო ჩართვისას არ საუბრობდნენ ომზე, უარყოფით ამბებზე. თანამედროვეობაში  ხშირად ნეგატივით სავსე ინფორმაციას ვიღებთ. მინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს მოგზაურობის შესაძლებლობა, მთელი მსოფლიოს მოვლის, ახალი კულტურების შეცნობის, ურთიერთშედარების...  ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას მხოლოდ კარგზე საუბრობდნენ, ცხოვრების დადებით ასპექტებზე და ეს ემოციები მინდა იყოს რეალური, შინაგანი, სულიერი მდგომარეობის გამომხატველი...

_ ელიზას სამომავლო გეგმები ...

_ მინდა, შესაძლებლობები მაქსიმალურად ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის გამოვიყენო. რესურსს, რაც გამაჩნია, ჩემი საყვარელი ქვეყნის აღმავლობას მოვახმარ. ...ზოგსაც საიდუმლოდ დავიტოვებ...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა