გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჭარბტენიანი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჭარბტენიანი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“ ჩატარდა. პროფესორებმა, დარგის ექსპერტებმა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა - აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კონფერენციის ჩატარება მაშინ, როცა  UNESCO-ს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოლხეთის ტყეებსა და ჭარბტენიანებს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

კონფერენციის კოორდინატორები ბსუ-ს უვადო მეცნიერი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსი,  ქალბატონი იზოლდა მაჭუტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერი რევაზ პაპუაშვილი გახლდნენ.

„კოლხეთის ტენიანი ტყეები და ჭარბტენიანები"  -  ნომინაცია ორ ჰაბიტატს ეხება: ტყე და ტორფნარი! მსგავსი ნომინაცია მსოფლიოში არ არსებობს! ასეთი ზღაპარი მხოლოდ კოლხეთშია! ტყე უძველესია ძველია, ძალიან ძველი! უნიკალური წარსული გეოლოგიიდან გამომდინარეობს. შემდეგ კლიმატის ცვლილებასთან ერთად თანდათანობით დაიწყო სფაგნუმიანი ტორფნარების ჩამოყალიბება! კოლხეთის წარსულმა გეოლოგიამ და აქ ჩამოყალიბებულმა კოლხურმა კლიმატმა განაპირობა მსოფლიო უნიკალური ტორფნარების ჩამოყალიბება. ეს მოხდა ისე, რომ ტყე არსად წასულა. ტყე და სფაგნუმიანი ტორფნარი ერთად - ესაა უნიკალური მოვლენა. კოლხეთის სფაგნუმიანი გუმბათები ახალგაზრდაა,  მაგალითად, ისპანის 2-ის ტორფნარი სულ რაღაც 1700 წლისაა, მაგრამ მსოფლიო დონის  - უნიკალური.

კოლხური ტყისა და ტორფნარის თანაარსებობა კარგად ჩანს კოლხეთის ეროვნულ პარკში, განსაკუთრებით ჭურიის უბანზე, იმნათსა და ისპანი 2-ის ტორფნარში. ასევე კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე სუბალპურ სარტყელში ტყეშივე მდებარეობს პერანგას სფაგნუმიანი ტორფნარი. სწორედ ამ უნიკალურ ფენომენს, კოლხეთის დაბლობის ტორფნარ ტყეებს ეხებოდა ბსუ-ს დოქტორანტის მერაბ ცინარიძის სადოქტორო შრომა, რომლის სამეცნიერო კვლევის შედეგები მთლიანად შევიდა სამეცნიერო დოსიეში! ისევ და ისევ ტყე და ტორფნარი ერთად - ერთიანი განსაკუთრებული ჰიდროლოგიური ქსელით. სწორედ ეს ნომინაცია გვაქვს, საოცარი მსოფლიო უნიკალური ჰაბიტატებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მსოფლიო საგანძურს, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობისა კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, საფუძვლად უდევს უძველესი მსოფლიოსათვის კარგად ცნობილი კოლხური არქეოლოგიური ძეგლები და ნამოსახლერები - დიუნური და ბრინჯაოს ხანისა!

იუნესკოს მიერ ნომინირებულ  ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის III-I ათასწლეულებით დათარიღებული, ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, ათეულობით არქეოლოგიური ძეგლია. მცირე ნაწილი შესწავლილია და მსოფლიოს სამეცნიერი წრეებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი ანაკლიის ნამოსახლარი ბორცვები, ე.წ. დიხა-გუძუბები, ერგეტის სამაროვნები და ნამოსახლარები, ონწყოშიას ტორფქვეშა ნამოსახლარი ზუგდიდის რაიონში, ანტიკური ხანის დასახლება „სიმაგრე“ სოფელ საქორქიოში, ყულევის ნაქალაქარი და სამოსახლოები ხობის რაიონში, ურეკის სამაროვანი ოზურგეთის რაიონში, ისპანის ნამოსახლარი და ფიჭვნარის სამაროვანი ქობულეთის რაიონში, ზღვისპირა დიუნური ნამოსახლარები, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონებში, პალიასტომის წყალქვეშა დასახლება და სხვა; ეს ყველაფერი ასახულია კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმაში.  მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე აღმოცენდა. UNESCO-სთვის ცნობილია ამ ფენომენის შესახებ. ახლა ჯერი არქეოლოგებზეა და გვექნება „კოლხეთი - ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის საგანძური“, რომლის მსგავსიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა“, - საუბრობს ქალბატონი იზოლდა, რომლის ინტერესის სფეროს საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია.   

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მთავარი მეცნიერი, იხტიოლოგი რეზო გორაძე, „შავი ზღვის თევზებისა და ძუძუმწოვრების კონსერვაცია“: „2018-2019 წლებში რუმინეთის სამეცნიერო გემი „მარე ნიგრუმი“-ით  შავი ზღვის ღრმაწყლიან ნაწილში საქართველოს ეკონომიკურ ზონაში ჩატარდა ერთობლივი სამეცნიერო კვლევები. ექსპედიციის პროცესში შავი ზღვის სხვადასხვა უბანში განხორციელდა წყლისა და ჰიდრობიონტების (ბენთოსი, მიკროფლორა, იხტიოფაუნა, ძუძუმწოვრები) კვლევა მცირე, საშუალო და დიდსიღრმეებზე უნიკალური კვლევის შედეგებით განისაზღვრა ზღვის სხვადასხვა პარამეტრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რომლებიც საფუძვლად დაედო შავი ზღვის კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას. ამ შედეგების მიღწევა შავი ზღვის სტრატეგიის დირექტივის ძირითად მიზანს წარმოადგენს. განხორციელებული თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შედეგად, პირველად უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში განისაზღვრა და დაფიქსირდა შავი ზღვის კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის პარამეტრები, ევროკავშირის სტანდარტების შეფასებით „კარგი“, რაც ზღვის გაჯანსაღების და სრული რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი საწინდარია“.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის განყოფილების უფროსი  მეცნიერი ირაკლი მიქელაძე, „მდინარე ჭოროხის დელტის ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური

მცენარეები“:

„ჭოროხის დელტაზე გავრცელებულ ინვაზიურ და პოტენციურად ინვაზიურ მცენარეთა კვლევის შედეგები, რომელიც შესრულებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო თემატიკა) და ევროკავშირის (პროექტის - შავი ზღვის დელტის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ინვაზიური უცხო სახეობების ქსელის განვითარება, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება),  ფონური კვლევები განხორციელდა შერჩეული სამიზნე სახეობების (ცრუაკაცია/Robinia pseudoacacia, ავშანფოთოლა ამბროზია/Ambrosia artimisiifolia, გარეული გოგრა/ Sicyos angulatus, ცენხრუსი/Cenchrus longispinus, ბრაზილიური ვერბენა/Verbena brasiliensis, კანადური სოლიდაგო-ყვავილწვრილა/Solidago canadensis, აღმოსავლური ცრუ ქორიან წვერი/Youngia japonica, ამორფა/Amorpha fruticosa, გლედიჩია/Gleditsia caspica) ჭოროხის დელტაზე არსებული მდგომარეობის დასადგენად“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი -  ნათელა ტეტემაძე, „სამხრეთ კოლხეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის საჯარო სკოლებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ცნობიერების სოციალური ანალიზი“:

„ჩვენი კვლევის ფოკუსჯგუფის ასაკობრივი დიაპაზონია 13-17 წლის მოსწავლეები, ვინაიდან მათი გარემოსდაცვითი ცნობიერება, პირდაპირკავშირშია მომდევნო 40 წლის გარემოსდაცვითი საკითხების მდგრად განვითარებასთან. ფოკუსჯგუფად ისეთი მოსწავლეები შეირჩა, რომელთა საცხოვრებელი გარემო მდინარისპირა ან ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. შევადგინეთ სპეციალური კითხვარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, გამოიკითხა 3 სკოლის 215 მოსწავლე. გამოიკვეთა საინტერესო შედეგები.

 აღმოჩნდა, რომ მდინარის პირებში ისევ არსებობს არალეგალური ნაგავსაყრელები, გამოკითხულთა 70% ისევ წვავს ხმელ მცენარეულ ნარჩენს, 95%-მა არ იცის „ორჰუსის კონვენციის“ შესახებ, რას ნიშნავს ნარჩენების შემცირების პოლიტიკა, რა არის კომპოსტი და/ან როგორ მზადდება  იგი.

მოსწავლეების ჩართულობით დავადგინეთ არალეგალური ნაგავსაყრელის მდებარეობა, დავასურათეთ.  იგეგმება მოსწავლეების მონაწილეობით ვიდეორგოლების დამზადება ნარჩენების სეპარაციის, კომპოსტის დამზადების და პოლიეთილენის მეორადი მოხმარების შესახებ და ნარჩენების შემცირების პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების მიზნით“.

სამეცნიერო კონფერენცია პროექტის „ეკოცნობიერება ჭარბტენიანი ტერიტორიების ღირსშესანიშნავი გარემოს შესანარჩუნებლად - ბიოსწავლება BSB 142“ ეგიდით ევროკავშირის ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტების საოპერაციო პროგრამის ტრანსსასაზღვრო სამეზობლო თანამშრომლობა შავი ზღვის აუზში 2014-2020 (European Union ENI Joint Operational Programme Black Sea Basin 2014-2020”) ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა