გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„საქართველოზე არაფერიც რომ არ იცოდე, რუსთაველი და ვაჟა გეტყვიან“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით  წარმოდგენილი ღონისძიება ,,რა ლამაზი ხარ, ჩემო სამშობლოვ, ჩემო საქართველო!“ _  /გაიმართა. ,,რთული ნამდვილად არა არის, აღმოაჩინო ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მთავარია, მათ მისცე მოტივაცია და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება,“ - გვითხრა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მაია კიკვაძემ. სწორედ მისი ორგანიზებით გაიმართა აღნიშნული ღონისძიება.

_ ქალბატონო მაია, რა იყო ღონისძიების მიზანი?

   _ სულ ვფიქრობდი, რომ როცა პანდემია დასრულდებოდა, ღონისძიება გამეკეთებინა რომ გაგვეახლებინა ის წლები, როცა უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება ჩქეფდა და ეს დარბაზი როგორც დღეს, ასე ყოველთვის სავსე იყო. ფაკულტეტებს შორის საინტერესო საუკეთესო პროექტებით შეჯიბრებები ხშირად იმართებოდა. ეს აუცილებელია საგანმანათლებლო სივრცეში. რასაკვირველია, მთავარი სასწავლო პროცესია,  თუმცა საჭიროა კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებებიც. ჩემი მიზანი ისიც იყო, რომ მეოთხე კურსელები აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში. პანდემიის შემდეგ მეოთხე კურსი ის თაობაა, რომელსაც ფაქტობრივად, პირველი ორი კურსის შემდგომ, არ უვლიათ უნივერსიტეტში. ისინი მხოლოდ ახლა, მაისში დაბრუნდნენ. არ მინდოდა ისინი ისე გასულიყვნენ უნივერსიტეტიდან, რომ საუნივერსიტეტო აქტივობაში არ მიეღოთ მონაწილეობა. მათი მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი იყო.  არ უნდა დავკარგოთ თაობა და არ მივჩქმალოთ მათი ნიჭი. როგორც ჩანს, პანდემიამ კიდევ უფრო დააკომპლექსა ახალგაზრდები.

       ღონისძიება სრულიად ეროვნულ მოტივებზე იყო წარმოდგენილი. სტუდენტებმა გააცოცხლეს ცნობილი ქართველი პოეტების: ანა კალანდაძის ,,მოდიოდა ნინო მთებით“, იოსებ ნონეშვილის ,,არის ასეთი ქვეყანა“ , ზურაბ გორგილაძის  ,, ჩაუმქრალი სანთლები“ („ჰოიდა ნანა“) და სხვათა  შემოქმედება. ახალგაზრდებმა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს და ქართული ანბანის თავისებური  წერის ხელოვნებაც გვიჩვენეს.

დარინა დოლიძე ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე სწავლას წელს ასრულებს. ამბობს, რომ სრულყოფილად აუდიტორიაში მხოლოდ წელიწად-ნახევარი ისწავლა. განსაკუთრებით იხსენებს 21 მარტის დილას, როცა მეორე კურსის შემდეგ, აწ უკვე მეოთხეკურსელები, ბოლო სემესტრში უნივერსიტეტში შერეული სწავლების ფორმატით დაბრუნდნენ: „პანდემია რომ მსოფლიოსთვის დიდი დანაკარგი იყო, ამაზე აღარ დავკონკრეტდები. ტრაგედია, ფაქტობრივად, ყველას შეგვეხო... გამოგვაკლდა საყვარელი ადამიანები, ადამიანებმა დაკარგეს ჯანმრთელობა, სტუდენტების ცხოვრებიდან ამოიშალა ორი წელი... ონლაინსწავლება იყო ერთადერთი გამოსავალი და ჩვენს ლექტორებსაც თავი არ დაუზოგავათ, მაგრამ აუდიტორიის ხიბლი, რა თქმა უნდა, სხვაა. ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტობა, ეროვნული ჰანგებით გაჯერება, ერთგვარი მუხტი _  ჩვენ ამ ხნის განმავლობაში არ გვიგრძნია. დიდი მადლობა ქალბატონ მაია კიკვაძეს ამ იდეისთვის, უანგაროდ ჩენს გვერდით დგომისთვის. სააქტო დარბაზი სავსე იყო იმ მაყურებლით, ჩვენი სტუდენტობით, ჩვენი მეგობრებით, რომელთაც მონატრებული ჰქონდათ ეროვნული თემატიკით გაჯერებული ღონისძიების ხილვა. პირადად მე ამონარიდი წავიკითხე მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან „ვითარცა მტკვარი“. ქართული ფილოლოგიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს უნივერსიტეტიდან წასვლა აღარ გვინდა“, _ ამბობს დარინა.  

   ოთო ბერიძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

_    ლექსის წერის, ხატვისა და სამუშაოს გარდა, ჩემთვის საუნივერსიტეტო ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, როდესაც ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობას მთავაზობენ.  ბსუ-ში ჩაბარება ჩემი გადაწყვეტილება იყო და ამ ნაბიჯით ყოველთვის ვიამაყებ. აქ ახალგაზრდებს ყოველთვის გვაქვს შანსი საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ და წინ წავწიოთ, ამიტომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ახალი სახეები გავიცანი, მეც გამიცნეს, რაც ცხოვრებისეული ენერგიით მავსებს. ამის გარეშე არაფერს აქვს აზრი.

-         ხომ არ ფიქრობთ, რომ პანდემიის შემდეგ სტუდენტების მხრიდან უფრო მეტი აქტივობაა საჭირო სხვადასხვა  ღონისძიების ორგანიზების კუთხით?

  _ პანდემიამ ძალიან იმოქმედა ყველას განწყობაზე და საკმაოდ დაგვიგდო ახალგაზრდებსაც მოტივაცია, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯერ კიდევ გვიჭირს ადრინდელი შემართებით მოქმედება. ამიტომაც, ჩემი მოწოდებაა, კიდევ უფრო გავაქტიურდეთ სტუდენტები. მეტი აქტიურობა არასოდეს არის ცუდი.

_ საინტერესოა, პოეზიით გატაცებული სტუდენტის მოსაზრება...  ეცნობით თუ არა თქვენი თაობის უცხოელი ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებას და  რა თემატიკა დომინირებს მათ ლექსებში? თქვენს და მათ ინტერესებს შორის პარალელებს ხომ ვერ გაავლებთ?

    _  ჩემი მოკრძალებული დაკვირვების შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ ქართველი თუ უცხოელი პოეტების შემოქმედებაში სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია არის დიდი სევდა და უიმედობა. არ ვიცი ეს რის ბრალია, თუმცა ფაქტია, რომ ახალგაზრდა თაობა, რომლის ხელშიც უნდა იყოს მომავალი, ვერ ხედავს ან ვერ აღწევს ბედნიერების გზას. ეს არის ის მთავარი საკითხი, რაც ძალიან მაწუხებს. ლექსებსაც პოეტებს უფრო ხშირად სევდა  აწერინებთ, ვიდრე სიხარული. უბრალოდ მინდა, რომ ეს შეიცვალოს. ახალგაზრდებმა უნდა შევძლოთ ავივსოთ სიცოცხლით!

_ ოთო, თქვენი ის ლექსი გავაცნოთ ჩვენს მკითხველს, რომელიც ღონისძიებაზე წაიკითხეთ...

                              იბადებიან

მე იქ ვწერ ლექსებს, სადაც ღმერთის განაჩენია,

სადაც ბუნება ამეტყველებს დაღლილ არიებს,

იქ, სადაც მინდვრებს სიყვარული გადაფენია,

სადაც ზეცაც კი შავ მიწაზე ამბორს აპირებს.

იქ დავიბადე, სადაც მთები ერთხმად მღერიან,

სადაც ლაჟვარდი სილამაზეს უხსნის სიყვარულს,

საქართველოში არავის რომ არ ნებდებიან,

აასმაგებენ ერთმანეთის მცირე სიხარულს.

იქ დავიბადე, სადაც ზეცა სულ სხვა ფერია,

სადაც ერთმანეთს გვირილების გზები ეტრფიან,

საქართველოზე არაფერიც რომ არ იცოდე,

რუსთაველი და ვაჟა გეტყვიან.

ჩვენთან სიყვარულს მე ვამბობ რომ მეტი ფასი აქვს,

ვისაც არ გჯერათ მოდით ყველამ გამაკრიტიკეთ.

თუკი გინდათ რომ დაინახოთ როგორ ყვარობენ,

წადით და მთებში, სიცივეში, სითბო იხილეთ.

იქ ცივ ლაჟვარდში მამაცური ალერსი მეფობს

და სითბო არის იქ მთავარი მთების საუნჯე,

დაგავიწყდება თუ რა არის ბოღმა და ღვარძლი,

თუკი ერთხელაც შენ ბუნებას დარდი გაუნდე.

იბადებიან აქ მებრძოლი უდრეკი ძმები,

ჩვენთან ვაჟკაცებს ღირსეული დედები ზრდიან

და ეს არიან საქართველოს ის "კაი ყმები",

რომლებიც შემდეგ სამშობლოსთვის იღუპებიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა