გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ინტერდისციპლინური კონფერენცია 14 ქვეყნის მონაწილეობით

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო საგანმანათლებლო ღონისძიების „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ ჩატარდა. ინტერდისციპლინურ კონფერენციაში 14 ქვეყნის 200-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობდა. კონფერენცია შერეული ფორმატით წარიმართა - სააუდიტორიო სივრცის პარალელურად, სექციები zoom-ის პლატფორმის გამოყენებითაც მუშაობდა. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზატორობით გაიმართა.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ როინ მალაყმაძეს ესაუბრება.

_ ბატონო როინ, რას გვეტყვით კონფერენციის შესახებ?

დიდიხანია გვსურდა ერთი გამორჩეული საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.  ამჯერად გამოგვივიდა მეცნიერების პოპულარიზაციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“. ღონისძიება მოიცავდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ და სამეცნიერო პავილიონების   გამოფენას. კონფერენცია დაფინანსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში. ამ ფინანსურმა  შესაძლებლობამ საშუალება მოგვცა  ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა აღნიშნული კონფერენცია. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ სხვადასხვა ინსტიტუციები: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი,  თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და სხვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამ დაწესებულებას და უშუალოდ კონფერენციის საორგანიზაციო  კომიტეტს, უნივერსიტეტის რექტორატსა და ადმინისტრაციას, სამეცნიერო კვლევების სამსახურს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლებს.

_ ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი სხვადასხვა საინტერესო აქტივობით გამოირჩევა. ეს კონფერენციაც ამ აქტივობების ფართომასშტაბიანი ნაწილია. რას გვეტყვით კონფერენციის მასშტაბებისა და გამოძახილის შესახებ?

_ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი დიდი სამეცნიერო ტრადიციების მქონე დაწესებულებაა, რომელმაც რეგიონში სათავე დაუდო ფართომაშტაბიან სამეცნიერო კვლევა-ძიების დაწყებას. არაერთი გამოწვევების მიუხედავად, იგი დღესაც წარმატებით აგრძელებს ამ საქმიანობას. კონფერენციამ კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდას როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო თვალსაზრისითაც. ამიტომაც, დასაწყისიდანვე დავისახეთ ეს მიზნად და კონფერენციის თანაორგანიზატორად მოვიწვიეთ რუმინეთის მეცნიერებათა აკადემია და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრი. ამ ფაქტმა თავისი შედეგი გამოიღო. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 14 სხვადასხვა ქვეყნის (ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი და სხვა) უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების მკვლევრებმა. ჩვენი მოწვევითა და დაფინანსებით სტუმრად იმყოფებოდნენ და თავიანთი საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ვარშავისა და ხარკოვის უნივერსიტეტებს მეცნიერებმა. მადლობა მათ ამისათვის, რომ დრო გამონახეს, არ დაიზარეს და ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმრობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

_ მეცნიერება აუდიტორიას აერთიანებს. რას გვეტყვით მოხსენებათა მრავალფეროვნების შესახებ?

_ მოხსენებათა მრავალფეროვნება მოსალოდნელიც იყო. იგი გამოწვეული იყო კონფერენციის ინტერდისციპლინური ხასიათით. მოიცავდა ფართო სპექტრს (ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ტურიზმი, ეკოლოგია, რელიგიათმცოდნეობა, ფილოსოფია, არქიტექტურა, სამართალი, პოლიტოლოგია და სხვა). კონფერენციაზე წაკითხული იქნა 200-ზე მეტი მოხსენება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ფართომაშტაბიანი ინტერდისციპლინური ხასიათის ღონისძიება, რომელსაც მასპინძლობდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი.

_ რას გვეტყვით სექციების შესახებ? როგორც ვიცით, კონფერენცია პარალელურად zoom-ითაც მიმდინარეობდაა...

_ დიახ, კონფერენცია გამოირჩეოდა იმითაც, რომ იგი შერეული ფორმატით მუშაობდა, ონლაინ და საუნივერსიტეტოს სივრცეში. სულ ორი დღის განმავლობაში იმუშავა 16-მა სექციამ ადგილზე და 12-მა ონლაინ სექციამ. აქვე მინდა აღვნიშნო მოდერატორებისა და სექციის ხელმძღვანელების პასუხისმგებლიანი მიდგომა საქმისადმი. არცერთი სექცია არ ჩავარდნილა, იყო საქმიანი, მეცნიერული და აკადემიური მსჯელობის საუკეთესო გარემო.

_ ბატონო როინ, კონფერენციის ფარგლებში სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ რას გვეტყვით?

_ კონფერენციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკულადაც. მოხდა შავიზღვისპირეთთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებით უახლოესი კვლევების საერთაშორისო არენაზე გამოტანა და ერთ თემატიკაზე მომუშავე მკვლევრების, მეცნიერების დაახლოება, გაცნობა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადებასა და განხორციელებას. 2022 წლის ბოლომდე გამოიცემა  კონფერენციის მასალები. ვფიქრობ,  5-6 ივლისი იქცევა ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძვლად, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი იქნება. სწორედ ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმისა, რომ სამომავლოდ კონფერენცია და გამოცემა შესაბამის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები დარეგისტრირდეს.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს კონფერენციის რამდენიმე მონაწილის სამეცნიერო სტატიის რეზიუმეს (მცირე მიმოხილვას) სთავაზობს.

ვიქტორ ჩიუპინა _ ფიზიკის დოქტორი,  რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის პროფესორი,  „საზღვაო დაბინძურების მართვის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“: „შავ ზღვაში ეკოლოგიურ კრიზისს, რომელიც მეტწილად გამოწვეულია ადამიანის საქმიანობის გავლენით, თან ერთვის კლიმატური ცვლილებებიც. უკანასკნელ წლებში, ეს ძირითადად გამოიხატება დრამატული ცვლილებებით რეგიონის ეკოსისტემაში და საზღვაო საარსებო რესურსების შემცირების კუთხითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ჩანს, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ჩანადენები იწვევს შედარებით ნაკლებ ქიმიურ დაბინძურებას, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ, ხმელეთიდან ზღვაში შემოტანილი ლითონისა და ორგანული ქიმიკატების დაბინძურება, რომელიც კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამასთანავე, კვლავ საფრთხეს უქმნის საზღვაო ეკოსისტემას საზღვაო მრეწველობისას ნავთობით დაბინძურება, ასევე, 50 000-ზე მეტი გემის ტრანსპორტირებაც, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ შავი ზღვის წყლებს.

აღნიშნულ მიზეზთა გამო, ბოლო წლებში ევროკავშირის კოორდინაციით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავდა არაერთი სტრატეგიული და საკანონმდებლო ინიციატივა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ მხრივ აღსანიშნავია: კონფერენცია გაძლიერებული თანამშრომლობისათვის შავი ზღვის მეთევზეობისა და აკვაკულტურის შესახებ (ბუქარესტი, 2016), ევროპის საზღვაო დღე (ბურგასი, 2018), საერთაშორისო კონფერენცია აუზებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო ნარჩენების სათანადო გადამუშავებაზე (სოფია, 2019). 2019 წელს ბუქარესტში ”მდგრადი განვითარება შავ ზღვაში”, რომელიც წარმოადგენს სამომავლო სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგის ოფიციალურ დაწყებას შავი ზღვისთვის (SRIA). ევროპული თავსებადობის ჩარჩო (EIF), და უამრავი სხვა. ამ ღონისძიებებზე დაისვა საკითხი, შავი ზღვის როგორც ამჟამინდელი მდგომარეობის, ასევე, სხვადასხვა რისკებისა და გამოწვევების თავიდან აცილების შესახებ. ამასთანავე, შემუშავდა არაერთი სამოქმედო გეგმაც, რომელთა იმპლემენტირებაც რამდენიმე ქვეყანამ უკვე მოახდინა.

ამდენად, ვფიქრობთ, რომ მიუხედავად არაერთი პრევენციული და გეგმიური ღონისძიებებისა, შავი ზღვის დაბინძურების საკითხი მაინც რჩება რეგიონში ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. ვიმედოვნებთ, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები აუცილებლად გაითვალისწინებენ შესაბამის სპეციალისტთა რეკომენდაციებს, რათა თავიდან ავიცილოთ უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფა“.

სულხან კუპრაშვილი _ ისტორიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, „ქუთაისის გუბერნიის ჩამოყალიბება და რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები დასავლეთ საქართველოში“: „რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას დაპყრობილი ქვეყნების მიმართ საერთო ნიშნები ჰქონდა და მძლავრი იმპერიის შექმნას ისახავდა მიზნად. ბუნებრივია, ასეთ პოლიტიკას ატარებდა რუსეთის იმპერია დასავლეთ საქართველოშიც. იმის გამო, რომ აღნიშნულ რეგიონს განვითარების საერთო დონის მიუხედავად, ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, სამეურნეო-ეკონომიკური და სხვა სახის თავისებურებები ჰქონდა, მათი გაუთვალისწინებლობა დამატებით სირთულეებს უქმნიდა რუსეთის ადგილობრივ მმართველობას. ცენტრალური მთავრობა იძულებული იყო, თავისი კოლონიური პოლიტიკა ცალკეული რეგიონებისათვის მოერგო და ამით უზრუნველყო მისი განუხრელი გატარება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ პოლიტიკის რეგიონული ნიშნით შესწავლა განსაკუთრებით აქტუალურია. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ღრმად ჩავწვდეთ დასავლეთ საქართველოში რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მძარცველურ, დამპყრობლურ არსს და ხასიათს.

1810 წლიდან რუსეთის იმპერიამ დაიწყო დასავლეთ საქართველოს დაპყრობა და 1846 წელს ქუთაისის გუბერნიის შექმნით ახალი ეტაპი დაიწყო საქართველოს კოლონიზაციის საქმეში, რაც ითვალისწინებდა ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, სასამართლო და საგანმანათლებლო სტრუქტურების საბოლოოდ გაუქმებას და შესაბამისი საერთოიმპერიული ინსტიტუტების დამკვიდრებას.

რუსეთის იმპერიამ საქართველოს ანექსირების შემდეგ გააუქმა ტრადიციული, ქართულ მენტალობას მორგებული სამართალწარმოების სისტემა და იგი ქართველი ადამიანისათვის გაუგებარი და უცხო სასამართლო და სასჯელაღსრულებითი სისტემით შეცვალა, რამაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ცხოვრებაში.

ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებისთანავე, ფაქტობრივად, მთლიანად დაინერგა რუსული განათლების სისტემა, რომლის მთავარი ამოცანა იყო ქართველი ხალხის რუსიფიკაცია. რუსული განათლების სისტემა იმპერიის კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი აღმოჩნდა საქართველოში.

ადგილობრივი მოსახლეობის რუსიფიკაციის ერთ-ერთ მძლავრ იარაღს წარმოადგენდა რუსეთის ხელისუფლების კოლონიური საეკლესიო პოლიტიკა დასავლეთ საქართველოში.

როგორც ცნობილია, ეს ურთიერთობა საკმაოდ დიდ პერიოდს  მოიცავს. ამიტომაც რუსული კოლონიალიზმის თავისებურებათა ცოდნა, კიდევ ერთხელ გააზრება და მისი შედეგების გაანალიზება აუცილებელ საქმედ მიგვაჩნია თანამედროვე ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ გართულებულ ურთიერთობათა ფონზე“.

ბადრი ქუთელია, სოციოლოგიის დოქტორი _ საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების საერთაშორისო ცენტრი – გორბი, „სოციალური დრო-სივრცე და პოსტმოდერნულობის სოციოლოგია“: „მინდა მადლობა მოვახსენო კონფერენციის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, ასევე, მის მონაწილეებს, რომელთა მონდომებითა და მცდელობებით კონფერენციამ შეიძინა გამორჩეული მნიშვნელობა – გამოსვლათა შინაარსების დამოუკიდებელი ხასიათისა  და მიდგომების სიახლის გამო.

კონფერენციის ერთი მიმართულება ეხებოდა სოციალურ თემებს და მათ შორის სოციოლოგიას, რომელიც, ერთი მხრივ, ცხოვრებისეული პრაქტიკების შესწავლაში ფართო გავრცელებისა და მეორე მხრივ, შესაძლოა, გამოკითხვათა ემპირიისა და დღეისათვის თითქოს უკვე დადგენილი პრიორიტეტული მიდგომების მეტობის გამო, ვერ ახერხებს დამაჯერებლად გასცეს პასუხი ტრანსფორმაციებისა და  გადასვლების პერიოდის ბევრ პრინციპულ საკითხს.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი ასეთი პრობლებაა სოციალური დრო-სივრცის ანალიზის ნაკლებობა პოსტმოდერნულობის დამკვიდრების პირობებში. საქმე ეხება უკანასკნელი 30 და მეტი წლის რეალობებს, რომლებშიც იმყოფება როგორც ქვეყნების უმრავლესობა, თუ ყველა არა; ასევე, რეგიონი რომლის ნაწილიც ვართ და საკუთრივ ქვეყანა. ვგულისხმობ, მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედის ე.წ. „ჩუმი რევოლუციის“ შედეგად დამდგარ თუ შემდგარ გლობალიზაციას, საზოგადოებებში პრიორიტეტულად მიმდინარე ინფორმატიზაციის პროცესს და ამ ორი მოვლენის შედეგად სივრცე-დროის შემჭიდროებას: თითქოს მსოფლიო „დაპატარავდა“ და დრო „შეიკუმშა“, ტექნიკურად მარტივი გახდა არა მხოლოდ პლანეტის ნებისმიერ წერტილში გადაადგილება ისე, როგორც არასდროს აქამდე, არამედ დროის „აჩქარებაც“. ორივე ეს შედეგი, რასაკვირველია, არა იმდენად ბუნებრივ-ფიკიკურ რეალობას ეხება ჩვენს ირგვლივ, რამდენადაც ჩვენს სოციალურ ყოფას. —სოციალური სივრცის დაპატარავება ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩვენგანისათვის, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელის გაწვდენის მანძილზე, ანუ ჩვენთან ერთად ერთ სასიცოცხლო არეალში აღმოჩნდნენ კულტურები, რომლებსაც, შესაძლოა, ადრე მტრულად აღვიქვამდით ან რომელთა შესახებაც საერთოდ არაფერი ვიცოდით. თუმცა ამას უკვე შევეგუეთ, ან ვცდილობთ ან ვაპირებთ შევეგუოთ, დავეთანხმოთ — არა მხოლოდ „ისინი“ აღმოჩნდნენ ჩვენს გვერდით ჩვენს სოციალურ და ფიზიკურ რეალობაში, არამედ ჩვენც, მათ გვერდით აღმოვჩნდით მათს რეალობებში.

უფრო საინტერესოა სოციალური დროის აჩქარება – შემჭიდროების პრობლემა. ჯერ აჩქარების შესახებ, თუმცა ესეც უკვე საყოველთაოდაა ცნობილი. ჩვენი 100, გინდაც 70 წლის წინანდელი თაობები, რომელთაგან ზოგმა ნაადრევად და ზოგმა ბუნებრივად დატოვა ეს სამყარო,  საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მათი წინაპრების თითქმის უცვლელ სამყაროებში. მსოფლიოს (და ჩვენი სამშობლოს) ზოგ რეგიონში სოციალური დრო უცვლელი რჩებოდა რამდენიმე და შესაძლოა, ათეული საუკუნეების განმავლობაშიც კი. ჩვენი, ჯერ ისევ მოქმედი დიდი თაობის „მცხოვრებლება“ კი, ბოლო 80 წლის მანძილზე, ხუთი ან ექვსი ეპოქა გამოვიარეთ! ამიტომ ვეღარ შევძლებთ ვიყოთ ისეთები, როგორიც იყვნენ ჩვენი 100 და მეტი წლის წინანდელი წინაპრები.

 რაც შეეხება სოციალური დროის შეკუმშვას, აქ ყველაფერი უფრო საინტერესოდ გამოიყურება. ზუსტად ისე, როგორ დაპატარავებულ სოციალურ სივრცის ერთ წერტილში რეალურად მოიყარა თავი სრულიად განსხვავებულმა კულტურებმა, ასევე, სრულიად განსხვავებული 50, 100 და იქნებ 500 წლის წინანდელმა დროით-ისტორიულმა ეპოქებმაც თავი ერთად მოიყარეს დღევანდელი, პოსტმოდერნულობის სოციალური დროის ერთ წერტილში. შეიძლება სოციალურ სივრცეში მეზობლობას უფრო იოლად ვეგუებით, თუმცა, აშკარაა, რომ გვიჭირს ჩვენივე კულტურების სხვა დროების, ეპოქების კულტურულ წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრება. ამას რაღაც დრო აუცილებლად სჭირდება.

შესაბამისად, სივრცის დაპატარავებისა და დროის შეკუმშვის კიდევ ერთი თავისებურება, პოსტმოდერნულობის პრაქტიკული, ე.წ. საჯარო სოციოლოგიის პირობებში, არის ის, რომ გვერდი-გვერდ არსებობს სულ ცოტა სამი დრო – წარსული, ანუ უკვე განვლილი; აწმყო, ანუ ახლანდელი, რომელიც ფიზიკურად არსებობს, და არა მეხსიებების ან მხოლოდ წარმოსახვის სახით; და მყოობადი, ანუ მომავალი, ანუ ის, რაც უნდა მოვიდეს და ჯერ მხოლოდ ფანტაზიის სახით თუ უნდა არსებობდეს, თითქოს. მაგრამ ეს ასე არ არის. არ არის იმიტომ, რომ პოსტმოდერნულობის სოციალურ დროში სხვადასხვა ზომა-წონით, მაგრამ შესაძლოა უფლებრივად თანაბრად არის წარმოდგენილი არა მხოლოდ წარსული, ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების დრო, არამედ მო-მავალიც, რომელიც ჩვენდაუნებურად უკვე ჩვენს პოსტმოდერნულ ქუჩებში გვხვდება.

მეორე პროცესი, რომელიც პოსტმოდერნულობის რეალობას ახლავს, არის ცხოვრების ინფორმატიზაცია. ორი სიტყვით, ეს ნიშნავს, რომ არ იმდენად მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ რას ვაკეთებთ, ან, გინდაც იმას, თუ როგორ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, არამედ უფრო ქმედითი აღმოჩნდა ის, თუ როგორ წარმოვაჩენთ იმას, რასაც როგორღაც თითქოსდა ვაკეთებთ. არადა, თუ ჯერ ჩვენთან არა, სადღაც მართლაც ძალიან ბევრი რამ და სწრაფადაც კეთდება. აი, ის არის ის მომავალი, რომელსაც ზოგჯერ ჩვენს ქუჩებში ვხედავთ ხოლმე. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ XX-ის ბოლოს და XXI საუკუნეშიც, ჩვენთანაც არც თუ მცირე რეალური მიღწევები გვქონდა,  — ზოგი კარგი, ზოგიც ძალიან ცუდი, რითაც რამდენჯერმე კინაღამ ბოლომდე გადავხაზეთ გაკეთებული ხელმოსაჭიდი კარგი საქმე. ესეც რო-სივრცის არაერთგვაროვნების ბრალია –, ცვლილებების პერიოდებში.  ინფორმატიზაცია ფართო ხასიათის მოვლენაა, რომელიც „საქმის კეთებას“ ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა, გაკეთებულის გვერდით, პოსტმოდერნულობის სოციოლოგიური პრაქტიკის დროს, იმ სამომავლოდ გასაკეთებელს შეიძლება მეტი მნიშვნელობაც კი ეძლეოდეს, რომელიც ჩვენდა დაუკითხავად, ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, იმდენად, რამდენადაც უკვე ჩვენს ქუჩებშია. ინფორმატიზაციის პერიოდს რამდენიმე ქვე პერიოდი გააჩნია.

გლობალიზაციისა და ინფორმატიზაციის პარალელურად უკვე ფორმირებულია და ახალი სახე აქვს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. რასაკვირველია, ისინი ადრეც არსებობდა, როგორც ოჯახური, მეგობრული და სხვა ურთიერთობები, მაგრამ როცა დღეს ვამბობთ სოციალური კომუნიკაცია, ურთიერთობა, მედია, ვგულისხმობთ სულ სხვა რამეს და არა საუკუნეების განმავლობაში არსებული ურთიერთობებისა და კავშირის ფორმებს, როგორებიც იყო ოჯახი. სამეზობლო, სანაცნობი, კინემატოგრაფი, ხელოვნება, ეკლესია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რაც ადრე ჩვენს გარშემო იყო ასე ვთქვათ, სოციალურ-ფიზიკური სახით, დღეს კინაღამ უკვე მთლიანად ვირტუალიზებული და გადანაცვლებულია მონიტორს-მიღმურ სივრცეში. ამგვარ საზოგადოებას მედივირებულ საზოგადოებას უწოდებენ, —არა საძმაკაცო ან კულტურული ინტერესის მქონე ადამიანთა ერთობები, არამედ „ფეისბუკ ფრენდები“ და ინტერესთა სხვადასხვაგვარი ვირტუალიზებული „სოციალური“ ჯგუფები. სადაც „სოციალური“ ნიშნავს არა საზოგადოებრივს, არამედ ინტერნეტის ვებ-აბალაბუდაში გადატანილ მედია-კომუნიკაციას. ასე ხდება და ეს შესაძლობა, მეტ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს, ან პოსტ-ადამს.

ვფიქრობ, რომ ამ ყველა უკვე დამდგარ ცვლილებას არასაკმარისად ითვალისწინებს ზოგადად საზოგადოებრივი მეცნიერებები, გნებათ, ჰუმანიტარულიც, და მათ შორის სოციოლოგიაც. მათ მიზნები და ფუნქციები შეეცვალათ. თუ 50 და იქნებ 100 წლის წინათაც სურდათ შეეცნოთ ადამიანური სამყარო, ახლა საკითხს სხვაგვარად აყენებენ, —თუ როგორ შეცვალონ სამყარო. ზოგი ამას ისევ ადამიანის სასიკეთოდ ცდილობს, მეტ-ნაკლები წარმატებით. ზოგი კი მხოლოდ თავისი სარგებლისათვის. ეს წინააღმდეგობა გადაუძლეველია, როგორც ჩანს“.

ვახტანგ მაისაია _ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, „შავი ზღვის უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა 21-ე საუკუნეში: თეორიიდან პრაქტიკამდე - „ახალი ცივი ომის“ სცენარი“: „შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო პრიორიტეტული ხდება საერთაშორისო დღის წესრიგში. ფაქტობრივად, ჩნდება რეგიონული მიდგომა, რადგან აქტორებს ესმით, რომ საერთო პრობლემები ერთობლივად უნდა მოგვარდეს. მიუხედავად ამისა, თანამშრომლობის მცდელობებს აფერხებს მრავალი ფაქტორი, როგორიცაა არათანაბარი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ქვეყნებში და მათ შორის, ნაციონალისტური ძალები და რეგიონულ აქტორებს შორის ხანგრძლივი მტრობა. ამ კონტექსტში აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა შეზღუდოს და საბოლოოდ მოაგვაროს კონფლიქტები მშვიდობიანი საშუალებებით. თუმცა, მცირეა პოლიტიკაზე ორიენტირებული კვლევა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. ამ ნაშრომის მიზანია შეაფასოს ტერორიზმის გავლენა და მისი საფრთხე შავი ზღვის რეგიონზე. გარდა ამისა, შედეგი და დასკვნები ეფუძნება თეორიულ კვლევებსა და ვარაუდებს და შავი ზღვის რეგიონის „ქეისის კვლევის“ ანალიზის შედეგებს. საქმის შესწავლა იკვლევს, თუ როგორ მოქმედებს შავი ზღვის რეგიონი ტერორიზმის გავრცელებაზე და რა საფრთხეებს უქმნის იგი ამ რეგიონს. გარდა ამისა, გაანალიზებულია ის ასპექტები, თუ რა ხდის რეგიონს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანს და განიხილება უსაფრთხოების არსებული და პოტენციური საკითხები, ასევე გაანალიზებულია რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ევროკავშირისა და ნატოსთვის თუნდაც აკადემიური ჩარჩოდან - „სეკურიტიზაციის“ თეორიიდან[1]. თეორია ეფუძნება უსაფრთხოების კვლევების კონცეპტუალურ ფონს და ფონური სპექტრი მოიცავს: კოპენჰაგენის სკოლას და უსაფრთხოების კრიტიკულ კვლევებს, როგორც ტიპს. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება და გეოპოლიტიკა უნდა განიხილებოდეს და შესწავლილი იქნას რამდენიმე მოდალობით სეკურიტიზაციის თეორიის ეგიდით, როგორიცაა სამხედრო და ეკონომიკური სექტორები[2]. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონს უწევს კონვენციური და არატრადიციული სახის მრავალი საფრთხე. უსაფრთხოების ეს რთული და რბილი პრობლემები რეგიონს არასტაბილურ, დაუცველს და არასტაბილურს ხდის. სწორედ ამიტომ, რეგიონი ძალზე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მთავრობათაშორისი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეწევიან სამხედრო უსაფრთხოებას (ნატოს საქმე) და ადგილობრივ აქტორებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების შემთხვევაში“.

ელზა ფუტკარაძე _ ფილოლოგიის დოქტორი, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, „კონსტანტინე ოდიაშარიას არტაანში მოგზაურობის დღიურების ისტორია“:   „ჩვენი მოხსენება  კონსტანტინე ოდიშარიას არტაანში მოგზაურობის დღიურების  მნიშვნელობას ეხებოდა. მოხსენება ერთობლივი იყო(რ. მალაყმაძე, შ. ფუტკარაძე). მოხსენება სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული მასალების საფუძველზე გაკეთდა. კერძოდ, ჩვენს ხელთაა მისი ხელნაწერი დღიურები.  ის კორესპოდენციებს ბეჭდავდა გაზეთ „საქართველოში“, 1917 წელს. თუმცა ცენზურა, როგორც კ. ოდიშარია დღიურების შესავალ ნაწილში მიანიშნებს, უმოკლებდა, ზოგჯერ კიდეც უმახინჯებდა. შესაბამისად, მისი დღიურების მნიშვნელობა ფასეულია  და  მნიშვნელოვან საისტორიო წყაროს წარმოადგენს. ერთგან წერდა კიდეც: „ხელთ იქონიონ ჩემი ისტორიული მასალები, არა გაზეთში დაბეჭდილები, არამედ დედანი“. თავად კონსტანტინე ოდიშარია ქართული საქველმოქმედო საზოგადოების  რწმუნებული იყო არტაანის მხარეში. მან აქ 1913-1918 წლებში იმოგზაურა.  მოგზაურობის დღიურები სხვადასხვა კუთხითა თუ მიმართებითაა საინტერესო. დღიურებს აწერია: რვეული პირველი, არტაანის მხარე (ისტორიულ-გეოგრაფიული და სტატისტიკური მასალები).  დღიურებში მოცემულია დეტალური გეოგრაფიული აღწერა  სოფლებისა, სტატისტიკური მონაცემები მცხოვრებთა შესახებ, კონკრეტულად აღწერს ტაძრებს, სოფლის ყოფას,  საცხოვრებელ გარემოს, გვირაბებს, ციხეებს, გვაწვდის არაერთ თქმულება-გადმოცემას, იძლევა ტოპონიმთა შესახებ ცნობებსა  და ახსნას. საინტერესოდ იკითხება ტოპონიმებთან დაკავშირებული თქმულება-გადმოცემები.  სახასიათოა თამარ მეფესთან დაკავშირებული  თქმულებები.  იბრაჰიმ-ბეგ  სულხან-მოურავისაგან ისმენს მზე-ქალას ამბავს, რომელიც   „ვეფხისტყაოსნის“ ხალხურ  თქმულებას წარმოადგენს და იქვე შენიშნავს, ეს თქმულება არტაანის მხარეში ძალიან გავრცელებულიაო.

კონსტანტინე ოდიშარიამ 331 სოფლის აღწერა მოგვცა. რამდენად ღირებულია, რომ მან ენათმეცნიერებას, ქართულ ონომასტიკას შემოუნახა 331 სოფლის სახელი, ძირითადად, ქართულია სახელები. თურქული სიტყვაძირებით შექმნილი გეოგრაფიული სახელები ძალიან მცირეა. ჩანაწერები ონომასტიკის კუთხითაც საინტერესოა. იქაურებს ჯერ კიდევ ახსოვთ ძველი  გვარები, თუმცა ადამიანთა  საკუთარი სახელები ძირითადად ოსმალურია.

როგორც აღვნიშნე, მოგზაურობის დღიურები არაერთი დარგისათვის ანგარიშგასაწევ მასალას წარმოადგენს. ერთ საკითხზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. მან სოფელ ორყიზში (ორი ასული), ოთარ-ბეგ შარვაშიძესთან  ნახა  პერგამენტზე შესრულებული, სპარსული ტიპის სურათებით შემკული „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ხელნაწერი. მასზე აწერია ქორონიკონი 1436 წელი.  რამდენად ფასეულია „ვეფხისტყაოსნის“  ხელნაწერის დამოწმებული თარიღი, კომენტარი ზედმეტია.

კონსტანტინე ოდიშარია  დღიურის შესავალ ნაწილში წერდა: „მე  აქ მოვინახულე ჩვენი წარსულის დიადი, ჭაღარა ძეგლები, რღვეული ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, ნაქალაქევები, გავიცანი იქაური  გადმოცემები, ლეგენდები. თითოეული მათგანი წარმტაცი მარგალიტია ჩვენი წარსულის საგანძურიდან, თითოეული ოქროპირი მჭევრმეტყველია ჩვენი რაობისა და ჩვენი კულტურის სიდიადისა... ეს ნაშთები წარსულის მატიანის ფურცლებია, რომლებიც მოითხოვენ შესწავლას, გადმოღებას, აღდგენას, მოვლასა და პარტონობას“. დიახ, დღიურის მასალები „ოქროპირი მჭევრმეტყველია“ და თავად ავტორის შრომა  კი განუზომლად  დიდი“.

ოლეგ ჯიბაშვილი, ირაკლი ბარამიძე, ხათუნა დიასამიძე _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტი, „დიდი ბრიტანეთის ვიცე-კონსულის ფრედერიკო გუარაჩინოს ცნობები ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ ბათუმში (1840-1845)“: „ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მყო­ფი ბათუმის, როგორც საპორტო და სავაჭრო-სატრანზიტო ქალაქის მნიშვნე­ლობა იზრდება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, რაც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შედეგებთან (ოსმალეთმა დაკარ­გა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ცი­ხეები: ანაპა, სუჯუკ-კალე (ნოვოროსიისკი) და ფოთი), მეორე მხრივ კი ანატოლიაში რუსეთის გავლენის ზრდასთან. ამას მოჰყვა ჯერ ტრაპიზონში (1831 წელს), შემდეგ კი ბათუმში (1840 წელს) დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა. აღნიშნული ღონისძიებები, გე­ო­პოლიტიკურ მიზნებთან ერთად, ითვალის­წი­ნებ­­და ბრიტანეთის ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვი­თარე­ბას.

ბრიტანეთის პირველი ვიცე-კონსული ბათუმში გახლდათ ფრედერიკო გუარაჩინო, რომელმაც საინტე­რესო ცნობები დაგვიტოვა 1840-1845 წლების ბათუმის შესახებ. საზოგადოდ, ინგლისის ვიცე-კონსულები თავიანთი სამანდატო ტე­რიტორიის შესახებ, პერიოდულად, ანგარიშებს გზავ­ნიდნენ სტამ­ბოლში თავიანთი სახელმწიფოს ელჩთან, რაც ნაკ­ლე­ბადაა ცნობილი ქართული ისტორიოგრაფიისათვის, არადა ისი­ნი საკმაოდ მდიდარ მასალებს შეიცავენ თანადროული პე­რიოდის ბათუმისა და მისი შემოგარენის ისტორიისათვის. გამონაკლისს არც გუარაჩინო წარმოადგენდა.

ფრედერიკო გუარაჩინოს წარმოდგენილი ცნობები ნათ­ლად გვიჩვენებს ზოგად ვითარებას ოსმალეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ბათუმში და ქალაქის სავაჭრო-ეკონომიკურ თუ სანაოსნო შესაძლებლობებს 1840-1845 წლებში. აღნიშნულ პერიოდში ვაჭრობა და ტვირთბრუნვა ბათუმში არ ყოფილა დიდი მასშტაბების, თუმცა, დიპლომატის დაკვირვებით, ორთქმავალი გემების მი­მოსვლის დაწყება, აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ფაქტორი (საფრანგეთის დაინტერესება რეგიონში მეაბრეშუმეობის განვითარებითა და აქედან მერქნის გატანით, რუსეთის სატრანზიტო ვაჭრობაში ბათუმის აქტიურად ჩართვის პესპექტივები), ქალაქს სამომავლოდ შესძენდა მეტ მნიშვნელობას და ხელს შეუწყობდა მის შემდგომ განვითარებას“.

სულხან მამულაძე, ისტორიის დოქტორი, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, „აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული ციხე-სიმაგრეების მომარაგების საკითხები“:

„ნაშრომში განხილულია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული რომაული პერიოდის ციხე-სიმაგრეები (ჰისოსი; ზანაიერი; ათინა; სათალა; მელიტენე; აფსაროსი; ფაზისი; სებასტოპოლისი), მათი ფუნქციონირების ქრონოლოგიური ჩარჩოები, ასევე ამ კასტელუმთა დანიშნულება და როლი  რეგიონსა და, ზოგადად, რომის იმპერიაში. ამასთანავე, ნაშრომში ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ და ეპიგრაფიკულ მასალებზე დაყრდნობით აღწერილია კონკრეტული გარნიზონები და დამხმარე კოჰორტები, რომლებიც იდგა ზემოთმოხსენებულ რომაული პერიოდის ციხე-სიმაგრეებში (XII Fulminata; XVI Flavia Firma; XV Apollionaris; Cohors II Claudiana; Cohors Aurelia).

ნაშრომში ასევე საუბარია იმის შესახებ, თუ, ზოგადად როგორი გახლდათ მომარაგებისა და ლოჯისტიკის სპეციფიკა რომის იმპერიაში და უშუალოდ შავი ზღვის რეგიონში. ისტორიულ წყაროებსა და ეპიგრაფიკულ მასალებზე დაყრდნობით კი მოხდა როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო მომარაგების სისტემათა და მარშრუტების რეკონსტრუქცია.

საგზაო-საკომუნიკაციო ნაგებობათა ქსელს უდიდესი სავაჭრო-ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. რომის იმპერიის ერთ-ერთი უპირატესობაც, სწორედ გამართული და სათანადოდ დაგეგმარებული ინფრასტრუქტურა გახლდათ. საზღვაო გზები ძირითადად სანაპირო ზოლს მიუყვებოდა. ხმელთაშუაზღვისპირეთიდან  შავი ზღვის ცენტრებისკენ მომავალი ტვირთები ცხადია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლით მიემართებოდა კონკრეტული ნავსადგურებისკენ. ოლბიის, ხერსონესის, ან პანტიკაპეონის შემთხვევაში, საზღვაო მარშრუტი უშუალოდ პირდაპირი გზით მიემართებოდა პუნქტებისაკენ. სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირა ცენტრებისკენ კი, სანაპირო გზის გავლით. რომის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გავლენის გაფართოების პარალელურად დაწინაურდა სხვადასხვა საწარმოო ცენტრები, რომლებიც ხშირად „ოპერატიულ ცენტრებადაც“ მოიხსენიება. თავდაპირველად, ჰერაკლეა და სინოპე ითავსებდა ამ როლს, თუმცა, მოგვიანებით, ტრაპიზონი ჩამოყალიბდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცენტრად. სწორედ ტრაპიზონი ტვირთულობდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რომაული ციხე-სიმაგრეების (ათენა, რიზე, ზანაიერი, აფსაროსი, ფაზისი, პიტიუნტი, სათალა, მელიტენე, სამოსატა და სხვა მცირე ზომის ციხე-სიმაგრეები) მომარაგების უზრუნველყოფის საკითხს. ტრაპიზონიდან აღმოსავლეთით მიემართებოდა როგორც საზღვაო (ძირითადად სანაპიროს სიახლოვეს), ისე სახმელეთო გზები (ასევე სანაპიროს სიახლოვეს და სამხრეთით).

რომის იმპერიის ადრეულ ეტაპზე, ძირითადად ჩვ. წ. I საუკუნის მეორე ნახევარში შავიზღვისპირა სიმაგრეებში მდგომი გარნიზონების მომარაგება ხდებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საწარმოო ცენტრებიდან, რასაც არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებს. მოგვიანებით, ჩვ. წ. II საუკუნიდან, მას შემდეგ რაც, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პროვინციებში იმპერიის საზღვრები განმტკიცდა, ამ დროიდან უკვე დაწინაურდა სამხრეთ შავიზღვისპირეთში არსებული საწარმოო ცენტრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქი სინოპე და ტრაპიზონი, რასაც მათი სტრატეგიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. გარდა მომარაგების საზღვაო ხაზისა, ძალიან დიდ როლს ასრულებდა სახმელეთო გზებიც, რომლებიც როგორც შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ისე, უშუალოდ პროვინციის აღმოსავლეთ საზღვრებში განლაგებული ციხე-სიმაგრეებისკენ (სათალა, მელიტენე, აფსაროსი, სებასტოპოლისი) მიემართებოდა, და პირიქით“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა