გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტური კონფერენციის პირველი ადგილის მფლობელები

სურათი

,,სამეცნიერო კვლევა ყველაზე საინტერესო პროცესია“

შალვა შალიკაძე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ,,სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია-2022“-ის გამარჯვებულია. მან   თემისთვის  ,,შავი ზღვის უსაფრთხოების ზოგიერთი ვექტორი თანამედროვე ეტაპზე“ პირველი ადგილი აიღო.   შალვა ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია.

- შალვა, როდის დაინტერესდით  პოლიტიკის მეცნიერების კვლევით?

- არ ვიცი პოლიტიკის საკითხების კვლევით როდის მოვიწამლე, მაგრამ სამეცნიერო კვლევა ყველაზე საინტერესო პროცესია. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მიყვარს როდესაც მისმენენ.  მაინტერესებს ანტიკური ხანის კულტურა, ძველი რომი, საბერძნეთის აღორძინების ხანის სკულპტურები და საიდუმლოებები. ცხოვრების ამ ეტაპზე გატაცებული ვარ საკუთარი თავის ძიებით და გამოხატვით. სამომავლოდ  დავინტერესდები აკადემიური საქმიანობითაც. უძრაობა  როგორც ილია იტყოდა ჩემთვის სასჯელია, მირჩევნია მივდგე, მოვდგე და ვცოცხლობდე. ვარ აქტიური და მხიარული.  უნდა აღვნიშნო, რომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე რაღაც თავისით არ მიმიღია, არც სკოლაში და არც ახლა,   ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და უფრო გამაძლიერა. საბოლოო ჯამში  ალბათ კარგი ადამიანი ვარ, ხმამაღალი ნათქვამია,  მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ვიყო.  სამყაროს სხვაგვარად ვუყურებ, მინდა დედამიწიდან გავიდე და გარედან დავაკვირდე.   თუ მაქვს მიზანი და მიყვარს, მაშინ   მთელი გულით ვაკეთებ  საქმეს. მომწონს რომ იგი ფასდება. 

- გვესაუბრეთ თქვენს  სტუდენტურ მიღწევებზე...

- მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობა,  პანდემია და ონლაინ სწავლება ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო მაინც შევძელი მეაქტიურა. არაერთგზის „ ჟან მონეს საზაფხულო სკოლის“  კურსდამთავრებული ვარ. კონფერენციაზე წარვადგინე თემა: ევროკავშირი -  კონფლიქტების პრევენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში. ასევე გამოვაქვეყნე სტატია „ ევროკავშირის გაწევრიანების პროცედურა და საქართველოს პერსპექტივები“ - ყველა ის გარემოება აღვნიშნე, რაც ევროკავშირმა მოგვცა რეკომენდაციის სახით.  მოვიგეთ სტუდენტური პროექტი  და ახლა ვცდილობთ, რომ მას ორგანიზაციის სახე მივცეთ - „ახალგაზრდები საქართველოსთვის“.  ბოლო პერიოდში გვქონდა  დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები.  ყოფილ ელჩებთან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებამ კი  სიმბოლურად დააგვირგვინა და შეაჯამა ჩემი სტუდენტური მოღვაწეობის ეს სემესტრი. მიუხედევად იმასა, რომ მეორე კურსზე ვარ, მაინც ბევრი რამ ვისწავლე გეოპოლიტიკის მიმართულებით. ჩემი თემის ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი გორგილაძე იყო. მადლობა მას თანადგომისთვის.

ნაშრომში წარმოდგენილია  შავ ზღვაში არსებული პრობლემური საკითხები. ვიკვლევთ ინტეგრაციას, უსაფრთხოების პოლიტიკას და განვმარტავთ  პოლიტიკურ იდეოლოგიას,  სტრუქტურულ რეალიზმს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შავი ზღვისპირა ქვეყნის განსხვავებულობას, იმას რომ დასავლეთიდან დემოკრატია, ჩრდილოეთიდან რუსული მილიტარიზმი, აღმოსავლეთიდან ჩინური ეკონომიკა და სამხრეთიდან აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის პოლიტიკური არასტაბილურობა შემოდინება რეგიონში.  შესაბამისად შავი ზღვა უნიკალური გეოპოლიტიკური მოვლენაა, სადაც სამყარო ხვდება ერთმანეთს.  მათი ინტერესთა კონფლიქტი კი ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკა დღემდე შეუმუშავებელი რჩება.  მნიშვნელოვანი იყო ნატო- ევროკავშირის პოზიციები, ასევე თურქეთის განსხვავებული თამაშის წესი და რუსული მზარდი მილიტარიზმის პრობლემა.   რა თქმა უნდა კვლევისთვის აუცილებელია წინარე ცოდნა საკითხთან დაკავშირებით და ინტერესი -  ამ ორი კომპონენტის გარეშე არაფერი გამოვა.  ვფიქრობ, რომ  იმ სამყაროში რომელშიც ჩვენ ვართ და  შესაძლებლობები რაც ჩვენ გვაქვს ან რომელსაც თავად უნივერისტეტი გვაძლევს სამეცნიერო კვლევითი პროცესი მეტად გამარტივებულია.  წიგნი, ინტერნეტი, კომპიუტერი, თემის ხელმძღვანელის გვერდში დგომა ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონკრეტული საკითხის კვლევაში. სირთულე ხშირად ინტელექტუალური ქურდობა - პლაგიატია, რომლის ცდუნება აბსოლუტურად ყველამ უნდა დაძლიოს.

ზუსტი დაკვირვებით და გააზრებით წერა,  გათენებული ღამეების და დიდი ნერვიულობის შედეგად შევძელი  და გავიმარჯვე.  თითოეულმა სტუდენტმა უნდა ჩადოს საკუთარ ნაშრომში მთელი სიყვარული და ინტერესი რომელსაც თავისი თემის მიმართ გრძნობს, ასევე ის „ნიშა“  რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასითებელი და სხვებისგან გამოარჩევს... ყურადღება მიაქციოს სამეცნიერო წერის სტანდარტებს და  ვურჩევდი ხშირად იკითხონ უცხოური გამოცემები და გამოიყენონ საკითხის კვლევისას. კვლევის პროცესი მათ უფრო დაახლოებს ლექტორებთან თუ მკვლევრებთან ურთიერთობაში, რაც კვლევის ყველაზე საინტერესო ნაწილია.  კონკურენცია დიდია,  მაგრამ თუ იქნებიან ბოლომდე კონცენტრირებული მიაღწევენ მიზანს. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ უნივერსიტეტისგან ყველანაირ ხელშეწყობას მიიღებენ.

- კარიერასთან დაკავშირებული თქვენი სამომავლო გეგმები...

- ვაპირებს უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე სწავლა საზღვარგარეთ, დიდი ალბათობით ევროპაში გავაგრძელო. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ლექტორიც გავხდე. თუმცა ყველაზე მეტად მსურს საკუთარ ქვეყანას წარმოვადგენდე საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად დიპლომატია ჩემთვის პირველი პრიორიტეტული ინტერესია რისკენაც ამჟამად ჩემს „გემს აქვს გეზი აღებული და იმედია საბოლოო გაჩერებაც დიპლომატია იქნება. არ ვაპირებ სამეცნიერო კვლევას მოვშორდე, პირიქით უახლოს მომავალში მინდა ეს გამარჯვება კვლავ გავიმეორო, ხოლო წლების შემდეგ ჩემი გამოცდილება გავუზიარო მათ ვისაც ყველაზე მეტად დასჭირდება.

საკვანძო სიტყვა ალბათ რასაც სტუდენტებს და სამყაროს ვეტყოდი იქნება, რომ ღმერთს მისცენ პირველობა, მიყვნენ თავიანთ გულს და გონებას. თავად ზუსტად იციან ვინ არიან და რა სურთ მომავალში.

აღნიშნულ კონფერენციაში საუკეთესო ერთობლივი ნაშრომისთვის პირველი ადგილები აიღეს ანა ვარდმანიძემ და თამრიკო ზოიძემ. ახალბედა მკვლევარები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები არიან.

- როგორია ანას სტუდენტური ცხოვრება დღეს?

- ჩემი სტუდენტური ცხოვრება, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანატოლისა, საკმაოდ რთულ ვითარებაში დაიწყო. ალბათ, მარტივი მისახვედრია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი პანდემიაა, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ 2 წლის წინ შეიქმნა, ჩემი სტუდენტობა მხოლოდ ონლაინ სწავლებით შემოიფარგლებოდა და არ მქონია საშუალება, რომ სხვადასხვა სახის აქტივობასა თუ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა. რეალურად, აქტიური სტუდენტური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ ვცდილობ მაქსიმალურად ჩავერთო ისეთ საუნივერსიტეტო აქტივობებში, რომლებიც პირველ რიგში განვითარებისა და საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენის შესაძლებლობას მომცემს. ამ ეტაპისათვის კი შემიძლია ვთქვა, რომ 2 წლიანი სტუდენტობის პერიოდში ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა და პირველი ადგილის მოპოვებაა.

გარდა ამისა, აუცილებლად მინდა გამოვყო „ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსი 2022“, რომლის ფარგლებშიც მე და ჩემმა თანაკურსელმა, რომელიც ასევე იყო ჩემი მეწყვილე სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, შევიმუშავეთ პროექტი „ფოტო-ვიდეო ხელოვანთა კლუბი“. პროექტი გამარჯვებულად დასახელდა და ამჟამად ხორციელდება უნივერსიტეტში.

- ანა, რა საკონფერენციო თემა წარადგინეთ   თქვენს მეწყვილესთან ერთად?

- მას შემდეგ, რაც მე და თამარმა გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება სტუდენტურ კონფერენციაში, მიზნად დავისახეთ ისეთ საკითხზე მუშაობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იქნებოდა აქტუალური და საზოგადოებისათვის საინტერესო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გვემუშავა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა „ელექტრონული არჩევნების გამოწვევები საქართველოში“ და  რომლის ირგვლივაც საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, განსაკუთრებით 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდგომ, რომელიც მოგეხსენებათ ელექტრონული არჩევნების საპილოტე პროგრამით ჩატარდა. საკითხზე მუშაობის დროს ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა არა მხოლოდ ელექტრონული არჩევნების პოზიტიური მხარეები, არამედ ის პოტენციური გამოწვევებიც, რომლთა წინაშეც შეიძლება არჩევნების ეს ფორმა აღმოჩნდეს საქართველოში. კვლევის სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებისა და კომპეტენტური პირებისგან რელევანტური ინფორმაციის მიღების ფონზე ვფიქრობ, რომ ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიეთ და ნაშრომში ყველა ის საკითხი ავსახეთ, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებდა.

- რა ძალისხმევას მოითხოვს სამეცნიერო კვლევებში ჩართვა?

- ვფიქრობ, რომ სამეცნიერო კვლევით პროცესში ჩართვისას სტუდენტისათვის მთავარ სირთულეს მხოლოდ დროის ფაქტორი შეიძლება წარმოადგენდეს, ვინაიდან სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის, მოგეხსენებათ, რომ დიდი შრომაა საჭირო.  სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინოს, მიმაჩნია, რომ მეორეხარისხოვანია.  თანამედროვე რეალობაში, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო გარემოში ყველა ის პირობა და რესურსია შექმნილი, რომელიც სურვილის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს სხვადასხვა მრავლისმომცველ საკითხზე მუშაობისა და მეტის შემეცნების საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი საბოლოოდ მაინც სტუდენტის სურვილსა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.

იმ ღირებულებებიდან გამომდინარე, რომლებიც ამ კონფერენციაში მონაწილეობამ მომცა,  ყველას,  ვისაც ექნება შანსი სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისა, ვურჩევ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, ვინაიდან სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ ლექცია-სემინარებით არ შემოიფარგლება და სტუდენტის განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა სწორედ აღნიშნული სახის აქტივობებში მონაწილეობას აქვს.

ამჟამად ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება და ამ ყველაფრის პარალელურად სტუდენტურ აქტივობებში მაქსიმალური მონაწილეობაა.  ვგეგმავ, რომ სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო, რათა საკუთარ თავს უფრო მეტად განვითარების საშუალება მივცე. რაც შეეხება კარიერას, ამ ეტაპისათვის კარიერული მოღვაწეობის სფერო არჩეული არ მაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ აღნიშნული ჩემს სამომავლო განვითარებაზეა დამოკიდებული- ამბობს ანა.

თემა - ,,ელექტრონული არჩევნების გამოწვევები საქართველოში“ ანა ვარდმანიძემ და თამრიკო ზოიძემ ერთობლივად დაამუშავეს.

- თამრიკო,  როგორია თქვენი სტუდენტური ცხოვრება?

- სტუდენტი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში გავხდი. Covid-19-ის გამო ჩემი სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ ონლაინ ლექციებითა და სემინარებით შემოიფარგლებოდა და შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვისაც არ მიმიღწევია. ერთი სემესტრია, რაც საუნივერსიტეტო გარემოში ვვითარდები და სწორედ მაშინ გავიგე პირველად სტუდენტური კონფერენციის შესახებ. ამ მოკლეხნიანი სტუდენტური ცხოვრების განმავლობაში ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა აღნიშნულ კონფერენციაში პირველი ადგილის მოპოვებაა.     როგორც ანამ აღნიშნა,  ერთად შევიმუშავეთ პროექტი „ფოტო-ვიდეო ხელოვანთა კლუბი.“     სხვა ღირებული რაც გამიკეთებია, ალბათ, სალექციო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტი  „სამოქალაქო წიგნაკია,“ რომელიც სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA) სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის 14 საუკეთესო ნამუშევრებს შორის შეარჩია.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ წარდგენილი თემის წარმატებაზე დიდ გავლენას ახდენს მისი აქტუალობა. ასე მოხდა ჩვენს მიერ არჩეული და გამარჯვებული თემის შემთხვევაშიც. ნაშრომში პოლიტიკური  არჩევნების ფორმა სიღრმისეულად შევისწავლეთ. ყურადღება გავამახვილეთ  პოტენციურ გამოწვევებზე და  გავაანალიზეთ  შუალედური არჩევნების ელექტრონული მეთოდები.  

პირველი ადგილის დაკავება, კონფერენციაში ჩართვა და მასზე მუშაობა  დიდ ძალისხმევას, დროის და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. შესაბამისად, ვთვლი, რომ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილე თითოეული სტუდენტი საკმაოდ დავიხარჯეთ ჩვენი თემების ჯერ შესწავლაში, შემდგომ კი დამუშავებაში. უბრალოდ, საბოლოოდ მაინც სადაც მთავარი ხაზი გადის დადგენილი სტანდარტებია, რომელზეც სტუდენტმა ჯერ კიდევ თემის შერჩევისას უნდა იფიქროს. დამსახურებული ადგილისათვის ასევე აუცილებელია შერჩეული საკითხის ექსპერტებთან განხილვა, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.

იმ სტუდენტებს, ვისაც ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა კონფერენციაში, ვურჩევდი, რომ აუცილებლად ცადონ ეს. მონაწილეობის მიღებისას მთავარი ორიენტირი  საპრიზო ადგილის დაკავება კი არა, არამედ თვითგანვითარება, გამოცდილების დაგროვება, შესაბამისი უნარების განვითარება, აკადემიური წერის პრაქტიკული გამოცდილება და სხვა უამრავი რამ არის.

ამ ეტაპისათვის ორიენტირებული ვარ უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებაზე. ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩაბარებას. ზუსტი სფერო ჯერ არჩეული არ მაქვს, თუმცა ჩემი სპეციალობა ამ მხრივ  უამრავ შესაძლებლობას მთავაზობს და სადაც საკუთარ ადგილს ვიპოვი იქ მაქსიმალურად ვეცდები, რომ საუკეთესო შედეგიც დავდო - ამბობს თამრიკო ზოიძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია -2022“ ჩატარდა. 7 ფაკულტეტზე, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით, 20 პირველი ადგილის ნომინანტი სტუდენტი გამოვლინდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს სერთიფიკატები უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა, რექტორის მოადგილეებმა - თამარ სირაძემ და ანზორ ბერიძემ გადასცეს. კონფერენციას ორგანიზება  ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სამეცნიერო საზოგადოების, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურმა გაუწია.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა