გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ინტერვიუ ბსუ-ს რექტორთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოთხოვნის თვალსაზრისით, ლიდერის პოზიციას კვლავაც ინარჩუნებს. მაღალი კონკურენციის პირობებში დაკომპლექტებულ ჯგუფებს უკვე ერთადერთი მიზანი უნდა ჰქონდეთ _ მიიღონ უმაღლესი განათლება, რასაც უნივერსიტეტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს ესაუბრება.

_ ბატონო მერაბ,  როგორ შეაფასებთ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებსა და ფაკულტეტების დაკომპლექტებას?

_ ფაქტობრივად, 2019 წლის შემდეგ, წელს დავიწყეთ სასწავლო პროცესი საუნივერსიტეტო სივრცეში. მოგეხსენებათ, მიმდინარე სასწავლო წლიდან, სწავლების არც ერთ ეტაპსა თუ საფეხურზე, დისტანციური ფორმატი აღარ გვაქვს. ჩემივე სტუდენტურ წლებსაც თუ გავიხსენებთ, სასწავლო წლის დაწყება გარკვეულ ემოციებს  უკავშირდება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კურსზე სწავლობ... ეს არის ახალი ეტაპი, განახლებული ენერგიით... შესაბამისად,  თითოეულ სტუდენტს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და განსაკუთრებულ წარმატებებს ვუსურვებ.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სტუდენტის სტატუსი მიენიჭა 1380 პირველკურსელს. ფაქტობრივად, ბოლო ათი წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, წელს უპერეცენდენტო შემთხვევა გვქონდა. კონტინგენტი 99%-ით შეივსო. მისაღებ სტუდენტთა ოდენობა, სულ 1400-ს შეადენდა. მოგეხსენებათ, წელს აბიტურიენტებს შორის საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 45 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან სტუდენტის სტატუსი 32 000-მა მოიპოვა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადებულ 1400 ადგილზე, 24 000-მდე აბიტურიენტს ჰქონდა მითითებული. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ჩვენთან პირველი კურსები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში დაკომპლექტდა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენი უნივერისტეტი მოთხოვნადობის თვალსაზრისით, ისევ  მესამე ადგილზეა. პირველკურსელები საკმაოდ დიდი შრომისა და გარჯის შედეგად გახდნენ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

_ ბატონო მერაბ, სტუდენტების მხრიდან ფინანსური რეგისტრაციის გავლა სასწავლო პროცესის დაწყების წინ, ფაქტობრივად, ყოველ წელიწადს აქტუალური საკითხია. რა ხდება ამ მხრივ წელს?

_ მოგეხსენებათ, აკადემიურ რეგისტრაციას წინ უსწრებს ფინანსური რეგისტრაცია. სამწუხაროდ, 60-მა პირველკურსელმა ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა, მაგრამ ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა და ჩვენ მათ მივეცით რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა. მათთვის სპეციალური, ინდივიდუალური გრაფიკი შევიმუშავეთ. ბარიერი, რომ სტუდენტი ეკონომიური ფაქტორის გამო სასწავლებლის მიღმა დარჩენილიყო, ფაქტობრივად, მოვხსენით. ეს, რა თქმა უნდა, უფროსკურსელებსაც ეხებათ.

წელს უპრეცენდენტო შემთხვევაა ისიც, რომ 156%-ით გაიზარდა გრანტოსანი სტუდენტების რაოდენობა. 460 სტუდენტი ჩაირიცხა იმ ათ პროგრამაზე, რომელთაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას სტუდენტებისთვის. ეს რა თქმა უნდა, ამსუბუქებს მათ ფინანსურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ამ მხრივ რამდენიმე პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტშიც და ამავდროულად, მათ ვთავაზობთ საფასურის გადახდის ეფექტურ საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაწილ-ნაწილ გადახდა შეუძლიათ. მოგეხსენათ, სასწავლო წელი 10-თვიანია და ამ დროში მათ გადასახადის 6 ეტაპად დაფარვა შეუძლიათ. პრობლემის შემთხვევაში, თითოეული სტუდენტის საქმეს განვიხილავთ და ფაქტობრივად, მათ ინდივიდუალურ გრაფიკს ვთავაზობთ. რა თქმა უნდა, პრობლემა დგას დღის წესრიგში, მაგრამ სტუდენტს, რომელსაც სურს, რომ იყოს სასწავლო პროცესში ჩართული, მაქსიმალურად ვცდილობთ, ფინანსური ბარიერი არ შეექმნას.

მათ ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ ისწავლონ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, აკრედიტირებული პროგრამების ბაზაზე დაეუფლონ ცოდნას უახლეს ლაბორატორიებში, კეთილმოწყობილ და ინფრასტრუქტურით განახლებულ აუდიტორიებში.

_ ბატონო მერაბ, გავიხსენოთ პანდემიის პერიოდიც. რამდენად შევძელით, გვეპასუხება გამოწვევებისთვის...

_ როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი უნივერსიტეტისთვისაც პანდემიის პერიოდი საკმაოდ რთული იყო. ფაქტობრივად, სამი წლის მანძილზე  სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა და ეს იყო ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.  რა თქმა უნდა, ამ დროს იმ მიზანს ვერ მივაღწევდით, რაც უნივერსიტეტს ჰქონდა  დასახული. პანდემიამ შექმნა პრობლემები როგორც სწავლების, ასევე სწავლასთან და კვლევებთან მიმართებაში. ერთი სემესტრი ალბათ, მაინც  დაგვჭირდება, რომ წინაპანდემიურ მდგომარეობას დავუბრუნდეთ. ბევრი რამ სტუდენტების გარკვეული ნაწილისთვისაც უცხოა და ადაპტირება სჭირდებათ. ვიმედოვნებ, რომ პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ძალისხმევით, პრობლემები დროულად აღმოიფხვრება. იმისთვის, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ სასწავლო პროცესს, ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

_ იქედან გამომდინარე, რომ წელს უპრეცედენტო ნაკადი მივიღეთ, რამდენად არის მზად ჩვენი საერთო საცხოვრებელი სტუდენტების დასაბინავებლად?

_ 2017 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული  დაფინანსებით, უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტებით სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაკეთდა, რომელიც 180 სტუდენტზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ჩვენთან ყველა სტუდენტის განაცხადი დაკმაყოფილებულია და საცხოვრებლის პრობლემა მათთვის არ დგას.  სტუდენტები ძალიან კარგ გარემოსა  და ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ.

_ ბსუ-ს თითქმის ყველა ფაკულტეტის დეკანი აღნიშნავს, რომ დამსაქმებლებთან  მემორანდუმები აქვთ გაფორმებული და კადრებს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ამზადებენ. დასაქმების მხრივ, როგორია კურსდამთავრებულთა სტატისტიკა?

_ გასული წლების მონაცემებით, ბსუ-ს კურსდამთავრებულთა 70% დასაქმებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  კურსდამთავრებულთა დაახლოებით 60% თავისი სპეციალობის მიხედვით მუშაობს.  მიმაჩნია, რომ ეს უნივერსიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა. ჩვენი მოვალეობაა, სტუდენტს მივცეთ ისეთი განათლება, რომ მას დასაქმება არ გაუჭირდეს. აქვე გეტყვით, რომ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური პორტალი,  სადაც დამსაქმებლის ყველა ვაკანსია თუ შემოთავაზება არის განთავსებული.

_ წელს რომელი საბაკალავრო პროგრამა აღმოჩნდა ყველაზე კონკურენტუნარიანი?

_ მოგეხსენებათ, დროსთან ერთად სპეციალობების პრიორიტეტულობაც იცვლება. თუ გასულ წლებს გადავხედავთ, სხვაობას დავინახავთ. აი, მაგალითად,  მოთხოვნილება იყო ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სამართალმცოდნეობაზე, ტურიზმზე და ა.შ.  წელს მოთხოვნის თვალსაზრისით, ბსუ-ში პირველ ადგილზე ფსიქოლოგიაა, ხუთეულში მოხვდა ისტორიისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამა. სპეციალობის არჩევასთან მიმართებაში, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები, ძვრები ხდება.  იქედან გამომდინარე, რომ სახელფასო პოლიტიკა შეცვლილია სკოლასთან მიმართებაში, პედაგოგიურ მიმართულებებზე მატულობს მოთხოვნა. გასული წლებისგან განსხვავებით, უკვე ამ პროგრამებზე ჯგუფები საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში კომპლექტდება. 

_ ბატონო მერაბ, რას გვეტყვით უნივერსიტეტის  გამოწვევების, სამომავლო გეგმების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ?

_ რაც შეეხება სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით უნივერსიტეტის მიზნებს,  მათი  შესრულება გარკვეულწილად პანდემიამ შეაფერხა და ბუნებრივია, ეს მოსალოდნელიც იყო.  ბევრი რამ გადაფასდა, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური  და სამეცნიერო პერსონალი, მთელი გუნდი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენ მივყვეთ სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს და მაქსიმალურად შევასრულოთ იგი. უმთავრესი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენ წინაშეა _ ეს გახლავთ სამედიცინო მიმართულება. ვახორციელებთ პროექტს, რომლისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის პირველი ნახევრისთვის სამედიცინო ფაკულტეტისთვის გვექნება ცალკე,  თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული შენობა. მოგეხსენებათ, რომ ეს ის სფეროა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის და ეს პანდემიამ კიდევ უფრო კარგად დაგვანახვა.  ჩვენი მისიაა, რომ მედიცინის მიმართულებით მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები. ამისთვის მხოლოდ ადამიანური რესურსი არ კმარა, ამიტომ  შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო და სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროქტის განხორციელება. ახლა აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიენიჭოს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი და ეს იყოს უნივერსიტეტისთვის კლინიკური ბაზა.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის ერთ-ერთ გამოწვევად ისევ ინტერნაციონალიზაციის პროცესი რჩება. მართალია, ჩვენთან მოქმედებს ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამა,  სადაც 600-მდე უცხოელი ღებულობს განათლებას, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ აქცენტები სხვა პროგრამებზეც გავაკეთოთ. ამ მხრივ, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან მუშაობა უკვე დაწყებულია ინჟინერიის, ტურიზმის და ჰუმანიტარული მიმართულებებით. ვფიქრობთ, რომ ერთი წლის შემდეგ, ერთობლივ ინტეგრირებულ პროგრამებს აკრედიტაციის საბჭოს წარვუდგენთ და მჯერა, რომ ამ გამოწვევასაც წარმატებით გავართმევთ თავს. შევძლებთ საერთაშორისო დონის  ერთობლივი დიპლომის გაცემას.

ჩვენი უნივერსიტეტი მიილტვის განათლების ევროპული სტანდარტისკენ. ვალდებულებები, რომელებიც ავიღეთ ევროკავშირთან და ბოლონიის პროცესთან მიმართებაში, ვცდილობთ დავძლიოთ. საერთაშორისო პროექტში ჩართვის თვალსაზრისით, ბსუ ნამდვილად არის მოწინავეთა რიგებში. გაცვლითი პროგრამებით ასობით სტუდენტის წასვლა ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტში, არ არის მცირე სტატისტიკური მონაცემი. ისინი ეუფლებიან უცხოურ ცოდნას და გამოცდილებას თანატოლებს უზიარებენ.

_ ბატონო მერაბ, ახლახან ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდით...

_ დიახ, გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვიმყოფებოდით. ჩემთან ერთად იყვნენ ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კორძაია და სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მერაბ დიასამიძე.  

ვიზიტის მიზანი იყო ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის პირობების გაცნობა, არსებულ და პერსპექტიულ პარტნიორებთან შეხვედრები, მომავალი ურთიერთობების გაღრმავება, აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში საწარმოო პრაქტიკის განხორციელებისთვის ახალი პარტნიორების მოძიება.

შეხვედრა გაიმართა მეკლენბურგ-შვერინის თავისუფალი მიწის სახელმწიფო პარლამენტში და სავაჭრო სამრეწველო პალატაში.

სამომავლოდ, ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მსგავსად, დაგეგმილია, აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში საწარმოო პრაქტიკების ორგანიზება.

_ და ბოლოს, რექტორის რჩევა მომავალ თაობას...

_ ზრდასრული ადამიანს, რომელიც უმაღლესში აბარებს, უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ მისი უპირველესი ვალდებულება, სწავლაა. გარდა სააუდიტორიო მეცადინეობებისა, მათ ძალიან ბევრი დამოუკიდებელი სამუშაო აქვთ. სტუდენტმა ორჯერ მეტი უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად, რომ შედეგს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობიდან არც ისე დიდი დროა გასული,  გეტყვით, რომ ჩვენი სტუდენტური ცხოვრება განსხვავებული გახლდათ.  ჩვენს დროს ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იყო და დამოკიდებული ვიყავით პროფესორ-მასწავლებლებსა და წიგნზე. დღეს, ინფორმირებულობის თვალსაზრისით, სტუდენტებს გლობალიზაციის პროცესში უფრო მეტი საშუალება აქვთ. ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე რომ ვთქვათ, მათთვის ყველა ინტერნეტსერვისი და საგანმანათლებლო წყარო მარტივადაა ხელმისაწვდომი.  დღეს სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები და ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მათ ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს ვუსურვებ. ყოფილიყვნენ 21-ე საუკუნის რჩეული თაობა...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა