გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ბსუ ჩემი პირველი ალმა მატერია“- სენთ ქლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი, შორენა დოლაბერიძე

სურათი

ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი, მათემატიკისა და ინგლისური ენის მოსამზადებელ ცენტრ "კუმონი"-ს დირექტორი, სენთ ქალუდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირებისა და ლიდერობის დოქტორი, შორენა დოლაბერიძე ოჯახთან ერთად მინესოტას შტატში ცხოვრობს და გამოცდილებას ამერიკიდან გვიზიარებს.  ბსუ-ს კურსდამთავრებული ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად პიროვნული ურთიერთობები ენატრება. გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ წარმატებულ კურსდამთავრებულთან ვრცელ ინტერვიუს  გთავაზობთ.

_ქალბატონო შორენა, წარმატებული ადამიანის ცხოვრება ბევრისთვის საინტერესოა, გვიამბე,  რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ იმისთვის, რომ  უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში ყოფილიყავით რეალიზებული პიროვნება?

_ მინდა გითხრათ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემი პირველი ალმა მატერია, სადაც სტუდენტობის პირველი ნაბიჯები 2001-2007 წლებში გადავდგი. ბსუ-ში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ინგლისურ ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დავამთავრე.  ბათუმის უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტობის წლები დაუვიწყარი და უძვირფასესია. აქ შევიძინე უამრავი მეგობარი, ცოდნა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევები. უნივერსიტეტს გაძლიერებას და საერთაშორისო სტანდარტებთან  კიდევ უფრო მიახლოებას ვუსურვებ.

რაც შეეხება ჩემ უცხოურ განათლებას, განათლების მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს მივიღე. დიდი შრომის ფასად, ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი გავხდი.  მასკის სტიპენდიანტობა ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან ყველაზე დიდ კონკურსში გავიმარჯვე და სრული დაფინანსებით ამერიკაში სასწავლებლად ჩამოვედი.

2021 წლის ივნისში, სენთ ქლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მინესოტა, აშშ) მომენიჭა განათლების ადმინისტრირებისა და ლიდერობის დოქტორის ხარისხი. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ,,სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის  ფარგლებში დაფინანსება მოვიპოვე და აჭარის სამინისტრომ სენთ ქლაუდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხი სემესტრი ფინანსური მხარდაჭერა გამიწია. ერთი სემესტრის ღირებულება 12500 ლარს შეადგენდა. ხოლო,  ჩემი სადისერტაციო თემა ამერიკაში დამწყები მასწავლებლის ინდუქციას და  პედაგოგიურ აქტივობებს   ეხებოდა. როდესაც  2003  წელს საქართველოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუშაობა დავიწყე, როგორც დამწყები პედაგოგის გაძლიერებისთვის არანაირი პროფესიული მხარდაჭერა არ შემოუთავაზებიათ და ეს პრობლემური საკითხი გახდა ინსპირაცია ჩემი დისერტაციის. პარალელურად, დავინტერესდი თუ რა ხდებოდა ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა. ამერიკაში განათლების სისტემა პრიორიტეტულია და სწავლების მეთოდები განსაკუთრებული. აქ დამწყებ მასწავლებელს დიდი მხარდაჭერა აქვს. სკოლა მას არაერთ პროფესიულ აქტივობას სთავაზობს და დიდ რესურსს ხარჯავს  იმისთვის, რომ დამწყებ პედაგოგს უნარ-ჩვევები პროფესიონალურ დონეზე გამოუმუშაოს.

 ამჟამად, ოჯახთან ერთად  მინესოტას შტატში ვცხოვრობ. ვმუშაობ მათემატიკისა და ინგლისური ენის მოსამზადებელ ცენტრ ,,კუმონი’’-ს დირექტორად. ,,კუმონი“ საერთაშორისო ბრენდია და  მსოფლიოში მისი სახელობის 25 000-მდე ცენტრია გახსნილი. ამერიკაში კუმონი ძალიან წარმატებული სასწავლო მეთოდია და ცენტრში ძალიან ბევრი მოსწავლე სწავლობს.

_ რა არის საუკეთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყნების წარმატების საიდუმლო?

_ ამ ქვეყანაში წარმატების ბევრი საიდუმლოა. მაგრამ, პირველი და მთავარი კვლევაზე და დაკვირვება/ანალიზზე დაფუძნებული სწავლებაა. ასევე, წარმატების საიდუმლოა თანამედროვე უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდები და კურიკულუმები. ამერიკაში, სკოლის მაღალ საფეხურზე სწავლა შვიდ ან რვა საათზე იწყება. მთელი დღე, მასწავლებლებიც  და მოსწავლეებიც ბეჯითად მუშაობენ და ვფიქრობ, რომ ესეც წარმატების საწინდარია.

_ როგორია ამერიკელი დამსაქმებლის მოთხოვნები?

_ ამერიკაში დასაქმების ბაზარი ძალიან დიდია. თუმცა,  ჩემ სფეროში უცხოელების დასაქმება მაინც უჭირთ.  აქ კონკურენცია დიდია და უპირატესობას ადგილობრივ კადრებს ანიჭებენ. ამერიკელ დამსაქმებლებს უცხოელების მიმართ ნაკლები ნდობა აქვთ.  იმ სფეროში სადაც კადრების ნაკლებობაა,  უპირატესობას გამოცდილ კადრებს ანიჭებენ.  რაც შეეხება ამერიკაში კარიერის დაგეგმვას,  ყველაფერი ერთად და კომპლექსურად არის გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია პროფესიული თუ პირადი კავშირები (networking), განათლება და სამუშაო გამოცდილება, სარეკომენდაციო წერილები, პირები და მრავალი ინტერვიუები.  ფაქტობრივად, ამერიკაში სამსახურის ძებნა დაახლოებით 24 საათიანი სამუშაოა. პირადად მე, ძალიან დიდი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემ შესაძლებლობებში დამერწმუნებინა დამსაქმებელი.

_ თქვენი ერთი დღე ამერიკაში...

_ ჩემი ამერიკული ცხოვრების  ტემპი ძალიან განსხვავებულია.  აქ ჩქარი და დინამიური ყოველდღიურობაა. სულ მეჩქარება... ტიპური დღე აქ ნაკლებად არის. მაგრამ, თუ ტიპურს ვუწოდებთ, მაშინ დღის პირველი ნახევარია. ამ დროს სამსახურში მშობლებთან, ბიზნეს პარტნიორებთან, ცენტრთან დაკავშირებულ პირებთან შეხვედრებით ვარ დაკავებული. ასევე, ხშირად მაქვს წერილობითი კომუნიკაცია და  ვგეგმავ საგაკვეთილო პროცესს. ხოლო, დღის მეორე ნახევარში  გაკვეთილები იწყება და როგორც დირექტორი, ჩემი ცენტრში ყოფნა აუცილებელია.  დიდ დროს ვუთმობ პროფესიულ განვითარებას,  ტრენინგებს და ვორქშოფებს ხშირად ვესწრები.

  ამერიკული შაბათი-კვირა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რადგან სხვა დღეებში ყველა ძალიან დაკავებულები ვართ. ხშირად პიკნიკზე, აკვარიუმში და  მუზეუმში  დავდივართ. ტბაზე კაიაკინგითაც ვერთობით და ქართველი ემიგრანტები ბუნებაში  მწვადების შეწვას ვახერხებთ...

_  საქართველოში რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

_  ყველაზე მეტად  ადამიანური ურთიერთობები, სითბო და ყურადღება მენატრება. ქართველები თითქოს ერთმანეთის ფსიქოლოგებიც ვართ, იმდენ რამეს ერთმანეთს ვუზიარებთ და ყველა ერთმანეთთან ახლოს ვართ. ამერიკაში ურთიერთობები ასეთი მჭიდრო და მრავლისმომცველი არ არის. თუმცა,  ამერიკელებისგან მომწონს ერთმანეთის მიმართ პირადული სივრცის პატივისცემა...

 ამ ეტაპზე ,,კუმონის“ კორპორაციასთან ხუთ წლიანი ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, ამიტომ მოცემულ პერიოდში საქართველოში ვერ დავბრუნდები. გეტყვით, რომ სამომავლოდ ჩემი მიზნები მაინც საქართველოს უკავშირდება...

_ და ბოლოს, ახალგაზრდებს რას ეტყოდით  ამერიკიდან?

_ არასდროს  თქვან  უარი დიდ ოცნებებზე და მზად იყვნენ იმისთვის, რომ ძალიან დიდი შრომა დასჭირდებათ წარმატების მისაღწევად. მახსოვს, უკრაინელმა სტუდენტმა ამაზონის და გუგლის კომპანიებში ვაკანსიებზე განაცხადები შეიტანა და მისი გამოცდილებები გამიზიარა. მაშინ გავაანალიზე და მივხდი, თუ როგორი პატარაა ქართველი ახალგაზრდების ოცნებები. ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ შემეძლო  გიგანტ კომპანიებში განაცხადის შეტანა. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა, ივანმა ეს შეძლო.  ივანის მსგავსად,  უამრავი უცხოელი სტუდენტი იყო ჩემ ირგვლივ, რომლებიც თავიანთ საოცნებო საქმიანობაზე ჩვეულებრივ მესაუბრებოდნენ.  ჩემი სტუდენტობის დროს კი,  კარიერული ოცნებები და მიზნები ყოველთვის ლოკალურ დონეზე იყო. მართალია,  სიტუაცია ბევრად შეცვლილია და მრავალი ქართველი სტუდენტისთვის საზღვრები და შესაძლებლობები გაფართოვდა, რაც მისასალმებელია. მაგრამ, მაინც ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ახალგაზრდისგან მომესმინა, რომ მათ მარტო მასწავლებლობა არ სურთ და მათ სურთ, რომ იყვნენ პედაგოგიკის ახალი მეთოდების ფუძემდებლებიც, მათ სურთ ნასაში მუშაობა და დედამიწის გადარჩენა, მათ უნდათ, რომ გახდნენ ოქსფორდში და კემბრიჯში ფაკულტეტის დეკანები  და ა.შ,  ვურჩევდი,  რომ ოცნებების, დიდი მიზნების და ამბიციების არ შეეშინდეთ, არც ბავშვებს და არც მშობლებს და  ამისთვის ყველაფერი გააკეთონ...

 რთულია, ბევრი რამის თქმა მინდა... მაგრამ, ალბათ მაინც იმას ვიტყოდი, რომ მონდომება და შრომა ყველაფრის საწინდარია. სხვა შემთხვევაში ძალიან იღბლიანი უნდა იყო, რომ წარმატებას სამართლიანად მიაღწიო. ბათუმიდან ამერიკამდე  განვლილ გზას ყოველთვის სიამაყით და სიყვარულით ვიხსენებ და ჩემი მაგალითი ბევრი ადამიანისთვის ინსპირაცია გამხდარა. ისე გეცხოვროთ, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ შეგეცვალოთ...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა