გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

იუბილარ შუშანა ფუტკარაძის სამეცნიერო ქრონიკა

სურათი

ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს,  ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს 80 წელი შეუსრულდა. მან პირველმა მოახერხა, ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართული სოფლების მონახულება. იგი ეფერებოდა ობლად დარჩენილ ქართულ მიწას, ქართულ სიტყვას და იქაური ძირძველი ქართველებისაგან იწერდა ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული ღირებულების მქონე ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.  „ოპიზარებისა და ოშკელების შთამომავალთა ბაგეებზე აყვავებულ ქართულ სიტყვებს ვკრეფდი,  სიტყვის კონად ვკრავდი, საქართველოში ჩამოსატანად ვამზადებდი, რომ დედასამშობლოში, დედაენის საგანძურში შენახულიყო სამუდამოდ“, _ გვეუბნება ქალბატონი შუშანა.

გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს იუბილართან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს. რესპონდენტი საგულდაგულოდ, დიდი სიყვარულით იხსენებს განვლილ წლებს და მიმდინარე საქმიანობასაც გვიმხელს. ქალბატონი შუშანა ფუტკარაძე პირველი მეცნიერი მანდილოსანია ზემო აჭარიდან.

_ ქალბატონო შუშანა, გთხოვთ გაიხსენოთ როდიდან დაინტერესდით სამეცნიერო საქმიანობით?

_ კვლევითი საქმიანობისადმი ინტერესი მოსწავლეობის პერიოდიდან გამიჩნდა. ჩემი ისტორიის მასწავლებლები – ნოდარ კოხრეიძე, არჩილ ბეჟანიძე _ თავიანთი შემოქმედებითი ხასიათის გაკვეთილებით ჩვენში, მოსწავლეებში, აღვივებდნენ წარსულისადმი ინტერესს, აჭარის ისტორიული ეპიზოდების სიყვარულს. ისინი გვავალებდნენ დავკვირვებოდით ჩვენს ოჯახებში დაცულ ტრადიციებს, წეს–ჩვეულებებს. დავალებებს წერილობით ვაწოდებდით მათ და ისტორიის წრეზე ვმსჯელობდით.  ამ პერიოდში უკვე შესწავლილი გვქონდა ჩვენი სოფლების წარსული, ვიცოდით: სად იყო შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლების ნაშთები, მოძიებული გვყავდა ზეპირსიტყვიერი ნიმუშების მცოდნენი, ენაწყლიანი მთხრობელები. თბილისში არსებული მოსწავლეთა სასახლე ყოველწლიურად აწყობდა სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებს. სკოლებში იგზავნებოდა შეტყობინება.

მეათე კლასში ვსწავლობდი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გვყავდა ძალიან საყვარელი ქალბატონი – დინა თათარიშვილი, სენაკის რაიონის სოფელ გეზათიდან. იგი სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული პიროვნება იყო. მისი ყოველი გაკვეთილი მოსწავლეთა გულებში სამშობლოს სიყვარულს ბარტყავდა და აფრთიანებდა. მან გაგვაცნო მოსწავლეთა სასახლიდან გამოგზავნილი შეტყობინება და მე შემაგულიანა, რომ ჩემი სოფლის ფოლკლორი წარმომეჩინა. მართლაც, მოკლე დროში ჩემი სოფლის ხანდაზმული ადამიანებისაგან ბევრი საინტერესო ზღაპარი, ლეგენდა, გამოცანა, ანდაზა, ისტორიული მონათხრობი ჩავიწერე და საკონკურსოდ თბილისში გამგზავნა სკოლამ. მალე მივიღეთ შეტყობინება, რომ აჭარიდან მარტო მე ვიყავი გამარჯვებული. მაშინდელი განათლების მინისტრისგან, ცნობილი მეცნიერისგან, გიორგი ჯიბლაძისაგან შუახევის რაიკომის მდივანმა სოლომონ მაკარაძემ მიიღო დეპეშა, რომელიც ავალდებულებდა ჩემს გამოცხადებას თბილისის მოსწავლეთა სასახლეში. 1959 წლის მარტის ბოლო იყო. ჩემს სოფელში თოვლი იდო. ფეხით ჩამოვედი რაიონულ ცენტრში მამასთან ერთად და გავემგზავრე ავტობუსით ბათუმისაკენ, იმავე საღამოს კი მატარებლით თბილისს მივაშურეთ. მე და მამამ 25 მარტის დილას თბილისს პირველად შევავლეთ თვალი. დაგვაბინავეს მოსწავლეთა სასახლეში სახელდახელოდ მოწყობილ სასტუმროში, რომელიც განკუთვნილი იყო რაიონებიდან მიწვეული ბავშვებისათვის. მაშინ გავიცანი ინგილოელი გოგონა ტარტარაშვილი (სახელი აღარ მახსოვს). გული მეტკინა იმაზე, რომ საინგილო – ძველი ჰერეთი, აზერბაიჯანის საზღვრებში იყო მოქცეული. სასახლეშიც სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მასწავლებელი ფაცია პაიჭაძე დამხვდა. მას მოსწონებოდა ჩემი მოხსენება და გამესაუბრა კიდეც. სექციური სხდომების შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა ოპერისა და ბალეტის თეატრში. სიტყვა იქაც მომცეს მაღალმთიანი აჭარიდან ჩასულს. პრეზიდიუმში ვიჯექი აკაკი შანიძისა და ვარლამ თოფურიას გვერდით. ცხადია, მაშინ არ ვიცოდი ყველაფერი ამ დიდი მეცნიერების ღვაწლის შესახებ. მათ გამომკითხეს ბევრი რამ: როგორ ვცხოვრობდით, ჩადრს კიდევ ხომ არ ატარებდნენ ქალები, გაკვეთილების მომზადებას როგორ ვასწრებდი, დღეში 8 კილომეტრს რომ გავდიოდი სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე. ჩემი გამოსვლა ძალიან მოეწონათ ამ დიდებულ ადამიანებს და პარტერში რომ ჩავედით, ჩემი თავი გააცნეს ცნობილ მეცნიერებს: არნოლდ ჩიქობავასა და სოლომონ ხუციშვილს. მამაჩემს პირობა ჩამოართვეს, რომ სასწავლებლად უნივერსიტეტში გამგზავნიდა, მაგრამ სამწუხაროდ, მან პირობა დაარღვია და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ძლივს გამომგზავნა სასწავლებლად. მახსოვს, ერთ დღეს, სექციური სხდომის შემდეგ, ფაცია მასწავლებელმა ბავშვები წაგვიყვანა მთაწმინდაზე. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მთლად დამჭკნარი სამგლოვიარო გვირგვინები ქართველი ხალხის საყვარელი შვილების: შალვა დადიანისა და გალაკტიონ ტაბიძის საფლავებზე. ვიხსენებდი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს „შემოღამება მთაწმინდაზე“: „ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი“... მიხაროდა, რომ აქაურობა აღარ იყო უდაბური, დაუსახლებელი, რომ აქ სამუდამო განსასვენებელი ჰქონდათ დავანებული ჩვენს დიდ წინაპრებს – ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოლოზ ბარათაშვილს... ფაცია მასწავლებელმა მათ საფლავებზე თითო ლექსი გვათქმევინა. ამასობაში ბინდიც შემოგვეპარა და ჩვენი ექსკურსია პოეზიის საღამოდ იქცა... მოკლედ, ჩემი სამეცნიერო საქმიანობის ნათლობაც მაშინ შედგა, 1959 წლის მარტში, მოსწავლეთა სასახლეში.

1959 წლის აგვისტოში მისაღები გამოცდები ჩავაბარე ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობაზე. საკმაოდ დიდი კონკურსი იყო. 20 ადგილზე 400 აბიტურიენტი იბრძოდა. ოთხი გამოცდა იყო ჩასაბარებელი. ოთხივე გამოცდაში უმაღლესი ქულები დავაგროვე და ჩავირიცხე. ლექციებს დიდი ინტერესით ვისმენდით. გვასწავლიდნენ ცნობილი მეცნიერები: ალექსანდრე ჩავლეიშვილი, ნელი დუმბაძე, ნადია საბაშვილი, შუქრი ნიჟარაძე, იური სიხარულიძე, გრიგოლ ბაბილოძე, მემედ სტამბოლიშვილი, კოტე ბოლქვაძე... ფაკულტეტზე ჩამოყალიბებული იყო „დამწყებ პოეტთა, პროზაიკოსთა და კრიტიკოსთა წრე“. ხელმძღვანელი იყო პროფესორი ალექსანდრე ჩავლეიშვილი. სხდომებზე წრის წევრთა შემოქმედების ნიმუშები განიხილებოდა. ამ წრეში დაფრთიანდნენ ცნობილი პოეტები – ზურაბ გორგილაძე, ნოდარ ჯალაღონია, გული სალუქვაძე, ცისანა ანთაძე, შოთა ზოიძე... მეც ვწერდი ლექსებსა და ნოველებს. ზოგჯერ ახლაც მესტუმრება ხოლმე მუზა და პოეზიის სამყაროში გამასეირნებს. ვფიქრობ, შევკრა ისინი ერთ პატარა კრებულად და მოვიხადო ვალი მუზის წინაშე, რომელიც თითქოს მაძალებს ამას. ბევრი ცრემლნარევი ლექსი დამაწერინა ისტორიულ ტაო–კლარჯეთთან დაკავშირებულმა სევდამ, მუჰაჯირი ქართველების გულდათუთქულმა ქართულმა, სტამბოლში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების მიერ 120 წლის მანძილზე ქართული კულტურის კერად ქცეული, ამჟამად ობლად დარჩენილი მონასტრის მწუხარებამ, სახელოვანი გვარიშვილების – აბაშიძეების, ბეჟანიძეების, თავდგირიძეების, ლორთქიფანიძეების, ხიმშიაშვილების – წარმომადგენელთა ნოსტალგიამ. შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის შვილთაშვილებმა – ენვერ ბიძამ და მელაათ–ხანუმმა იმდენი ცრემლი ღვარეს ჩემთან საუბარში, იმდენი სასიყვარულო, მოსაფერებელი სიტყვები თქვეს ნიგაზეულის, სხალთის, ხულოს მიმართ, რომ დამაწერინეს ლექსი „მენატრები, ჩემო ხულო“.

_ გთხოვთ, გაიხსენოთ ამ ლექსის დაწერის ისტორია...

_ მე იგი მივუძღვენი 90 წლის ქალბატონს, მელაათ ხიმშიაშვილს. ლექსი 20 წლის წინ დაიწერა. მაშინ იგი 70 წლისა იყო და კიდევაც ესტუმრა მშობლიურ ხულოს. ენვერ ბიძასთან ერთად დაათვალიერა მშობლიური ადგილები, მშობლიური სახლი. მათ მოითხოვეს თავიანთი ბიძის –– ჯემალ ხიმშიაშვილის, შერიფ ხიმშიაშვილის შვილის, სახლში მუზეუმის გახსნა. მაშინდელი მთავრობა კიდეც აპირებდა ამ თხოვნის შესრულებას, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მათ ოცნებას ფრთები შეეკვეცა. მკითხველს ვთავაზობ ჩემს პოეტურ სტრიქონებში მელაათ ხიმშიაშვილის გულისნადების, სამშობლოს მონატრების გაცოცხლებას. ჩემი საგაზეთო სტატია „მენატრები, ჩემო ხულო“ ადრე რამდენჯერმე დაიბეჭდა ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. ლექსი ეძღვნება მელაათ ხიმშიაშვილის, დიდი შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის შვილიშვილს. მან ქართული იმდენად კარგად აღარ იცოდა, რომ ლექსი დაეწერა. მე მთხოვა და შევუსრულე ნატვრა. აი, ეს ლექსიც:

 მენატრები, ჩემო ხულო,

 ჩემო მიწავ, ჭირნახულო,

 თეთრ სიზმრებში დანახულო,

იქნებ ვეღარც გინახულო...

ვეფერები სხალთას, თაგოს:

 მანდ ჩამოსვლა მიქადაგოს,

მშობელ მიწამ წამლად მარგოს,

უცხოეთში არ დამკარგოს...

ფიქრის ფრთებით გადავსერავ,

 ნიგაზეულს, სარიჩაირს,

 ვკოცნი მიწას მონატრებულს,

 წყაროს, ყვავილს, ათასნაირს...

... სტამბულს შუქი ეფინება,

 ჩემს თვალებს კი ბინდი აკრავს.

 გულით როდი მეღიმება,

 ამდენი ხნით ნაღველნაკრავს...

 გული აქით აღარ მიძლებს,

შენთან ყოფნა მუდამ მწადის,

შენს ნატვრაში გავათიე

ცხრაჯერ ათი წელიწადი...

რა იქნება, ჩემო ღმერთო,

თაფლის სანთლად ჩამომღვენთო.

ხულოს ზეცა გადამხურო,

 ხულოს მიწა წამახურო,

რომ მშობლიურ აჭარაში

 სული ჩემი სანთლად ენთოს...

... დამესიზმრე წუხელ, ხულო,

 მთის კალთაზე დახატულო,

 ჩემთვის ტაძრად შენახულო,

თეთრ სიზმრებში დანახულო,

 ჩემო სულის გაზაფხულო,

მენატრები, ჩემო ხულო...

სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ჩვენებურების ნაღველჩამდგარი თვალებიდან მონაწური ცხელი ცრემლები ქვასაც კი წვავს და ადნობს. ამ გრძნობას მშობელი მიწის სიყვარული ჰქვია. ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ: არავინ ისურვოს მშობელი მიწის მიტოვება და უცხოეთში გახიზვნა, თორემ სანანებელი, გულსაკლავი ნაღველი შვიდ თაობას მაინც გადაჰყვება. ცნობილმა მომღერალმა ბაიარ შაჰინ-გუნდარიძემ ამ ლექსის შესაბამისი მუსიკა შექმნა და სიმღერად აქცია. ბაიარი ზედა მაჭახლიდანაა, ჩემი წინაპრებიც მაჭახლის სოფელ საფუტკრეთიდან არიან ზედა აჭარაში გადასახლებული. ახლა ჯერი მაჭახელზეა. ამ ლამაზ კუთხეზეც უნდა შეიქმნას ლექსიცა და სიმღერაც. ვნახოთ, როდის მოფრინდება მუზა და მიკარნახებს მაჭახლის შესაფერის სტრიქონებს...

_ მოგონებები, რომლებიც სტუდენტურ წლებს გახსენებთ...

_ სტუდენტურ წლებთან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს. მახსოვს, იოსებ გრიშაშვილისა და გიორგი ლეონიძის სტუმრობა. ლექსებით მივესალმეთ დიდებულ პოეტებს ინსტიტუტის სააქტო დარბაზში. მესამე კურსის დასაწყისში საფრთხე შეექმნა ჩემს ინსტიტუტში სწავლას, სტუდენტობას. ჩემი ძმა, აწ გარდაცვლილი ოთარ ფუტკარაძე, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მამაჩემს გაუჭირდა ორი სტუდენტის მოვლა-პატრონობა. მოითხოვა ჩემი დაუსწრებელ განყოფილებაზე გადაყვანა. ჩემს მშობლიურ დღვანს, საშუალო სკოლას, ლიტერატურის მასწავლებელი სჭირდებოდა. მამის სურვილის მიხედვით, მე იქ უნდა დამეწყო მუშაობა და ოჯახს შევშველებოდი. ფაკულტეტის დეკანი ბატონი პარმენ პატარაია ამაზე ძალიან შეწუხდა. ჩემი დაუსწრებელ განყოფილებაზე გადაყვანა დაუშვებლად ჩათვალა მაშინდელმა ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანმა, ქალბატონმა ნანი გუგუნავამ. მან სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დააყენა ეს საკითხი, დაასაბუთა, რომ დაუსწრებელ სწავლებაზე ჩემი გადაყვანით ინსტიტუტი კარგავდა აკადემიურად მოწინავე სტუდენტს. ქალბატონი ნანი გუგუნავას ინიციატივით სამეცნიერო საბჭომ ლენინური სტიპენდია დამინიშნა, რომელიც 800 რუსული მანეთის ოდენობისა იყო. პირველი სტიპენდიით ჩემი ძმა შევმოსე სრულყოფილად, რომ დედაქალაქში თავი კარგად ეგრძნო. ასე შემოვრჩი ინსტიტუტს და თანაც დავეხმარე ოჯახს. მაშინ ინსტიტუტში ლენინური სტიპენდია მხოლოდ ორს გვქონდა: მათემატიკის ფაკულტეტზე ბატონ ონისე სურმანიძეს და მე. ვცდილობდით წარჩინებული ყოფა-ქცევისა და აკადემიური მოსწრებისა ვყოფილიყავით, რომ შეგვენარჩუნებინა იგი. მართლაც, წარჩინებით დავამთავრეთ ინსტიტუტის ხუთწლიანი კურსი. აქტიურად ვმონაწილეობდით სამეცნიერო კონფერენციებში.  მაშინ დიდი ყურადღება ექცეოდა სტუდენტთა მეცნიერულ საქმიანობას. ინსტიტუტში შექმნილი იყო სტუდენტთა სამეცნიერო წრეები, სხდომები ყოველთვიურად ტარდებოდ...

_ ქალბატონო შუშანა, გთხოვთ გაიხსენოთ თქვენი პირველი სტუმრობა თურქეთში.  საზოგადოება თქვენივე ავტორობით გამოცემულ „ჩვენებურების ქართულის“ ორ ტომს იცნობს. როგორ შეიქმნა „ჩვენებურების ქართული“?

_ ამბავს შორეული წარსულიდან გავიხსენებ... გეტყვით, რომ „ჩვენებურების ქართულზე“ მუშაობის დროს გავიცანი თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ბევრი ქართველი. სწორედ მათი დახმარებით რამდენჯერმე მოვიარე ისტორიული ტაო-კლარჯეთის ქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული სოფლები. ასეთი სოფლები შემორჩენილია ისტორიული ნიგალის ხეობაში (ბორჩხის რაიონი), მდ. მურღულის ხეობაში (მურღულის რაიონი) და შავშეთის რაიონის მდ. ფაფართის ხეობაში, რომელსაც იმერხევს ეძახიან. საკუთრივ ისტორიულ შავშეთში, გიორგი ყაზბეგის უტყუარი ცნობით, 1874 წლისთვის უკვე არც ერთი სოფლის მოსახლეობა აღარ ფლობდა ქართულს. ცხადია, ასეა დღესაც. აქაური ქართველების უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს დაკარგული ქართველობის შეგნება, ეროვნული ცნობიერება, მაგრამ ქართულად მოლაპარაკეს შავშეთში ვერსად იპოვით. ზოგიერთი ტოპონიმი ჯერ კიდევ ქართულია. ისტორიული ტაო–კლარჯეთისადმი ინტერესი, როგორც ეს რამდენიმეჯერაა აღნიშნული, ჩემში ჯერ კიდევ ბავშვობაში აღძრეს ჩემს მეზობლად მცხოვრებმა არტაანიდან, შავშეთიდან, იმერხევიდან გამოთხოვილმა საყვარელმა „ნენეებმა“ – ბებიებმა. ისინი განსხვავებულ კილოზე საუბრობდნენ და ამითაც იქცევდნენ ყურადღებას. მთაში – იაილაში ყოფნის დროს ისინი ძალიან ხშირად იყურებოდნენ არსიანის მთაგრეხილის აჭარა–შავშეთის ქედზე არსებული უღელტეხილისკენ. ამ უღელტეხილით გადმოვიდა მათი მაყრიონი, მაგრამ თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულებით დაიდო საზღვარი და გადასვლა-გადმოსვლა აიკრძალა. ამ ნენეებს ენატრებოდათ თავიანთი დედ-მამა, და-ძმა, ნათესავები, მშობლიური ადგილები და ამიტომაც მათ ცრემლნარევ თვალებში ჩამდგარი იყო მძიმე ნაღველი. მე ისინი ძალიან მეცოდებოდა, ხშირად ვეხმარებოდი ჩემი ბავშვური ხელებით და მათგან ლოცვას ვიმსახურებდი: – გამშვიდობოს ღმერთმა, შვილო, სხვისი ხელების, სხვისი ლუკმის ამარა არ დაგტოვოსო,- მლოცავდნენ ხოლმე. სტუდენტობაში ნიკო მარის მოგზაურობის დღიურს რომ გავეცანი, კიდევ უფრო შემიყვარდა ამ ნენეების მშობლიური ადგილები, მაგრამ მაშინ საზღვრის იქით გახედვაც კი აკრძალული იყო, ჩიტიც კი ვერ ახერხებდა გადაფრენას. 1983 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მოხსენებით გამოვედი. მოხსენებამ მოწონება დაიმსახურა. უნივერსიტეტის სასადილოში ბანკეტი გაიმართა. ბანკეტის შემდეგ სტუმრები და მასპინძლები ეზოში გამოეფინენ. ჩემმა მეცნიერ-ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ქავთარაძემ მომნახა და საუბარი თურქეთელი ქართველების შესახებ დამიწყო. იცოდა, რომ მე ბურსის ვილაიეთში ბევრი ნათესავი მყავდა დედის მხრიდან, თავდგირიძეები. ბატონი ივანე ჩემი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი იყო, უსპეტაკესი პიროვნება, ნამდვილი მეცნიერი. მან მითხრა: – შუშანა, შენ ერთი დიდი საქმე უნდა ითავო. საამისო პირობები რომ შეიქმნება, ე.ი. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის როცა ცოტა მაინც დათბება, უნდა წახვიდე თურქეთის რესპუბლიკაში და უნდა მოიარო თურქეთის საქართველო და მუჰაჯირი ქართველობაო. მოკლედ, პირობა ჩამომართვა: მითხრა, ეს არის ჩემი შენდამი ნათქვამი ანდერძი, ჩემი თხოვნაო. სამწუხაროდ, ბატონი ივანე მალე გარდაიცვალა. მე ამის შესახებ ვუამბე პროფესორ ალექსანდრე ღლონტს, რომელიც აღფრთოვანდა და მანაც წამახალისა. მართლაც, დროთა სვლამ ნელ–ნელა ახადა ორ ქვეყანას შორის შავ კედლად აღმართული რკინის ფარდა და 1988 წლის სექტემბერში სარფის კარი გაიხსნა. ამ დროს მე უკვე აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების დოქტორანტი ვიყავი. ინსტიტუტის დირექტორის - ქალბატონ ქეთევან ლომთათიძისა და მისი მოადგილის პროფესორ ბესარიონ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, სადოქტორო დისერტაციის თემად გამიფორმდა საკითხი–„ქართული ენის სამხრულ–დასავლური დიალექტების თავისებურებანი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და მუჰაჯირი ქართველების მეტყველების მიხედვით“. ე.ი. აუცილებელი იყო თურქეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის წარმართვა. ბედმა გამიღიმა. ჩემი თურქეთელი ნათესავების დახმარებით მოვახერხე სამთვიანი ვიზის მიღება და 1989 წლის 24 მარტს გადავკვეთე საზღვარი. საზღვრის იქითა მხარეს მელოდებოდა ჩემი ნათესავი შემსედინ თავდგირიძე, ბებიაჩემის ბიძაშვილი, მოხუცი კაცი, რომელმაც 1700 კილომეტრი გამოიარა ჩემს შესახვედრად. ჩვენი შეხვედრა მეტად ამაღელვებელი იყო. პირველად მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავს სისხლის ყივილი. იქითა საზღვარზე რომ ფეხი დავდგი, მოხუცმა კაცმა ჩემი ჩემოდანი ნეიტრალური ზონიდან თავისკენ გადადგა. ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ თუ არა, ერთმანეთისთვის სიტყვაუთქმელად მაგნიტივით მიგვიზიდა სისხლმა და ჩავეხვიეთ ერთმანეთს. ვქვითინებდით და ვეკვროდით ერთი მეორეს თითქმის უცნობი, ერთმანეთის უნახავი ადამიანები. მაგრამ სისხლმა იგრძნო ჩვენი ნათესაობა და ჩვენდა უკითხავად ჩაგვიკრა გულში. ასე გაგრძელდა 5–10 წუთი. ჩვენმა ქვითინმა მებაჟეები გააკვირვა და მოგვცვივდნენ, კითხულობდნენ, რა იყო, რატომ ვტიროდით. მე თურქულად ვერ ვლაპარაკობდი. მოხუცმა უთხრა: – 120 წლის დაკარგული სისხლი ვნახე, მაგნიტივით მიმიზიდა და იმიტომ ვტირითო. ჩვენმა განცდებმა თურქ მებაჟეებსაც ჩაუყენა თვალებში ცრემლი. სამი თვის მანძილზე ნათესავებთან ყოფნას ზეიმობდა ჩემი სული და ჩემს სხეულში ჩასახლებული წინაპრების სულები, რომელთაც არ ეღირსათ თავისიანების ნახვა. ყოველ საღამოს გადაპატიჟებული ვიყავით მე და ჩემი შორენა (მაშინ იგი მეცხრე კლასელი იყო) და სიყვარულის ტალღებში ვცურავდით. ეს იყო სისხლის ყივილით გამოწვეული სიყვარული, ამაღელვებელი, წრფელი, უანგარო და მიამიტი, ისტორიული ფესვებიდან მომდინარე, ჭეშმარიტად მშობლიური და ახლო ნათესაური. ინეგოლში სამი თვე ვცხოვრობდით მემედ ოზბეგის – თავდგირიძის ოჯახში. ჩვენი დიასახლისი – ქალბატონი ჰავა–ხანუმი თამარ დედოფლის ფრესკასავით ლამაზი და თბილი იყო. ინეგოლში გავიცანი იმერხეველი მწერალი კაცი – ისმაილ ყარა – შავიშვილი, რომელსაც უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა რომანი „მაჭახლის უღელტეხილი“ და მუშაობდა ახალ რომანზე „ჭოროხი ჩქარა მიდის“. ერთხელ საუბარში ვკითხე, რატომ აირჩიე ასეთი სათაური, რას ნიშნავს „ჭოროხი ჩქარა მიდის“–მეთქი. მითხრა – „მაგას რა კითხვა უნდა, ჭოროხი ჩქარა იმიტომ მიდის, რომ დედასამშობლოსკენ იჩქარის, უნდა მალე ჩაეკრას დედასაქართველოს გულში“–ო. ჩემმა ნათესავებმა გაიგეს, რომ მე ტაო–კლარჯეთის ნახვაც მინდოდა. ვიზის გასვლამდე 20 დღით ადრე ინეგოლიდან გამომამგზავრეს ართვინისკენ, თან გამომაყოლეს ნათესავი კაცი ოსმან–ბიძა გოჩიტიძე–ახისხალოღლი. ჩვენ ართვინიდან გავემართეთ ქართულენოვანი მოსახლეობის სოფლებისკენ – იმერხევისკენ. ავედით ზედა იმერხევში, სოფელ ხოხლევში, ზუსტად ჩემი ბავშვობის დროინდელი იაილის გადაღმა მხარეს, აჭარა–შავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილ სოფელში. ნიკო მარის შემდეგ (1904 წელი) აქ საქართველოდან მკვლევარს ფეხი აღარ ჰქონდა დადგმული. ამ სოფლიდან ჩვენი ხეობის სოფელ ოლადაურში ორი ქალბატონი იყო გამოთხოვილი, ორიც მეზობელ სოფელ აგარიდან იყო ჩვენკენ გამოთხოვილი, ორიც– სოფელ წეთილეთიდან. ე.ი. ჩემი საყვარელი ნენეების ნათესავების სტუმარი ვიყავი. საოცრად ამაღელვებელი იყო ჩვენი შეხვედრა. მასპინძლის სახლი ვერ იტევდა მნახველებს. მკოცნიდნენ ხელებზე, კაბის კალთაზე და მეხვეწებოდნენ მელაპარაკა ქართულად. ტირილით ამბობდნენ: – ვაიმე, რა ლამაზ გურჯიჯას (ქართულს) ლაპარაკობსო. ჩვენო სამამულო ომის შემდეგ რადიოთიც ვეღარ დევკავეთ ქართული ლაპარაკიო, რა ცოდვა ვართ უქართულოთ დარჩენილი, იეთიმად (ობლად), არ გეცოდვებითო?! რა უნდა მეთქვა, შეზღუდული ვიყავ. ჩვენკენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, ცუდის თქმა არ შემეძლო... ორი კვირაც იმერხევში დავრჩით, ჩავიწერე ძვირფასი მასალა. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ ხანდაზმული ადამიანები და ძველი ქართულით მელაპარაკებოდნენ. არასოდეს დამავიწყდება მათ მიერ გამოხატული სიყვარული, პატივისცემა, დაფასება. იმავე წლის ივლისში ბათუმში სტუმრად ისმაილ ყარა–შავიშვილი ჩამობრძანდა ცოლ–შვილით. იგი მოიწვიეს ნათესავებმა – პოეტმა ემენ დავითაძემ და ნიაზ ლომინაძემ. მეც გადმოვიპატიჟე რამდენიმეჯერ. წასვლის დრო რომ მოუახლოვდა ბატონ ისმაილს, იმერხევში დამპატიჟა, მითხრა, – ვიცი იმერხევში მასალის ჩაწერა გინდა, მე და ჩემი მეუღლე იმერხევლები ვართ, ჩვენი სოფლები–შოლტიხევი და მაჩხატეთი ზემო იმერხევშია, სადაც წმინდა ქართული იციან და საინტერესო მასალას ჩაიწერთო. გამეხარდა ასეთი პირობების შემოთავაზება, მაგრამ უცხოური ვალუტა არ გამაჩნდა, დოლარები. მაშინდელი წესის თანახმად, წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეეძლო საბჭოთა მოქალაქეს უცხოური ფულის მიღება, საბჭოთა მანეთის დოლარზე გადაცვლა. მივდექ–მოვდექით, ვთხოვეთ ამას, იმას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რა მექნა, არ ვიცოდი. უფულოდ როგორ უნდა წავსულიყავი. ბატონმა ისმაილმა გამოსავალი ნახა. მითხრა, იყიდე აკორდეონი და „დრუჟბა“ –ხის მოსაჭრელი ხელსაწყო. მაგათ კარგი ფასი აქვს თურქეთში, გაგაყიდვინებ და ფულიც გექნებაო. მართლაც შევიძინე „დრუჟბაცა“ და აკორდეონიც, მაგრამ საბაჟოზე გატანა ძნელი იყო, იკრძალებოდა. პარტიის საქალაქო კომიტეტში მუშაობდა მეტად კეთილშობილი პიროვნება, ჩემი კოლეგის – პროფესორ თინა შიოშვილის–მეუღლე ალეკო ჩხარტიშვილი და იმას ვთხოვე დახმარება. ასე მოვახერხე აქეთა საბაჟოს საქმე, იქითა მხარეს საქმის მოგვარება კი ბატონმა ისმაილმა ითავა. მის მეუღლეს –ხატიჯე მიღმაძეს და ჰყავდა გათხოვილი მურღულის რაიონის სოფელ ჭილაურში. პირველად იმას ვესტუმრეთ. რამდენიმე დღე იქ დავრჩით. მოვიარეთ მურღულის სოფლები და ჩავიწერე საინტერესო მასალები, შემდეგ კი იმერხევს ვეწვიეთ. მაშინ მოვიარე თითქმის მთლიანად მთელი იმერხევი, 40–მდე სოფელში მივედით. შევხვდი ხალხურ მთქმელს- მევლუდ ღაღანიძეს, რომელიც სოფელ იფხრეულში ცხოვრობდა. საზღვრისპირა სოფლებში უცხო მოქალაქის შესვლისთვის თურმე საჭირო იყო გუბერნატორის (ვალის) სპეციალური ნებართვა. ეს ბატონმა ისმაილმა არ იცოდა და სწორედ ამან შემიქმნა მცირედი უსიამოვნება. ჟანდარმერიის წარმომადგენლებმა წაიღეს ჩვენი პასპორტები. გამოიკვლიეს ჩემი ვინაობა, სტუმრობის მიზანი, ინეგოლში ჩემი სამთვიანი ყოფნისა და მუშაობის შესახებ მიიღეს საჭირო ცნობები და ისე დაგვიბრუნეს პასპორტები. ღვთის წყალობით, ყველა ადგილიდან დადებითი დახასიათება მოვიდა ჩემ შესახებ, რომ ვიყავი მორალურად სპეტაკი, არ მაინტერესებდა პოლიტიკური ამბები, ვიწერდი მხოლოდ ეთნოგრაფიულ და ფოლკლორულ მასალებს. იმ დღეებში დიდი მორალური მხარდაჭერა, პატრონობა გამიწია სოფელ ხოხლევის მცხოვრებმა, ართვინის სოფლის მეურნეობის ბანკის დირექტორმა ქემალ მესხაძემ–შაჰინმა. მისმა შვილიშვილმა რამდენიმე წლის წინ ჩვენს უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა დაამთავრა. მას ეამაყება, რომ „ჩვენებურების ქართულში“ არის მისი ბაბუის ოჯახის სურათი. 1989 წლის შემდეგ რამდენჯერმე კვლავ ვიმოგზაურე იმერხევში და ნიგალის, მურღულის ხეობების ქართულ სოფლებში. იქ ჩაწერილი მასალებით შეიქმნა შვიდასოცგვერდიანი მონოგრაფია „ჩვენებურების ქართული“ შესავალი წერილებითა და ლექსიკონით. ქართველმა საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიიღო ეს წიგნი, რომელიც დღეს სანთლით საძებარია მკვლევართათვის. სტამბოლის ქართულ სავანეში „ჩვენებურების ქართულზე“ მუშაობის დროს ჩემმა თურქეთელმა ნათესავებმა ბევრ სოფელსა და ქალაქში წამიყვანეს, ბევრ პიროვნებას შემახვედრეს. ვიყავით ანკარაში, იალოვაში, ერეგლიში, ბურსაში, ადაბაზარში... სტამბოლში სტუმრად ვიყავი ბასრი იავუზთან–ფუტკარაძესთან. იგი იცნობდა სტამბოლელ ზაზაძეებს და სტუმრად წამიყვანა მათთან. მაშინ ცოცხალი იყო პავლე ზაზაძე. ბათუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის მსოფლიო მნიშვნელობის ბიზნესმენის ბატონ სიმონ ზაზაძის მამა. იგი მე ვნახე 1989 წლის მაისში, 89 წლის მოხუცი. მას ძალიან ენატრებოდა თავისი მშობლიური სოფელი უდე, თავისი ახალციხე, მესხეთი. აცრემლებულმა გაიხსენა ახლო ხანში ნანახი სიზმარი და ასე მომითხრო: „ბავშვობაში დედას დავყავდი ტყეში, სადაც ეკლესიის ნანგრევი იყო. იქ სანთლებს დავანთებდით, ვლოცულობდითო. ეკლესიის გვერდით წყარო იყო, ცივი, მსუბუქი, გემრიელი. ახლაც, ამ ასაკში, დამესიზმრა იმ ეკლესიის ნანგრევი და ის წყაროო. დედამ სანთელი დამანთებინა, ვილოცეთ... წყაროს წყალი მომინდა და უნდა დამელია. მოვტრიალდი წყაროსკენ. წყაროზე ოქროს ავაზანი იყო, წყლით სავსე. მზის შუქზე ბრწყინავდა. მივედი დასალევად, მაგრამ დაკეტილი დამხვდაო. ავაზანს ოქროს ბოქლომი ედოო. ვერ დავლიე წყაროს წყალი, შევწუხდი და გამომეღვიძაო“. თან ასე ახსნა ეს სიზმარი: „ოქროს ავაზანი რომ მზის შუქზე ბრწყინავდა, ეს კარგის ნიშანია, საქართველო სინათლეში გამოვა, ჩემი სამშობლო გაბრწყინდება, მაგრამ ავაზანი დაკეტილი რომ იყო, ეს იმის ნიშანია, რომ სამშობლოს სინათლეში გამოსვლა დააგვიანდებაო. დაკეტილი რომ იყო ავაზანი და წყალი ვერ დავლიე, ეს ჩემთვის ცუდის ნიშანია. ალბათ, აღარ მეღირსება საქართველოში ჩამოსვლა და იმ წყაროს წყლის დალევაო“. მართლაც, მოხუც პავლე ზაზაძეს აღარ ეღირსა მშობლიური ადგილების ნახვა. იგი 1989 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. მამის სურვილი მისმა შვილმა - სიმონ ზაზაძემ შეასრულა. მან მოინახულა წინაპართა მშობლიური ადგილები, ერთგულად უპატრონა სტამბოლში ობლად დარჩენილ ქართულ მონასტერს, მდიდარი ბიბლიოთეკითა და არქივით დატვირთულს. უფლის ნებით, ჩვენ აღვწერეთ ეს ბიბლიოთეკა და არქივი.

 მოგონებათა ციკლი  _ სტამბოლის ქართული სავანე

„სტამბოლის ქართული სავანე“ – ასე ეძახდნენ ქართველ კათოლიკეთა  ეკლესიამონასტერში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები სტამბოლის ერთ ლამაზ უბანში – ფერიქოიში (ანგელოზთა სოფელში) განთავსებულ სამლოცველოს –სამონასტრო კომპლექსს. 1861 წლისათვის ეს ადგილი სტამბოლის გარეუბნად ითვლებოდა. 1859 წელს აქ მიწის ნაკვეთი შეიძინა ახალციხელმა კათოლიკე მღვდელმა მამა პეტრე ხარისჭირაშვილმა. მან მანამდე ვენეციაში სომეხი მხითარისტების დახმარებით ქართული სტამბა გახსნა, დაბეჭდა ქართული წიგნები; დიდი ნაწილი ამ წიგნებისა სტამბოლში მოღვაწე ქართველმა ვაჭრებმა და ფაბრიკანტებმა (ბიზნესმენებმა) იყიდეს და სტამბოლელ ქართველებში გაავრცელეს. შეიკრიბა გარკვეული თანხა. ასე შეიძინეს მიწის ნაკვეთი ფერიქოიში. ეკლესიის აშენების ნებართვა გასცა ოსმალეთის იმპერატორმა აბდულ მეჯიდმა (1839–1861). ეკლესიის მშენებლობა დამთავრდა იმპერატორ აბდულ აზიზის (1861–1876) დროს 1861 წელს. ეკლესიასთან დაარსდა დედათა და მამათა მონასტრები. ამ მონასტრებთან შეიქმნა ქართულ–ფრანგული (ქალთა) და ქართულ–ბერძნული (ვაჟთა) სასწავლებლები, სადაც სწავლობდნენ სტამბოლში მცხოვრები ქართველების შვილები. ბევრი ახალგაზრდა საქართველოდანაც მიდიოდა სასწავლებლად. აქაურ სკოლებში აღიზარდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები – მიხეილ თამარაშვილი, მიქაელ თარხნიშვილი, შალვა ვარდიძე. აქ ერთხანს სწავლობდა წმ. გრიგოლ ფერაძე. სტამბოლის ქართულ სავანეში 1870 წლიდან მუშაობდა ქართული სტამბა, სადაც 200–ზე მეტი დასახელების წიგნი დაიბეჭდა. სტამბოლის ქართული სავანე იყო არა მხოლოდ ქართული სალოცავი–საყდარი (როგორც თვითონ ამბობდნენ, ქართულია „საყდარი“ და ასე უნდა ვამბობდეთო. „ეკლესია“ ბერძნული სიტყვააო), არამედ კულტურულ–საგანმანათლებლო კერა, ქართველთა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის საზღვარგარეთული ცენტრი, ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველების ეროვნული ცნობიერების სამჭედლო. ამ სამონასტრო კომპლექსს ყურადღებასა და მზრუნველობას არ აკლებდნენ ოსმალეთის იმპერატორები–სულთან აბდულ მეჯიდი, სულთან აბდულ აზიზი და სულთან აბდულ ჰამიდი (სიტყვა „აბდულ“ არაბულია და „ღვთის მონას, მორჩილს“ ნიშნავს). სწორედ, მათი ზეგავლენით იყო გამოწვეული აღნიშნული სულთნების წყალობა, გამოჩენილი ქართული სამონასტრო კერის მიმართ. ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. 2012 წელს დაიბეჭდა ჩემი მონოგრაფია „სტამბოლის ქართული სავანე“ ქართულ და თურქულ ენებზე. დაინტერესებულ მკითხველს ბევრი საინტერესო მასალა მიეწოდება ამ წიგნებით. სტამბოლის ქართული სავანის აღწერა, აქ აღზრდილი პავლე ზაზაძის ანდერძის თანახმად, უფალმა მე მარგუნა. ცხადია, მე მარტო ვერ შევძლებდი ამას. 2000–2005 წლებში ჩემი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა სავანის ბიბლიოთეკისა და არქივის აღწერა საექსპედიციო ჯგუფთან ერთად. მუშაობა მძიმე პირობებში გვიხდებოდა. 40–50 წლის მანძილზე დაკეტილ ოთახებში მოთავსებული წიგნებისა და საარქივო მასალის გაწმენდა–გასუფთავება, სათანადო ყუთებში მოთავსება საკმაოდ ძნელი, სახიფათო საქმე იყო ჯანმრთელობისათვის. ქაღალდის ბაქტერიის შემოტევის გამო დამიზიანდა მხედველობა და კინაღამ დავკარგე მარჯვენა ხელის შუა თითი. ღვთის შეწევნით, პატრიარქის ლოცვა–კურთხევით აღვწერეთ 83 000 წიგნადი ფონდი და 10 000–ზე მეტი საარქივო მასალა. თავდადებით, გულისხმიერებითა და პატრიოტული სულისკვეთებით იშრომეს ექსპედიციის წევრებმა: ელზა, იამზე, შორენა ფუტკარაძეებმა, ციალა მაისურაძემ და გიორგი გოგიტიძემ, გოჩა აბაშიძემ და თეონა ფუტკარაძემ. მათ დიდ მადლობას ვუხდი ერთგულებისა და თავდადებული საქმიანობისათვის. მადლობას მოვახსენებ ჩვენს საპატრიარქოს, აჭარის მთავრობასა და მშობლიურ უნივერსიტეტს მხარდაჭერის, თანადგომისა და ფინანსური დახმარებისათვის. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის ხელმძღვანელებისა და წევრების–ნიჰათ გოქიითის (გოგიტიძის), ისმეთ აჯარის (ვაჭარიძის), მევლუდ ართვინლის (გოგლიძის), ისმეთ დინდარის (მიქელაძის) მიმართ. სავანის საუნჯის–ბიბლიოთეკისა და არქივის აღწერა ხანგრძლივი სამუშაო იყო. მას დასჭირდა ორი წელი და ოთხი თვე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მასპინძელი გახლდათ ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ბატონი სიმონ ზაზაძე. სტამბულის სავანეში შემონახულია საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის მდიდარი საუნჯე. აქაურ ბიბლიოთეკასა და არქივში დაცულ წყაროებზე მომავალში დაიწერება ქართველი ერის უახლესი ისტორიის ამსახველი ჭეშმარიტი ნაშრომები, სამშობლოს გაუცოცხლდება ცხოვრების ბედუკუღმართობით დაღუპული სახელოვანი შვილების ღვაწლი, მათი შემოქმედება. მარტო ის რად ღირს, რომ რეპრესიების მსხვერპლთა ზოგიერთი მათგანის შემოქმედება გადაურჩა განადგურებას და ამ სავანეშია დაცული. მაგალითისათვის დავასახელებთ დიდი მემედბეგ აბაშიძის 106 სტატიას, რომელიც საქართველოში გაანადგურეს, მაგრამ სავანემ შემოინახა. სავანის ბიბლიოთეკამ დავიწყების ბურუსი ჩამოაცილა, აგრეთვე, ქრისტიანობისთვის წამებულ თევდორე აჭარელს, უკვე წმინდანად შერაცხულს. გვჯერა, მკითხველი ინტერესით გაეცნობა წმინდა თევდორე აჭარელის აღმოჩენის ისტორიას. მოგითხრობთ ამის შესახებაც: სავანის ბიბლიოთეკის აღწერის დროს ბევრი საინტერესო წიგნი მხვდებოდა, მიზიდავდა. ერთ–ერთი ასეთი გახლდათ ქართლის მთავარეპისკოპოსის _ ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურული ჟანრის ნაწარმოები. დაბეჭდილი თფილისს სტამბასა შინა კავკასიის ნამესტნიკის კანცელარიისა, 1852“. წიგნი დაბეჭდილია კავკასიის მეფისნაცვლის თავად მიხეილ სვიმონის ძის ვორონცოვის ბრძანებით. წიგნის წინასიტყვაობიდან ჩანს, რომ ტექსტი სასტამბოდ მოუმზადებია ცნობილ ისტორიკოსს პლატონ იოსელიანს, წინასიტყვაობაცა და შენიშვნებიც მასვე დაურთავს. ტიმოთე გაბაშვილმა საბერძნეთისა და ახლო აღმოსავლეთის წმინდა ადგილები მიმოიხილა 1754–1757 წლებში. 1849 წელს ტიმოთეს გზა გაიარა პლატონ იოსელიანმა. იგი გზადაგზა ნახულობდა იმ წმინდა ადგილებს, სადაც ტიმოთე იყო ნამყოფი და აკეთებდა შენიშვნებს. ეს შენიშვნები მან დაურთო 1852 წელს დაბეჭდილ ტიმოთეს მოგზაურობის ტექსტს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იზმირთან დაკავშირებით გაკეთებული შენიშვნა. ქალაქ იზმირში (სმირნაში) მაშინ ყოფილა მთაწმინდის ქართული მონასტრის მეტოქი (ფილიალი), ე.ი. ქართული მონასტერი. აქ პლატონ იოსელიანს შეხვდა აჭარიდან ლტოლვილი სასულიერო მოღვაწე ნეოფიტე, რომელმაც პლატონს მოუთხრო თავისი თავგადასავალი. ნეოფიტეს ბიძა–თეოდორე ძალიან მორწმუნე ქრისტიანი ყოფილა. მაშინ, მე–18 საუკუნის ბოლოს, ოსმალეთის ქვეშევრდომობაში მყოფ აჭარაში ქრისტიანობის შენარჩუნება ძალიან გაძნელებულა. ქრისტიანობა თურმე მკაცრად არ იდევნებოდა ოსმალეთის შიდა რაიონებში, სადაც უამრავი ქრისტიანი ბერძენი და სომეხი ცხოვრობდა, ამიტომ თეოდორე და მისი ძმის შვილი–ნეოფიტე აჭარიდან გადასულან ჯერ ტრაპიზონში, შემდეგ კი იზმირში. თეოდორე დროთა განმავლობაში დაწინაურებულა ამ ქართულ მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირთა შორის და ეკლესიის წინმძღოლი გამხდარა. სიბერის ჟამს, 1822 წელს, მას განუზრახავს ათონის მთის ქართულ მონასტერში გადასვლა, რათა იმ წმინდა მიწას მიბარებოდა საბოლოოდ. მაგრამ მაშინ ძალიან მძიმე დრო ყოფილა მთაწმინდისათვის. ოსმალები მთაწმინდის აღებას ცდილობდნენ, ომი იყო გაჩაღებული. მთაწმინდისკენ მიმავალი თეოდორე ოსმალებს დაუტყვევებიათ. მეომრებს მისთვის გამუსლიმანება დაუძალებიათ. თეოდორეს მტკიცედ დაუცავს თავისი სარწმუნოება. მოძალადეებს თავი მოუკვეთიათ თევდორესათვის და ხმელთაშუა ზღვაში გადაუგდიათ მისი წამებული სხეული. ნეოფიტეს ეს ამბავი მალე გაუგია და ქრისტიანული რწმენა კიდევ უფრო განმტკიცებულა მის სულში. ნეოფიტეს სცოდნია ბერძნული წერა–კითხვა და დიდად ნანობდა თურმე, რომ ქართული წერა–კითხვა არ იცოდა. ნეოფიტეს მონათხრობიდან ცხადი გახდა თეოდორე აჭარელის მოწამეობრივი სიკვდილის ამბავი. სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ, ამ მონათხრობის საფუძველზე, დავწერე წერილი: „ქრისტიანობისათვის ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში–თეოდორე აჭარელი“. დაიბეჭდა მაშინდელ ჟურნალ–გაზეთებში: „აჭარაში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „ახალ თაობაში“... თხოვნით მივმართე აჭარა–ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე დიმიტრის, რომ იქნებ თეოდორე აჭარელი წმინდა სინოდს შეერაცხა წმინდანად. მეუფემ ჩემი წერილი გააცნო პატრიარქს, სინოდის წევრებს. მიზანშეწონილად ჩათვალეს ამ ცნობის გადამოწმება. დაისვა კითხვა: აქამდე საქართველოში რატომ არავინ იცოდა მის შესახებ? ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა 1852 წელს დაბეჭდილი ზემოთ აღნიშნული წიგნი – ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობა, რომელსაც დართული ჰქონდა პლატონ იოსელიანის შენიშვნები. თეოდორე აჭარელის ამბავი ამ წიგნში მოცემული იყო ქალაქ იზმირთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთ–ერთ შენიშვნაში (იხ. გვ. 22, შენიშვნა მეათე). ეროვნულ ბიბლიოთეკას მხოლოდ გააჩნდა ქალბატონ ელენე მეტრეველის რედაქციით დაბეჭდილი ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობა, რომელიც რატომღაც დაებეჭდათ პლატონ იოსელიანის შენიშვნების გარეშე. სწორედ ამიტომ არ იცოდნენ საქართველოში თეოდორე აჭარელის წამებული სიკვდილის ამბავი. ჩემ მიერ მოძიებული ისტორიული წყაროს დასამტკიცებლად, მეუფე დიმიტრის დავალებით, მთელი რიგი ნებართვების მიღების საშუალებით სტამბოლიდან ჩამოვიტანე 1852 წელს დაბეჭდილი წიგნი. გაკეთდა მისი ქსეროასლი და დამტკიცდა ჩემს მიერ მიწოდებული ცნობის სიმართლე. ამის შემდეგ საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილი, ტბელ აბუსერისძე და თეოდორე აჭარელი შერაცხა წმინდანად. მახსოვს, დიდი სიხარულითა და სიამაყით გადავშალე „საპატრიარქოს უწყებანი“, რომელმაც სრულიად საქართველოს ამცნო მეტად სასიხარულო ამბავი: „2012 წლის 17 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. პირველ რიგში მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ წმიდა სინოდის წევრებს წარუდგინა ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებით მოღვაწე იმ პირთა სია, რომელთა წმიდათა დასში შერაცხვა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული“. წმიდა სინოდმა დაადგინა და წმიდათა დასში შერაცხა ათი პიროვნება. მათ შორის იყვნენ: აბუსერისძე ტბელი (XIII ს.), ექვთიმე თაყაიშვილი ( XIXXX ს.ს.), მღვდელმონაზონი თეოდორე აჭარელი ( XVIII-XIX ს.ს.), ათონის მთაზე, ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული. ამიერიდან ჩვენს აჭარას ჰყავს საკუთარი სახელით ცნობილი წმინდანი თეოდორე აჭარელი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 17 თებერვალი (ძველი სათვალავით), 2 მარტი (ახალი სათვალავით). ეს ცნობა რომ წავიკითხე, უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი თავი. ჩვენი აჭარის უსახელოდ დარჩენილი ათასობით წმიდათა ისტორიაში პირველად გამობრწყინდა წმიდა თეოდორე აჭარელის სახელი. მაშინვე მივაშურე ქაშვეთის ტაძარს თბილისში (ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ახლოს), თეოდორე აჭარელის, ტიმოთე გაბაშვილისა და პლატონ იოსელიანის მოსახსენებლად სანთლები დავანთე. ვლოცავდი მათ ნათელ სულებს და ვევედრებოდი, ზეციური საქართველოდან დაელოცათ მიწიერი საქართველო... რამდენიმე სანთელი ავანთე, აგრეთვე სტამბოლის ქართულ სავანეში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების მოსახსენებლად, რომელთა გულისხმიერებითაც სავანის ბიბლიოთეკამ შემოინახა 1852 წელს დაბეჭდილი აღნიშნული წიგნი და შთამომავლობას შემოუნახა წამებული თეოდორე აჭარელის ხსოვნა. მხურვალე გულით ვილოცე და შევავედრე უფალს სტამბოლელი ზაზაძეების ჯანმრთელი, დღეგრძელი, ბედნიერი სიცოცხლე. ოჯახის უფროსის ბატონ სიმონ ზაზაძის მზრუნველობამ გადაგვირჩინა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ეს ფასდაუდებელი საუნჯე. „ღმერთთან ერთად ვიყოთ!“ – ასე იცის ხოლმე თქმა ბატონმა სიმონმა დამშვიდობების დროს. მართლაც, ღმერთთან ერთად ვიყოთ შინ და გარეთ! უფალი ჰფარავდეს ყველა ქართველს, სრულიად საქართველოს! სტამბოლში როცა ჩაბრძანდებით, ესტუმრეთ ფერიქოიში მდებარე ქართულ ტაძარს, წმიდა ღვთისმშობლის მადლით გამთბარსა და გაბრწყინებულს, სადაც მხურვალე გულით ლოცულობენ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონენი – ქრისტიანები, მუსულმანები, იუდეველები... ღვთისმშობელი ყველას მიაჩნია შემწედ და მფარველად. მისი ხატის ქვეშ გაკეთებულ მარმარილოს კვარცხლბეკზე თქვენ წაიკითხავთ ქართულ წარწერას: "მარიამ ღვთისმშობელო, იბერიის მოციქულო, მეოხ მეყავნ ჩვენ, ცოდვილთა ქართველთა". ეს სიტყვები გაგყვებათ ცხოვრების გზაზე და შეგიმსუბუქებს წუთისოფლის სიმძიმეს...

პირველი წიგნი დაბეჭდა ბატონმა ასლან აბაშიძემ. მან ჰონორარის მაგივრად 500 ცალი წიგნი გადმომცა და მითხრა: – ეს წიგნები გაყიდე და მეორე ტომის მასალები მოაგროვეო. ჩემი ასისტენტის- დოდო ჯაფარიძის (რომელიც ადრე გარდაიცვალა) დახმარებით, მართლაც, გავყიდეთ ეს წიგნები და დავიწყეთ მეორე ტომის მასალების შეგროვება. ქალაქ იზმირში ჩასვლაც კი შევძელით და იქ ჩასახლებული ქართველები მოვინახულეთ. ამ საქმეში დაგვეხმარა მაჭახლიდან სტამბოლში გადასახლებული ქართველი, დიდებული ადამიანი, მწერალი, ისტორიკოსი ჰაიდარ ზენგინი – კორტანიძე. სწორედ მისი ახლობლების დახმარებით ვეწვიეთ ქალაქ ეფესოსთან ახლოს მდებარე წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სალოცავს, რომელსაც მთელი თურქეთის მოსახლეობა საოცნებო ზიარეთად მიიჩნევს და ცნობილია სახელწოდებით „მერიემ ანა ევი“ –დედა მარიამის სახლი“. მაშინ მოვიარეთ შუა ანატოლიის ბევრი სოფელი და ქალაქი: დუზჯე, გოლიაქა, იზმითი, იზნიქი (ძვ. ნიკეა), გოლჯუქი, საბანჯა, გემლიქი, ყეზელი, ამასია, ესკი– შეჰერი, ერეგლი... დოდო ჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ, კარგა ხანს აღარ მომეცა საშუალება თურქეთში კვლევა–ძიებისა. ასლან აბაშიძის მეუღლემ, ქალბატონმა მაგული გოგიტიძემ მოიწადინა გოგიტიძეთა გვარის ფესვების შესწავლა და მთხოვა ამ საკითხზეც მემუშავა. გოგიტიძეების დიდი წინაპარი სოლომონ გოგიტიძე იყო ყარსის ციხისთავი, ძლიერი ერისთავი, ყარსის მხარის გამგებელი. საჭირო გახდა კვლევითი საქმიანობის წარმართვა არტაანის, ჩილდირის, ერუშეთის, კოლას, ფოცხოვის მხარეებში. ერთი თვის განმავლობაში უნდა მომეგროვებინა ისტორიული მასალა. მეგზურად ავირჩიე ცნობილი მკვლევარი ნუგზარ ცეცხლაძე თავის მეუღლესთან, ქალბატონ გულიკოსთან ერთად. ნუგზარს, მასაც, აინტერესებდა ამ მხარეებში მოგზაურობა. ქალბატონ გულიკოს ამ მხარეებში ნათესავები ჰყავდა და ამიტომაც ძალიან კარგი იყო ჩვენი ერთად წასვლა. მართლაც, მოვიარეთ დასახელებული ადგილები. მე ბევრი მასალა ჩავიწერე და „ჩვენებურების ქართულის“ მეორე ტომში იქნება წარმოდგენილი. ბატონმა ნუგზარმაც გამოაქვეყნა საინტერესო ნაშრომი. ჩვენ, სამი ადამიანი, ვიყავით ექსპედიციაში ერთი ადამიანისთვის გამოყოფილი თანხით. სულ მივიღე 3000 დოლარი. ამ თანხით ერთი თვე უნდა გვემოგზაურა სამ ადამიანს და დიდ რეგიონში უნდა გვეგროვებინა მასალები. ცეცხლაძეების დაფინანსებაზე თავი შეიკავეს, ჩვენ არ ვიცნობთო. ასე რომ, ძალიან ცოტა თანხით უნდა გვეკეთებინა დიდი საქმე. თანაც ვერ მოვიპოვეთ ვიდეოკამერა და რიგიანი ფოტოაპარატი. მკითხველს გაეცინება ალბათ, მაგრამ უნდა დაიჯეროს, რომ ეს სიმართლეა. ჩავაღწიეთ ეზრუმამდე, დავათვალიერეთ დღემდე შემორჩენილი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები და დღემდე „ქართველთა კარად“ წოდებული უბანი–„გურჯ ქაფი“. შემდეგ გამოვეშურეთ სამშობლოსაკენ. საერთოდ, სადაც მივდივარ, ნაკურთხი სანთლები მიმაქვს ხოლმე. ბევრ ადგილას დავანთეთ სანთლები, მაგრამ რამდენიმე ცალი დარჩენილი კიდევ მქონდა. გზად შევიარეთ ოშკის ტაძარში. საღამო ხანი იყო, ქარი ქროდა შენობის შიგნითაც, რადგან ტაძარს კარები აღარა აქვს, უპატრონოდაა მიტოვებული. მოფარებულ ადგილას დავანთეთ ბევრი სანთელი, ვილოცეთ გულიანად და ოშკის მიმდებარე ადგილებს დავუწყეთ დათვალიერება.  მაინტერესებდა ოშკის საგანმანათლებლო კერის–დიდი სასწავლებლის–ნარჩენების ნახვა. სანთლების ანთების დროს ტაძარში შევნიშნეთ სამიოდე მტრედი. ტაძარში რომ მივბრუნდით, გაოცებული დავრჩით. ტაძრის გუმბათი, ტაძრის შიგთავსი სავსე იყო მტრედებით. ზემოთ რომ ვიხედებოდით, ტაძრის გუმბათი მტრედების ფეხებით წითლად მოჩანდა. ეს იყო მტრედების ზეიმი. ცარიელი ტაძარი მტრედების ღუღუნით აგუგუნებულიყო. კარგა ხანს ვუცქირეთ ამ საოცარ სანახაობას. ამასობაში სანთლებიც ჩაქრა. ჩვენ უკან დავბრუნდით, ოშკში კი უამრავი მტრედი ზეიმობდა სანთლის სურნელითა და სითბოთი ტაძრის გაცოცხლებას. გვჯეროდა, რომ ჩვენი დიდი წინაპრების, დიდი ოშკელების სულები ზეიმობდნ მტრედების სახით. ღვთის შეწევნით, ოშკის ტაძრის რესტავრაცია მალე დაიწყება და

ობლად დარჩენილ ტაძარს პატრონი გამოუჩნდება, სანთლები კვლავ ალაპლაპდება

ოშკში და კვლავ იზეიმებენ წინაპართა სულები წითელფეხება თეთრი მტრედების სახით ამ ლამაზ ტაძარში. ის ღამე ტაოს ცენტრში –იუსუფელში – ვეჟანხევში გავათიეთ მასწავლებელთა სახლში და დილით ბათუმისკენ გამოვეშურეთ. მივუახლოვდით ისტორიულ სოფელ მელოს, სადაც გადიოდა სახელმწიფო საზღვარი ბერლინის საზავო ხელშეკრულების მიხედვით. გზის მცველებმა და პოლიციელებმა შეგვაჩერეს: გზა კეთდება, აფეთქებული პატარა ბორცვია და იმას ვასუფთავებთო. ჩვენც მანქანიდან გადმოვედით და ვიცდიდით. მე რამდენიმე სანთელი კიდევ მქონდა. მივიხედ–მოვიხედე და გზის მარჯვენა მხარეს ჭალა დავინახე, ჭალის ერთ კუთხეში კი სამრეკლოს მსგავსი ნაგებობა შევნიშნე. მხლებლებს ვუთხარ, მოდი ეს სანთლებიც იქ დავანთოთ–მეთქი. მივაშურეთ სამრეკლოს. ჭალაში იაპონური ხურმის ხეები იდგა, ფოთოლშეძარცული. 27 ნოემბრის ცივი დღე იყო. ჩავედით ჭალაში, მივედით სამრეკლოსთან. თივით იყო სავსე. გავწიეთ იქით–აქეთ თივა და ავანთეთ სანთელი. პატრონმა გაგვაფრთხილა, სანთლის ჩაქრობამდე იქიდან არ წამოვსულიყავით. მართლაც 10–15 წუთი დავყავით, ვილოცეთ. გამოვბრუნდით და სასწაულის მომსწრენი დავრჩით. ხურმების ტოტები სავსე იყო პატარ–პატარა შავი ჩიტებით–ჭივჭავით. მივუახლოვდით თუ არა, ისინი წამოიშალნენ, ზემოთ აფრინდნენ და

დიდი გუნდი შექმნეს. ჩვენ მოვდიოდით, ისინიც მოგვყვებოდნენ გუნდად. იქვე ახლოს ერთი მოსახლე იყო. ყველანი ეზოში გამოვიდნენ და ამ საოცრებას ჩვენთან ერთად შეჰყურებდნენ. ასეთი რამ არასდროს გვინახავსო, ამბობდნენ. უკვირდათ, ამდენი ჩიტი საიდან გაჩნდა აქაო. ჩვენ გზაში რომ ამოვდიოდით, ჩიტების გუნდი მაღლა-მაღლა წავიდა და გაუჩინარდა. ცხადია, აქაც წინაპართა სულების ზეიმს შევხვდით. ვინ იცის, რამდენი ხანია აქ სანთელი არ დაუნთია ვინმეს, რამდენი ხანია არავის ულოცავს ამ არემარეში. მკითხველი ირწმუნებს, რომ ჩვენ, უფლის ნებით, ვნახეთ სულების სიხარული მტრედებისა და ჭივჭავების ზეიმის სახით. როგორც ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს: „არსებობს სულთა კავშირი“. ჩვენ რომ გარდაცვლილების სულის მოსახსენებლად ვილოცეთ და სანთლები დავანთეთ, დამყარდა სულთა კავშირი. მადლობის ნიშნად გარდაცვლილი წინაპრის სულები გამოგვეცხადნენ მტრედებისა და ჭივჭავების სახით.

_ ქალბატონო შუშანა, გთხოვთ გაიხსენოთ პირველი შეხვედრა პატრიარქთან...

_ ღვთის წყალობა იყო... 1990 წლის ივნისის ბოლოს სტამბოლიდან მესტუმრა ჩემი ნათესავი ბასრი იავუზი–ფუტკარაძე ცოლშვილთან ერთად. ცოლი–იაშარი, წარმოშობით თურქი, შესანიშნავად ერკვეოდა საქართველოს ისტორიაში. იგი ბავშვობიდან გერმანიაში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და ევროპულ კულტურას ნაზიარები იყო. მათი ვაჟი–პატარა თენგიზი ორი წლისა იყო, მაგრამ ფეხის ადგმასა და ლაპარაკის დაწყებას აგვიანებდა. ორი–სამი კვირის შემდეგ სტუმრებმა თბილისში წასვლა მოიწადინეს. თბილისელ მეგობრებს დავუკავშირდი, დახმარება ვთხოვე, რადგან თბილისი აბობოქრებულ ზღვას ჰგავდა, საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ქვეყანა არეული იყო. პროფესორ ალექსანდრე ღლონტის ოჯახმა დიდი სიყვარულით მიგვიპატიჟა. ოჯახის დიასახლისი, პროფესორი ქეთევან გოდერძიშვილი, ორი კვირის განმავლობაში თავს გვევლებოდა, კახეთშიც წაგვიყვანა თავისიანებთან და მთელი კახეთის ისტორიული ძეგლები დაგვათვალიერებინა. თბილისში რომ დავბრუნდით, სტუმრებმა მოითხოვეს პატრიარქთან შეხვედრა. მე მაშინ აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დოქტორანტი ვიყავი და დახმარებისთვის ინსტიტუტის დირექციას მივმართე. პროფესორ ბესარიონ ჯორბენაძის დახმარებით, პატრიარქთან შეხვედრა დაინიშნა 1990 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს, რადგან სტუმრებს მონათვლა სურდათ. ჩემ შორენასაც გადაწყვეტილი ჰქონდა მონათვლა, მე კი ვერ ვბედავდი, ვფიქრობდი. საპატრიარქოს რეზიდენცია მოთავსებული იყო სიონის ტაძართან ახლოს ერთ ორსართულიან ძველებური სტილის შენობაში. ფერისცვალების დღესასწაულზე პატრიარქთან შესახვედრად ბევრი ვინმე იყო მოსული, დიდი რიგი იდგა. ჩემს მხლებლებს მომავალი ნათლიები ამორჩეული ჰყავდათ. მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე და ეზოში რიგი ნელა მიიწევდა წინ. კიბეზე რომ ავდიოდით, ქეთევან გოდერძიშვილმა მკითხა, –შენ რას აპირებო. ვუპასუხე: – ჩემი წინაპრები–ბებიები, ბაბუები, მამა, ნათესავები მუსულმანური წესით არიან წასული ამ ქვეყნიდან, მათგან მერიდება, ზურგი როგორ შევაქციო, მეშინია, გამზრდელ ბებიას არ ვაწყენინო საფლავში–მეთქი. ქეთევანმა შემახსენა: –შენი ორასი–სამასი წლის წინანდელი წინაპრები რატომ არ გეცოდება, ისინი ქრისტიანები ხომ იყვნენ, ისინიც გელოდებიან, ისინიც მოუთმენლად უცდიან შენს გადაწყვეტილებასო. ამ სიტყვების გაგონებასთან ერთად, უცბად თითქოს თმები ყალყზე დამიდგა, ტანში საოცრად შემაჟრჟოლა. თითქოს თვალწინ წარმომიდგა ჩემი შორეული წინაპრები: თითქოს ვგრძნობდი მათ მზერას, მათ სუნთქვასაც კი, იმ სიცხეში ნელი ნიავის სახით სახეზე რომ მეფერებოდა. გული სიბრალულით ამევსო. მათ სახელზე, ვინ იცის, რამდენი საუკუნეა სანთელიც არ დანთებულა, რამდენი ხანია მათ სახელზე პური არ გატეხილა, შესანდობარი არ დალეულა. ყველაფერი ეს გავითავისე და გადავწყვიტე მოვნათლულიყავი, ამაზე უკეთეს დროს როგორ ვიშოვიდი. ხმა აღარავისთვის გამიცია, ფიქრების მორევში ჩავვარდი... ამასობაში ჩვენი რიგიც დადგა. ჩვენზე წინ მყოფნი პატრიარქთან შედიოდნენ, კურთხევას იღებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ჩვენი რიგი რომ მოვიდა, მიგვიწვიეს ერთ დიდ დარბაზში, სადაც ფერიცვალების გრძელი სუფრა იყო გაშლილი. სუფრას უსხდნენ მღვდელმთავრები და რამდენიმე საერო პირი. მათ შორის იყვნენ ცხაკაიას (სენაკის) რაიონის ხელმძღვანელი პირები და სენაკის ხალიჩების ფაბრიკის დირექტორი (გვარი არ მახსოვს). ამ პიროვნებას პატრიარქისათვის საჩუქრად ჩამოეტანა ორი ლამაზი კედლის ნოხი, რომელზედაც ამოქსოვილი იყო ღვთისმშობელი ყრმით. ერთი ასეთი ნოხი უკვე ეკიდა კედელზე, მეორე კი გრაგნილად იდო მის ძირში.

პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩვენს გამოჩენას აღფრთოვანებული შეხვდა და საზოგადოებას მიმართა: – აი, ოჯახი ჩამოვიდა სტამბოლიდან ფუტკარაძეებისა, რომელსაც მონათვლა გადაუწყვეტია და მივესალმოთო. დარბაზში ტაში გაისმა. შემდეგ იკითხა: –ბათუმელი ფუტკარაძეები რას ფიქრობთო. –ჩვენც ვინათლებით, თქვენო უწმინდესობავ, ოღონდ მე, თქვენთან მომავალმა, ახლახან კიბეზე ამოსვლისას გადავწყვიტე ეს და ნათლია არა მყავს გამზადებული–მეთქი. –მე ვიქნები თქვენი ოჯახის ნათლია, თქვენი სტუმრებისაც და მასპინძლებისაცო; დალოცვილი იყავით ყველანიო. დარბაზში გაისმა ტაშის ხმა. მიგვიწვიეს ფერისცვალების სუფრაზე. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვი–პატარა თენგიზი სუფრასთან აღარ გაჩერდა, ატირდა. დედამ ბავშვი ხელში აყვანილი (რადგან ვერ დადიოდა) დერეფანში გაიყვანა. დერეფანში მონაზონი დედები შეხვდნენ და გერმანულად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ბავშვს ართობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მხიარული შეძახილები, სიცილი მოგვესმა. კარი გაიღო და პატარა თენგიზი თავისი ფეხით შემობაჯბაჯდა; თან „ბაბა–ბაბა“–„მამა–მამა“ იძახოდა და მამისკენ მიიწევდა. დარბაზში კვლავ იქუხა ტაშმა. ყველანი სასწაულის მომსწრენი გავხდით. პატარა თენგიზმა პატრიარქის დალოცვის შემდეგ ფეხი და ენა ერთად აიდგა. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. უწმინდესმა კიდევ დაგვლოცა და მისი ლოცვა–კურთხევით ერთ–ერთ მღვდელმთავარს დაავალა ჩვენი მონათვლა სიონის ტაძარში. მალე გადავედით ტაძარში და მოვინათლეთ. ისევ მოვბრუნდით საპატრიარქოს რეზიდენციაში. უწმინდესმა მონათლულები გულმხურვალედ დაგვლოცა და ბასრი იავუზ–ფუტკარაძის ოჯახს სხვა საჩუქრებთან ერთად გადასცა სენაკის ხალიჩების ფაბრიკიდან ჩამოტანილი ხატი–წმინდა ღვთისმშობელი ყრმით. ეს ულამაზესი ხატი დღესაც ამშვენებს სტამბოლში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს. ამ ხატს–ღვთაებრივი მადლი, სითბო და ბარაქა შეაქვს მათ ლამაზ ოჯახში. ნოხი–ხატი ამშვენებს მათი ბინის დარბაზს. თენგიზმა უკვე სტამბოლის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მუშაობს. ცხადია, ჩემმა საქციელმა თავდაპირველად გარკვეული მითქმა–მოთქმა გამოიწვია ნათესავებში, რადგან მაშინ ზემო აჭარიდან თითქმის არავინ, ანდა ძალიან ცოტა თუ ინათლებოდა. საზოგადოება ჯერ კიდევ ათეიზმის ტყვეობაში იყო. უფლის ნებით, მომდევნო წლებში მონათლულთა რაოდენობამ იმატა და ამჟამად საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლია ზემო აჭარაში. ჩემი დედმამიშვილების ოჯახების უმეტესობა მონათლულია. მე უკვე რვა ნათლული მყავს. ნათლობის შემდეგ კარგა ხანს ვეღარ მოვახერხე უწმინდესთან–ნათლიასთან შეხვედრა, მაგრამ მისმა ლოცვა–კურთხევამ მეცნიერებისკენ მიმავალი გზა გამიადვილა და გამინათა. 1989–1992 წლებში თურქეთის სხვადასხვა მხარეში დიდი რუდუნებით ნაგროვები მასალა უკვე ხელთ მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, წიგნად როგორ მექცია, როგორ დამელაგებინა. ერთი წელი მოვუნდი თითქმის ამაზე ფიქრს, რადგან მსგავსი წიგნი არ არსებობდა, რომ მიმებაძა, მიმემსგავსებინა. მონათვლის შემდეგ გონება გამეხსნა. რვა თვის განმავლობაში თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიღებული ინფორმაციით შევძელი გარკვეულ ჩარჩოებში მომექცია ისტორიული ტაოს, კლარჯეთის, შავშეთის ისტორიულ–გეოგრაფიული გარემო და დამეწერა მოპოვებული ტექსტებისთვის შესაბამისი შესავალი წერილები. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა პირდაპირ დამესათაურებინა ესა თუ იმ რეგიონი, კერძოდ: ისტორიული ტაო, ისტორიული შავშეთ–კლარჯეთი. ასე დასათაურებას შეიძლება მოჰყოლოდა პოლიტიკური გაუგებრობა. ამიტომ ეს სათაურები „შევფუთე“. ისტორიული შავშეთ–კლარჯეთის თავს დავარქვი „ნაშთი ძველი დიდებისა“ ოპიზარებისა და მტბევარების ნაკვალევზე“; ისტორიული ტაო კი ასე დავასათაურე: „იშხნელებისა და ოშკელების სამშობლოში“.1993 წლის დამდეგამდე ჩემი მთქმელები–ინფორმატორები ვერ ბედავდნენ თავიანთი გვარების წიგნში გამჟღავნებას. მთხოვდნენ, თავიანთ მონათხრობზე არ მიმეთითებინა მათი სახელი და გვარი. 1993 წლის დამდეგს მათ შემატყობინეს თავიანთი თანხმობა ამ საკითხზე და მეც გაბედულად მივაწერე ყველა მონათხრობს მათი სახელი და გვარი. წიგნის გამოქვეყნება ამიტომაც დაგვიანდა. წიგნის გამოქვეყნება ითავა ასლან აბაშიძემ. მაშინ საქართველოში მძიმე ვითარება იყო, უშუქობა, უწყლობა, ეკონომიური სიდუხჭირე. სტამბა არ მუშაობდა. იბეჭდებოდა მხოლოდ გაზეთი „აჭარა“. მხოლოდ ამ გაზეთის რედაქციას გააჩნდა გამართული კომპიუტერი. სწორედ აქ აეწყო „ჩვენებურების ქართულის“ პირველი ტომი. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გავიხსენო გაზეთის რედაქციის თანამშრომლების – ზაზა ფალავანდიშვილის, ავთანდილ ვადაჭკორიას, ამირან კაცაძის და სხვათა თანადგომა და გულისხმიერი დამოკიდებულება. წიგნი დაიბეჭდა ქ. კიევში. განსაკუთრებით დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი ნათესავების–ბატონ ანზორ გოგიტიძის ვაჟის, ავთანდილ გოგიტიძის მიმართ, რომელმაც კიევში წაიღო წიგნის მაკეტი. სასტამბო საქმე, დაბეჭდილი წიგნების ბათუმში ჩამოტანა მანვე უზრუნველყო. იგი მაშინ კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. „ჩვენებურების ქართულის“ გამოქვეყნებას ფართოდ გამოეხმაურა ქართული საზოგადოებრიობა, იმართებოდა წიგნის განხილვები, ავტორთან შეხვედრები, იბეჭდებოდა შეფასებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესორების–ალექსანდრე ღლონტის, მიხეილ სვანიძის, დევი სტურუას, მიხეილ მახარაძის, რამაზ სურმანიძის, ფრიდონ სიხარულიძის, აბელ სურგულაძის, იური ბიბილეიშვილის და სხვათა წერილები. ისინი დაბეჭდილია ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ–გაზეთებში. პოეტებმა მიძღვნეს ლექსები. მათ შორის პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალ მხატვრულობით გამოირჩევა ამირან ხაბაზის, ცისანა ანთაძის, ბელა ქებურიას, იაშა თანდილავას პოეტური სტრიქონები.

„ჩვენებურების ქართულის“ ტექსტზე დაკვირვებით შეიქმნა ჩემი სადოქტორო დისერტაცია „ქართული ენის სამხრულ–დასავლური დიალექტების თავისებურებანი ისტორიული ტაო–კლარჯეთისა და მუჰაჯირი ქართველების მეტყველების მიხედვით“. იმერხევში, ტაოში, ზედა მაჭახელში და ნიგალის ხევში მოპოვებულ მასალაზე დაკვირვების შედეგად, გამოვყავი ოთხი ახალი დიალექტი: იმერხეული, ნიგალური (ანუ ლივანური), მაჭახლური და ტაოური. ეს დიალექტები ერთმანეთთან სიახლოვისა და მსგავსების მიხედვით გავაერთიანე ერთ დიალექტურ ჯგუფში და ვუწოდე „ტაო–კლარჯული დიალექტები“. ქართულმა საენათმეცნიერო საზოგადოებამ ჩემი თვალსაზრისი გაიზიარა. საპატრიარქოდან შეტყობინების თანახმად, ჩემს ძვირფას ნათლია–უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვესტუმრე. მას მოვახსენე, რომ სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის ბიბლიოთეკის აღწერას მთხოვდა მისი მეპატრონე და მზრუნველი ბატონი სიმონ ზაზაძე. ამ საქმისთვის ვითხოვე მისგან ლოცვა–კურთხევა. უწმინდესმა გაიხსენა 1977 წელს მისი სტუმრობის ეპიზოდები აღნიშნულ მონასტერში და შეხვედრები მაშინ მონასტრის ჯერ კიდევ ცოცხალ სასულიერო პირებთან. მან დამლოცა, სათუთად შეავლო ხელი „ჩვენებურების ქართულს“ და განაცხადა იქ მყოფთა წინაშე, რომ ტაო–კლარჯეთისა და აჭარის მოსახლეობამ დაამტკიცა ქართული ენის უკვდავება, მისი გამძლეობა, ჭირთა შიგან გაუტეხლობა. უწმინდესმა დალოცა იქაური დედები, რომლებიც დედის რძესთან ერთად დედა-ენის სიყვარულით აკვანშივე კვებავდნენ ქართველთა ბავშვებს, ქართულ ძირძველ მიწაზე აცოცხლებდნენ ქართველობას. მეც დამლოცა ამ წიგნის შექმნისთვის; აღნიშნა, რომ ამ წიგნმა ქართველობას გაუცოცხლა ისტორიული სამშობლოს მიწა–წყალი, ყველას აჩვენა მისი ისტორიული საზღვრები, გაგვიფართოვა ჩვენი ისტორიული მეხსიერება. ამ წიგნმა შემოსაზღვრა ქართული ენის გავრცელების არეალი, შემოავლო საზღვარი და ყველას აჩვენა ჩვენი დედაენის სიმტკიცე და გამძლეობა. „ჩვენებურების ქართული“ მაჩვენებელია იმისა, რომ ოთხას წელზე მეტი ხნის მანძილზე უცხო ენობრივ გარემოცვაში მოქცეულმა ქართულმა შეინარჩუნა თავისთავადობა–თავისი ბგერითი სისტემა, გრამატიკული წყობა, ძირითადი ლექსიკური ფონდი. ეს იყო მეტად ამაღელვებელი წუთები ჩემთვის... პატრიარქმა ერთხელ კიდევ დალოცა ქართველთა ისტორიული სამშობლო, ყველა ქართველი და მარჯვენა ხელზე თავისი ხელით სამახსოვრო ბეჭედი გამიკეთა. მან აღნიშნა: – ეს ბეჭედი დამზადებულია საპატრიარქოს ზარაფხანაში სპეციალურად ამ წიგნის ავტორისათვის, იმ ხელისთვის, რომელმაც 720 გვერდიანი წიგნი აჩუქა ქართველობას საზღვარგარეთ დარჩენილი ქართულის უკვდავსაყოფადო. კერძო საუბარში ხმადაბლა მითხრა: – გავიგე, ჩიტმა ამბავი მომიტანა, ძალიან გულმოწყალე ყოფილხარ, სიმდიდრე, ფუფუნება არ გყვარებია, გაცემა გყვარებია... გახსოვდეს, ეს ბეჭედი არ გასცე, არავის აჩუქო, შეიძლება ბევრ ვინმეს მოეწონოს, მაგრამ შენთვის დაიტოვე. შენიანებს ანდერძი დაუტოვე, ასი წლის შემდეგ, როცა ამ ქვეყნად აღარ იქნები, საეკლესიო მუზეუმს ჩააბარონო. ბეჭედი ოქროსია, შიგ ჩასმულია მთის ბროლის მოზრდილი თვალი, ორი პატარა თვალი ზურმუხტისაა, ორიც ამეთვისტოა. თვლების განლაგება ქმნის ჯვრის გამოსახულებას. ეს შეხვედრა იყო 1996 წლის მარტში. 17 წელია ამ ბეჭედს ვატარებ. იგია ჩემი ავგაროზი, მფარველი. 2008 წლის 22 ივლისს ჩვენი უნივერსიტეტის წინ ავტოკატასტროფაში მოვხვდი. ყველას უკვირს ჩემი გადარჩენა, დაჟეჟილი სხეულის მარჯვენა მხარე სულ შავი და ჭრილობებით სავსე მქონდა, ერთი ჭრილობა საფეთქელზეც იყო, მაგრამ ძვალი არსად გამტეხია, მიუხედავად იმისა, რომ მანქანამ ჰაერში ამისროლა და ასფალტზე დავეცი მკვდარი ჩიტივით. მადლობა უფალს, რომ ხეიბარი არ დავრჩი, ანდა ფსიქოლოგიურად მოშლილი. გადავრჩი უფლის წყალობით, ნაჩუქარი ბეჭდის მადლით. ჩემმა მოძღვარმა- მამა სერაფიმემ ეს უბედური შემთხვევა ხუმრობით ასე ახსნა: – ჩემო შუშანიკ, ალბათ რაღაც ცოდვები გქონდა ცხოვრებაში, ღმერთმა ამქვეყნად ცოტა შემოგილაწუნა, რომ საიქიოში შეგიმსუბუქდეს მდგომარეობაო... მადლობა უფალს! 2012 წლის 5 დეკემბერს ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა იუბილე გადამიხადა. ჩამოვიდა ბევრი სტუმარი თბილისიდან, ქუთაისიდან, თურქეთიდან, ირანიდან. მოლოცვებიც ბევრი იყო. მათ შორის ძალიან გამახარა ჩემი ნათლიის – უწმინდესისა და უნეტარესის მოლოცვამ, თან შემომითვალა, პირადად მნახოსო. მართლაც, საპატრიარქომ 2013 წლის 6 იანვარს ღამის 3 საათზე მიმიწვია საშობაო ვახშამზე. პატრიარქმა სამების ტაძარში 6 იანვრის ღამის 12 საათზე წირვა დაიწყო. წირვის პროცესი ღამის სამ საათამდე გაგრძელდა. წირვის შემდეგ პატრიარქი მობრძანდა საპატრიარქოში. სტუმრად მოწვეული იყვნენ თბილისის მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მწერლები,

პოეტები, ახალი და ძველი მთავრობის წევრები, მგალობლები, მომღერლები. საშობაო ვახშამზე უფლება მომეცა უწმინდესისათვის მიმელოცა დაბადებიდან 80 წელი და აღსაყდრების 35 წლისთავი. საჩუქრად გადავეცი ჩემი ახალი წიგნები –„სტამბოლის ქართული სავანე“ და „ISTANBUL GÜRCÜ OCA?!“, აგრეთვე, თურქი ისტორიკოსის, წარმოშობით იმერხეველი ქართველის, მურათ ქასაბის სქელტანიანი წიგნი „ოსმალეთის ქართველები“, სამაგიეროდ, საჩუქრად მივიღე უწმინდესის ეპისტოლეების სრული კრებული. გადავიღეთ სამახსოვრო სურათები უწმინდესთან, მწერალ გურამ დოჩანაშვილთან და სხვებთან. 2013 წლის შობის ღამე დაუვიწყარი იქნება. ამ ღამის მადლი მომცემს ძალას და შემაძლებინებს „ჩვენებურების ქართულის“ მეორე ტომის დასრულებას. ამით კი ერთხელ კიდევ გავახარებ ჩემი ძვირფასი ნათლიის, ქართველი ერის სულიერი მოძღვრის, დიდი სასულიერო მოღვაწისა და მოაზროვნის სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოს სიყვარულით მხურვალე გულს.

_ ქალბატონო შუშანა, ვინ არის თქვენთვის გამორჩეული გმირი ჩვენებურებიდან?

_ ახმედ ოზქან მელაშვილი, საქართველოს მოსიყვარულე, დიდი პატრიოტი, ისტორიკოსი, მწერალი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. ასევე, მისი შვილი, იბერია მელაშვილი. თურქეთში მცხოვრებ ქართველთაგან, აგრეთვე გამოირჩევიან ზაზაძეების ოჯახის წევრები. ოჯახის  უფროსის, ბატონ სიმონ ზაზაძის გარდაცვალების შემდეგ, ქართული კულტუროლოგიური მემკვიდრეობის მოვლასა და პატრონობას ტრადიციულად განაგრძობს პავლე ზაზაძე, ნატალი ზაზაძე, კლაუდია ინჯეა ზაზაძე. ისინი ყურადღებას არ აკლებენ სტამბულის ქართული სავანის ბიბლიოთეკასა და არქივს, სადაც საიმედოდ შენახული და მოვლილია 83 000_ზე მეტი წიგნი, 10 000_ზე მეტი საარქივო მასალა. სტამბულის ქართული სავანე არის მსოფლიოში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთადერთი ცოცხალი, მოქმედი ცენტრი მსოფლიოში.

_ თქვენს ახალგაზრდობაში როგორი იყო განათლებული ქართველი ქალის როლი?

_ ქართველი ქალი დასაბამიდან დღემდე, დღესაც, მომავალშიც არის და იქნება ქართული გენის მაცოცხლებელი, ისტორიულ წარსულზე დაუღალავად მზრუნველი, სამშობლოსთვის თავდადებული.

_ ქალბატონო შუშანა, როგორც ვიცით, დღესაც აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევით...

_ გამოსაცემად ვამზადებ მონოგრაფიის, „ჩვენებურების ქართულის“ მესამე ტომს. მერხევიდან, ინეგოლიდან დაწყებული, ქალაქ იზმირში ჩასვლამდე ვეძებე ქართველებით დასახლებული რეგიონები. მასალები ჩავიწერე მუჰაჯირი ქართველების შთამომავლებისა და ტაო-კლარჯეთის რაიონებიდან შუა ანატოლიაში დასახლებულ ქართულ ენაზე მოსაუბრე ჩვენებურებისგან. მოვიძიე საკმაოდ საინტერესო ფოლკლორული, დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ღირებულებების მქონე ქართული მასალები. მესამე ტომი ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის მკითხველს. ტექსტს დართული ექნება ლექსიკონი.

გამოსაცემად ვამზადებ, აგრეთვე, სტამბოლის ქართულ სავანეში მოძიებულ ისტორიულ წყაროებს. მალე მკითხველს საზოგადოებას მიეწოდება წიგნი „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“, მესამე ტომი. ვცდილობთ, გამოვცეთ კრებულ „გამონათლევის“ მეორე ტომიც. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში შექმნილია სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკისა და არქივის შემსწავლელი ცენტრი. ამ ცენტრს ვხელმძღვანელობ წლების მანძილზე. ყოველწლიურად მიმდინარეობს არ სავანეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა. სულ ახლახან დავბრუნდით სტამბოლიდან და სამშობლოში დავაბრუნეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მასალები, რომელიც მალე მიეწოდება მკითხველ საზოგადოებას...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა