გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„მარტივი ჭეშმარიტება _ გადარჩენა განათლებაშია“

სურათი

რუბრიკის ფარგლებში _ სკოლა და უნივერსიტეტი _ გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ სტუმარია დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ნათია დევაძე.

_ ქალბატონო ნათია, თქვენ მონაწილეობდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პირველ ეროვნულ კონფერენციაში. რას გვეტყვით კონფერენციის შესახებ?

_ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პირველ ეროვნულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა როგორც მსმენელმა იმ მიზნით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი, წარმატებული, გამოცდილების მქონე პირებისგან მომესმინა, მიმეღო და გამეზიარებინა გამოცდილება, რომელსაც პირად საქმიანობასა და პროფესიაში, აქტიურად გამოვიყენებ სამომავლოდ.

_ თანამედროვე სასკოლო განათლების სისტემაში არსებულ რომელ ძირითად აქტუალურ საკითხებს ეხებოდა კონფერენციის თემატიკა?

_ კონფერენცია, თავისი არსით, მთლიანად თანამედროვე განათლების მიმართულებით საჭირო, აქტუალურ საკითხებსა და თემატიკაზე იყო ორიენტირებული.  სესიები შინაარსობრივად და პრაქტიკულად აგებული იყო თანამედროვე სწავლა-სწავლების პრინციპებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას განათლების სფეროში ჩართული ყველა რგოლი _ როგორც მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი, სკოლა, _ ასევე მთლიანად საზოგადოება.

_ რას გვეტყვით თანამედროვე სასკოლო ცხოვრების გამოწვევების შესახებ?

_ თანამედროვ სასკოლო ცხოვრებაში ბევრი გამოწვევაა, რაც მუდმივ ჩართულობასა და ორიენტირებას მოითხოვს. სასკოლო ცხოვრების მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ განათლების საჭიროებას მოზარდი იზიარებდეს ყველაზე მტკიცედ და ამაში მას ერთობლივი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს ოჯახისგან, სასკოლო საზოგადოებისგან, თემისგან, სახელმწიფოსგან.

ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს, გათავისებული უნდა გვქონდეს მარტივი ჭეშმარიტება - გადარჩენა  განათლებაშია!

_ იუნისეფის მხარდაჭერით, მახინჯაურის საჯარო სკოლაში  ტრენინგცენტრი გაიხსნა. გთხოვთ, გვიამბეთ ამ თანამშრომლობის შესახებ...

_ მახინჯაურის საჯარო სკოლაში, ოქტომბრის თვეში, ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების ტრენინგცენტრი გაიხსნა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საშუალებით განხორციელდა.

სკოლას ამ ცენტრის ფუნქციონირებისთვის გადმოეცა კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი, წიგნები, რესურსი...

ამ ცენტრში იმართება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები და აქტივობები როგორც მოსწავლეების, ასევე სპეციალისტების მონაწილეობით.

გვაქვს პროექტები, რომლებიც ამ ცენტრის ფარგლებში განხორციელდება. მონაწილეობას მიიღებენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, დაინტერესებული პირები, რათა ჩართულობა და მოტივაცია ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით იყოს უფრო აქტიური, უფრო მრავალმხრივი.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოში მისი წარმომადგენლის - ბატონი ღასან ხალილის მიმართ იმ საქმიანობისათვის, რომელსაც წლებია ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში და მრავალი საინტერესო, მნიშვნელოვანი პროექტის დანერგვას უწყობენ ხელს.

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა დაინერგოს სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, არის ,,სასკოლო კვება“, რომელიც უდიდეს პრობლემებს მოაგვარებს იმ მიმართულებით, რომ ბავშვთა ხელმისაწვდომობა კვებაზე იქნება თანაბარი. ამით მოგვარდება ბავშვის პირადი უფლების აღსრულება, რომელსაც უაღრესად დადებითი შედეგი მოჰყვება მრავალი მიმართულებით.

_ სკოლა და უნივერსიტეტი _ თქვენ რა ტიპის თანამშრომლობა გესახებათ სამომავლოდ უფრო ეფექტურ პერსპექტივად?

_ სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა უნდა იყოს უწყვეტი, ჯაჭვური და ინკლუზიური, განგრძობადი. თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო პროექტების, საჭირო კადრების ტრანსფერის, სკოლის პედაგოგთა ჩართულობისა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამათა ფორმირების პროცესში უნდა ხორციელდებოდეს.

_ როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე მოსწავლე და მასწავლებელი?

_ თანამედროვე მოსწავლე და მასწავლებელი ხილული თუ უხილავი დილემის წინაშე დგას მუდმივად, რადგან რეფორმების განხორციელების პროცესი მუდმივად აჩენს ამ სირთულეებს. მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჩაერთოს პროცესების მიმდინარეობაში. სიახლეების აღქმა დიდებზე მეტად ბავშვებს უადვილდებათ, მაგრამ არსებობს ერთი დიდი - „მაგრამ“...

ჩვენი ბავშვები უფრო მეტად სოციალური ქსელით არიან გაჟღენთილი საჭირო თუ არასაჭირო ცოდნით. ამიტომ ვფიქრობ, გაკვეთილზე მასწავლებელს სჭირდება უფრო მეტი ინტერაქტივი და საინტერესო რესურსი, რომელიც მოსწავლისთვის იქნება სიახლე, რაღაც ახლის შეთავაზება, რაც მის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში უფრო საინტერესოს გახდის და „მოაბრუნებს“ გაკვეთილისკენ._

_ სკოლა, ოჯახი, საზოგადოება _ რას გვეტყვით ამ ჯაჭვური ბმის შესახებ?

_ სკოლა, ოჯახი, საზოგადოება _ ეს ის ბმაა, ის უწყვეტი რგოლია,  როცა ერთი რგოლის ამოვარდნითაც კი სასურველ შედეგზე ვერ გავალთ.

და რა არის სასურველი შედეგი, უპირველესი ამოცანა ერისა? მომავალი თაობა მტკიცედ იდგეს წარსულის ნაკვალევზე, თამამად უსწორებდეს თვალს აწმყოს და გონიერებით, განათლებით, თვითგანვითარებით ქმნიდეს და გეგმავდეს უკეთეს მომავალს.

თუკი მოზარდის ასეთი თვითშეგნებისა და თვითშემეცნების პროცესში უწყვეტად არ ჩაერთო ოჯახიც, სკოლაც, საზოგადოებაც, ვერ მივიღებთ იმ თაობას, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის;

თუკი სამივე რგოლმა ერთობლივად არ ჩაუნერგა მოზარდს, რომ ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო'', მაშინ იმავე ბაქანზე შევჩერდებით, სადაც ვდგავართ.

ვისურვებდი, რომ ამ ვალდებულებას, ამ პასუხისმგებლობას, არავინ გავექცეთ და

მერწმუნეთ _ ერთად შეუძლებელს შევძლებთ!

მადლობა იმისთვის, რომ მომეცა საშუალება თქვენი გაზეთის სტუმარი ვყოფილიყავი და ჩემი აზრი ამ ფორმით მიმეტანა აუდიტორიამდე...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა