ორგანიზაციების ხელმძღვანელები საკუთარ ბიზნესში დასასაქმებლად ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც არა მხოლოდ საბაზისო უნარების, არამედ გაცილებით უფრო მაღალი დონის კომპეტენციების - კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის, კრეატიულობისა და ინოვატორობის, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარის ფლობაც მოეთხოვებათ. შესაბამისად, მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება, რომლიც ფოკუსირებულია ამ უნარების განვითარებაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სწორედ ამ ორიენტირით ახორციელებს თავის პროგრამებს საქართველოში განათლების ყველა დონეზე - სკოლის დაწყებითი საფეხურიდან უმაღლესი და პროფესიული განათლების ჩათვლით.
„USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კლასგარეშე აქტივობებს, რომელიც მოსწავლეებს დამატებით უნარებს სძენს მომავალში თვითრეალიზაციისთვის. მომავლის სურათი ადამიანებისგან იდეატორობას მოითხოვს. იდეატორი კი ისაა, ვისაც ნაყოფიერი იდეები მოსდის თავში და ვისაც პრობლემის ამოხსნა და გადაწყვეტა შეუძლია.
პროგრამის ახალი ინიციატივა - „იდეატორთა კლუბები“, მოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს უვითარებს, ესენია: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა. გუნდურ პროექტებზე მუშაობისას დაწყებითი საფეხურის IV-VI კლასების მოსწავლეები გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის ინოვაციურად გადაჭრის უნარებს.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), რომელიც 2020 წლიდან „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ პარტნიორია აჭარასა და გურიაში, აქტიურად ჩაერთო პროგრამის ინიციატივაში.
2022 წელს „იდეატორთა კლუბის“ ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიზნით, ბსუ-სთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა ექვსმა ბიზნეს-ლიდერმა. ესენია: სამშენებლო კომპანიები შპს „ჰორიზონ ჯგუფი“ და შპს „ანაგი“, ბაზისბანკი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, აჭარის საექთნო ასოციაცია, კლინიკა „ჰელსი“ და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელი. 2022 წლის მარტის თვიდან „იდეატორთა კლუბები“ ბიზნეს-ლიდერების მიერ შერჩეულ 6 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა. ესენია: ბათუმის №1, №4, №14, №15, №16 და №28 საჯარო სკოლა. უნივერსიტეტმა შეარჩია პროგრამის 6 ტრენერი და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 12 სტუდენტი, რომლებიც „იდეატორთა კლუბებს“ გაუძღვებოდნენ. ტრენერი ზედამხედველობას უწევდა კლუბის მუშაობას, მაგრამ მოსწავლეებთან უშუალო შეხება მხოლოდ სტუდენტებსა და სკოლებიდან შერჩეულ მასწავლებლებს ჰქონდათ.
კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატი იყო გუნდური პროექტის განხორციელება. მოსწავლეებმა ერთად შეარჩიეს პრობლემა და აქტიურად ითანამშრომლეს მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად. ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იდეების გენერირება წარმოადგენდა. კლუბები სკოლის ბაზაზე დაფუძნდა და მათში IV, V და VI კლასების მსურველი მოსწავლეები გაერთიანდნენ.
ბსუ-ს სტუდენტებს, კლუბის ლიდერის ამპლუაში, მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულება უწევდათ. შესაბამისად, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს კლუბების ამოქმედებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესსა და ,,იდეატორთა კლუბების“ კონკურსში გუნდის წარმატებაში.
კონკურსის ჟიური, რომელიც უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ ექვს პროექტს აფასებდა, უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წევრებისგან შედგებოდა. ჟიურიმ გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა: ორიგინალობა და შემოქმედებითი მიდგომა, კომპლექსურობა, მკაფიო დასკვნები სწავლის შედეგების შესახებ და პრეზენტაცია ჟიურის წევრებთან. ბსუ-ს კოორდინირებით, 2022 წელს შემდეგი პროექტები მომზადდა: „იმოქმედე შენი ჯანმრთელობისთვის“ - ბათუმის №1 საჯარო სკოლა (ბიზნეს პარტნიორი კლინიკა „ჰელსი“), „ბანკი“ - ბათუმის №4 საჯარო სკოლა (ბიზნეს-პარტნიორი „ბაზისბანკი), „იმედის ხიდი“ - ბათუმის №14 საჯარო სკოლა (ბიზნეს პარტნიორი - სამშენებლო კომპანია „ანაგი“), „განათლება ზრუნვაა!“ - ბათუმის №15 საჯარო სკოლა (ბიზნეს-პარტნიორი - ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“), „საგანგებო სიტუაციის მართვა - პირველადი გადაუდებელი დახმარება“ - ბათუმის №16 საჯარო სკოლა (ბიზნეს პარტნიორები ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და აჭარის საექთნო ასოციაცია), „მომავლის ჰორიზონსი“ - ბათუმის №28 საჯარო სკოლა (ბიზნეს პარტნიორი - სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“). კლუბებში მონაწილეობდა ბათუმის 6 საჯარო სკოლის 138 მოსწავლე, მათ შორის - 84 გოგონა და 54 ვაჟი.
კონკურსის გამარჯვებულად და ,,წლის იდეატორად“ სსიპ - ბათუმის №14 საჯარო სკოლის ,,იდეატორთა კლუბის“ პროექტი „მომავლის ხიდი“ დასახელდა. ჟიურიმ ასევე, ,,წლის იდეატორთან“ ერთად გამოავლინა ყველაზე ,,ინოვაციური“, ,,პრაქტიკული“, ,,მდგრადი“, ,,კრეატიული“ და ,,შემოქმედებითი“ პროექტები. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს, ხოლო პროექტში მონაწილე სკოლებს ბსუ-მ „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ პროექტის ,,იდეატორთა კლუბის“ ფარგლებში მრავალფუნქციური პრინტერები გადასცა.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს კერძო სექტორის მხარდაჭერა ,,იდეატორთა კლუბების“ ფუნქციონირებაში. მათ პირველივე შეთავაზებისთანავე მიიღეს გამოწვევა და ინტერესით ჩაერთნენ პროექტების განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იდეატორთა და მკითხველთა კლუბების განსახორციელებლად ბსუ-ს უკვე ჰყავს შერჩეული ახალი ბიზნეს-პარტნიორები: შპს „ნეოფარმი“, ხილის საწარმო „კერკი“, ჰიდროელექტროსადგური ,,ბახვი 2“, სასტუმრო ,,შატო ივერი“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელი, რომელიც უკვე მეორე წელია თანამშრომლობს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამასთან“ .
2023 წელს იდეატორთა/STEM და მკითხველთა კლუბები აჭარისა და გურიის ყველა მუნიციპალიტეტის თითო საჯარო სკოლაში განხორციელდება. ესენია: სსიპ - ქალაქ ბათუმის №27 საჯარო სკოლა, სსიპ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა, სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა, სსიპ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა, სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლა, სსიპ - რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლა, სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლა, სსიპ - ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის №2 საჯარო სკოლა, სსიპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა. თითოეულ სკოლას, ბიზნეს-სექტორის და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, ბსუ-ს ტრენერები და სტუდენტები გაუწევენ ხელმძღვანელობას.
„USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის სამშენებლო კომპანიებს „ჰორიზონს ჯგუფი“ და „ანაგი“, ბაზისბანკს, აჭარის საექთნო ასოციაციას/ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს, კლინიკას „ჰელსი“, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელს, შპს „ნეოფარმს“, ხილის საწარმოს „კერკი“, ჰიდროელექტროსადგურს ,,ბახვი 2“, სასტუმროს ,,შატო ივერი“ და გამომცემლობას „წიგნები ბათუმში“ ბსუ-სთან თანამშრომლობისთვის, კლუბების განხორცილების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
უკან |