14 იანვარს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. ორი ახალი წლისა და სხვა საინტერესო ტრადიციების შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციალური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი თამილა ლომთათიძე საუბრობს.
_ ქალბატონო თამილა, რატომ აღვნიშნავთ ქართველები ახალ წელს ორჯერ და ისტორიულად, რა არის ამის მიზეზი?
_ უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ „ძველით ახალ წელს“ მხოლოდ ქართველები არ აღნიშნავენ. ორი ახალი წლის აღნიშვნის ჩვეულება ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაშიცაა გავრცელებული. 14 იანვარს ზეიმობენ სერბები, მაკედონელები, ბელორუსები, უკრაინელები, რუმინელები, რუსები, ბერძნები. საბერძნეთში, მაგალითად „წმ.ვასილის დღეს ეძახიან“, სერბეთში - „სერბულ ახალ წელს“. ორი ახალი წლის აღნიშვნა გამოწვეულია ორი კალენდარული სისტემის - იულიუსის კალენდრის და გრიგორიანული კალენდრის არსებობით. რადგან ქართული ეკლესია იცავს ნიკეის საეკლესიო კრების მიერ მიღებულ იულიუსის კალენდარს, რის გამოც ოფიციალურ ახალ წელს _ 1 იანვარს ჯერ კიდევ შობის მარხვაა და ქრისტეშობა არ გვიზეიმია, მართლმადიდებლები, ძველი სტილით 1 იანვარს ანუ 14 იანვარს, „ძველით ახალ წელს“ ხსნილით და საზეიმო სუფრით აღნიშნავენ. წეს-ჩვეულებათა უმეტესობაც ამ თარიღს უკავშირდება. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ეს ჩვევა იმდენად ფესვგადგმულია ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებიც ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. ორი ახალი წლის აღნიშვნა არც სხვა ხალხების და რელიგიებისათვის არის უცხო. მაგალითად, ნავრუზობას - ახალ წელს აღნიშნავენ მარტში ირანში, აზერბაიჯანში (დღესასწაული ზოროასტრიზმიდან მოდის), ჩინეთში ახალი წლის აღნიშვნა მთვარის კალენდარს ეფუძნება, მოძრავია და შეიძლება დადგეს 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში, ინდოეთში, საერთოდ, ყველა რელიგიურ ჯგუფს თავისი განსხვავებული თარიღი აქვს ახალი წლის აღსანიშნავად. ამდენად, გარდა ოფიციალური ახალი წლისა (1 იანვარს), „საკუთარი“ ტრადიციებიდან მომდინარე ახალი წელი მსოფლიოს ბევრ ხალხს აქვს.
_ გთხოვთ, გაიხსენოთ რამდენიმე საახალწლო წეს-ჩვეულება, რომელიც აჭარის რეგიონს უკავშირდება...
_ ხალხის ცნობიერებასა და ყოფაში ახალი წლის დღესასწაულს ყოველთვის ჰქონდა და აქვს მინიჭებული უდიდესი მნიშვნელობა, რადგან იგი ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც წლის უმნიშვნელოვანესი თარიღი, განსაკუთრებული საკრალური დრო, რომელიც ადამიანებისათვის მოასწავებდა სამყაროს სრულ და ყოველმხრივ განახლებას, თითოეულის წინაშე შლიდა ცხოვრების ახალ ფურცელს, თითოეულში აღვივებდა უკეთესი მომავლის იმედს. ამიტომაც იგი გაიაზრებოდა არა მხოლოდ როგორც ყველაზე ხმაურიანი, ჭეშმარიტად საყოველთაო, არამედ, აგრეთვე, როგორც წლის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღესასწაული.
ახალი წლის ციკლის წეს-ჩვეულებებს მრავალმხრივი ფუნქციონალური დანიშნულება აქვთ: ოჯახის წევრთა ჯანის სიმრთელისა და ბედნიერების, უხვმოსავლიანობის, საქონელ-ფრინველის სიმრავლის, ოჯახის კეთილდღეობის, იღბლიანობის, მშვიდი და ნაყოფიერი მომავალი წლის უზრუნველყოფა, ბოროტი ძალებისაგან ოჯახისა და მეურნეობის დაცვა და სხვ.
აჭარაში ახალი წლის შესახვედრად ადრიდანვე იჭერდნენ თადარიგს: ვალებს გაისტუმრებდნენ, თუ რამ განათხოვრებული ჰქონდათ, ყველაფერს უკან დაიბრუნებდნენ, რადგან სწამდათ, რომ ახალი წლის ღამე საოჯახო ნივთებმაც, ისევე, როგორც ადამიანებმა და საქონელ-ფრინველმა, საკუთარ ჭერქვეშ უნდა გაატარონ. საახალწლო სამზა-დისის დროს არავის არაფერს არც მოსთხოვდნენ და არც მისცემდნენ, რომ "ხელი არ გადაყოლოდა" და ბარაქა ოჯახიდან არ გასულიყო. ახალი წლის დღესასწაულის შესახვედრად ოჯახის ყველა წევრი ფუძე-სახლში იყრიდა თავს, რადგან ახალი წელი, მართალია საყოველთაო, საზოგადო დღესასწაულია, მაგრამ, ამავე დროს, იგი ძირითადად ოჯახური ზეიმია.
ხალხის რწმენით წლის პირველი დღე განსაზღვრავდა მთელი წლის იღბლიანობა-უიღბლობას. ამიტომაც აჭარაში ცდილობდნენ ახალი წლის დილით განსაკუთრებით მარჯვედ ყოფილიყვნენ, ხელი არაფერში მოსცარვოდათ, ახალ წელს მაძღრისად შეხვედროდნენ. ამ მიზნით ახალი წლის წინა ღამით ბალიშის ქვეშ მჭადის ლუკმას ამოიდებდნენ. ოჯახის თითოეული წევრი ცდილობდა გათენებამდე გამოეღვიძა და შენახული მჭადის ლუკმა მამლის ყივილამდე ან ჩიტის პირველ დაძახილამდე შეეჭამა, რათა ფრინველისაგან "დაძლეული", დამარცხებული არ დარჩენილიყო და მომავალი წელი მისთვის უიღბლო არ გამომდგარიყო.
გარდა ამისა, ამ დღეს ასრულებდნენ გარკვეულ წეს-ჩვეულებებს, რომელთა დანიშნულებაც მომავალი სამეურნეო საქმიანობის იღბლიანობის უზრუნველყოფა იყო. პირველი დღის მაგიის რწმენა კარგად ჩანს მეკვლეობის ინტიტუტში. გადმოცემით, სახლი უნდა ეფერხვა "კაი ფეხის" ადამიანს. იგი დილით ადრე უნდა მისულიყო სახლში. მეკვლეს ანუ მფერხავს ხელში ტკბილეული ეჭირა. იგი კარზე დააკაკუნებდა. ოჯახის უფროსი მეკვლეს გამოეპასუხებოდა. მათ შორის იმართებოდა დილოგი, რომლის დროსაც მეკვლე ოჯახს ხვავს, ბარაქას, სითბოს, სიტკბოს, სიხარულსა და ბედნიერებას დაუბედებდა და ოთახში შევიდოდა. შემოსასვლელში იდგა პატარა სკამი (ჯორკო), რომელზეც იდო ბრინჯიანი თასი. მფერხავი აიღებდა თასს, დაჯდებოდა ჯორკოზე და სამჯერ წაინაცვლებდა წინ, ოჯახის საქმე წინ წავიდესო. მერე ბრინჯს და კანფეტს მოაყრიდა ოთახებში. შემდეგ მეკვლე კერაში ნაკვერცხალს გაჩხრეკდა, ნაპერწკლებს ააყრევინებდა და დაილოცებოდა: "რამდენი ნაპერწკალიც ავარდა, იმდენი სიმინდი, იმდენი ოქრო-ვერცხლი, იმდენი საქონელ-ფრინველი, ხვავი და ბარაქაო". ამ დღეს არ შეიძლებოდა ოთახის დაგვა, ხვავი და ბარაქა ოჯახიდან რომ არ გასულიყო. მფერხავს დიდი პატივით ექცეოდნენ. მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლებოდა მისი სახლიდან სხვაგან წასვლა.
ძველად აჭარაში გავრცელებული იყო კარდაკარ ჩამოვლისა და მილოცვის ჩვეულება. მომლოცველები ახალი წლის საღამოს ჯგუფებად იწყებენ კარდაკარ ჩამოვლას. დადიოდნენ თითქმის გათენებამდე, გალობით ულოცავდნენ ოჯახებს ახალი წლის მოსვლას. მასპინძლები მომლოცველებს ასაჩუქრებდნენ ფულით, ტკბილეულით, ხილით. სულ ბოლოს კარდაკარ ჩამოვლის მონაწილეები თავიანთ ოჯახებს ულოცავდნენ და მიუმღერებდნენ. დილიდან იწყებოდა ერთმანეთთან გადასტუმრება.
საახალწლო წეს-ჩვეულებათა უმეტესი ნაწილი აჭარაში ნაყოფიერების მაგიას უკავშირდებოდა და მოსავლიანობისა და საქონელ-ფრინველის სიმრავლის უზრუნველყოფისათვის იყო განკუთვნილი. ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის გამომწვევი ძალების გაძლიერებას ემსახურებოდა აჭარაში ფრაგმენტების სახით შემორჩენილი აგრარულ-რელიგიური ხასიათის დღესასწაული "ბოსლობა" და "ცხემლის ჭრის" რიტუალი, რომელთა დანიშნულებაც ბუნების ძალთა აღორძინება და ნაყოფიერების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო.
ნაყოფიერების მაგიასთან საახალწლო რიტუალების კავშირი კარგად ჩანს საახალწლო კერძებშიც. ტრადიციულად, აჭარაში ახალ წელს სავსე სუფრით ხვდებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა მოხარშულ სიმინდს. სიმინდს გარკვეულ ხანს წყალში გაააჩერებდნენ, შემდეგ მოხარშავდნენ და მარილთან ერთად მიირთმევდნენ ან ამზადებდნენ სირსვალს _ ნივრით და ნიგვზით შეკაზმულ, მოხარშული, კანგაცლილი სიმინდის შეჭამანდს. სწამდათ, რომ, როგორც `კარდალში გასივდება და აივსება სიმინდი, ისე აივსება ნათესი და კაი მოსავალი იქნებაო~. სირსვალის ჭამა აუცილებელი იყო ოჯახის წევრებისათვის, მაგრამ სხვას, უცხოს მას არ აჭმევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ "ოჯახიდან ბარაქა წავიდოდა". საერთოდ, აჭარაში საახალწლო რიტუალებში ნაყოფიერების სიმბოლოს დატვირთვა ქონდა მარცვლეულს (ბრინჯი, ხორბალი, ღომის მარცვალი და სხვ.). მაგალითად, ახალ წელს ბოსლობის რიტუალის შესრულებისას, ოჯახის უფროსი მამაკაცი საქონელს ირგვლივ შემოუვლიდა და მარცვალს მიმოფანტავდა. ან კიდევ, საქონელს მარცვალს აჭმევდა, ახორში ბრინჯს, სიმინდს, ხაპის გულს მოაპნევდა _ "ბერექეთი იყოსო!" ახალი წლის ღამეს დიასახლისი მარცვლეულს აპნევდა როგორც ოთახის კუთხეებში, ასევე საახალწლო სუფრაზეც. ამ სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული კვახი. ხშირად კვახს ტაბლაზევე დაჩეხავდნენ, რომ მისი თესლი სუფრაზე დაყრილიყო. ეს სიუხვისა და ბარაქის უზრუნველყოფის აუცილებელ პირობად ითვლებოდა.
აჭარაში საახალწლო რიტუალებში განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა წყალს. ახალი წლის დილას დიასახლისი ადრე ადგებოდა, გააღვივებდა ცეცხლს და ხმისამოუღებლად მოიტანდა წყალს, რომელსაც კერის პირას ან ოთახის კუთხეებში მოაპკურებდა, თან დაილოცებოდა: "ამ წყალივით წინ წავიდეს ოჯახის საქმეო". წყლის მაგიური ძალის რწმენა კარგად ჩანს აჭარაში ახალი წლის დილას "საქონლის წყალზე გაყვანის" ჩვეულებაში, რაც ზემო აჭარაში დღესაც სრულდება.
ახალი წლის დღეებში ყველა ერიდებოდა უსიამოვნებას, ჩხუბს, აყალ-მაყალს, ბილწსიტყვაობას. ერთმანეთს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ექცეოდნენ, ერიდებოდნენ ბავშვების დატუქსვასაც კი, რათა მთელი წელი ოჯახში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების მშვიდობიანი ატმოსფერო ყოფილიყო. ასე, სხვადასხვაგვარი სიმბოლოების, რიტუალური ელემენტებისა და წეს-ჩვეულებების საშუალებით ცდილობდნენ აჭარაში უზრუნველეყოთ მომავალი წლის იღბლიანობა ოჯახისათვის.
პ.ს. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს.
უკან |