გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მე ვირჩევ ბსუ-ს

სურათი

„მომავალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვანდობ“

ნანა ჩოგაძე ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ოქროსმედალოსანი აბიტურიენტის არჩევანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაა. ამბობს, რომ ბსუ ის სასწავლებელია, რომელიც მას კონკურენტუნარიან კადრად ჩამოაყალიბებს. ნანაც ერთ-ერთი მათგანია, ვინც კარგად ისწავლის და გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სასწავლებლად  წავა.

_ მთავრდება სასკოლო საფეხური, ბავშვობა და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. თორმეტი წელი ჩემთვის საინტერესო, მრავლისმომცემი და მნიშვნელოვანი იყო. მადლობელი ვარ სკოლისა და პედაგოგებისა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სასკოლო ცხოვრება ჩემთვის საინტერესო და ღირებული ყოფილიყო.

_ ნანა, გვიამბე სასკოლო ცხოვრებისა და აქტივობების შესახებ...

_ სკოლაში სწავლების პერიოდი ჩემთვის იყო რა თქმა უნდა, შემეცნებითი და გამოწვევებით აღსავსე.  სასკოლო ცხოვრება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესებით, არამედ საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო არაერთ კონფერენციასა და ოლიმპიადაში. ვმონაწილეობდი ისეთ ოლიმპიადებში, როგორიცაა: ,,kings”, ,,Sherlock”, ,,Smart” და სხვა. მაქვს მიღებული არაერთი სიგელი. მიხეილ ლერმონტოვის 200 წლისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკორსში საუკეთესო მონაწილეობისათვის მივიღე სიგელი. ვიყავი ისტორიულ-არქეოლოგიური შემეცნებითი კლუბ ,,ევრიკას“ წევრი. მოვამზადე საინტერესო პრეზენტაცია თემაზე ,,ჰაგიოგრაფია და XXI საუკუნე“.

 გარდა ამისა, სკოლაში ვაწყობდით სხვადასხვა ლიტერატურულ საღამოებსა და ღონისძიებებს, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული. ასევე, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფესტივალში. მივიღე ჯილდო ფესტივალ ,,გავეცნოთ სამშობლოს და ერთმანეთის შემოქმედებას“ მონაწილეობისა და საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის, მუსიკალურ სპექტაკლში წარმატებული მონაწილეობისთვის...

_ ნანა, რატომ ბსუ?

_ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევაა. როგორც აღვნიშნე, ჩემს ცხოვრებაში იწყება საინტერესო ეტაპი. ვდგავარ გამოწვევის წინაშე, უნდა ავირჩიო სამომავლო პროფესია, რომელიც მთელი ცხოვრება დაკავშირებული იქნება ჩემთან, ჩემს წარმატებასთან. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ჩავაბარო ბიზნესის ადმინისტრირებაზე. საკუთარ თავს ყველაზე ახლოს ამ პროფესიაში ვხედავ.

   პროფესიის არჩევის შემდეგ ყველაზე რთული უნივერსიტეტის არჩევა იყო. უამრავი სასწავლებლიდან უნდა ამერჩია ჩემს კრიტერიუმებთან ყველაზე ახლოს მდგომი უნივერსიტეტი. ბსუ სწორედაც ის უნივერსიტეტია, რომელიც აძლევს შესაძლებლობას, ახალგაზრდა ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიან კადრად. ალბათ, ყველა ახალგაზრდის ოცნებაა უცხოეთში სწავლა. ბსუ სტუდენტებს, სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევს. გადაწყვეტილების მიღებისას ამ ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე ცხოვრება სირთულეებითაა აღსავსე. თავიდანვე მაქვს გააზრებული, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა, სწავლა და პასუხისმგებლობა. ვცდილობ, დავძლიო ყველა ბარიერი და გავხდე ბსუ-ს წარმატებული სტუდენტი. მე ჩემს მომავალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვანდობ.

_ როგორი წარმოგიდგენია სტუდენტების წლები?

  _ სტუდენტობაზე წარმოდგენა ალბათ, ყველას ფილმებიდან გვექმნება. მოსასვენებელი სივრცეები, ბიბლიოთეკა, კაფე, სხვადასხვა შემეცნებითი, მხატვრული, სპორტული წრეები და რა თქმა უნდა, საინტერესო საგნები, - ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთ სივრცეში შეადგენს საუნივერსიტეტო ცხოვრებას. სწორედ ასეთი წარმომიდგენია ჩემი სტუდენტური ცხოვრება, ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავლით...

_ ნანა, სად ხედავ საკუთარ თავს მაგალითად, 10 წლის შემდეგ?

 _ მე ათი წლის შემდეგ... ალბათ, ქვეყნისა და ერის სამსახურში. ვიმედოვნებ, მეც შევიტან წვლილს ჩვენი ქვეყნის აღორძინებაში. ვფიქრობ, წარმატებული და ოცნებაზე ფრთებშესხმული ქალი ვიქნები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა