11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ თამილა თურმანიძის სამეცნიერო ინტერესის სფერო შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის საკითხია. ახალგაზრდა მკვლევარი ამბობს, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ქალთა 30%-ია მეცნიერი.
_ თამილა, როგორ გესმით, ქალ მეცნიერთა და გოგონათა საერთაშორისო დღე?
_ ვფიქრობ, დღეს ქალები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვართ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა, რომლის მთავარი მიზანია მეცნიერებაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამჟამად ქალები მეცნიერთა მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს, რაც ვფიქრობ, რომ დაბალი მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემების მიხედვით, უმაღლეს განათლებაში, გოგონათა ჩარიცხვის მაჩვენებელი დაბალია (35%), განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და ინჟინერიაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს უმაღლეს განათლებაში, ისინი მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ამ სფეროებში.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერი ქალებისთვის ხელის შეწყობა. ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ ადგილი მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში და რომ მათ აქვთ დიდი პოტენციალი თუ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო პროგრესში.
_ თქვენივე სპეციალობიდან გამომდინარე, თქვენი სამეცნიერო ნაშრომები, ძირითადად, ქალის როლის გააქტიურებას ეძღვნება. გთხოვთ, ესაუბრეთ ჩვენი გაზეთის მკითხველს რამდენიმე აქტუალური საკითხის შესახებ...
_ ქალთა ჩართულობის გააქტიურება ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში აქტუალურია ყველა ქვეყნისათვის. განსაკუთრებით პრობლემურია მდგომარეობა განვითარებად ქვეყნებში, მით უფრო, აქტუალური და მნიშვნელოვანია ქართულ სინამდვილეში, რამდენადაც ერთი მხრივ, შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს გენდერული თანასწორობის იდეას, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერება ხშირად მოიცავს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს თუ დისკრიმინაციის ფაქტებს. ასევე ხშირია პრაქტიკული მაგალითები, როდესაც ირღვევა ქალთა უფლებები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა კარგავს შემოსავლის სოლიდურ ნაწილს, როცა ვერ ან არ იყენებს ქალთა უდიდეს ინელექტუალურ პოტენციალს.
_ თამილა, ახალგაზრდა მეცნიერის გადასახედიდან, რა მიგაჩნიათ თქვენივე მნიშვნელოვან კვლევად?
_ მიმაჩნია, რომ საზოგადოება გარკვეულწილად გენდერული როლების ტრადიციული გადანაწილების მომხრეა. მაგალითად, ფიქრობენ, რომ განათლება ორივე სქესისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ოჯახის მარჩენალად და ბიუჯეტის გამკარგავად მაინც კაცი მიაჩნიათ.
საზოგადოების უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ თანასწორობას, თუმცა მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს ესმის ამ თანასწორობის რეალური შინაარსი.
სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ, აუცილებელია საინფორმაციო შეხვედრები და სემინარ-ტრეინინგების ჩატარება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით;
აუცილებელია, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, განხორციელდეს პროფესიული გადამზადება უნარების, განსაკუთრებით ლიდერობის უნარის ზრდასთან დაკავშირებული ტრენინგ კურსები.
_ მეცნიერი ქალი ოჯახსა და საზოგადოებაში...
ისტორიულად, საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა ყოველთვის იყო განსჯის საგანი. საბედნიეროდ, დღეს, 21-ე საუკუნეში, ქალების დიდი ნაწილი იცავს საკუთარ უფლებებს და იმკვიდრებს თავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ძალიან სასიხარულოა.
ზოგადად მეცნიერება ძალიან დიდ დროს, ენერგიასა და შრომას მოითხოვს. ამიტომ ქალისთვის ეს მეტად რთულია და მას სჭირდება ოჯახის მხარდაჭერა, მითუმეტეს, როცა ქალს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.
რთული გზაა იყო დედა და იყო დასაქმებული, თუმცა ვთვლი, რომ შვილებს სჭირდებათ განათლებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული დედა. მთავარია ქალი არჩევანის დროს იყოს თავისუფალი და თვითონ გადაწყვიტოს იყოს დასაქმებული თუ დარჩეს ოჯახში და საოჯახო საქმეებით დაკავდეს. ეს უნდა იყოს მხოლოდ მისი არჩევანი, ვინაიდან ვთვლი, რომ შვილებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლო საკითხია.
11 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართება. ახალგაზრდა მეცნიერები სამეცნიერო კვლევის ინტერესებზე, კვლევის ეტაპზე, შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
უკან |