გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

აბიტურიენტის სამომავლო გეგმები და მიზნები

სურათი

დარინა მაკარაძე ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მე-12 კლასის წარმატებული მოსწავლეა. გეგმავს, რომ სტუდენტობა და პროფესია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებას დაუკავშიროს. დარინა მიიჩნევს, რომ ბსუ დაეხმარება პრიორიტეტების დასახვასა და სამომავლო გეგმების სრულფასოვნად განხორციელებაში. წლების შემდეგ, დღეს მის მიერ ჩამოწერილი სურვილები, აუცილებლად რეალობად იქცევა.

_ ჩემი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, თავისუფალ დროს საკმაოდ საინტერესოდ და პროდუქტიულად ვატარებ. მიყვარს, როცა ვარ საკუთარი თავის ძიების პროცესში. აქედან გამომდინარე, ხან რით ვარ დაკავებული და ხან რით.  ხშირად ვხატავ, წიგნებს ვკითხულობ, გიტარაზე ვუკრავ, პენიბორდით ვსრიალებ. ამ ბოლო დროს მე და ჩემმა ახლო მეგობრებმა სიმღერების შექმნაც დავიწყეთ. ამ ყველაფრის გარდა, ხშირად დავდივარ თეატრში, ფილმების ყურება ხომ ცალკე ემოციებს ბადებს, მაგრამ სპექტაკლი ჩემს გრძნობებს ორმაგად, სამმაგად და ოთხმაგად აძლიერებს. მიყვარს გამოწვევები, არასდროს ვტოვებ ხოლმე მათ უპასუხოდ.

საუბრები სკოლასა და სამომავლო პროფესიაზე

„სკოლის პერიოდი ჯერ არ დამთავრებულა, რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ უკვე მენატრება გასული დღეები, თვეები... მიუხედავად მინუსებისა, რაც ყველა გარემოს თან ახლავს, მაინც ძალიან მიყვარს ის კედლები, სადაც 12 წელი გავატარე. აქტიური ბავშვი ვიყავი წინა წლებში. თვითმმართველობის თავმჯდომარეც გახლდით. არაერთი ღონისძიების ორგანიზატორი ვყოფილვარ. საკმაოდ ტკბილ მოგონებებად და მიღწევებად დარჩება განვლილი წლები ჩემს გონებაში.

თავიდანვე მიზნად მქონდა დასახული უმაღლესი შეფასებების მიღება. გვეუბნებოდნენ, რომ შემდეგ ამას აფასებდნენ და ბავშვებს საპასუხოდ მაღალ კლასებში კომპიუტერებს ურიგებდნენ. რაღაც მოტივაციას მიქმნიდა ეს და როცა თითებით ვეხები ამ წამს ჩემი შრომის ნაყოფს, ვხვდები რომ ჩემი მთავარი მიღწევა ეგაა.

ფილმებში სულ მომწონდა, როცა ადამიანები მართავდნენ დიდ კომპანიებს, ჰქონდათ დიდი ოფისები, ჰყავდათ აუდიტორია, სადაც თითოეულ მათგანს საერთო სურვილები და მიზნები ჰქონდა. ისინი სერიოზულ გარემოში მიისწრაფოდნენ განვითარებისკენ. სულ მიზიდავდა მსგავსი შინაარსის მქონე თემები. ამიტომ ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩემი სამომავლო პროფესია დამეკავშირებინა ბიზნესთან, ფინანსებთან, საოფისე საქმეებთან“.

რატომ ბსუ?

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვირჩევ ბსუ-ს არის ის ფაქტი, რომ ჩემს ქალაქშია. მომწონს სივრცე, სადაც ის მდებარეობს: ტბა, პარკი, ზღვა, დიდი ეზო...

გარდა ამისა, უნივერსიტეტი გამოირჩევა გაცვლითი პროგრამების სიუხვით. ვფიქრობ, ბსუ დამეხმარება სწორი პრიორიტეტების დასახვასა და სამომავლო გეგმების სრულფასოვნად განხორციელებაში.

მჯერა, რომ წინ საუკეთესო წლები მელის, გადატვირთული დღეებით სავსე, თუმცა საინტერესო და ამასთანავე მნიშვნელოვანი. იმედია უნივერსიტეტი არ მომცემს მოდუნების საშულებას და შემიქმნის მოტივაციას ჩემი თავის ზრდისკენ მიმავალ გზაზე“.

დარინა 20 წლის შემდეგ

„მე 20 წლის შემდეგ ვიქნები 37 წლის, ვინც აიხდინა დღეს ჩამოწერილი სურვილები, მიზნები, ოცნებები და მიისწრაფვის სხვა მწვერვალების დაპყრობისკენ. აქვს იდეალური სამსახური და უზრუნველყოფილია ყველანაირად, რამდენიმე დღეში კვლავ მიემგზავრება საზღვარგარეთ კომპანიის რაღაც ახალი პროექტების წარსადგენად ნორვეგიაში, იტალიაში, ამერიკაში ან კალიფორნიაში... მან შეძლო და დაუმტკიცა საკუთარ თავს ის ფაქტი, რომ შეუძლებელი არაფერია და მთავარი მონდომებაა. კმაყოფილია წინა წლების და ბედნიერად გრძნობს თავს იქ, სადაც იმყოფება. საყვარელი ადამიანებიც გვერდით ჰყავს. ამაყობს რომ 20 წლის შემდეგ ზუსტად ისეთია, როგორიც 20 წლის წინ უნდოდა რომ ყოფილიყო და ფუჭად არ გაფლანგა უამრავი შესაძლებლობით სავსე დრო. ბედნიერი და მადლიერია ყველაფრით...

გარდა იდეალური სამსახურისა, მჯერა, რომ მომავლის ,,მე“-მ შეძლო და მიაღწია წარმატებას მხატვრობაში და მოაწყო კიდეც რამდენიმე დიდი ტილოს გამოფენა არა მარტო საქართველოში,  არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მთავარი მონდომებაა... ვიმედოვნებ, ყველაფერს შევძლებ“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა