მე ვირჩევ ბსუ-ს
„მე ვარ რუსუდან ჭაღალიძე, შუახევის რაიონის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. სკოლამ ბევრი რამ მასწავლა, თუმცა, რა თქმა უნდა, დამამთავრებელ კლასში მზად ვარ ცვლილებებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან სოფლებში შედარებით მწირია არაფორმალური განათლების შესაძლებლობა, მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა შესაძლებლობის გამოყენებას. მონაწილეობა მაქვს მიღებული ბევრ რაიონულ ოლიმპიადაში და არაერთ წარმატებებსაც მივაღწიე. ასევე ჩართული ვიყავი ეროვნულ ოლიმპიადებში. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო კლასგარეშე წრეები, რომლებიც რაიონის ფარგლებში ტარდებოდა. გამოვარჩევ ლიტერატურის წრეს, რომელიც განსაკუთრებით ახლოსაა ჩემთან. მონაწილეობას ვღებულობდი გუნდურ ინტელექტუალურ ვიქტორინაში. ვიყავი გუნდის კაპიტანი და ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიკავებდით რაიონის მასშტაბით პირველ ადგილს. ვესწრებოდი კლასგარეშე ლექციებსა და ტრენინგებს, საიდანაც ცოდნა მივიღე.
თითოეულმა ადამიანმა უნდა აირჩიოს ის პროფესია, რაც ყველაზე მეტად შეეფერება მის ბუნებრივ შესაძლებლობებსა.მე ვაპირებ ჩავაბორო ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე. მასწავლებლობის სურვილი ბავშვობიდანვე მაქვს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი თავი მომავალი თაობის განვითარებისთვის უნდა მიმეძღვნა. ვფიქრობ, მასწავლებლობა მარადიული პროფესიაა. სწორედ სკოლაა ის ადგილი, სადაც ადამიანი იწყებს პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამაში უდიდესი წვლილი სწორედ მასწავლებელს მიუძღვის. მზად ვარ აღვზარდო მომავალი თაობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უდიდეს შრომასა და თავდადებას მოითხოვს.
რატომ ბსუ? _ პირველ რიგში გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ ჩემი ნაცნობების უმეტესობა სწორედ ამ უნივერსიტეტში აბარებს. მათი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ბსუ არის ადგილი, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტების განვითარებაზე. ვფიქრობ, რომ ბსუ ბოლო წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა სტუდენტებისთვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების უზრუნველყოფით.
ვფიქრობ, რომ ადამიანები ყველაზე მეტად მაშინ ვართ ბედნიერი, თვითრეალიზებული, როდესაც მიზანი გვაქვს და მისკენ მივდივართ. რა თქმა უნდა, სტუდენტობის წლები არ იქნება იოლი, მაგრამ მინდა, რომ ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ეს წლები ვაქციო ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპად.
წლების შემდეგ ვიქნები რეალიზებული. ალბათ, რომელიმე სკოლაში ვიმუშავებ მასწავლებელად, შესაძლებელია ვიყო ლექტორიც, მაგრამ მომავლის განსაზღვრა შეუძლებელია მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული“…
უკან |